ბუნებრივი გადარჩევა
21-04-2014
ბუნებრივი გადარჩევა
დასხდნენ, ჩაღუნეს თავები და გადაწყვიტეს - მარიტა - შეთეს.“
(თენგიზ აბულაძის ფილმიდან "ნატვრის ხე")


ძალიან მძიმე საყურებელია, თუ როგორ ელოდება შენი წარმომადგენელი მისაღებში, თუ რას გადაუწყვეტენ შენი ქვეყნის მომავალს სხვები დახურულ კარს მიღმა. გადაწყვეტენ, დაგიძახებენ და ხელს მოგაწერინებენ. შენც მოაწერ, რადგან სხვა გზა არ გაქვს.

ასე მოიქცა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დეშიცა და ხელი მოაწერა „ჟენევის დეკლარაციას. ასე მოიქცა თავის დროზე მ. სააკაშვილი, რომელიც მისაღებშიც კი არ დასვეს, ჩამოუტანეს და
ხელი მოაწერინეს ე.წ. "ექვსპუნქტიან შეთანხმებაზე".

სარკოზისა და ქერის ბიოგრაფიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება, თუ როგორ გადაარჩინეს საქართველო, უკრაინა და მთელი სამყარო რუსეთის ინტერვენციის და შესაბამისად, გლობალური კატასტროფისგან. ასე დაიწერება ისტორია, რადგან ამ ადამიანების ბიოგრაფიაში მოკლე ჩანაწერი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ორი ქვეყნის ბედი.
არავის ემახსოვრება, რომ ამ
ყველაფერს წინ უძღოდა ერთი მხრიდან დაგებული ხაფანგი, მეორე მხრიდან პატარა ბიძგი და თავი გაქვს გაყოფილი ყულფში. შემდეგ საკუთარი დანაშაულის შიშით შეპყრობილი ამტკიცებ, რომ სხვა გზა არ გქონდა; რომ სხვა შემთხვევაში მგელი შეგვჭამდა; რომ შენ ყველს დახარბებული თაგუნა კი არა, ნაგაზი ხარ, რომელმაც გმირული ყეფით მეცხვარე იხმო და ფარა გადაარჩინა, მთლიანად ვერა, მაგრამ დიდი ნაწილი. ახლა ყველა ბედნიერია - მგელი მაძღარია, მეცხვარე კი ცხვარს გაპარსავს და სააღდგომოდ ჩაქაფულში ჩაახრამუნებს. ყველაფერი ისეა, როგორც რუსულ ანდაზაშია - «И овцы целы, и волки сыты». შენ კი ისღა დაგრჩენია, მეცხვარეს ხელები აულოკო, მისი ნასუფრალიდან ძვალი მიირთვა და ლეკვებს ძილის წინ სისხლისმსმელ მგელზე უამბო.
ეს რაც შეეხება დღევანდელი მსოფლიო წესრიგის ემოციურ აღქმას. ახლა მიმდინარე მოვლენებზეც ვთქვათ.
პრაქტიკული გაგებით, „ჟენევის დეკლარაცია“ იმდენად ბუნდოვანი დოკუმენტია და იმდენნაირი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა, რომ მისი მიღება არ ქმნის რეალურ გარანტიებს ვითარების დეესკალაციისთვის. ამ თვალსაზრისით, თავის დროზე, ე.წ. "სარკოზი-მედვედევის „ექვსპუნქტიანი შეთანხმება"“ ბევრად სრულყოფილი დოკუმენტი იყო, თუმცა, მისი ფორმულირებებიც კი დღემდე კამათის საგანია.
მთავარი კითხვა - ვინ მოიგო ოთხმხრივი შეხვედრით?
ვფიქრობ, რუსეთმა და აი, რატომ:

1. შეხვედრის დღის წესრიგიდან საერთოდ მოიხსნა ყირიმის საკითხი, რითაც გადაიდგა პირველი ნაბიჯი ამ ტერიტორიის ანექსიასთან სამყაროს შეგუების გზაზე. თუ გავიხსენებთ, რომ "ექვსპუნქტიან შეთანხმებას"“ წინ უძღოდა საქართველოს ტერიტორიაზე სრულმასშტაბიანი ინტერვენციის იმიტაცია, გასაგები გახდება გამოყენებული ტექნოლოგიის არსი - "მოითხოვე მაქსიმუმი და მიიღებ იმას, რაც გინდა".
2. რუსეთმა მოახერხა დისტანცირება უკრაინაში მიმდინარე პროცესებისგან. ის მოგვევლინა არა როგორც მონაწილე, არამედ ერთი მხარის სპონსორი, რომელიც ელაპარაკება მეორე მხარის სპონსორს, ანუ აშშ-ს.
3. დეკლარაციაში შეიტანა ყველა ის პირობა, რომელსაც აყენებდა ამ ხნის განმავლობაში, თან ისეთი სახით, რომლის სრულფასოვნად შესრულებაც უკრაინის დღევანდელ ხელისუფლებას არ შეუძლია და ეს ნებისმიერ დროს აძლევს რუსეთს მოქმედების საშუალებას.
4. გადაავადა დასავლეთისგან სანქციების გამოყენების საფრთხე.
5. გააჩინა უკრაინელ საზოგადოებაში და პოლიტიკურ ელიტაში დღევანდელი ხელისუფლების უსუსურობის შეგრძნება, რითაც გაზარდა შიდა განხეთქილების რისკი.
6. გააჩინა ეჭვები დასავლეთის უპირობო მხარდაჭერაზე.
7. ის წარმოგვიდგა როგორც აშშ-ის ალტერნატიული პოლუსი გლობალურ პოლიტიკაში, როცა დახურულ კარს მიღმა მოლაპარაკებები დაიწყო. შეხვედრას კი ერქვა ოთხმხრივი, მაგრამ ყველამ დაინახა, რომ იქ მხოლოდ ორი მხარე იღებდა გადაწყვეტილებას.
რა მიიღო დასავლეთმა?
ნაწილობრივ შეინარჩუნა სახე და კარგ შემთხვევაში რუსეთისგან ესტაფეტით მიიღებს პოლიტიკური და ეკონომიკური კატასტროფის პირას მდგომ ქვეყანას.
რა მიიღო უკრაინამ? მგონი, ეს რიტორიკული კითხვაა. ყველაფერი უსიტყვოდაც ნათელია.
თუმცა, ეს კიდევ არ არის ფინალი. ჯერ კიდევ ძნელია ამ ყველაფრის მოკლევადიანი და გრძელვადიანი შედეგების პროგნოზირება. დრამა ჯერ კიდევ ვითარდება და არ გამოსულა აქტიური ფაზიდან.
ერთი, რაც შეიძლება უკვე ითქვას - სამყარო იცვლება და ის ვეღარასოდეს იქნება ისეთი, რომელსაც თვალი მივაჩვიეთ.
ჩვენც მოგვიწევს ამის გააზრება და შესაბამისად გადაჯგუფება.

P. S. შეიძლება ვიღაცამ იკითხოს: როგორ უნდა მოქცეულიყო უკრაინა? არ უნდა დახარბებოდა ძალაუფლებას და შეესრულებინა 21 თებერვლის შეთანხმება. ეს აძლევდა შანსს, დეკემბერში ხელისუფლებაც მიეღო და ქვეყანაც შეენარჩუნებინა. თუმცა, ეს მხოლოდ თეორიული სცენარია, რადგან პოლიტიკოსები, როგორც წესი, ვერ აბარებენ ძალაუფლებით გამოცდას.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით