სად ვიყავით, სად ვართ და საით უნდა ვიაროთ? - "საგზაო რუკა" გია ხუხაშვილისგან - კვირის პალიტრა

სად ვიყავით, სად ვართ და საით უნდა ვიაროთ? - "საგზაო რუკა" გია ხუხაშვილისგან

ძალაუფლება - ყველაზე მძიმე გამოცდა, რომლის ჩაბარებამაც შეიძლება მოუწიოს პიროვნებას ან პიროვნებათა ჯგუფს...

სად ვიყავით, სად ვართ და საით უნდა ვიაროთ?

2012 წელი - საბჭოური სამყაროს დასასრული“საქართველოში. სააკაშვილის რეჟიმი გახლდათ სისტემის ბოლო, მოდიფიცირებული, კარგად შენიღბული და თანამედროვე ვითარებაში ადაპტირებული ხელისუფლება თავისი ფსევდოფასეულობებით, იდეოლოგიით, მიზნებითა და ამოცანებით, ფასადზე გამოფენილი, მომავალზე ორიენტირებული სლოგანებით. ის დაუნდობლად, ცეცხლითა და მახვილით მიგვაქანებდა ავადსახსენებელ წარსულში, სადაც არათუ ევროპული ფასეულობების, არამედ გვიანი საბჭოთა პერიოდისთვის დამახასიათებელი უფლებებისთვისაც კი აღარ რჩებოდა ადგილი. მისი მმართველობა უფრო წააგავდა 30-იან წლებში შეუზღუდავი ძალაუფლებით აღჭურვილი, საკუთარ ხალხზე მონადირე, ახალგაზრდა, კაცთმოძულე კომისრების თარეშს.

ეს დამთავრდა.

2013 წელი პირველად საქართველოს ისტორიაში, ადმინისტრაციული და პროპაგანდისტული რესურსის გამოყენების გარეშე, კონკურენტულ გარემოში, ჩავატარეთ საპრეზიდენტო არჩევნები. სწორედ ამით და არა ფსევდოპოლიტიკური აქტივისტების ე.წ. მუშაობით შეიქმნა მყარი საფუძველი იმისა, რომ მოგვეხდინა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება. შესაბამისად, ეს არის მთელი ქართველი ხალხის, ყველა იმ ადამიანის დამსახურება, ვინც საარჩევნო ყუთთან მივიდა და გააკეთა ესა თუ ის არჩევანი.

ეკონომიკაში ე.წ. ნომენკლატურული კაპიტალიზმიდან, სადაც ეკონომიკური სისტემები მონოპოლიებისა და კარტელური შეთანხმებების საშუალებით მთლიანად ინტეგრირებული იყო ხელისუფლებაში, დაიწყო გადასვლა საბაზრო ეკონომიკისთვის დამახასიათებელ ურთიერთობებზე. ეს მოხდა რბილად, ყოველგვარი ქონების გადანაწილების გარეშე, რამაც მოხსნა სერიოზული ეკონომიკური რყევების საფრთხე და შესაბამისად, შეიქმნა გრძელვადიანი ინვესტიციების განთავსების საფუძველი ცივილიზებული ინვესტორისთვის, რომელიც მიჩვეულია კონკურენტულ გარემოში მუშაობას და არა ხელისუფლებასთან „მეგობრობით“ წარმატების მიღწევას. იმისათვის, რომ ინვესტიციების დაცვის გარანტიები მხოლოდ ხელისუფლების კეთილ ნებაზე არ იყოს დამოკიდებული, შეიქმნა „თანაინვესტირების ფონდი, რომელიც გახდება ნებისმიერი პრიორიტეტული პროექტის პარტნიორი.

სამართალდამცავმა სისტემამ შეიძინა ადამიანური სახე. გაქრა შეგრძნება იმისა, რომ ყველას გვისმენენ და გვითვალთვალებენ.

რა ამოცანები გვაქვს გადასაწყვეტი და რა გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა 2014 წელს?

უპირველესად, არ უნდა ავყვეთ ჩვენთვის დამახასიათებელ ეიფორიას და არ დავიწყოთ დროზე ადრე ზეიმი. პროცესს ჯერ კიდევ არ მიუღია შეუქცევადი ხასიათი. ჯერ მხოლოდ ვიწყებთ და წინ გრძელი გზა გვიძევს იმისათვის, რომ არა მხოლოდ მექანიკურად გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრი და შესაბამისად, ვიქცეთ მის პერიფერიულ ბალასტად, არამედ ჩამოვყალიბდეთ თანამეგობრობის კონკურენტულ, ღირსეულ წევრად.

მომავალ წელს ხელი უნდა მოეწეროს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას და ამისთვის სერიოზულად უნდა მოვემზადოთ.

ხელისუფლებამ უნდა ისწავლოს ახალ კონსტიტუციურ სისტემაში ეფექტური მართვა.

საფუძველი უნდა ჩაეყაროს საპარლამენტო ქვეყნისთვის დამახასიათებელ მულტი-პარტიულ დემოკრატიას. ეს ურთულესი ამოცანაა, რადგან ამ დროისათვის ქვეყანაში არ არსებობს ერთ იდეოლოგიაზე აგებული პოლიტიკური ძალა, რომელსაც აქვს უნარი, სამომავლოდ აიღოს პასუხისმგებლობა ქვეყნის მართვაზე.

სწრაფი ტემპით უნდა დავიწყოთ ეკონომიკის რეალური სექტორის განვითარება, რათა მომხმარებელი ქვეყნიდან ვიქცეთ მწარმოებელ ქვეყნად. მხოლოდ ამ შემთხვევაში მივაღწევთ გრძელვადიან ეკონომიკურ და სოციალურ სტაბილურობას.

"კვირის პალიტრის" მკითხველს ვუსურვებ ბედნიერებასა და კეთილდღეობას კარს მომდგარ 2014 წელს.