მიხვდა და ატირდა... - კვირის პალიტრა

მიხვდა და ატირდა...

მიხვდა და ატირდა...

უკვე რამდენიმე დღეა, მთელი ქართველი საზოგადოება ერთ ვიდეოჩანაწერს და ამ ვიდეოჩანაწერში ნათქვამ ფრაზას - "ორი გვამი მჭირდება!" - უტრიალებს. ვანო მერაბიშვილისგან მოვისმინეთ ამ ფაქტის ერთი შეხედვით უცნაური, მაგრამ მისი ხელისუფლებისთვის დამახასიათებელი, პროპაგანდისტული და ამასთანავე, ტრაგიკომიკური ახსნა. ერთადერთი განსხვავება ის იყო, რომ ამჯერად კი არ გვიტევდა, თავს იმართლებდა.

როგორც იქნა, მიხვდა, რომ მისი ადგილი ხანგრძლივად არათუ ხელისუფლებაში, არამედ არც პოლიტიკაში და თუ გნებავთ - არც საზოგადოებაში არ არის. მიხვდა, რომ ეს უკვე არა სახელმწიფოს, არამედ მისი პირადი ტრაგედიაა. მიხვდა და ატირდა...

კომიკური ამ ისტორიაში ის გახლავთ, რომ მისი ვერსიით, იგეგმებოდა ორი გვამის დევნის ოპერაცია. თუ 2012 წლამდე ჩვენ ამ აბსურდს ცეცხლითა და მახვილით გვაჭმევდნენ, ახლა ზუსტად ვიცით, რომ გვამები, რუსული წარმომავლობისაც კი, არ გარბიან. ისინი, როგორც ისევ ის ავადსახსენებელი რუსები იტყვიან, ვანოს კოლექციიდან არიან. ამავე კოლექციიდან იყო „სვანური კრიმინალური დაჯგუფების“ წევრი სანდრო გირგვლიანი, დიდუბესა და კორტებთან ჩაცხრილული "ბანდიტები", მაღაზიის სახურავზე „სახელმწიფოს წინააღმდეგ“"ამხედრებული" გვამები და კიდევ ვინ იცის, რამდენი "მოღალატე" და "ქვეყნის დამაქცევარი".

ჩემთვის და ალბათ, ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც აქტიურად ებრძოდა მძვინვარე რეჟიმს, ამ ვიდეოს ნახვით არაფერი შეცვლილა, მხოლოდ შეუხორცებელი ჭრილობები გაგვეხსნა. კარგა ხანია, ვიცოდით და საკუთარ ტყავზე ვგრძნობდით, რომ სისტემისთვის პოტენციური გვამები ვიყავით. გვამები, რომლებიც ადრე თუ გვიან„სახელმწიფოს მშენებლობის, ეპოქალური რეფორმების უსიცოცხლო საძირკველში უნდა ჩავებეტონებინეთ.

ვისაც გაგვიმართლა, გადავრჩით. გია კრიალაშვილი ვერ გადარჩა და ის სამართალს ითხოვს.

მე არ ვიცი, სადამდე მიიყვანს ეს ფრაზა გამოძიებას. იმედი მაქვს, მისი კვლევის საგანი არ გახდება მხოლოდ ეს ვიდეო, რომელიც მუხროვანის ტრაგიკული ინციდენტის ერთ ეპიზოდს ასახავს, არამედ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გათვალისწინებით სრულად გამოიძიებენ ე.წ. სახელმწიფო გადატრიალების“ საქმეს და თუ აღმოჩნდა, რომ ის თეთრი ძაფით იყო ნაკერი, დადგება გია კრიალაშვილისა და სხვათა რეაბილიტაციის საკითხი. აი, ეს იქნება სამართლიანობის აღდგენა. სწორედ ამას ელოდება ტრაგიკულად დაღუპულის ოჯახი, რომელსაც ორჯერ მოუკლეს შვილი, ჯერ მორალურად და მერე - ფიზიკურად.

ქართველმა ხალხმა უახლესი ისტორიის განმავლობაში იმდენი გადაიტანა, ის ნამდვილად იმსახურებს თანამედროვე, დემოკრატიულ ფასეულობებზე, ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებაზე დაფუძნებულ სახელმწიფოში ცხოვრებას. არ შეიძლება სახელმწიფოს ამოცანად იქცეს ადამიანის, თუნდაც ნაძირალას და დამნაშავის, მორალური განადგურება.

ხელისუფლების მოვალეობაა დანაშაულის გამოვლენა, დამნაშავის დასჯა და ამით სამართლიანობის დამკვიდრება. სხვა შემთხვევაში ჩვენ სისტემას კი არ დავამარცხებთ, მისი მძევლები გავხდებით.