სამყარო შეიცვლება - კვირის პალიტრა

სამყარო შეიცვლება

მთელი მსოფლიოს ყურადღება დღეს უკრაინაში მიმდინარე პროცესებისკენ არის მიმართული. როგორც უნდა განვითარდეს მოვლენები, როგორი რუკაც უნდა მივიღოთ ამ ბრძოლის შედეგად, ცხადია, რომ სამყარო შეიცვლება.

თუ რაღაც გაუთვალისწინებელი არ მოხდა, დღევანდელი ვითარება ცხადყოფს, რომ რუსეთმა სტრატეგიული მარცხი განიცადა. მარცხი არა მხოლოდ უკრაინაზე გავლენის დაკარგვით, არამედ ყველა იმ დაკონსერვებულ თუ შეფარულ, ტერიტორიულ თუ პოლიტიკურ პრობლემასთან დაკავშირებით, რომელთაც ქმნიდა მთელი თავისი ისტორიის მანძილზე.

ალბათობა იმისა, რომ სულ მალე ისტორიას ჩაბარდება საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მის ნანგრევებზე წარმოშობილი ხელოვნური წარმონაქმნები ჯერ დსთ-ის, შემდგომ კი საბაჟო კავშირის სახით, ახლა ისე მაღალია, როგორც არასდროს. აშკარაა, რომ გარდაუვალია ძირეული პოლიტიკური ცვლილებები რუსეთშიც. ისტორიას ჰბარდება ე.წ. ველიკოდერჟავული“ იდეა და წესით, ჩვენ იმის მოწმენი უნდა გავხდეთ, თუ როგორ შეუბრუნდება რუსეთს ის პრობლემები, რომელთაც პოსტსაბჭოთა სივრცეში საბჭოთა იმპერიის აღდგენის დაუოკებელი სურვილით შეპყრობილი წლების განმავლობაში აგროვებდა.

ეს ყველაფერი მომავალში მოხდება.

რაც შეეხება საქართველოს.

ვფიქრობ, ჩვენი ხელისუფლების განცხადებები და ქმედებები სავსებით საკმარისი და ვითარების ადეკვატურია. ახლა მთავარია, არ ავყვეთ ეიფორიას და დროზე ადრე არ დავიწყოთ ზეიმი. როდესაც თუნდაც „ქათმის ფეხებზე“ მდგარი კოლოსი ეცემა, საფრთხე, რომ მისმა ნანგრევებმა სხვაც დააზიანოს, რა თქმა უნდა, დიდია.

ახლა დავუბრუნდეთ უკრაინას და წარმოვიდგინოთ ყველაზე ნეგატიური სცენარი, რომლის განვითარების შემთხვევაში რუსეთი მოახერხებს მისთვის გამზადებული ისტორიული ყულფისგან თავის დახსნას და უარყოფითი შედეგების მინიმიზაციას.

ცხადია, რომ ამჯერად მას 2008 წელს განხორციელებული სქემა ჩაუვარდა. ჩაუვარდა იმ მიზეზით, რომ უკრაინაში არ აღმოჩნდა სააკაშვილის ტიპის, განუსაზღვრელი ძალაუფლების მქონე დაუძინებელი მტერი, რომელიც თავისი უგუნური ქმედებით აგრესიის საფუძველს შეუქმნიდა, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მას არ ჰყავს ისეთი მოკავშირეები, რომელთაც ჯერ კიდევ შეუძლიათ სიტუაციის მის სასიკეთოდ შემოტრიალება. შესაბამისად, რაც უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, უკრაინის დღევანდელი ხელისუფლებისთვის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა მემარჯვენე სექტორის, ე.წ. მუზიჩკოს დაჯგუფების და სხვა რადიკალური ძალების გაკონტროლება-ნეიტრალიზება, რადგან მხოლოდ მათ შეუძლიათ, რუსეთს საშუალება მისცენ, გამოავლინოს ჩვეული აგრესია რუსულენოვანი მოსახლეობის დაცვის საბაბით. წინასწარ ბოდიშს ვიხდი სხვის კომპეტენციაში შეჭრისთვის (არ ვარ სამხედრო ექსპერტი), მაგრამ რუსეთს ჯერ კიდევ შეუძლია ლუგანსკში ან ხარკოვში არეულობის ორგანიზება და გადამეტებული ძალის გამოყენების შემთხვევაში უკრაინის აღმოსავლეთით მეორე ფრონტის გახსნა.

წინასწარ ვგრძნობ "ნაციონალური მოძრაობის" აღშფოთებას, მაგრამ რა ვქნა, მაინც უნდა ვთქვა - უკრაინის ხელისუფლებას საფრთხეს უქმნიან მიხეილ სააკაშვილი და მისი მსგავსი სხვა მრჩევლები, რომლებიც შეეცდებიან, უბიძგონ მას რადიკალური ქმედებებისკენ.

ვეთანხმები პრემიერ-მინისტრის გზავნილს უკრაინის ხელისუფლების მისამართით მაიდანს მიტმასნილი სააკაშვილის და მისი გუნდისგან რჩევების მიღებასთან დაკავშირებით, თუმცა სჯობდა, ეს არა საჯაროდ, არამედ დიპლომატიური არხებით გაკეთებულიყო.

ვეთანხმები და აი, რატომ. 1. სააკაშვილს აქვს პირადი მოტივი, უბიძგოს უკრაინას მეტი რადიკალიზმისკენ, რადგან, თუ უკრაინამ დღევანდელი მეთოდებით გაიმარჯვა, ეს კიდევ უფრო გამოააშკარავებს მის შეცდომებს და შესაბამისად, პასუხისმგებლობას 2008 წელს საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე. 2. სააკაშვილი დღეს შეიძლება პირობითად ჩაითვალოს აშშ-ის გარკვეული პოლიტიკური ძალების„აგენტად. იმ ძალებისა, რომლებიც, რბილად რომ ვთქვათ, არ არიან დაინტერესებული ობამას ზომიერი და მეთოდური ტაქტიკის უპირობო წარმატებით, რადგან ამ შემთხვევაში გამოაშკარავდება მათი მმართველობისას დაშვებული სტრატეგიული შეცდომები. შესაბამისად, აშშ-ის შემდეგ არჩევნებზე უკრაინის საკითხი შეიძლება გადამწყვეტიც კი აღმოჩნდეს.