სახელმწიფო ინტერესი თუ მუნდირის ღირსება - "საგზაო რუკა" გია ხუხაშვილისგან
30-12-2013
სახელმწიფო ინტერესი თუ მუნდირის ღირსება - "საგზაო რუკა" გია ხუხაშვილისგან
ძალაუფლება - ყველაზე მძიმე გამოცდა, რომლის ჩაბარებამაც შეიძლება მოუწიოს პიროვნებას ან პიროვნებათა ჯგუფს...

ნებისმიერი ხელისუფლება ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ქვეყანაში მუდმივად დგება დილემის წინაშე. მას მუდმივად უწევს არჩევანის გაკეთება სახელმწიფო და პოლიტიკურ ინტერესებს შორის.
ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ხარისხი განისაზღვრება ზუსტად იმით, თუ როგორ გადაწყვეტილებებს იღებს ხელისუფლება ასეთი კონფლიქტის არსებობის შემთხვევაში. ასე რომ, ის პრობლემა, რომელიც გაჩნდა დღეს მთავარ პროკურორთან დაკავშირებით, არც ახალია და არც განსაკუთრებული. დავიწყოთ ფაქტებით:

1. ცხადია, "ნაციონალურმა მოძრაობამ"
მთავარი პროკურორის მისამართით განახორციელა მასირებული, პერსონალური შეტევა რამდენიმე მიმართულებით. ესეც არ არის ახალი. ასეთი შეტევები ადრეც ყოფილა როგორც პროკურატურის ხელმძღვანელობის, ასევე ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების, მათ შორის ჩემ მიმართაც. ეს შემთხვევა იმით განსხვავდება სხვებისგან, რომ თუ ადრე ყველაფერი ეფუძნებოდა უაპელაციო, ხშირ შემთხვევაში ბინძურ ზეპირ განცხადებებს, ახლა
ადგილი აქვს კონკრეტული ფაქტების წარმოდგენის მცდელობას.

2. ხელისუფლება ცდილობს, დაიცვას თავისი გუნდის წევრი და ესეც სწორი და ბუნებრივია.

3. პრაქტიკულად, მთელი საზოგადოებრივი სექტორი ცალსახად აცხადებს, რომ ისიც კი, რაც უკვე ვიცით, საკმარისია იმისთვის, რომ მთავარი პროკურორი ჩამოშორებულ იქნეს თანამდებობას.
ახლა შევეცადოთ, გავარკვიოთ, სად ვართ და როგორია ბალანსი. მარტივად რომ ვთქვათ, ვინ იგებს და ვინ აგებს.

ერთი შეხედვით, გასაკვირია, მაგრამ სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესებშია, რომ მთავარი პროკურორი დარჩეს თანამდებობაზე.
შევეცდები ავხსნა, თუ რას ვგულისხმობ. ყოფილი ხელისუფლება ცდილობს, ნებისმიერ სისხლის სამართლის საქმეს მისი წარმომადგენლის მიმართ პოლიტიკური დევნის კვალიფიკაცია მისცეს. ახლა მათ მიეცათ დამატებითი არგუმენტი - მთავარი ბრალმდებლის "საეჭვო" რეპუტაცია როგორც ქვეყანაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ეს მათ საგრძნობლად უადვილებს ცხოვრებას, განსაკუთრებით ევროპაში, პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნის შემთხვევაში, რაც მასობრივად შეიძლება დაიწყოს რაღაც ეტაპზე. მაგალითად, არ გამოვრიცხავ, რომ ამან უკვე შექმნას პრობლემები საფრანგეთიდან კეზერაშვილის ექსტრადიციის საქმეში.

წარმოიდგინეთ, ფრანგი მოსამართლე, რომელსაც ადვოკატები ეუბნებიან, რომ პირი უნდა გადასცენ ქვეყანას, სადაც მთავარი ბრალმდებელი არის ევროკავშირის წამყვან ქვეყანაში ნასამართლევი.
ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ვითარების გაუმჯობესება უკვე არარეალურია, ის შეიძლება მხოლოდ დამძიმდეს. მისი არგუმენტები ჯერჯერობით სუსტი და არადამაჯერებელია, ზოგიერთი - კურიოზულიც. მაგალითად, ის, რომ არჩევნებამდე ხუთი დღით ადრე სააკაშვილმა დღევანდელი მთავარი პროკურორი ღირსების ორდენით დააჯილდოვა. კურიოზული იმიტომ, რომ ხელისუფლების მხარდამჭერებისთვის ეს მხოლოდ მინუსია და ახალ კითხვებს ბადებს. მოწინააღმდეგეებისთვის ეს საერთოდ არ არის არგუმენტი, უცხოეთისთვის კი სულაც არაფრის მთქმელია. ასეთია რეალობა.

ახლა ხელისუფლებამ უნდა მიიღოს სწორი და სახელმწიფოებრივად გამართლებული გადაწყვეტილებები. ეს ნამდვილად არ არის ის შემთხვევა, როდესაც დრო მასზე მუშაობს და თემა გადაგორდება. "ნაციონალური მოძრაობა" ყოველ დღეს გამოიყენებს თავის სასარგებლოდ და ვითარება კიდევ უფრო დამძიმდება.

ვიცი, რომ ჩემი ეს მოსაზრებები ათას მითქმა-მოთქმას გამოიწვევს, ამიტომ მინდა პირადი დამოკიდებულების თაობაზე გავაკეთო განმარტებები.
დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი ფარცხალაძე თავისი ქვეყნის პატრიოტია, ხელისუფლების ერთგული პროფესიონალი, რომლის ხანმოკლე საქმიანობის პერიოდში ნამდვილად შეიმჩნევა დინამიკა საზოგადოებრივად მნიშვნელოვან საქმეებზე, რაც უდავოდ კარგი დასაწყისია. მაგრამ იქმნება გარემოებები, როდესაც ჩვენ უნდა შეგვეძლოს საკუთარი პერსონის სახელმწიფო ინტერესის სამსხვერპლოზე მიტანა.

ვიცი, რომ ეს არ არის ადვილი და უსამართლობის განცდა აჩენს პროტესტისა და ბრძოლის გაგრძელების სურვილს. ვიცი იმიტომ, რომ მე ეს გზა უკვე გავლილი მაქვს.
kira
02 იანვარი 2014 15:39
ბატონო გია, კეთილგონიერი ადამიანი ბრძანდებით., ამიტომ გაგებარია თქვენი ხმამაღალი განცხადება თუნდაც თანამდებობრივად მაღალი, მაგრამ საეჭვო და საზოგადოებისთვის მიუღებელი ყოფაქცევის ადამიანთან მეგობრობის შესახებ. ალბათ მეგობრობა არ ნიშნავს ძალიან ხანგრძლივ, ძალიან კარგ ნაცნობობას. ამ განცხადებით თქვენ წყალი დაასხით მის წისქვილს და ეჭვის ქვეშ დააყენეთ საკუთარი ავტორიტეტი., თუმცა...რა ვიცი
murman shelia
30 დეკემბერი 2013 19:06
აბსოლიტურად გეთანხმებით ბატონო გია,ეს რა დხეში ჩააგდო უმრავლესობა ამ სიტუაციამ. სასწრაფოდ უნდა გადადგეს ჭიკაიზე,რომ სახე შეინარჩუნოს უმრავლესობამ.

რედაქტორის რჩევით