"მოქალაქე"
10-02-2014
"მოქალაქე"
დღევანდელი ვითარება ძალიან მაგონებს 2011 წლის ოქტომბერს, როდესაც ივანიშვილმა პირველი პოლიტიკური განცხადება გააკეთა. ერთი მხრივ, გაჩნდა ცვლილებების პრაქტიკულად დაკარგული იმედი და მეორე მხრივ, ვიხილეთ კარგად მიძინებული, დათრგუნვილი და შეგუებული პოლიტიკური საზოგადოების სკეპტიციზმის ნიაღვარი. მათ შორის, იმ ადამიანების დიდი უმრავლესობისგან, რომლებიც ცოტა ხანში მის პოლიტიკურ გუნდში აღმოჩნდნენ - არჩევდნენ განცხადების ყველა სიტყვას, ყველა ფრაზას, აფასებდნენ და მიდიოდნენ დასკვნამდე, რომ პოლიტიკაში ივანიშვილის ადგილი არ იყო.  ეს იყო კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაში მყოფი "პოლიტიკური"
სხეულის კლასიკური რეაქცია შოკურ თერაპიაზე.

ახლაც, საკმარისი იყო, გაკეთებულიყო განცხადება "მოქალაქის" შექმნის თაობაზე, რომ იმავე მდგომარეობაში მყოფ საზოგადოებას იგივე რეფლექსური რეაქცია მიეცა. ვარჩევთ ყველა სიტყვას თუ ფრაზას. არ გვინდა დამკვიდრებულ, რბილად რომ ვთქვათ, ა
რასწორ სტერეოტიპულ აზროვნებაზე უარის თქმა და გაღვიძება, მიუხედავად იმისა, რომ კარგად გვესმის, რა ობიექტური და სუბიექტური პრობლემები გვაქვს საზოგადოებაში. დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისას საზოგადოებას, მათ შორის მედიას, არანაკლები როლი აქვს, ვიდრე ხელისუფლებას. ნებისმიერი ხელისუფლება, რაც უნდა "კეთილი მიზნები" ამოძრავებდეს, მიდრეკილია გარყვნილებისკენ, თუ მისი ქმედებები მუდმივად, სრულფასოვნად არ გავაკონტროლეთ და არ დავეხმარეთY მას საზოგადოების სამოქალაქო განათლების, თითოეული მოქალაქის ქვეყნის მომავალზე პასუხისმგებლობის შეგრძნების გაჩენის საქმეში.
რა ვითარება გვაქვს ამ მხრივ დღეს?

სამოქალაქო სექტორის ერთი ნაწილი მიკედლებულია ამა თუ იმ პოლიტიკურ ინტერესს და პრაქტიკულად გადაქცეულია პოლიტიკური პროპაგანდის განუყოფელ ნაწილად, ხოლო მეორე, შედარებით ჯანსაღი ნაწილი, იყენებს ხელისუფლების კრიტიკის უფლებას და უარს აცხადებს მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებლობის აღებაზე. თუ რას ვგულისხმობ, ერთ მაგალითს მოვიყვან: სამოქალაქო სექტორი, როგორც წესი, მწვავედ რეაგირებს საზოგადოებაში არსებულ განწყობაზე ამა თუ იმ უმცირესობასთან დაკავშირებით და ხელისუფლებისგან მკაცრ მოქმედებებს ითხოვს. სინამდვილეში, არსებული ვითარება დიდწილად სწორედ იმის შედეგია, რომ შიშველი კრიტიკით დაკავებულებმა ბევრი ვერაფერი გავაკეთეთ სამოქალაქო განათლებისთვის. იმის მუდმივად ძახილს, ხალხი ბნელიაო, სჯობდა, გვეზრუნა მათი „სიბნელიდან“გამოყვანაზე.
ანალოგიური მდგომარეობა გვაქვს მედიაშიც, შეიძლება ითქვას, უარესიც, რადგან შეიქმნა არა მხოლოდ პოლიტიკურ, არამედ კერძო დაკვეთებზე ორიენტირებული „მედიაკილერების“კასტა, რომელიც სულ უფრო ღრმად ექაჩება მეოთხე ხელისუფლებას პროფესიული და ეთიკური სტანდარტების აბსოლუტური იგნორირების ჭაობში.

რამ განაპირობა ეს?
მიზეზი ბევრია, მათ შორის ობიექტური და სუბიექტურიც.
ჩემი აზრით, უნდა მოვხსნათ ობიექტური მიზეზები და ამის შემდეგ სუბიექტური თავისთავად გაქრება.
ობიექტური მიზეზებიდან ერთ-ერთი ძირითადია ის, რომ სარეკლამო და დისტრიბუციის შემოსავლები პოლიტიკური და, თუ გნებავთ, კორუფციული კომპონენტის გარეშე, მცირე გამონაკლისების გარდა, ვერ უზრუნველყოფს მედიის ფუნქციონირებას. შესაბამისად, „უკეთესად ცხოვრობს“ ანგაჟირებული ჟურნალისტი. ფასობს არა პროფესიონალიზმი და ღირსება, არამედ "სიყვითლე" და დაკვეთის შესრულება.

იმისათვის, რომ ვითარება შეიცვალოს და მივიღოთ ბაზრის მოცულობის შესაბამისი, თანამედროვე პროფესიული სტანდარტების შესატყვისი მედია, საჭიროა ინვესტიცია - არა მხოლოდ მატერიალური, არამედ საზოგადოებრივი ავტორიტეტების კონკრეტული ქმედებები.

ვკითხოთ საკუთარ თავს: შეუძლია თუ არა ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლის შესრულება ივანიშვილს? მგონი, პასუხი მარტივია. რაც შეეხება სკეპტიციზმს, კონკრეტულ შენიშვნებს, ვფიქრობ, ეს ამოცანასთან შედარებით წვრილმანებია. ამაზე შეიძლება დისკუსიის გაგრძელება.
ნანა ფრენკლი
11 თებერვალი 2014 13:45
მინდა წარმატებები გისურვით და როგორ გავხდეთ ;მოქალაქე'-ს წევრი.თუ შეიძლება ბატონი გია ხუხაშვილის კოორდინატები.ელ ფოსტა,ტელეფონის ნომერი ან სამუშაო ადგილი.
lia
10 თებერვალი 2014 23:58
წარმატებები მინდა გისურვოთ და მინდა გავხდე "მოქალაქე"-ს წევრი, როგორ გავწევრიანდე?

რედაქტორის რჩევით