ვინ იქნება თბილისის მერი?! - კვირის პალიტრა

ვინ იქნება თბილისის მერი?!

ძალაუფლება - ყველაზე მძიმე გამოცდა, რომლის ჩაბარებამაც შეიძლება მოუწიოს პიროვნებას ან პიროვნებათა ჯგუფს...

ვინ იქნება თბილისის მერი?!

წლევანდელი პოლიტიკური დღის წესრიგი საკმაოდ დატვირთული, შეიძლება ითქვას, ისტორიულად ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი იქნება ქვეყნის ისტორიაში. ბევრი დიდი თუ პატარა ამოცანა გვაქვს გადასაწყვეტი იმისათვის, რომ ხალხში საბოლოოდ დავამკვიდროთ მომავლის რწმენა და განვითარებას შევძინოთ პოზიტიური ენერგია, რაც სასიცოცხლოდ აუცილებელია უკან დაბრუნების რისკის თავიდან ასაცილებლად.

ამჯერად შიდაპოლიტიკურ დღის წესრიგზე გავამახვილებ თქვენს ყურადღებას.

წელს ჩასატარებელი გვაქვს ერთადერთი - ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები.

გამომდინარე იქიდან, რომ ადგილობრივი, ლოკალური პრობლემატიკა ყოველთვის უფრო ორიენტირებულია კონკრეტულ ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებზე და ნაკლებად სენსიტიურია წმინდა პოლიტიკური, ფასეულობითი თემების მიმართ, ამ არჩევნების შედეგების პროგნოზირება არ წარმოადგენს სირთულეს. ასეთ არჩევნებში, როგორც წესი, დიდი უპირატესობით იმარჯვებს ხელისუფლება და ამისათვის სულაც არ სჭირდება ე. წ. ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. ეს ბუნებრივი არჩევანია და იმედია, არავის მოუვა აზრად სპეციფიკური, არადემოკრატიული მექანიზმების ჩართვა ამ პროცესში, რისი საჭიროებაც არ არსებობს და მხოლოდ ზიანის მომტანი იქნება ქვეყანაში დემოკრატიის შემდგომი განვითარების თვალსაზრისით.

აქ ყველაზე სამწუხარო გახლავთ ის, რომ დღევანდელი გადმოსახედიდან "ნაციონალურ მოძრაობას", როგორც ერთადერთ, მყარი ადგილობრივი პარტიული ინფრასტრუქტურის მქონე პარტიას, არცთუ მაღალი შედეგით, მაგრამ პრაქტიკულად გარანტირებული აქვს მეორე ადგილი. შესაბამისად, ის ამ არჩევნებით კიდევ უფრო გაიმყარებს მთავარი ოპოზიციური ძალის პოზიციას, მიუხედავად იმისა, რომ აღარ გააჩნია ამ ამბიციის შესაბამისი მორალური კაპიტალი.

მეორე, რაც საყურადღებოა ამ არჩევნებთან დაკავშირებით, გახლავთ კოალიციაში პოლიტიკურ ძალთა გადანაწილება ადგილობრივ თვითმმართველობებში, რასაც შესაძლოა ჰქონდეს გადამწყვეტი თუ არა, ერთ-ერთი ძირითადი მნიშვნელობა გრძელვადიან პოლიტიკურ პროცესში, უკვე მას შემდეგ, რაც კოალიცია ამოწურავს თავის ფუნქციას და პარტიებს მოუწევთ დამოუკიდებლად მოქმედება.

ასე და ამგვარად, წინ ერთი შეხედვით საკმაოდ ბანალური, ადვილად პროგნოზირებადი არჩევნები გველოდება. ეს ასეც იქნებოდა, რომ არა თბილისის მერის პირდაპირი არჩევნები.

კოალიციამ უკვე წამოაყენა თავისი კანდიდატი. ეს მოხდა ბიძინა ივანიშვილისთვის დამახასიათებელ, კარგად გათვლილ და ამასთან, ორიგინალურ სტილში. მას თანამდებობიდან წასვლამდე უნდა დაესახელებინა ისეთი კანდიდატი, რომელიც შეაჩერებდა კოალიციაში პოლიტიკური ძალებისა და პირების ამბიციებს. ამიტომ შეირჩა პირი, რომლისთვისაც„"ქვის სროლა", ან თუ გნებავთ, რომელშიც გრძელვადიანი პოლიტიკური კონკურენტის დანახვა შეუძლებელია. ამით გადაწყდა ორი ძირითადი ამოცანა: პირველი - გადაილახა შესაძლო პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე კოალიციაში და გაცხადდა ხელისუფლების პოლიტიკური გემოვნება - თბილისის მერი უნდა იყოს მხოლოდ კარგი მეურნე, წესიერი ადამიანი და არა პოლიტიკური მოთამაშე შესაძლო შემდგომი ამბიციებით. "ნაციონალურ მოძრაობას" ეყოლება თავისი კანდიდატი, რომელიც დღეის გადმოსახედიდან აგრეთვე გარანტირებულად გავა მეორე ადგილზე.

ეს არის თამაში, რომელსაც გვთავაზობს არსებული პოლიტიკური ლოგიკა.

ახლა თბილისმა უნდა გადაწყვიტოს, მიჰყვება ამ სცენარს, თუ თავის დღის წესრიგს შესთავაზებს პოლიტიკოსებს.

ჩემი გადმოსახედიდან თბილისს აქვს ყველა შანსი იმისთვის, რომ სხვა გზა აირჩიოს.

ვფიქრობ, დედაქალაქში ძირითადი ბრძოლა უნდა გაიმართოს არა ხელისუფლებასა და "ნაცმოძრაობას", არა ხელისუფლებასა და ელიტურ თბილისურ სნობიზმს შორის, არამედ მთელმა თბილისმა უნდა წარმოადგინოს თავისი კანდიდატი. კაცი, რომელიც, ერთი მხრივ, მიხედავს ქალაქს და ამასთან, იქნება დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურა, ადამიანი, რომელიც გახდება საზოგადოების მიერ ხელისუფლების დაბალანსების ანგარიშგასაწევი ინსტრუმენტი.

დარწმუნებული ვარ, მოვლენების ასეთი განვითარება ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება და რაც მთავარია, ეს სავსებით შესაძლებელია.