პარტიული მონოპოლია ძალაუფლებაზე?!
24-02-2014
პარტიული მონოპოლია ძალაუფლებაზე?!
"საგზაო რუკა" გია ხუხაშვილისგან

ძალაუფლება - ყველაზე მძიმე გამოცდა, რომლის ჩაბარებამაც შეიძლება მოუწიოს პიროვნებას ან პიროვნებათა ჯგუფს...


ორი დღის წინ პარლამენტის ტრიბუნიდან პრეზიდენტმა დაასახელა ადგილობრივი არჩევნების ჩატარების თარიღი - 15 ივნისი. ეს არჩევნები უნდა გახდეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპი ქვეყანაში დემოკრატიის შემდგომი განვითარების გზაზე. მას მნიშვნელობას მატებს ისიც, რომ ტარდება უშუალოდ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის წინ. ჩემთვის და, ალბათ, არა მარტო ჩემთვის, ისიც მნიშვნელოვანია, რომ ამ დღეს წერტილი დაესმება ჭიქაში ქარიშხლის
ატეხის დიდოსტატის, "ნაციონალური მოძრაობის"“მიერ იმიტირებულ გაუთავებელ პოლიტიკურ კინკლაობას ფსევდოდრამატულ ჟანრში. ისინიც დაისვენებენ და ჩვენც დაგვასვენებენ.

იმისათვის, რომ ეს გამოცდა კარგად ჩავაბაროთ, აუცილებელია, ხელისუფლებამ მაქსიმალურად გაითვალისწინოს შესაძლო შენიშვნები როგორც კანონმდებლობასთან, ასევე საარჩევნო პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებით. გარდა იმისა, რომ ეს სახელმწიფოებრივად არის სწორი, დღევანდელი გადმოსახედიდან არც პოლიტიკურად
უნდა იყოს მისთვის შესაძლო დათმობები სახიფათო.

ამ მხრივ ნამდვილად მისასალმებელია გასულ კვირას პრემიერ-მინისტრის ინიციატივა 50%-იანი საარჩევნო ბარიერის შემოღების შესახებ, რითაც გადაიდგა ნამდვილად დიდი ნაბიჯი კლასიკური დემოკრატიული საარჩევნო სტანდარტის დამკვიდრების საქმეში. ბუნებრივად ჩნდება კითხვა - თუ ერთ დღეში შეიძლებოდა საკითხის გადაწყვეტა, რატომ ალაპარაკეს ამდენ ხანს პოლიტიკური ოპონენტები? თუმცა, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს.
ეს რაც შეეხება კარგ ამბავს.
ახლა ცუდი ამბავი.
საქმე ის არის, რომ ახალი კანონპროექტის მიხედვით გამგებლებისა და ქალაქის მერების წარდგენის უფლება ექსკლუზიურად მხოლოდ პარტიებს ეძლევათ.

როგორც ჩანს, ეს გახდა პარტიებს შორის შეთანხმების საგანი გასაგები მიზეზების გამო. ხელისუფლებისთვის, რომელსაც არსებულ პოლიტიკურ სპექტრში არ ჰყავს რეალური კონკურენტი, ბუნებრივია, პოლიტიკური სივრცის ამგვარი შეზღუდვა სასარგებლოა, რადგან კიდევ უფრო უადვილებს ამოცანას. ეს სასარგებლოა "ნაციონალური მოძრაობისთვისაც", რადგან ამ შემთხვევაში იზრდება იმის შანსი, რომ საბოლოოდ დაიმკვიდროს მთავარი ოპოზიციური ძალის სახელი, რადგან თვლის, რომ ოპოზიციურ ფლანგზე მისი კონკურენტები არიან არა პარტიები, არამედ მთლიანად არაპარტიული საზოგადოება. ადგილებზე ადამიანურ რესურსს მოკლებული დანარჩენი პარტიებისთვის ეს არის შანსი, შეავსონ თავიანთი რიგები იმ ადგილობრივი ავტორიტეტებით, რომლებიც უკმაყოფილონი არიან როგორც წინა, ასევე დღევანდელი ხელისუფლებით.

ეს არის კლასიკური შემთხვევა, როდესაც პარტიული პოლიტიკური ინტერესი ანაცვლებს გრძელვადიან სახელმწიფო ინტერესს. მგონი, ყველასთვის ცხადია, რომ არსებული პარტიული სპექტრი ვერ აკმაყოფილებს ევროპისთვის დამახასიათებელი მულტიპარტიული დემოკრატიის დამკვიდრების მოთხოვნებს და საჭიროა ახალი პოლიტიკური ჯგუფების თუ ლიდერების პოლიტიკურ არენაზე გამოჩენა. ამ ადამიანებს ეუბნებიან, თუ გინდა, გახდე გამგებელი ან ქალაქის მერი, ჯიბეში უნდა ჩაიდო პარტბილეთი, ან სხვა ფორმით მიეკედლო რომელიმე პარტიას.
მოკლედ რომ ვთქვათ, ეს ნორმა ეწინააღმდეგება მაჟორიტარული არჩევნების იდეას და პარტიების სასარგებლოდ ზღუდავს საქართველოს მოქალაქეების ძირითად უფლებებს, აირჩიონ და იყვნენ არჩეული.

ეს ნორმა ეწინააღმდეგება მაღალი დემოკრატიული სტანდარტის დამკვიდრებისთვის აღებულ ჩვენს საერთაშორისო ვალდებულებებს. როდესაც ბალტიისპირეთის ქვეყნებში მსგავსი შეზღუდვების დაკანონება სცადეს, საკონსტიტუციო სასამართლოებმა გააუქმეს შესაბამისი აქტები.
ეს ნორმა ეწინააღმდეგება ქვეყანაში პოლიტიკური სივრცის გახსნის ინტერესს.
ეს ნორმა ეწინააღმდეგება ადგილებზე საუკეთესო მენეჯერების მოზიდვის ინტერესს.
ეს ნორმა ეწინააღმდეგება პრემიერ-მინისტრის ცნობილ განცხადებას, რომ საქართველოში უნდა დამთავრდეს პოლიტიკოსი მერების ეპოქა.
ყველაფერ ზემოთქმულიდან გამომდინარე, ეს ნორმა, საზოგადოდ, ეწინააღმდეგება სახელმწიფო ინტერესს.
მაშინ ვსვამ კითხვას: რისთვის და ვისთვის კეთდება ეს ყველაფერი?
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით