წრეზე სიარული - კვირის პალიტრა

წრეზე სიარული

ვგონებ წრეზე სიარული ქართულ ეროვნულ სპორტად უნდა გამოცხადდეს. თითქოს ვისწავლეთ რომ ძალაუფლება ყველაზე პატიოსან ადამიანებსაც კი რყვნის. ისიც ვიცით, რომ პოლიტიკაში პატიოსან ადამიანს ისედაც არაფერი ესაქმება, მაშასადამე რაც ახლა ძალაუფლებით ირყვნება თავიდანვე არც ისე მაღალი ხარისხის პროდუქტი ყოფილა.

ფუნქციონალური დემოკრატია შორია იდეალისტური ზრახვებისგან, ამიტომაც "პოლიტიკური მესიის" იდეა დემოკრატიისთვის ნაკლებად შესაფერისია და გასული საუკუნეების გადმონაშთ მონარქისტულ წყობილებებს უფრო ახასიათებს.

ის, რომ მთავრობა აუცილებელი ბოროტებაა არასოდეს უნდა დაგვავიწყდეს. ის, რომ მთავრობა ყოველთვის მეტ ძალაუფლებას მოგვთხოვს - აქსიომაა. თუმცა, მომიტევეთ, ზედმეტად გავიჭერი აზრობრივ ნაკადში. ჯობია ორი სიტყვა ვთქვა არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე ანუ ოქტომბრის არჩევნების შემდეგ დამდგარ ე. წ. "ახალ რეალობაზე".

დღეს-დღეობით მთავარ პოლიტიკურ პრობლემად ოპოზიციის სრულიად (და სამწუხაროდ მეტწილად სამართლიანად) დისკრედიტირებული მდგომარეობა მიმაჩნია. არადა სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ყველაზე ამორალური და მატყუარა ადამიანის პირიდანაც კი გადმოენთხევა ხოლმე სიმართლე. ბოლო წელიწად ნახევრის განმავლობაში, კანონის სრულ იგნორირებით გართულმა და ძალაუფლებით გაბრუებულმა ნაციონალურმა მოძრაობამ თავისი ბარბაროსული მცდელობებით არ დაეთმო ძალაუფლების იოტისოდენა ნამცეციც კი, სრულიად დაკარგა ადეკვატურთა მხარდაჭერა.

დავივიწყოთ ყველა ნაკლოვანებები რომელიც ამ პარტიას გააჩნდა და ავიღოთ მხოლოდ ერთი, ახალი ძლიერი ოპოზიციის ჩამოყალიბების წინააღმდეგ გამართული დაუნდობელი ბრძოლა. შემდეგ კი ვკითხოთ ჩვენ თავს, რა არის დემოკრატია თუ არა არჩევანი - ვინ მართავს ქვეყანას. თუ ამ არჩევნის წართმევის აქტიური მცდელობა მიმდინარეობს რომელიმე პარტიის მხრიდან, მაშინ მისი დემოკრატიის შუქურად მონათვლა აბსურდის ზეიმია. თუმცა გვეყოფა ნაციონალურ მოძრაობაზე, დამარცხებულზე ბევრი წუწუნი და მისთვის კიდევ რაიმეს დაბრალება იმ ეტაპზე, როდესაც ახალი მთავრობაა საკრიტიკებელი, დროის მენეჯმენტის კარგ მაგალითს ნამდვილად არ წარმოადგენს.

რა სიტუაციაში ვიმყოფებით ახლა? ყოფილი მმართველი პარტია დისკრედიტირებულია, მას ძალაუფლება თითქმის აღარ გააჩნია და ის, რაც შემორჩა არც ისე შორეულ მომავალში დავიწყებას მიეცემა. მაშ, რა ხდება? ნუთუ ისევ ერთპარტიული მართვის რეჟიმში ვრჩებით? ნურას უკაცრავად, შემომედავებიან ქართული ოცნების მხარდამჭერები - "კოალიცია მრავალი სხვა და სხვა პარტიისგან არის შემდგარი, ისინი თავად შეძლებენ  ერთმანეთის გაკონტროლებას". ერთს ვერ დავუკარგავთ, კოალიცია მართლა ბევრ პარტიისგან შედგება, ამ პარტიებს განსხვავებული იდეოლოგიები და მენტალობა გააჩნიათ და ყველაფერი კარგად იქნებოდა თუ არა ერთი მაგრამ...ეს პარტიები ახალი არ არის, ისინი დიდი ხანია ქართულ პოლიტიკულ არენაზე საკმაოდ წარუმატებელ მოღვაწეობას ეწევიან. წარმატება მათ მხოლოდ ახალი მესიას გამოჩენამ და მესიას მოყოლებული ფულის დიდმა რაოდენობამ მოუტანა. თუ მესიას რომელიმე პარტიის სვლები არ მოეწონება, მათი მოკვეთა არანაირ პრობლემასთან არ იქნება დაკავშირებული, ცალ-ცალკე ისინი ქართული საზოგადოებისთვის არაფერზე ნაკლებს წამოადგენენ. მაშასადამე, ვრჩებით ისევ ერთი ადამიანის იმედზე. სად წავიდეთ თუ ეს ერთი ადამიანი ჩვენთვის მიუღებელი წინადადებებით გამოვა? ნაციონალურ მოძრაობასთან? იქ ხომ "პროგრესული იდიოტების" გარდა არავინ გველოდება, თან იმათ საკუთარი, აწ უკვე ძალაგამოცლილი მესია ყავთ.

გამოდის ისევ ერთი ადამიანის გადაწყვეტილებაზე დგას მთელი ქართული დემოკრატიის მომავალი და თუ სწორედ მახსოვს, ბიზნესმენები საკუთარი ძალაუფლების ვინმესთან გაყოფის სურვილით არასოდეს გამოირჩეოდნენ. ვშიშობ "ახალი პოლიტიკური რეალობა" კარგად შენიღბული ძველი პოლიტიკური იდიოტიზმი არ აღმოჩნდეს, ხოლო ერთპარტიული მართველობა უბრალოდ ერთპიროვნულით არ შეიცვალოს.