გლობალური მაიდანი
27-01-2014
გლობალური მაიდანი
გლობალური მაიდანი

უკვე ყველასთვის ცხადია, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები სცილდება ამ ქვეყნის შიდაპოლიტიკური არჩევანის ფარგლებს და მაიდანი იქცა ადგილად, სადაც გადის გლობალური პოლიტიკის ფრონტის ხაზი. ამასთან, რჩება შთაბეჭდილება, რომ დღეის მდგომარეობით შიდაპოლიტიკურ ელიტაზე უკვე ცოტა რამ არის დამოკიდებული, ხოლო გარე ძალებმა ამოწურეს მოვლენებზე პოზიტიური ზემოქმედების რესურსი. ისინი ნელ-ნელა დისტანცირდებიან პროცესებისგან და აქცენტს აკეთებენ უფრო შეფარული სპეცმეთოდების გამოყენებაზე, რაც კარგს არაფერს უქადის უკრაინას. სამწუხაროდ, შექმნილი ვითარება დამახასიათებელია ბოლო ოცი წლის საერთაშორისო
პოლიტიკისთვის. ამა თუ იმ ქვეყანაში, ამა თუ იმ მიზეზით, იხსნება "პანდორას ყუთი" ისე, რომ არავინ იცის მისი დახურვის მექანიზმი. პროცესები იღებს უმართავ ხასიათს, ყველას ავიწყდება დაპირისპირების საწყისი მიზეზი, წინა პლანზე გამოდის ეკონომიკური პრობლემები. შესაბამისად, იზრდება სოციალური რისკები და ამის შემდეგ იწყება ამღვრეულ წყალში თევზაობა. ვის
რა შეხვდება, წინასწარ არავინ იცის, თუმცა ცხადია, რომ თვითონ ეს ქვეყანა დიდ დანაკარგს განიცდის.

ოპერატიული ვითარება ევრომაიდანზე

მიუხედავად იმისა, რომ დიდწილად გაკოტრებული ხელისუფლება ვეღარ მართავს პროცესებს, დრო მაინც მისთვის მუშაობს. რამდენადაც უცნაურად უნდა გვეჩვენებოდეს, მისმა ტაქტიკამ გაამართლა და საგრძნობლად შესუსტდა პოლიტიკური ოპოზიციის კონტროლი ქუჩაში განვითარებულ მოვლენებზე, რომელიც სულ უფრო რადიკალურ, ძალისმიერ მოქმედებებზე ორიენტირებული ხდება.
პოლიტიკურად გამოუცდელი კლიჩკო, ფაქტობრივად, შექმნილი მძიმე ვითარების მძევლად იქცა. ის და სხვა ლიდერები იძულებული არიან, მისდიონ ვითარების სწრაფი ესკალაციის სცენარს, რადგან სხვა შემთხვევაში მაიდანზე გამოჩნდებიან ლიდერები, რომლებიც წარმატებით შეასრულებენ გაპონის“ როლს და, ფაქტობრივად, ხელისუფლებისთვის ყველაზე სასარგებლო მიმართულებით წაიყვანენ პროცესს... ვითარება თავის მორიგ და შესაძლოა, გადამწყვეტ პიკს, სავარაუდოდ, 28 იანვარს მიაღწევს, უმაღლესი რადას რიგგარეშე სესიის მიმდინარეობისას. მნიშვნელობა არა აქვს სესიის დღის წესრიგს, რადგან პოლიტიკური დღის წესრიგი რადიკალურად განსხვავებულია.

შესაძლო სცენარები


1. მეორდება 2003 წლის თბილისში განვითარებული მოვლენები. ქუჩა იკავებს საკანონმდებლო ორგანოს და უპირობოდ დგება რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა. ამ ვარიანტს, თავის მხრივ, აქვს ორი განშტოება: პირველი, როდესაც პრეზიდენტი გადადგება და უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ რეგიონების ადგილობრივი ხელისუფლებები ლოიალურობას გამოავლენენ, შესაბამისად, ყველაფერი შედარებით უმტკივნეულოდ ჩაივლის და მეორე, როდესაც იანუკოვიჩი არ გადადგება, შესაბამისად, დაიწყება ქვეყნის დეზინტეგრაციის დრამატული პროცესი.

2. მაიდნის მხრიდან შეტევის უშედეგო მცდელობა, რომელიც დასრულდება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებითა და მეთოდური, ფართომასშტაბიანი რეპრესიებით.

3. შუალედური გადაწყვეტილებები, რაც გულისხმობს მინისტრთა კაბინეტის გადადგომას, საყოველთაო ამნისტიას, ევროკავშირთან მოლაპარაკებების გააქტიურებას და ა.შ.

ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა რესურსების მოზიდვას შეძლებენ მხარეები ამ დღისთვის... რაც შეეხება უკრაინის მოვლენების გამოძახილს ჩვენი ქვეყნისთვის. არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ თუ უკრაინაში პროცესები რუსული სცენარით წარიმართა, მერე ჩვენ მოგვდგებიან და რაღაც საშინელება მოხდება. გარკვეულწილად, შეიძლება ამან, პირიქით, უფრო დააჩქაროს კიდეც საქართველოს ევრო და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. თუმცა ეს არ არის ის შემთხვევა, როდესაც პოლიტიკური პრაგმატიზმით უნდა ვიხელმძღვანელოთ და ვისურვოთ მოვლენების ასეთი განვითარება. ჩვენ სოლიდარულები უნდა ვიყოთ უკრაინელი ხალხის მიმართ ფასეულობათა თანამედროვე სისტემის დამკვიდრებისთვის ბრძოლაში.
qariman
29 იანვარი 2014 00:21
ტოკო ერთ ისტორიას მოგიყვები: ეს იყო 60-იან წლებში, ჩემმა ერთმა მეზობელმა ცხვარი დაკარგა, თვითონ ვენახში მუშაობდა, ცხვარი კი ვენახის ღობეზე ყავდა მიმბული.. თანასოფლელმა ბიჭებმა ცხვირწინ ააცალეს (მოპარეს) ცხვარი და მის მწვადებზე კარგად მოილხინეს, გამწარებულმა ცხვრი პატრონმა გადაწყვიტა, რადაც არ უნდა დაჯდომოდა გაეგო,ვინ გააკეთა ეს და მეორე დღეს წავიდა 30 კილომეტრით დაშორებულ სოფელში, იმ დროს ცნობილ მკითხავთან. რიგმა რომ მოუწია შევიდა მკითხავთან, მაგიდაზე დაუდო 10 მანეთიანი კუპიურა და უთხრა- დაკარგულზე მიმკითხავეო. ომი 15 წლის დამთავრებული იყო და ე.წ. უგზო - უკვლოდ დაკარგულები, ძირითადად ტყვეობაში ნაყოფი ხალხი, ვისაც ამისათვის 10-15 წელი პატიმრობა მიუსაჯეს , ჯერ კიდევ ჩამოდიოდნენ ოჯახებში და მკითხავმა იფიქრა, ომში დაკარგულზე მკითხაობას მთხოვსო, გაშალა კარტები და ათი წუთის შემდეგ ეუბნება, ნუ ჯავრობ ცოცხალია, კრასნოდარშია და მალე ჩამოვა სახლშიო. მზობელმა უყურა, უყურა ცოტა ხანი და უთხრა მკითხავს: მე შენი დედა მო.....ნო, გუშინ ვენახის ღობეზე მყავდა ცხვარი დაბმული და კრასნოდარში ვინ და რისთვის ჩაიყვანაო, აი ასეთი ანალიზია ამ სტატიაში თუ ინტერვიუში და მეტი არაფერი, უბრალოდ ჩვენი ცივილიზაცია სოციალური განვითარების ახალ საფეხურზე გადადის და ამას ვერავინ წინ ვერ აღუდგება, რადგან ეს პროცესი ზუსტად ასახავს იმას , რასაც ჩვენ ვეძახოდით და ვეძახით--"ძაღლი ყეფს და ქარავანი მიდისო" ასე რომ აქ არაფერ შუაშია უკრაინა, რუსეთი, ამერიკა თუ ევროპა და არც კლიჩკო და არც ხუხაშვილი, ჩათვალეთ რომ მოსახდენი უკვე მოხდენილია და ვაი იმას ვინც ეცდება წინააღმდეგობა გაუწიოს მოსახდენის თუ მოხდენილის მატრიცას... P.S. მე უბრალოდ მიკვირს , რატომ დუმან სოციოლოგები, ან უბრალოდ ისინი არ არსებობენ.
Toko
27 იანვარი 2014 11:05
კარგი ანალიზია

რედაქტორის რჩევით