ფეხბურთი წესების გარეშე
ფეხბურთი წესების გარეშე
2 მაისს ოდესაში დატრიალებულმა ტრაგედიამ, შესაძლოა, შეუქცევადი გახადოს უკრაინის, როგორც ერთიანი სახელმწიფოს დეზინტეგრაციის პროცესი. მოხდა ის, რასაც ასე მოუთმენლად ელოდა რუსეთი და რაც მას აგრესიის გაგრძელების საბაბს მისცემდა. ნებისმიერ სამოქალაქო ომში მთავარი ბრძოლა ყოველთვის საკუთარ თავთან გიწევს. უკრაინამ ეს ბრძოლა წააგო მაშინ, როდესაც არათუ ვერ მოახერხა ე.წ.„მემარჯვენე სექტორის“ნეიტრალიზება-გაკონტროლება, არამედ, როგორც ბოლოდროინდელი მოვლენებით ჩანს, მას თავისუფალი მოქმედების საშუალებაც კი მისცა. აგრესიული ფსევდოპატრიოტიზმით მოწამლული ჯგუფები, რომლებმაც ჩაიდინეს ეს საზარელი დანაშაული, ისევე, როგორც
2008 წელს სააკაშვილი, პუტინის მთავარ მოკავშირეებად იქცნენ. ახლა იმის თქმა, რომ ეს მოვლენები ეფ-ეს-ბეს პროვოცირებული იყო, ვეღარ ცვლის სურათს.  ვითარებას დრამატიზმს მატებს ისიც, რომ ეს ხდება არა ლუგანსკში ან დონეცკში, ანუ დაპირისპირების ეპიცენტრში, არამედ შედარებით მშვიდ ოდესაში.
რა შეიძლება მოჰყვეს ოდესის ტრაგედიას და როგორ შეიძლება
განვითარდეს მოვლენები?

უკრაინის რუსულენოვანი მოსახლეობა დარწმუნდა კრემლის პროპაგანდის სიმართლეში უკრაინული აგრესიული ნაციონალიზმის შესახებ და გაუჩნდა ფიზიკური განადგურების შიში, ამიტომ მავანის უგუნურმა ქმედებებმა ამ ხალხის ლოიალურად განწყობილ ნაწილსაც კი აქტიური თავდაცვისაკენ უბიძგა. ამ ვითარებაში რუსეთი თავს ისე გრძნობს, როგორც თევზი წყალში. უნდა ვივარაუდოთ, რომ უახლოეს პერიოდში დაიწყება აღმოსავლეთ უკრაინის მასობრივი შეიარაღება, გამოჩნდებიან არა მხოლოდ რუსი ინსტრუქტორები, არამედ, მიუხედავად ჩაკეტილი საზღვრებისა, საიდანღაც აღმოცენდებიან ჩეჩენი, კაზაკი, რუსი მოხალისეები, რომელთაც სამოქალაქო ომის დიდი გამოცდილება შეიძინეს ჩრდილოეთ კავკასიასა და სხვა ცხელ წერტილებში.

ამასთან, მეთოდურად მზადდება პლაცდარმი დონეცკში იანუკოვიჩის გადასასროლად. ადგილობრივმა ხელისუფლებამ თავისი გადაწყვეტილებით დაიქვემდებარა ძალოვანი სტრუქტურები და ფაქტობრივად, აღარ ემორჩილება კიევს. იანუკოვიჩის დონეცკში ჩასვლა ნიშნავს, რომ ის, ადრე თუ გვიან, რუსეთს აქტიურ დახმარებას სთხოვს.

ასე რომ, უკრაინის დღევანდელმა ხელისუფლებამ თავისი უგუნური ქმედებებით აღმოსავლეთ უკრაინაში მეორე შანსი მისცა თითქოს სრულიად დისკრედიტირებულ ლიდერს.

თუ ადრე ანალიტიკოსები საუბრობდნენ მხოლოდ აღმოსავლეთ უკრაინის შესაძლო გამოყოფაზე, იანუკოვიჩის პოლიტიკურ ასპარეზზე დაბრუნებით ჩნდება რუსული ჯარების კიევამდე მისვლის შესაძლებლობა.
უდავოა, რომ მსოფლიოს დიდი საშიშროება ელის და უნდა ვაღიაროთ, რომ ამაში მხოლოდ რუსეთი არ არის დამნაშავე. მისი ველიკოდერჟავული ბუნება არახალია. ის აკეთებს იმას, რასაც აკეთებდა საუკუნეების მანძილზე.
პასუხისმგებლობა ეკისრება ყველას, ვინც ირწმუნა თავისი უძლეველობის და შეუმცდარობის, ვინც ჩათვალა, რომ კარგად აპრობირებული„რბილი პოლიტიკა უკრაინაშიც გაამართლებდა და ყველაფერი უმნიშვნელო დაპირისპირებით დამთავრდებოდა, ყველას, ვინც დღესაც თვალს არიდებს რეალობას და ჯიუტად ცდილობს, თავისი გაიტანოს.
თბილისელი
05 მაისი 2014 13:26
რა იყო, ბატონო გია, ინტერნეტში მაინც შეგეხედათ, რა მოხდა და როგორ ოდესაში. ყველაფერი გადაღებულია და გამოკიდებულია ქსელში.
რასაც და როგორც თქვენ ამბობთ, იმას რუსეთში იტყვიან და გასაკვირიც არ იქნება, მაგრამ თქვენ როგორ მოგიტრიალდათ კალამი, რომ უცებ კისელიოვის ენით დაიწყეთ მსჯელობა.
მემარჯვენე სექტორის წევრები იყვნენ ისინი, ვინც მაიდანზე ტყვიებზე წავიდნენ, აბა ტურჩინოვისა და ტიმოშენკოს ხალხს კი არ გაუწირავს თავი. და მაგ დამპალი ოლიგარქების მთავრობა ნაკლებ შეცდომას დაუშვებდა, პრავი სექტორი რომ არ გადაეგდოთ მას შემდეგ, რაც მაიდანზე მათი ხელებით მიაღწიეს გამარჯვებას.
ხოლო ის, რომ თურმე აწი გამოჩნდებიან რუსი ინსტრუქტორები და ”შავი კაცები” აღმოსავლეთ უკრაინაში, არის რუსეთის გამართლების უსუსური მცდელობა. ისინი დიდი ხანია გამოჩნდნენ და დიდ როლსაც თამაშობენ.

აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!..
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
თვის კითხვადი სტატიები