ბრძოლა მოგებულია, ომი გრძელდება - კვირის პალიტრა

ბრძოლა მოგებულია, ომი გრძელდება

"საგზაო რუკა გია ხუხაშვილისგან"

ძალაუფლება - ყველაზე მძიმე გამოცდა, რომლის ჩაბარებამაც შეიძლება მოუწიოს პიროვნებას ან პიროვნებათა ჯგუფს...

გადავწყვიტე, დავტოვო პოლიტიკური არენა და "გარედან" შეძლებისდაგვარად დავეხმარო ჩემს ქვეყანას, მეც შევიტანო მოკრძალებული წვლილი მის განვითარებაში, რათა ამ პროცესს ყველამ ერთად, ხელისუფლებამაც და საზოგადოებამაც, შეუქცევადი ხასიათი შევძინოთ. ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში კარგად დავინახე ყველა ის რისკი, რის წინაშეც დგას საქართველო.

დღეიდან, კვირაში ერთხელ, ჩემთვის ყველაზე სოლიდური გაზეთის მეშვეობით, შევეცდები ქართველ საზოგადოებას გავუზიარო ჩვენი ქვეყნის განვითარების "საგზაო რუკის" ჩემეული ვარიანტი.

როგორც წესი, ადამიანები ვერ უძლებენ ცდუნებას და სხვადასხვა მოტივით, იქნება ეს დაუმსახურებელი კეთილდღეობის მოპოვება, საზოგადოებისთვის საკუთარი იდეების თავს მოხვევის ხიბლი თუ კიდევ სხვა რამ, ხდებიან სისტემის მძევლები. შესაბამისად, მსახურების ნაცვლად, რასაც გვპირდებოდნენ, იწყებენ ბატონობას.

ჩვენ თვალწინ გაიარა საქართველოს უახლესმა ისტორიამ. ამ დრამატიზმით აღსავსე პერიოდში უამრავი მაგალითი ვნახეთ იმისა, თუ როგორ ყალიბდებოდნენ კეთილი მიზნებით მოსული ხელისუფლებები ავტორიტარულ რეჟიმებად. როგორ იქცეოდნენ კონკრეტული ადამიანები მსახურებიდან ბატონებად. როგორ ანაცვლებდნენ ისინი საზოგადოების კეთილდღეობაზე ზრუნვას, საკუთარი კეთილდღეობის მოპოვების დაუოკებელი სურვილით.

მოკლედ, როგორ იცვლებოდნენ კარგი ბიჭები ცუდ ბიჭებად. თუ ვინმე ამაზე უარს ამბობდა, ხელისუფლება მაშინვე იშორებდა ასეთ ადამიანს და საბოლოო ჯამში ვიღებდით აბსოლუტურად სტერილურ ვითარებას, სადაც უკვე სისტემა მთლიანად იწყებდა თავის თავზე მუშაობას, მძევლად აჰყავდა ყველა მონაწილე და ის ფუნდამენტური ღირებულებები, რისთვისაც ხდებოდა რევოლუციები, საპნის ბუშტივით ქრებოდა.

ამ სპირალზე ტრიალებს საქართველო აგერ უკვე ორ ათეულ წელზე მეტია და ვერაფრით ახერხებს სწორ გზაზე გასვლას ისე, რომ ეს პროცესი შეუქცევადი გახადოს და უკან დასაბრუნებელი გზა ერთხელ და სამუდამოდ მოიჭრას.

მოგეხსენებათ, მე არა მარტო გვერდიდან მომიწია ამის ყურებამ, არამედ ბოლო პერიოდში შიგნიდანაც ვნახე, თუ როგორი მეთოდებით იბრძვის სისტემა თვითგადარჩენისთვის და რა ძნელია მისთვის წინააღმდეგობის გაწევა. თავიდან მქონდა ილუზია, რომ შიგნიდან, გარედან დახმარების გარეშე შესაძლებელია მისი დამარცხება, ტრანსფორმაცია. მივხვდი, რომ ეს შეუძლებელია. ამიტომ გადავწყვიტე სისტემის დატოვება და შიგნით დარჩენილი ჩემი მეგობრების გარედან დახმარება, რათა ამ ბრძოლაში ჩვენ, ყველამ ერთად, საბოლოოდ გავიმარჯვოთ.

მიმაჩნია, რომ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში შეძლებისდაგვარად კარგად დავინახე ყველა ის რისკი, რაც დამახასიათებელია გარდამავალი პერიოდისთვის და შესაბამისად ჩემს მოსაზრებებს, ვფიქრობ, აქვს არსებობის უფლება.

დავიწყებ ერთ-ერთი მთავარი საფრთხით და შესაბამისი რეკომენდაციებით.

მთელი უახლესი ისტორიის განმავლობაში სახელისუფლებო სისტემის მდგრადობა აწყობილი იყო ძალოვანი სტრუქტურების დომინირების პრინციპზე. მათი მხრიდან პოლიტიკის, საზოგადოების, ეკონომიკის ტოტალური კონტროლი იყო ხელისუფლების სტაბილურობის ერთადერთი და განუყოფელი გარანტი. შესაბამისად, ჩვენ გვყავდა „"რკინის კაცი" თარგამაძე და შემდეგ "ხერხემალი"“ მერაბიშვილი. როგორც კი ეს ადამიანები შორდებოდნენ „მართვის პულტს, სისტემა კარგავდა სტაბილურობას და ქვეყანა შედიოდა ახალ კრიზისში, რაც საბედნიეროდ, ყოველთვის ხალხის გამარჯვებით სრულდებოდა. თუმცა სააკაშვილის რეჟიმის მაგალითმა აჩვენა, რომ ხალხის ბრძოლაში გამარჯვება ჯერ კიდევ არ ნიშნავს ომის მოგებას. სისტემა განიცდის ტრანსფორმაციას, ერგება ახალ ვითარებას და საბოლოო ჯამში საზოგადოება ისევ წაგებული რჩება. უფრო მეტიც, ყოველი შემდეგი წინაზე უარესია, რადგან ითვალისწინებს წინას შეცდომებს, ცდილობს გამოიმუშაოს იმუნიტეტი, უფრო დახვეწოს მეთოდები და ასე უზრუნველყოს ძალაუფლების სტაბილურობა.

საბედნიეროდ, დღევანდელ ხელისუფლებას აქვს პოლიტიკური ნება იმისა, რომ შეუქცევადი გახადოს ფასეულობათა იმ სისტემის დამკვიდრების პროცესი, რისთვისაც იბრძვის ქართველი ხალხი. აქვს ნება იმისა, რომ ემსახუროს და არა იბატონოს. ეს კარგი საფუძველია იმისთვის, რომ წინ წავიწიოთ, თუმცა, არა საკმარისი. ამ ომში მოვიდა დრო, როდესაც მხოლოდ პოლიტიკური ნება არ არის საკმარისი საბოლოოდ გასამარჯვებლად. უნდა დავიწყოთ მონაპოვრის ინსტიტუციური გამაგრება, რათა პროცესი შეუქცევადი გავხადოთ.

ამჯერად შემოგთავაზებთ პირველ სამ ნაბიჯს, რომელიც უნდა გადაიდგას იმ რისკების თავიდან ასაცილებლად, რაც ჯერ კიდევ არსებობს. აქედან ორი არის კონკრეტული, რისი გადაწყვეტაც პოლიტიკური ნების არსებობის პირობებში ერთ დღეში შეიძლება და ერთი სისტემური, რასაც ფართო დისკუსია სჭირდება.

1. თვალთვალი და მოსმენები

ამ თემაზე ბოლო დროს ბევრი საუბარი იყო და ამიტომ დიდხანს თავს არ შეგაწყენთ. არც ხელისუფლებას სჭირდება დიდი ახსნა, თუ რა საფრთხის შემცველია ასეთი მექანიზმის არსებობა კონკრეტული ადამიანების ხელში. ეს საკუთარ ტყავზე გვაქვს ყველას გამოცდილი. მაგალითად მოვიყვან დღევანდელი პრემიერ-მინისტრის და ჩემი საუბრების სერიას არჩევნების წინა დღეებში. ლოგიკა, რომ ისინი ცუდი ბიჭები იყვნენ, ჩვენ კარგები ვართ და ამას არ ვიკადრებთ, არ მუშაობს. ახალი ხელისუფლების პირობებშიც ჰქონდა ადგილი ასეთ რეციდივს. ყველას კარგად გვახსოვს გელა ხვედელიძის ისტორია.  მცდარი იქნება იმის თქმა, რომ გელა ხვედელიძეში იყო პრობლემა და სხვა ყველა ანგელოზია.

კედელზე თოფი თუ კიდია, ის აუცილებლად გაისვრის ადრე თუ გვიან.

მოკლედ, სუბიექტური ფაქტორი უნდა გამოირიცხოს. ჩემი აზრით, შსს-მ უნდა დათმოს უპირობო კონტროლი და პროცედურა შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ადამიანის ფუნდამენტალურ უფლებებთან.

2. ე.წ. „ოდრ“-ის ინსტიტუტი

საბჭოური გადმონაშთი, როდესაც სპეცსამსახურების წარმომადგენელი რაღაც ფორმით მუშაობს ამა თუ იმ ორგანიზაციაში და ზოგიერთ კომერციულ სტრუქტურაში, წარმოადგენს რისკს იმისას, რომ ვიღაცა ძალოვანი სტრუქტურებიდან ეცადოს კარგ შემთხვევაში აკონტროლოს ეკონომიკური სისტემები და ცუდ შემთხვევაში ხელი მოითბოს ამაზე. ამ, ჩემი აზრით, ყავლგასულ ინსტიტუტზე უარის თქმით ხელისუფლება საბოლოოდ დაადასტურებს, რომ ეკონომიკურ პროცესში ჩაურევლობის პრინციპი საბოლოოდ დამკვიდრდა ქვეყანაში.

3. უშიშროების სამსახურების შსს-დან გამოყოფა

ახსნას არ დავიწყებ. აქ ყველაფერი გასაგებია და ამასთან, ეს ჩვენი დაპირებაა.

ვიცი, რომ ძნელია ასეთი გადაწყვეტილებების მიღება. მეტიც, მეც კი, შიგნით სანამ ვიყავი, მიჭირდა ამაზე პრინციპული პოზიციის გამოხატვა. ჩვენ, ყველა, მთელი საზოგადოება უნდა დავეხმაროთ აღმასრულებელ ხელისუფლებას, მიიღოს თავისთვის მტკივნეული, მაგრამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის აუცილებელი გადაწყვეტილებები. ამ პროცესში უმნიშვნელოვანესი როლი ეკუთვნის პარლამენტს და პრეზიდენტს.

დარწმუნებული ვარ, რომ ეს, ადრე თუ გვიან, ასეც იქნება. ჯობს ადრე, ვიდრე გვიან.