გაღვიძებული დათვის ისტორია
03-03-2014
გაღვიძებული დათვის ისტორია
პოლიტიკური ელიტისთვის, ანალიტიკოსებისთვის საკმაოდ იოლად პროგნოზირებადი გახლდათ ყირიმში და მთლიანად უკრაინაში განვითარებული მოვლენები. თუმცა ამაზე საჯაროდ არ ლაპარაკობდნენ, რადგან თუ დაიწყებ, იმაზეც უნდა გქონდეს წარმოდგენა, რა მოხდება ხვალ, რით დასრულდება ეს გლობალური დრამა?!

ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია.
დაპირისპირება, სამოქალაქო ომი თბილისში. "მხედრიონისა" და გვარდიის ხელდასხმული ხელისუფლება და ამ ფონზე აფხაზეთში განვითარებული მოვლენები. სოციალური, ეკონომიკური და შიდაპოლიტიკური პრობლემებით განპირობებული ძალაუფლების დეფიციტი უბიძგებს ხელისუფლებას სწრაფი, გაუაზრებელი მოქმედებისკენ, რითაც კარგად სარგებლობს რუსეთი
და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ.

დღევანდელი უკრაინა იმით განსხვავდება მაშინდელი საქართველოსგან, რომ ჩვენ მარტო ვიყავით რუსეთთან პირისპირ, უკრაინა კი აღმოჩნდა გლობალური დაპირისპირების ეპიცენტრში უძლიერესი მხარდაჭერით. ეს, რა თქმა უნდა, რადიკალურად ცვლის სურათს და, შესაბამისად, მოვლენების შემდგომი განვითარება ქართული სცენარით ნაკლებად სავარაუდოა. თუმცა, არც გამორიცხვა შეიძლება,
რადგან ჯერ გაურკვეველია, რამდენად მზად არის დასავლეთი გაღვიძებულ, შეიძლება ითქვას, დაჭრილ დათვთან საომრად.

ცხადია, რომ პროცესის პრევენცია იმ მეთოდებით, რომლითაც ოპერირებდა დღემდე ე. წ. ცივილიზებული სამყარო, არ არის საკმარისი ამ ომში. ეს არ არის ბრძოლა მხოლოდ ტერიტორიებისთვის და თუნდაც გეოპოლიტიკური ინტერესებისთვის. ის მიმდინარეობს ფუნდამენტური, ფასეულობათა ჭიდილის ნიშნით და, შესაბამისად, იქნება განსაკუთრებით სასტიკი და დაუნდობელი. მის შედეგებზეა დამოკიდებული, გაგრძელდება საყოველთაო გლობალიზაცია თუ ვიხილავთ ახალ „რკინის ფარდას თუ ბერლინის კედელს? გავლენის სფეროების ახალ გლობალურ გადანაწილებაში ამ ორი სავარაუდო სცენარის ალტერნატივად მხოლოდ მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის, სხვაგვარად "ეშმაკთან ხელშეკრულების", XXI  საუკუნის ანალოგი შეიძლება იქცეს.

ამ აზრს აღარ გავყვები, რადგან მეც და თქვენც ცუდ ხასიათზე დავდგებით.
მიუხედავდ იმისა, რომ რუსეთს კარგად ესმის, თუ რა მცირე შანსი აქვს ამ ბრძოლაში გასამარჯვებლად, მაინც იძულებულია ბოლომდე იომოს, რადგან ყირიმის შემდეგ მოსკოვი იქნება და ამით დასრულდება „ველიკოდერჟავული“ პოლიტიკის მრავალსაუკუნოვანი ისტორია, რომელზეც დგას ამ უცნაური ქვეყნის უცნაური ერთიანობა. მოსკოვის პროპაგანდისტული მანქანა, სავარაუდოდ, მოახერხებს რუსული პოლიტიკური ელიტის და მთლიანად რუსი საზოგადოების სრულ კონსოლიდაციას. როგორც ისტორია ცხადყოფს, დიდი„მისიონისტური“ იდეის ირგვლივ გაერთიანების შემთხვევაში ამ ხალხს პრობლემების მიმართ გრძელვადიანი იმუნიტეტი აქვს გამომუშავებული.

სხვა საკითხია, რამდენად არის მზად თვითონ დასავლეთი მოვლენების შემდგომი ესკალაციისთვის. შეძლებს თუ არა ის კეთილდღეობას მიჩვეული, სიძნელეების მიმართ იმუნიტეტდაკარგული სამყაროს კონსოლიდაციას? შეძლებს თუ არა თავისი მოქალაქეებისთვის იმის ახსნას, რომ ღირს თუნდაც დროებითი ეკონომიკური და სოციალური პრობლემები იმად, რომ ვიბრძოლოთ უკრაინისთვის და ამ ქვეყნის სახელით თანამედროვე, ცივილიზებულ ფასეულობათა სისტემის დამკვიდრებისთვის?
მოკლედ, სამყარო დიდი არჩევანის, დიდი ცვლილებების წინაშე დგას.

ჩვენ, როგორც ამ მოვლენების ირიბ, მაგრამ მნიშვნელოვან მონაწილეს, დიდი სიბრძნე და სიფრთხილე გვმართებს. კარგად უნდა გავიაზროთ ჩვენი როლი და ადგილი ამ პროცესში, რომ შემთხვევით მოვლენების ეპიცენტრში არ აღმოვჩნდეთ. ეს შეიძლება ემოციურად ვიღაცისთვის სასიამოვნო იყოს, მაგრამ დამერწმუნეთ, ძალიან მტკივნეული იქნება.

ერთ რამეზე მწყდება გული.
როდესაც კორუმპირებული, თავის ხალხთან მებრძოლი იანუკოვიჩის წინააღმდეგ ჩვენმა ევროპელმა მეგობრებმა ასე ოპერატიულად დაიწყეს მოქმედება, არშემდგარი "იანუკოვიჩი" - სააკაშვილი მაიდანს მიეტმასნა და ჩვენ კი„დასავლეთი პოლიტიკურ დევნაზე მიგვითითებს. სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ 26 მაისს ხალხს რომ მიემართა იმავე მეთოდებისთვის, რასაც მიმართეს უკრაინელებმა მაიდანზე, ჩვენ გვეყოლებოდა საკუთარი იანუკოვიჩი და შესაძლოა მასზე უარესიც.
ავთანდილ ონიანი.
19 მარტი 2014 03:17
რატომ გიკვირთ სხვადასხვა რეაქცია, უკრაინისა და საქართველოს მოვლენებზე? ევროპა, მაშინ როცა აჯანყებული ხალხი იბრძვის ევროპის იდეების სასარგებლოდ, ბრძოლის მეთოდებს არ აქცევს ყურადღებას, ხოლო როცა ეს ევროპის იდეების საწინააღმდეგოდაა, მაშინ ყოველგვარ გადახვევას დემოკრატიული ბრძოლის მეთოდებიდან აკრიტიკებს და ხელისუფლების მიერ გამოყენებულ არაკანონიერ დამსჯელობით ღონისძიებებზე თვალს ხუჭავს (სააკაშვილის ხელისუფლებას ევროპა დარწმუნებული ჰავდა იმაში, რომ ოპოზიცია საქართველოს რუსეთთან, შიერთებისათვის თუ არა მინიმუმ, რუსეთთან დაახლოებისათვის იბრძოდა) ამიტომაც არ ხდებოდა არავითარი რეაქცია საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე ევროპის მხრიდან.
akaki
11 მარტი 2014 14:46
მიშამ კაგრად დაიწყო მართლაც ბევრი რამ გაკეთდა,მარტო ის რად ღირს თბილისი ნაგვისგან რომ გაათავისუფლა,ქურდობა მოსპო,მაგრამ ბოლოს ძალიან აურია.ახალ მთავრობას რომ ადანაშაულებენ ნათესავებს ნიშნავსო.აბა,გაიხსენეთ ყველა ნაციონალის ცოლ-შვილი ნათესავები მეგობრები ყველა მაღალხელფასიან ადგილებზე არ მუშაობდნენ? სააკაშვილის რეზიდენციის თანამშრომლები განა კონკურსებით შეივსო რამდენი ერთი ჩამოვთვალო.ნათესავები არ იყო ნადირაშვილის ყველა ახლობელი რომ დასაქმდა,ნუთუ ყველა ჭკვიანი ჰყავდა.რუსეთი ამ ომში დამარცხდება,რადგან პუტინს,როგორც ჩვენ,განაჩენს თვით მოაზროვნე რუსები გამოუტანს.ჩვენც ხომ არ ვაპატიეთ სააკაშვილს აღვირახსნილობა,ზედმეტი განცხრომა და ა.შ.
zaza
04 მარტი 2014 18:40
ტაქტიკაა ,,რუსეთუმეების,,-რუსეთი ცუდია(ძალიან ძნელია,,გააპრავო,,),მაგრამ აშშ უარესი!ამით უნდათ დააბოლონ უწიგნური ბრბო...

რედაქტორის რჩევით