მშვიდად ვუსმენთ ერთმანეთს
მშვიდად ვუსმენთ ერთმანეთს
ბოლო დღეებში "რუსთავი 2"-ის ირგვლივ ატეხილი სკანდალი თავისი შინაარსით და მოსალოდნელი შედეგებით ბევრად ღრმა და მძიმეა, ვიდრე ეს შეიძლება ვიღაცას მოეჩვენოს. საქმე გვაქვს არა მხოლოდ ერთჯერად დანაშაულთან, არამედ სისტემურ პრობლემასთან, იმის მიუხედავად, ეს ყველაფერი რეალობაა თუ სპექტაკლი.

ჩემთვის მძიმე მოსასმენია, როდესაც ბატონი გვარამია ბოდიშთან ერთად აცხადებს, რომ წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში ფარული მიყურადების დისტრიბუციაში მონაწილეობის დროს ყოველთვის ამოწმებდა ჩანაწერის მოპოვების კანონიერებას. მაინტერესებს, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, როდესაც ეს ტელევიზია
ორი დღის განმავლობაში ინტენსიურად უშვებდა ჩემი და ჩემი შვილის კერძო საუბარს, როგორ დარწმუნდა მისი მოპოვების კანონიერებაში? თუმცა, ეს ყველაფერი წარსულს ჩაჰბარდა და არ მსურს ამ საკითხზე ბევრი ვისაუბრო. უფრო მეტიც, ვიღებ მის თუნდაც ასეთ "კოჭლ" ბოდიშს.

ბევრად მნიშვნელოვანია, რასთან გვაქვს საქმე დღეს. თუ ხელისუფლებას აქვს
დადასტურებული ინფორმაცია, რომ "ნაციონალური მოძრაობა", რომლის ლიდერების ერთი ნაწილი გასამართლებულია, მეორე ნაწილს კი იგივე ელოდება, ფლობს ფარული მიყურადების საშუალებებს და ამას იყენებს, როგორ უყურებს ამას "მშვიდად და ღიმილით"? ან რას ნიშნავს, როდესაც შსს-ს მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ გვარამია წააგებს? ეს არ არის არც კინო და არც ფეხბურთი, რომ ასეთ რეაქციას დავჯერდეთ, რადგან საქმე გვაქვს სახელმწიფო უსაფრთხოების საფუძვლების შერყევასთან.

თუ გავყვებით ამ ლოგიკას და ვაღიარებთ, რომ  ერთი წლის განმავლობაში ვერ მოხერხდა კერძო მიყურადების სისტემის მუშაობის გამოვლენა, მაშინ ჩნდება კითხვები სპეცსამსახურების კომპეტენციისა და პროფესიონალიზმის მიმართ. წარმოუდგენელია, სახელმწიფომ  ვერ მოახერხოს ასეთი მობილური სისტემის გამოვლენა და თუ ეს მაინც ასეა, ჩათვალეთ, რომ გვისმენს არა მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობა", არამედ უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებიც და შესაძლოა, კორპორაციებიც.

კიდევ უფრო ცუდად გვაქვს საქმე, თუ სიმართლეს შეესაბამება გვარამიას ინფორმაცია ამ მასალების სპეცსამსახურებიდან "გამოჟონვის" შესახებ.
მოკლედ, რაღაც დიდ შარში ვართ გახვეული. ამიტომაც უკვე არაადეკვატურად ჩანს პარლამენტში ინიცირებული "მოსმენების შესახებ" კანონპროექტთა პაკეტის მიმართ მთავრობის კრიტიკული დამოკიდებულება "სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინტერესების“ მოტივით". გაუგებარია, როდესაც სამოქალაქო სექტორის ამ ინიციატივას "ძირგამომთხრელი" ერქმევა და "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ფარულ მოსმენებს "მშვიდად და ღიმილით" უყურებ. ანუ, ნაცვლად იმისა, ქვეყანამ იაროს ცივილიზებული სამყაროსკენ, სადაც ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობაა მთავარი, ის დაადგა საპირისპირო გზას პრინციპით "ვუსმინოთ ერთმანეთს!"  იმედი მაქვს, რომ ასე არ არის.

ამიტომ პირველი რიგის ოპერატიული ამოცანაა, ხელისუფლებამ სასწრაფოდ გამოავლინოს ეს კონკრეტული დანაშაული.

რაც შეეხება სახელმწიფოს გრძელვადიან ინტერესებს ცივილიზებულ სამყაროსთან ჩვენი დაახლოების კონტექსტში, ვფიქრობ, მთავრობამ და პარლამენტმა სამოქალაქო სექტორთან ერთად უმოკლეს ვადაში უნდა მოახერხონ კანონპროექტების ზემოაღნიშნულ პაკეტზე შეთანხმება და ამით არა რიტორიკულად, არამედ ინსტიტუციურად დაიხუროს ეს თემა. ეს იქნება ასიმეტრიული, მაგრამ ერთადერთი სწორი პასუხი "ნაციონალური მოძრაობის" მოსალოდნელ პროვოკაციულ ქმედებებზე. ეს, გარდა იმისა, რომ სახელმწიფოსა და მისი მოქალაქეებისთვის იქნება უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, გაუადვილებს ხელისუფლებას სავარაუდო ახსნა-განმარტებების მიცემას ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან, დადასტურდება რა მისი ურყევი ნება ამ მავნე პრაქტიკის შეწყვეტისა.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა  ხელისუფლებაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა ხელისუფლებაში?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები