რეალურ პოლიტიკაში დაბრუნება - კვირის პალიტრა

რეალურ პოლიტიკაში დაბრუნება

ძალაუფლება - ყველაზე მძიმე გამოცდა, რომლის ჩაბარებამაც შეიძლება მოუწიოს პიროვნებას ან პიროვნებათა ჯგუფს...

დღეს უკვე ეჭვი აღარავის ეპარება, რომ სამყარო გლობალური დაპირისპირების ახალ ფაზაში შევიდა და ამ ომში ფრონტის ხაზი უკრაინაზე გადის. ამ ქვეყანაში მოვლენების განვითარებაზეა დამოკიდებული, როგორი იქნება ახალი მსოფლიო. ფაქტია, რომ ამ შემთხვევაში ვერ იმუშავა ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში კარგად აპრობირებულმა სქემამ, რომელიც ეფუძნებოდა ქვეყნების შიგნით დემოკრატიული ცვლილებების მოთხოვნილების სტიმულირებას და რომელიც, საერთაშორისო მხარდაჭერის შედეგად, რეჟიმების ცვლილებით მთავრდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ამ ტიპის არაერთი წარმატებული პროექტი ვიხილეთ, ცალკე ანალიზის თემაა, მოხერხდა თუ არა ამ ქვეყნებში სტაბილური, დემოკრატიულ ფასეულობებზე დამყარებული პოლიტიკური სისტემების ჩამოყალიბება და განმტკიცება. მოკლედ ვიტყვი, რომ დასავლურმა სამყარომ მოქმედებათა ტაქტიკა დახვეწა, მაგრამ ჯერ კიდევ არ იცის, როგორ გადაჭრას მისთვის დამახასიათებელ თამაშის წესებზე აგებული გლობალიზაციის ამოცანა.

დავუბრუნდეთ უკრაინას, რომლის მაგალითზე აშკარად გამოჩნდა ის სისტემური ხარვეზები, რაზეც ზემოთ მოგახსენეთ. თუ სხვა ქვეყნებში რუსეთი ფრთხილობს, თავს არიდებს ღია კონფრონტაციას და მხოლოდ ირიბი, არაპირდაპირი მეთოდებით მოქმედებს, ამჯერად მან თითქოს უკვე წარსულს ჩაბარებულ, ძალისმიერ პოლიტიკას მიმართა და ამით სრულიად ახალი (ძველი) რეალობის წინაშე დააყენა სამყარო. მან ჩათვალა, რომ უკან დახევა შეუძლებელია და მიუხედავად უდიდესი რისკისა, თავდაცვის ნაცვლად განახორციელა ოცდამეერთე საუკუნეში ერთი შეხედვით წარმოუდგენელი კონტრშეტევა. ამით მან სამყარო გასული საუკუნეების პოლიტიკურ რეალობას დაუბრუნა, როცა ომის შედეგებს განსაზღვრავდა არა თავისუფალი არჩევანი და საერთაშორისო სამართალი, არამედ ის, თუ რა რესურსების მობილიზებას შეძლებდნენ მხარეები და რამდენ ხანს გაუძლებდნენ  დაპირისპირებას.

უცნაურია, მაგრამ მეჩვენება, რომ დასავლეთისთვის რუსეთის მოქმედება მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან ბრძოლის მეორე ფაზაში მათი დაბნეულობა იგრძნობა. ამაზე მეტყველებს თუნდაც აშშ-ის პრეზიდენტის განცხადება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის თავშეკავებულ გეგმებთან დაკავშირებით, სადაც არა მხოლოდ უკრაინაზე, არამედ, სრულიად უადგილოდ, საქართველოზეც იყო საუბარი; ამაზე მეტყველებს ე.წ.„ვაიმარის სამკუთხედის“ ლიდერების ერთობლივი განცხადება პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან დაკავშირებით და ა.შ. ფაქტია, რომ დასავლეთის კატეგორიული, უმკაცრესი პოზიცია ნელ-ნელა შერბილებული ტონით იცვლება. ის ცდილობს, მიაძინოს ან დააწყნაროს მაინც გაღვიძებული დათვი. სხვა საკითხია, ის ამას დროის მოგების მიზნით აკეთებს თუ აღიარებს სტრატეგიულ შეცდომას და მზად არის, დააკმაყოფილოს რუსეთის მოთხოვნა ნატოსა და რუსეთს შორის ე.წ. ბუფერული ზონის“ შექმნის შესახებ. ეს გამოჩნდება სექტემბერში, როდესაც უნდა გაირკვეს საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შემდგომი ინტეგრაციის პერსპექტივაც.

დავუბრუნდეთ დღევანდელ პრობლემებს, რომლებიც შესაძლოა ნებისმიერ დროს გადავიდეს აქტიურ ფაზაში. სწორედ მათი გათვალისწინებით უნდა შეფასდეს ამ ომში მხარეთა რესურსები.

1. პოლიტიკური პრობლემები:

ვითარება სირიაში;

ვითარება ავღანეთში;

ვითარება ერაყში;

აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის არაღიარებული რესპუბლიკები და შესაბამისად, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი;

ყარაბაღის პრობლება;

დნესტრისპირეთის პრობლემა;

ნაწილობრივ არაღიარებული კოსოვოს პრობლემა, როგორც პრეცედენტი;

ჩრდილოეთ კავკასიაში არსებული ვითარება;

ყირიმელი თათრების პრობლემა;

ქურთების პრობლემა თურქეთსა და ერაყში;

ატომურ იარაღთან დაკავშირებული ირანის პრობლემა;

პალესტინის პრობლემა;

არაღიარებული ჩრდილოეთ კვიპროსი;

შავი ზღვის შელფის გაყოფის პრობლემები - საქართველო, რუსეთი, უკრაინა, რუმინეთი;

შავ ზღვაში ნავთობსადენებისა და გაზსადენების პრობლემები;

აშშ-ის მიერ რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განლაგება აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში და ამასთან დაკავშირებით რუსეთის შესაძლო კონტრმოქმედება.

ეს სია, შესაძლოა, გავზარდოთ, თუმცა იმის დემონსტრაციისთვის, თუ ვითარების დეტონაციის რა რესურსები გააჩნიათ მხარეებს და რა შეიძლება ამას მოჰყვეს, მგონი, ესეც საკმარისია.

2. სოციალურ-ეკონომიკური

პრობლემები:

რესურსების ომში ამ კუთხით გამარჯვებული არავინ იქნება. ორივე მხარე განიცდის დანაკარგებს და შესაბამისად, აქ მნიშვნელობა ენიჭება არა მხოლოდ იმას, ვის მეტი რეზერვი აქვს, არამედ იმას, როგორი იმუნიტეტი აღმოაჩნდებათ მხარეებს.

სამწუხაროდ, ფაქტია, რომ ამ მხრივ რუსეთს აშკარა უპირატესობა აქვს.

შორს რომ არ წავიდეთ, გავიხსენოთ უახლესი ფაქტები - რა ხდება დასავლეთში და რა ხდება რუსეთში.

სამი დღის წინ ბრიუსელში პროფკავშირების ინიციატივით გაიმართა უჩვეულოდ აქტიური, ხალხმრავალი აქცია ევროკავშირში მკაცრი ეკონომიის წინააღმდეგ. დაშავდა 27 ადამიანი. არ არის გამორიცხული, რომ ამ საქმეში რუსეთის ხელი ერიოს, რომელიც, რა თქმა უნდა, ეცდება, იმუნიტეტდაკარგულ ევროპაში ხელი შეუწყოს სოციალურ დაძაბულობას.

მეორე მხრივ, რუსეთის ხელისუფლებამ შეძლო საზოგადოების სრული კონსოლიდაცია „ველიკოდერჟავული“ იდეის გარშემო და კარგად მოამზადა ის მოსალოდნელ პრობლემებთან გასამკლავებლად.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს დასავლეთთან შედარებით ძალიან მცირე რესურსები აქვს, ჯერ კიდევ საკითხავია, ვინ დარჩება გამარჯვებული ამ ბრძოლაში.

3. ენერგეტიკული პრობლემები:

არასერიოზულად გამოიყურება დასავლეთის საუბარი ენერგეტიკული პრობლემების გადაწყვეტაზე მას შემდეგ, რაც ომი უკვე ცხელ ფაზაში გადავიდა. დღეს საუბარი ფიქალის გაზის აშშ-დან იმპორტის საკმაოდ გრძელვადიან პროექტზე, შიდა რესურსებით პრობლემის გადაჭრის შესაძლებლობებსა და უკრაინაში გაზის რევერსულად მიწოდებაზე ძალიან ჰგავს არასახარბიელო მდგომარეობაში მყოფი ადამიანის მხრიდან ბლეფის მიამიტ მცდელობას, რასაც ბუნებრივია, რუსეთი არ წამოეგება. რა-რა, მაგრამ ენერგეტიკული ომების წარმოება რუსებმა კარგად ისწავლეს.

არ ვიცი, გამომივიდა თუ არა, მაგრამ შევეცადე, მეჩვენებინა, რამდენად მრავალგანზომილებიანი და ფეთქებადსაშიშია დღევანდელი კონფლიქტი, რომლის ეპიცენტრად უკრაინა იქცა. ამასთან, საფრთხეს ზრდის ისიც, რომ მხარეებმა რუბიკონი გადალახეს და უკან დახევა თითქმის შეუძლებელია.

ჩვენ, ქართველი ე.წ.„ექსპერტები მიჩვეული ვართ ოპტიმისტური სცენარების შექმნას და სასურველის რეალურ პერსპექტივად წარმოჩენას. ეს ხშირად  პროპაგანდისტულ სქემებში მონაწილეობითაც გამოიხატება.

ამჯერად თავს უფლებას მივცემ, ვიყო სკეპტიკოსი და მოვლენების უარესი სცენარით განვითარების საფრთხეზე მოგახსენოთ. აქვე„ალქაჯებზე ხმალამოღებულ  მონადირეთ“ ვეტყვი - მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის ძალიან მძიმეა ამის აღიარება, სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ  და ვთქვათ, რომ ზემოთ აღწერილი რეალობის გათვალისწინებით სექტემბერში ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსთან ჩვენი კიდევ უფრო მიახლოება ერთობ საეჭვოა.