არჩევნების შესახებ - კვირის პალიტრა

არჩევნების შესახებ

მოახლოვდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. შესაბამისად, მოგახსენებთ რამდენიმე მოსაზრებას, როგორც წინასაარჩევნო პროცესის მიმდინარეობის თაობაზე, ასევე იმაზე, თუ რა შედეგებს უნდა ველოდოთ 2014 წლის 15 ივნისს 20.00 საათზე.

პირველ რიგში, პროგნოზი.

ვფიქრობ, დიდი ანალიზი არ სჭირდება იმის წინასწარმეტყველებას, რომ ხელისუფლება ფაქტობრივად "განწირულია" უპირობო და დამაჯერებელი გამარჯვებისთვის და ამას აქვს ობიექტური და სუბიექტური მიზეზები:

1. ადგილობრივი არჩევნების სპეციფიკიდან გამომდინარე, განსაკუთრებით რაიონებში, სადაც ეკონომიკური და სოციალური პრობლემატიკაა წამყვანი ფაქტორი, უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება ე.წ. "ბუნებრივ ადმინისტრაციულ რესურსს" (კანონდარღვევას არ ვგულისხმობ), რომელსაც განუყოფლად ფლობს ხელისუფლება და ეს მას აძლევს დიდ უპირატესობას.

2. ადგილობრივი საარჩევნო ადამიანური რესურსის უდიდესი ნაწილი, რომელიც, ძირითადად, ახდენს ელექტორატის მობილიზებას საარჩევნოდ, მოკლებულია იდეოლოგიურ, პოლიტიკურ კუთვნილებას და ყოველთვის თავს იყრის ნებისმიერი ხელისუფლების ირგვლივ.

3. ერთადერთ ალტერნატიულ ოპოზიციურ ძალას, "ნაციონალურ მოძრაობას", რომელსაც აქვს სრულფასოვანი ნაციონალური პარტიული საარჩევნო ინფრასტრუქტურა, წარსულის ცოდვებმა დაუწესა თამასა, რომლის გადალახვაც მისთვის ობიექტურად შეუძლებელია.

4. ე.წ. "არასაპარლამენტო ოპოზიციას" არ გააჩნია არც რესურსი და არც პარტიული ინფრასტრუქტურა იმისათვის, რომ სრულფასოვანი ოპონირება გაუწიოს ხელისუფლებას და თუნდაც "ნაციონალურ მოძრაობას".

5. განსხვავებული ვითარება შეიძლებოდა მიგვეღო თვითმმართველი ქალაქების მერებისა და გამგებლების არჩევნებში, განსაკუთრებით თბილისში, იმ შემთხვევაში, თუ კანონი დაუშვებდა არაპარტიული კანდიდატების მონაწილეობას ამ პროცესში. სავსებით ცხადია, რომ დღევანდელი პარტიული სპექტრი ვერ აკმაყოფილებს ქვეყანაში ევროპისთვის დამახასიათებელი, მულტიპარტიული დემოკრატიის დამკვიდრების მოთხოვნებს. შესაბამისად, ეს გზას გაუხსნიდა სრულიად ახალი პოლიტიკური ელიტის ფორმირებას, რაც თავის მხრივ შექმნიდა ახალი პოლიტიკური ძალების ფორმირების შესაძლებლობას. თუმცა, როგორც ყოველთვის, აქაც "ვიწროპარტიულმა ეგოიზმმა" გადაწონა სახელმწიფო ინტერესი და საერთო-პარტიული შეთანხმებით იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც, ჩემი აზრით, არა მხოლოდ პოლიტიკურად არის ქვეყნისთვის საზიანო, არამედ არღვევს მოქალაქის კონსტიტუციურ უფლებას, აირჩიოს და იყოს არჩეული.

6. ზემოხსენებული მიზეზიდან გამომდინარე, თვითმმართველ ქალაქებში აქტივობა იქნება უპრეცედენტოდ დაბალი, რაც ასევე აძლევს დიდ უპირატესობას ხელისუფლებას.

7. ჯერ კიდევ ძალაში რჩება ე.წ. "ანტიმიშას" ფაქტორი. აქტიური ამომრჩეველი, რომელიც ყველა შემთხვევაში აკეთებს არჩევანს, უკმაყოფილოა დღევანდელი ხელისუფლებით, მაგრამ უფრო მეტად არ უნდა "ნაციონალური მოძრაობის" კაცთმოძულე სისტემაში დაბრუნება, ბუნებრივად იხრება "ქართული ოცნებისკენ".

შესაბამისად, ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზებიდან გამომდინარე, ხელისუფლება უპირობოდ, დამაჯერებლად იმარჯვებს არჩევნებში. "ნაციონალური მოძრაობა" საგრძნობლად შესუსტებულია, მაგრამ მაინც შეინარჩუნებს მეორე პოზიციას და აი, რატომ:

რამდენად პარადოქსულადაც უნდა მოგეჩვენოთ, საზოგადოებრივი განწყობის აღქმის უნარდაკარგული "ნაციონალური მოძრაობა" თავისი, ერთი შეხედვით სწორი, აგრესიული პოლიტტექნოლოგიური მოქმედებებით, არათუ ვერ აფართოებს თავის ჯერ კიდევ შემორჩენილ ელექტორალურ ბაზას, არამედ კარგავს მის იმ ნაწილს, რომელიც შეიძლება დაფრთხეს საზოგადოების კონტრაგრესიის ფონზე და პასიურ მდგომარეობაში გადავიდეს. მეორე მხრივ, ხელისუფლება, მუდმივი აპელირებით "ნაციონალური მოძრაობის" ამა თუ იმ ტიპის დესტაბილიზაციის ინიცირების მითურ შესაძლებლობებზე, ამ ადამიანებს უმტკიცებს, რომ "მიშა ისევ მაგარია" და ამით უკან ერეკება პოლიტიკური მოწინააღმდეგის ბანაკში.

ამ მხრივ უდავოდ შეცდომა იყო შს მინისტრის ე.წ. "პრევენციული განცხადება" თბილისური მაიდნის თაობაზე, რასაც მეორე დღეს გარემოს დაცვის სამინისტროს ღიმილის მომგვრელი ინიციატივა მოჰყვა საბურავების დაწვაზე ადმინისტრაციული სასჯელის შემოღების სახით.

ამასთან, ჩემი აზრით, მეტისმეტი ყურადღება ექცევა, მათ შორის მთავრობის სხდომებზეც, მედიაში გამოქვეყნებულ სხვადასხვა "შეთქმულების თეორიას". ავიღოთ თუნდაც ბოლო შემთხვევა, დაკავშირებული მინისტრების შესაძლო გადადგომასა და სამთავრობო კრიზისთან. ვინც ოდნავ მაინც ჩახედულია ქართულ პოლიტიკურ სამზარეულოში, ყველას ესმის, რომ ეს აბსოლუტურად შეუძლებელი სცენარია ძალთა რეალური გადანაწილებიდან გამომდინარე. ასე რომ, ვიღაც სრული იდიოტი უნდა იყოს, რომ ასეთი რამ ჩაიფიქროს, იდიოტებზე კი მთავრობის სხდომის სიმაღლიდან ლაპარაკი, ჩემი აზრით, მხოლოდ პოლიტიკური ოპონენტების წისქვილზე ასხამს წყალს, ქმნის იმის ილუზიას, რომ მათ კიდევ შეუძლიათ რაღაც და მათ მხარდამჭერებს ამხნევებს.

პოლიტიკურ პროცესში "გადამეტებული ძალის" გამოყენების დროს არის ზღვარი, რომლის იქითაც სასურველის საწინააღმდეგო შედეგს იღებ. ეს შეცდომა დაუშვა თავის დროზე "ნაციონალურმა მოძრაობამ". არ მინდა, რომ იგივე გაიმეოროს დღევანდელმა ხელისუფლებამაც.