მესამე ზედმეტია - კვირის პალიტრა

მესამე ზედმეტია

პიროვნება, პოლიტიკოსი, ღირსეულად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის პრინციპებს არ იცვლის იმის მიხედვით, ხელისუფლებაშია თუ ოპოზიციაში.

რამდენიმე დღის წინ ჩვენ მოვისმინეთ აღშფოთებული ბატონი უგულავას  განცხადება მისი და მისი შვილის საუბრის ჩანაწერის სისხლის სამართლის საქმის მასალებში აღმოჩენის გამო. მოვისმინეთ პათეტიკური აპელირება მორალზე, ზნეობაზე და ა.შ.

2012 წლის 1-ლი ოქტომბრის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ხელისუფლების კონტროლირებადი ტელევიზიებით გავრცელდა და ორი დღის განმავლობაში ტრიალებდა ჩემს შვილთან ჩემი საუბრის ჩანაწერი. მისი შემთხვევისგან განსხვავებით ჩანაწერი იყო უკანონო. ალბათ, გახსოვთ, როგორ ჩამობურღეს ჩემი ბინის ჭერი და იქიდან ჩამოშვებული მიკროფონით როგორ ისმენდნენ ჩემს საუბრებს. ამასთან, თუ უგულავამ ჩანაწერი თვითონ გაასაჯაროვა, ჩემს შემთხვევაში ეს თავად ხელისუფლებამ გააკეთა აშკარად გამოხატული პოლიტიკური მოტივით. აქედან გამომდინარე, ძალიან ძნელია, მოისმინო მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლისგან კრიტიკა ამ თემაზე.

თუმცა, მგონი, საკმარისი დრო გავიდა იმისათვის, რომ ჩვენ ნაკლები ვიფიქროთ იმაზე, ვისგან მოდის ეს კრიტიკა და ჩავუღრმავდეთ კრიტიკის შინაარსს. უგულავას შემთხვევაში ცხადია, ჩანაწერი კანონიერად მოპოვებული იყო, მაგრამ იმ ინფორმაციის საფუძველზე, რაც გავრცელდა, ჩნდება კითხვები მისი სისხლის სამართლის საქმესთან დართვის აუცილებლობის თაობაზე. მით უმეტეს, თუ პროკურატურა არ აპირებდა ეჭვმიტანილისთვის პატიმრობის მოთხოვნას. ფაქტი ერთია, - უგულავამ ეს კარგად გამოიყენა და პროკურატურა თავდაცვის პოზიციაში ჩააყენა. ვფიქრობ, ხელისუფლებამ უნდა გაარკვიოს, რასთან გვაქვს ამ შემთხვევაში საქმე?!

მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელ ხელისუფლებას მეტ-ნაკლები წინსვლა აქვს ყველა მიმართულებით, კარგად გვესმის, რომ შედეგის სწრაფად მიღება შეუძლებელია. ერთადერთი და უმნიშვნელოვანესი გარღვევა, რასაც არჩევნებიდან პრაქტიკულად დაუყოვნებლივ მივაღწიეთ, იყო სასიამოვნო შეგრძნება იმისა, რომ აღარ გვისმენენ და გვითვალთვალებენ. დათრგუნვილმა და წელში გატეხილმა საზოგადოებამ ნელ-ნელა დაიწყო ჭრილობების მოშუშება და ფეხზე დადგომა. იმ პერიოდში მობილურმა ოპერატორებმა გააკეთეს სააკაშვილის რეჟიმის დროს წარმოუდგენელი განცხადება მოსმენების საკითხის დარეგულირების აუცილებლობის თაობაზე და თავიანთი წინადადებებიც წარმოადგინეს. არასამთავრობო სექტორის გარკვეულმა ჯგუფმა შეიმუშავა და პარლამენტს წარუდგინა კანონპროექტთა პაკეტი, რომელმაც ინსტიტუციურად უნდა მოაწესრიგოს მოსმენების საკითხი. ანუ დაიწყო პროცესი, რომელმაც უნდა გაამყაროს ამ მიმართულებით მიღწეული შედეგი და შესაბამისად შეუქცევადი გახადოს პირად ცხოვრებაში ჩაურევლობის ფუნდამენტური პრინციპის დამკვიდრება.

გასაგებია, რომ საზოგადოება ჩქარობს, რადგან ის ბუნებით მაქსიმალისტია. მეორე მხრივ, რატომ უნდა გადავდოთ ხვალისთვის ის, რისი გაკეთებაც შეგვიძლია დღეს?!

ცოტა არ იყოს, შემაშფოთა შსს-ს ერთ-ერთი მაღალჩინოსნის ინტერვიუმ, რომელიც მოსმენების საკითხზე საზოგადოების ერთი ნაწილის პროტესტს შეეხება. მისმა მინიშნებებმა წინასაარჩევნოდ საზოგადოების ამ ნაწილის პოლიტიკური ინტერესის თაობაზე უკვე კარგად ნაცნობი და მეგონა, წარსულს სამუდამოდ ჩაბარებული რამ გამახსენა. აღარაფერს ვიტყვი, მტკიცებულებების წარმოდგენის მოთხოვნასა და ცრუ დასმენისთვის პასუხისმგებლობის დაყენების შეუძლებლობის„ნოსტალგიურ განწყობაზე.

ყველასთვის ცნობილია, რომ მე საზოგადოების ამ ჯგუფის დიდ ნაწილთან, რბილად რომ ვთქვათ, არა მაქვს დიდად თბილი ურთიერთობა, მაგრამ ამ საკითხში მინდა სოლიდარობა გამოვხატო მათი პოზიციის მიმართ. დიალოგი, და არა ორი მონოლოგი, საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის არის ერთადერთი სახელმწიფოებრივად სწორი გზა ამ და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტის გზაზე. იმედია, ასეც იქნება.