სამი მთავარი მოვლენა
24-03-2014
სამი მთავარი მოვლენა
მოვლენებით საკმაოდ დატვირთული კვირა აღმოჩნდა და, შესაბამისად, გამიჭირდა ერთ რომელიმე თემაზე შეჩერება და სამ, ჩემი აზრით, ძირითად თემას შევეხები.

კვირის დასაწყისში მოვისმინეთ ივანიშვილის კრიტიკა პრეზიდენტის მისამართით, რასაც ვნებათაღელვა მოჰყვა. თავი რომ დავანებოთ ემოციებს და შეთქმულების თეორიას, მივხვდებით, რომ ეს იყო აბსოლუტურად ჯანსაღი მოვლენა. ივანიშვილმა მისთვის დამახასიათებელი ორიგინალობით დაამსხვრია სახელმწიფოს ცენტრიდან მართვის მითი და ამით ბიძგი მისცა ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგის საბოლოოდ ფორმირებას. წესრიგისა, რომელშიც ხელისუფლების სამი შტო თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს
გადაწყვეტილებებს და შესაბამისად, პასუხს აგებს მათ მართებულობაზე. თვითონ კი, დანარჩენ საზოგადოებასთან ერთად, იტოვებს უფლებას, საჯაროდ გამოთქვას თავისი დამოკიდებულება ამა თუ იმ საკითხის მიმართ. გასაგებია, რომ ხელისუფლების ვერც ერთი შტო, ვერც ერთი წარმომადგენელი ვერ უმკლავდება უზარმაზარ მორალურ ვალდებულებას ადამიანის წინაშე, რომელმაც ისინი ქვეყნის მართვის სადავეებთან მიიყვანა.

ერთგვარად შეეგუვნენ, კომფორტულადაც კი იგრძნეს თავი ვითარებაში, როდესაც იტოვებენ გადაწყვეტილების მიღებაში თანამონაწილეობის უფლებას და არ იღებენ მათზე პასუხისმგებლობას. სწორედ ამ არაეფექტური სისტემის მოწესრიგებას დაუდო სათავე ივანიშვილმა თავისი კრიტიკით, რაზეც კიდევ ერთხელ უნდა უთხრას მადლობა საზოგადოებამ.

რაც შეეხება ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიებას, ეს არ არის ტელევიქტორინებისა და სპექტაკლების, პოლიტიკური განცხადებებისა თუ სპეკულაციების საგანი. მე არასდროს მჯეროდა და არც ახლა მჯერა უბედური შემთხვევის ვერსიისა. ამიტომაც კმაყოფილი ვარ გამოძიების გააქტიურებით. ამასთან, მაქვს კითხვა პროკურატურის ხელმძღვანელობასთან და კარგი იქნებოდა, თუ მათგან განმარტებებს მოვისმენდი. ის გარემოებები, რის გამოც დღეს დაიწყო საქმის ფიგურანტების სამართლებრივი დევნა, არ წარმოადგენს ახალ გარემოებებს და უკვე წელიწად-ნახევარია, ცნობილია გამოძიებისთვის. გაუგებარია, რატომ დასჭირდა ამ უმარტივეს გადაწყვეტილებას ამდენი დრო და ჰაკიმ-ფაშა?!

რუსეთმა ყირიმის მიერთებით საბოლოოდ გადაკვეთა წითელი ხაზი და სამყარო მოსალოდნელი "ცივი ომის" გავლით სრულიად ახალი რეალობისკენ, ახალი წესრიგისკენ მიექანება. თუ აქამდე რუსული საგარეო პოლიტიკური სტრატეგია მიმართული იყო იქით, რომ ეთამაშა დასავლურ სამყაროში შიდა წინააღმდეგობებზე, აეწყო ურთიერთობები ე.წ. მესამე ქვეყნებთან და მუდმივად ესაუბრა მრავალპოლუსიან მსოფლიო წესრიგზე, მას შემდეგ, რაც ამ პოლიტიკამ სტრატეგიული მარცხი განიცადა უკრაინაში, პუტინის რიტორიკაში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პირველად გაკეთდა განაცხადი ბიპოლარულ სამყაროზე - ანუ რუსეთი ყველას წინააღმდეგ. ერთი შეხედვით სასაცილო გზავნილია, რადგან ამ ომში რუსეთს გამარჯვების შანსი არა აქვს.

ვფიქრობ, პუტინმა ეს კარგად იცის, თუმცა ის ამ შემთხვევაში წყვეტს კვანძის გახსნის გადავადების ტაქტიკურ ამოცანას, რათა მოახერხოს გადაჯგუფება და ახალი სტრატეგიის შემუშავება. მან მოახერხა რუსულ ეთნო-ფსიქოლოგიაზე გათვლილი შიდანაციონალური კონსოლიდაცია სწორი და მიზანმიმართული პროპაგანდით, რითაც დრო მოიგო მოქმედებისთვის. ახლა ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზე, რამდენად მზად აღმოჩნდება კეთილდღეობაზე აშენებული დასავლეთი იმ კონტრსვლებისთვის, რასაც მიმართავს რუსეთი სანქციებით ბრძოლაში. მოახერხებს უკრაინის ხელისუფლება შიდა პრობლემებთან გამკლავებას, პუტინის მთავარი მოკავშირის, უკრაინული ნაციონალური ექსტრემიზმის ალაგმვისა და მაღალი სოციალურ-ეკონომიკური რისკების გადალახვის მიმართულებით? ეს ბრძოლა არ იქნება მარტივი, მოსალოდნელი უარყოფითი გლობალური შედეგებით. ჩვენ უკვე ვიცით, რომ რუსულმა პოლიტიკამ სტრატეგიული მარცხი განიცადა. მაგრამ არ ვიცით, ვინ გაიმარჯვა და საერთოდ, ეყოლება თუ არა ამ ომს გამარჯვებული. 
lola
26 მარტი 2014 19:28
ეს კაცი არის მედროვე დემაგოგი და სირცხივილია რომ მას საერთოდ ტრიბუნა აქვს
yuriburi
24 მარტი 2014 17:24
ბ-ნო გია! ნუთუ ვერ ხვდებით რომ თქვენი კომენტარები ბლა-ბლას ემსახურება? ყველამ მკაფიოდ დაინახა რომ ბ. ივანიშვილი იმაზეც კი არის გაბუტული მარგველაშვილზე რომ ისედაც უუფლებო ე.წ. პრეზიდენტმა, წვრილმანი საკითხებიც კი მასთან უნდა შეათანხმოს!!!

რედაქტორის რჩევით