ვერაფრით გაგახარებთ
ვერაფრით გაგახარებთ
რუსეთის ფინანსთა მინისტრმა ანტონ სილუანოვმა ჯერ აშშ-ის ფინანსთა მინისტრ ჯეიკობ ლიუსსა და შემდგომ გერმანიის ფინანსთა მინისტრ ვოლფგანგ შოიბლესთან შეხვედრებზე ჩამოაყალიბა ის წინა პირობები, რომელთა შესრულების შემთხვევაშიც შეიძლება უკრაინაში ვითარების სტაბილიზაცია. ეს არის კონსტიტუციური რეფორმა (ფედერალიზაცია), ლეგიტიმური“საპრეზიდენტო არჩევნები და„ადეკვატური“ მთავრობის ფორმირება, ყირიმის დე ფაქტო სტატუსის აღიარება, სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში ვითარების დეესკალაცია რუსულენოვანი მოსახლეობის მოთხოვნების გათვალისწინებით.

როგორ შეიძლება შეფასდეს ეს პირობები?
აღმაშფოთებელი, უტიფარი, თავხედური.
ასე აფასებს რუსეთის ქმედებებს მთელი საერთაშორისო და დარწმუნებული ვარ,
მათთან ერთად ქართველი საზოგადოებაც.
ასეთია ემოციური ფონი.

პრობლემა ის არის, რომ მიუხედავად ამ ცალსახა შეფასებისა, როგორც ჩანს, რაციონალური პოლიტიკის გაგებით მხოლოდ რუსეთმა იცის, რა უნდა, აქვს შესაბამისი გეგმა, მარტივად და გასაგებად აყალიბებს თავის პოზიციას და, როგორც ჩანს, უკან დახევას არ აპირებს.
დასავლეთი ამ დროს, ძირითადად,
დაკავებულია ორთქლის გამოშვებით ევროპარლამენტში, ვითარების არაადეკვატური სანქციების შემოღებით და ბუნდოვანი ეკონომიკური ზომების მიღების მუქარით. რჩება შთაბეჭდილება, რომ მათ ჯერ არ ესმით ან არ უნდათ გაიგონ, რომ ევროპის ცენტრში აგიზგიზებული ცეცხლის ჩაქრობა ერთი პეშვი წყლით უკვე შეუძლებელია.

პუტინმა სამი დღის წინ დასავლეთს მორიგი ხელთათმანი გადაუგდო, ხაზი გაუსვა რა იმას, რომ მაიდანზე მიტანილი "პერაშკები"“ არ არის საკმარისი უკრაინის პრობლემის მოსაგვარებლად. ამასთან, ის, როგორც ჩანს, კარგად გრძნობს დასავლეთის განწყობას და ცდილობს მათზე ითამაშოს - უკმაყოფილოა იმით, რომ ევროპული ქვეყნების ნაცვლად აშშ ახდენს უკრაინისთვის გაზის მიწოდების თემის კომენტირებას. მიუხედავად ცივილიზებული სამყაროს სრული კონსოლიდაციისა ვითარების შეფასების კუთხით, რეალური პოლიტიკის გაგებით საქმე გვაქვს სამ სხვადასხვა მიდგომასთან, რომელიც პირობითად ასე შეიძლება დავყოთ: ამერიკული, გერმანული და პოლონური.
ამერიკული ეფუძნება აქტიური, აგრესიული პოლიტიკის გატარების აუცილებლობას რუსეთთან ურთიერთობაში, რომელსაც არ შეიძლება, არ დაეთანხმო, თუ გინდა, რეალური შედეგის მიღება; გერმანული, რომელსაც იზიარებს ე. წ. ძველი ევროპა, ორიენტირებულია პრევენციულ ღონისძიებებზე და არათუ არ არის მზად მოქმედებისთვის, არამედ გვარიანად დამფრთხალია შესაძლო ბუმერანგის ეფექტით საკუთარი ისედაც მყიფე კეთილდღეობის გამო; პოლონური, რომელსაც მიჰყვება აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ ევროპის ზოგიერთი ქვეყანა და რომელიც პოლიტიკურად ახლოს დგას ამერიკულ პოზიციასთან, მაგრამ ეკონომიკურად დამოკიდებულია ძველ ევროპაზე და ამიტომ უხდება ორივე პოზიციისთვის ანგარიშის გაწევა.

პუტინი ცდილობს, გააღრმაოს ეს წინააღმდეგობები, დაუმტკიცოს ძველ ევროპას, რომ აშშ-ის მიზანია კიდევ უფრო გაიმყაროს თავისი, როგორც მსოფლიო ლიდერის პოზიცია ევროპაში გარდაუვალი ეკონომიკური პრობლემების შექმნის ფონზე; დაუმტკიცოს, რომ დღევანდელ ვითარებაში მათ უნდა აირჩიონ ცუდსა და უარესს შორის და რომ თვითონ უარესი არ არის.

ამასობაში, უკრაინა დგას სავარაუდო ეკონომიკური კოლაფსის პირისპირ, გრივნა უფასურდება და შესაბამისად, იზრდება სოციალური რისკები. აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტული განწყობა არ ცხრება, ყირიმი საბოლოოდ წაგლეჯილია. ასეთ ვითარებაში გარდაუვალია ნაციონალისტური, აგრესიული განწყობის გაღრმავება შესაძლო სამოქალაქო ომის განვითარებით.

თუ ჩვენთვის, აშშ-Iისთვის, ევროპისთვის ეს გლობალური დრამაა, უკრაინისთვის ნაციონალური ტრაგედიაა.
მე შემიძლია მხოლოდ თანავუგრძნო და მშვიდობა ვუსურვო.
ასეც ვიქცევი.
პატრიოტი
17 აპრილი 2014 16:26
რა დაბალი განათლების დონის კომენტატორები ხართ ვინც რუსეთს დაბლა უხრის თავს, ბარებ ხელაწეული ადით ლარსში და დანებდით, გზის ფულს აუცილებლად აგინაზღაურებენ რუსები. ნატოზე რა იცით სახელის მეტი?
imerbesi
17 აპრილი 2014 01:45
რატომ,გვაბოლებს ყველა, პრესა, რადიო, ტელევიზია? რუსეთს ყავს მტრები და ისიც მტერს მტრულად ხვდება,(ხანდახან მოყვარესაც,თუ დაჭირდა)არ უნდა ეგ შენი ნატოს ბაზები თავის ჭიშკართან და ყველას კეტით ერეკება.გიკვირთ? მე,-არაა.
ანგელოს ნიკოდიმოს
16 აპრილი 2014 12:41
მე მგონი დროა სხვის შეცდომებზე ვისწავლოთ,თუ ტვინი გვიმუშავებს ამის მერე მაინც უნდა მივხვდეთ,რომ დასავლეთი არაფრის მაქნისი არაა,ეს უკრაინის მოვლენებმა აჩვენა,ასე რომ ვერავინ დაგვიცავს ვერც ნატო და ვერც კატო ეს გაიგეთ ხალხო
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
დღის კითხვადი სტატიები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები