ლეგიტიმური ხელისუფლების მოლოდინში - "საგზაო რუკა" გია ხუხაშვილისგან - კვირის პალიტრა

ლეგიტიმური ხელისუფლების მოლოდინში - "საგზაო რუკა" გია ხუხაშვილისგან

ძალაუფლება - ყველაზე მძიმე გამოცდა, რომლის ჩაბარებამაც შეიძლება მოუწიოს პიროვნებას ან პიროვნებათა ჯგუფს...

დადგა, ჩემი აზრით, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წელი საქართველოს უახლეს ისტორიაში. წელი, როდესაც უნდა ვაჩვენოთ, რომ დემოკრატია, საბაზრო ეკონომიკა, ევროკავშირი ჩვენთვის არის არა ძალაუფლების მოსაპოვებელი პროპაგანდისტული "სიტყვის მასალა", არამედ რეალური, ფუნდამენტალურ ფასეულობათა სისტემა.

მიუხედავად ტაქტიკური წარმატებებისა, ჯერ კიდევ არ შეიძლება იმის თქმა, რომ პროცესი შეუქცევადი გახდა. ვითარება საკმაოდ მყიფე და არასტაბილურია.

თითოეული მიმართულება ისეთი რთული და მრავალწახნაგოვანია, იმდენი სუბიექტური თუ ობიექტური პრობლემა ახლავს თან, რომ როგორც პროცესების მიმდინარეობაზე, ასევე მათ პერსპექტივებზე მთელი წლის განმავლობაში მოგვიწევს საუბარი. ახლა კი შევეცდები, ერთ-ერთ მიმართულებაზე - შიდა პოლიტიკის ზოგიერთ, საკმაოდ ეგზოტიკურ თავისებურებაზე - შემოგთავაზოთ რამდენიმე მოსაზრება.

მივიღეთ ახალი კონსტიტუცია, რომელიც გულისხმობს ხელისუფლების შტოებს შორის ძალთა სრულიად ახალ გადანაწილებას. ეს ბუნებრივიც იყო ჩვენი ევროპული არჩევანის გათვალისწინებით. ახალი მოდელი გულისხმობს ევროკავშირისთვის დამახასიათებელ მულტიპარტიულ დემოკრატიას, სადაც ერთპიროვნული მმართველობისთვის ადგილი აღარ უნდა დარჩეს.

ჯერჯერობით ეს ყველაფერი გვაქვს მხოლოდ ქაღალდზე. სახელისუფლებო ძალთა ბალანსი "ჩრდილოვანი", კონსტიტუციასთან შეუსაბამო ხასიათისაა და ესეც არ არის გასაკვირი. მძიმე მემკვიდრეობის და რამდენიმე, ჯერ კიდევ მოქმედი სუბიექტური ფაქტორის გამო, გვჭირდება დრო, რომ ჩამოყალიბდეს შესაბამისი მმართველობითი სისტემა.

მემკვიდრეობას აღარ შევეხები, რადგან ამ საკითხზე უკვე საკმარისზე მეტი ითქვა და ყველაფერი ცხადია. ერთადერთი საფრთხე, რაზეც საჭიროა, ხმამაღლა ითქვას, გახლავთ ის, რომ სააკაშვილის დამკვიდრებული მართვის მეთოდოლოგია ჯერ კიდევ შენარჩუნებულია საშუალო და დაბალ რგოლებში, იბრძვის თვითგადარჩენისთვის და კარნახობს თამაშის წესებს გამოუცდელ ზედა რგოლს. ხშირად ის მონაწილეობს კიდეც გადაწყვეტილებების მიღებაში და ფლობს ძალაუფლების საკმაოდ მნიშვნელოვან ნაწილს. ამის დასადასტურებლად ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება, თუმცა ამჯერად ამით თავს არ შეგაწყენთ.

ავტორიტარული რეჟიმის ძალაუფლებისთვის ჩამოშორების პროცესი შორს იყო ნორმალური, ცივილიზებული ურთიერთობებისგან, ამიტომაც ხელისუფლების ცვლილება არა კონკურენტული არჩევნების, არამედ, ფაქტობრივად, ორ პიროვნებას შორის უმწვავესი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. შედეგადAD ლეგიტიმაცია დაკარგა ერთმა ადამიანმა და შეიძინა მეორემ და არა - მის ირგვლივ თავმოყრილმა პოლიტიკურმა ძალებმა თუ პოლიტიკურმა გუნდმა. მას შემდეგ, რაც ივანიშვილმაც დატოვა პოლიტიკური არენა, მივიღეთ საკმაოდ უცნაური რეალობა - გვყავს ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას მართავს ხალხის მიერ ერთი პიროვნებისთვის მინიჭებული მანდატის საფუძველზე. ეს მდგომარეობა საშიშია, თუმცა არა - დრამატული. ჩვენ ამას უნდა შევხედოთ, როგორც ობიექტურ რეალობას, დავიცადოთ და ნელ-ნელა ყველაფერი შევუსაბამოთ კონსტიტუციას. მით უმეტეს, რომ თავად ბიძინა ივანიშვილს სურს, ქვეყანაში დამყარდეს კონსტიტუციური წესრიგი ძალთა კანონით განსაზღვრული გადანაწილების საფუძველზე.

ახლა მთავარია, პოლიტიკურმა ძალებმა და აღმასრულებელმა ხელისუფლებამ თვითონ გააცნობიერონ საკუთარი პასუხისმგებლობა, კომპეტენციის ზღვარი და არ დარჩნენ ჩრდილოვანი, ნაკლებად დაბალანსებული მმართველობითი სისტემის ტყვეობაში. გააცნობიერონ, რომ ხელისუფლებაში ყოფნა უპირველეს ყოვლისა, არის არა უფლება, არამედ - პასუხისმგებლობა, მსახურება და არა - ბატონობა. მხოლოდ ასეთი მიდგომა შესძენს ხელისუფლებას სახალხო ლეგიტიმაციას.