ავტორთა სრული სია
მე ეკა ასათიანი ვარ. 1975 წელს დავიბადე ქ. სამტრედიაში. გაგეცინებათ და ბავშვობიდან მომწონდა ახალი გაზეთის თავისებური სურნელი... ადრეულ ასაკში გავაცნობიერე, რომ ჟურნალისტობა ჩემი მოწოდება იყო. 1992 წელს, # 24-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტი გავხდი. მეორე კურსიდან პროფესიულ საქმიანობას შევუდექი. მეუბნებოდნენ, _ ჟურნალისტურ სამყაროში ერთხელ თუ შეამოაბიჯებ, გასვლა გაგიჭირდებაო. ასეც მოხდა... ვმუშაობდი ჟურნალ "სარკეში", "ივერია-ექსპრესში", "ვერსიაში", "ალიაში" და ა.შ. მართალია, მოგვიანებით თბილისის სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტიც გავხდი, მაგრამ პროფესიის შეცვლაზე არც მიფიქრია. 2007 წლიდან გაზეთ "კვირის პალიტრაში" მუშაობის საშუალება მომეცა და გაზეთს ერთი ფერადი შტრიხი მეც შევმატე...
ირაკლი ალადაშვილი - სამხედრო მიმომხილველი
"კვირის პალიტრაში" სტატიების გამოქვეყნება 1996 წლის შემოდგომიდან დავიწყე. მაშინ 28 წლის გახლდით და სამხედრო ჟურნალისტიკაში მუშაობის 4 წლის გამოცდილება უკვე მქონდა. იყო რეპორტაჟები ფრონტის ხაზიდან და მოწინააღმდეგის ზურგიდანაც.
1996 წლიდან, როგორც "კვირის პალიტრის" სამხედრო მიმომხილველმა მომიწია ჩეჩნეთის შეიარაღებული კონფლიქტის, 1998 წლის გალის მოვლენების, 2001 წლის პანკისის დაძაბულობის, 2004 წლის ცხინვალის ომის გაშუქებამ.
2004 წლის 26 მაისიდან დავიწყეთ საქართველოში დღემდე ერთადერთი სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალის "არსენალის" გამოშვება.
2008 წელს გავაშუქე ორი შეიარაღებული კონფლიქტი _ მაისში ერაყში, ხოლო აგვისტოში, ისევ ცხინვალის რეგიონში.
სამხედრო თემაზე მუშაობა და საბრძოლო მოქმედებების გაშუქება დიდ რისკთან არის დაკავშირებული და ამასთან ჟურნალისტისგან მაღალ პროფესიონალიზმს მოითხოვს.