ცუგცვანგი - კვირის პალიტრა

ცუგცვანგი

საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად უკრაინული დრამა გადამწყვეტ ფაზაში შედის. თუ ადრე კიდევ იყო ილუზია, რომ უკრაინაში დაპირისპირებული ძალები რაღაც ფორმით მაინც მონაწილეობდნენ გადაწყვეტილებების მიღებაში, ახლა პროცესს მთლიანად წარმართავენ "დიდი ბიჭები", რომელთაც აქვთ სავსებით კონკრეტული გეგმები და ინტერესები. ამ ინტერესებმა უკვე გლობალური გეოპოლიტიკური თამაშის სახე მიიღო. ომი შევიდა იმ ფაზაში, როდესაც უკვე არავის აინტერესებს ობიექტური რეალობა და ყველა მხარე ცდილობს, შექმნას ვირტუალური რეალობა, რომელშიც ადგილი აღარ რჩება უკრაინელი ხალხის რეალური ინტერესებისთვის.

აშშ ამ ბრძოლის წაგების შემთხვევაში კარგავს მთელ სამყაროს, რადგან იმსხვრევა მისი უძლეველობის მითი. რუსეთი კარგავს ბუფერულ სარტყელს და კარგად ესმის, რომ შემდეგი გაჩერება  მოსკოვში იქნება, რადგან იმსხვრევა ველიკოდერჟავული იდეის განხორციელების ილუზია. ევროპა კარგავს კეთილდღეობას; ანუ კონფლიქტში მონაწილე ყველა მხარე კარგავს იმას, რაზეც დგას მათი არსებობა და,  რასაც ყველაზე მეტად უფრთხილდება.

მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთი, ერთი შეხედვით, კონსოლიდირებული პოზიციით გამოდის, ამერიკულ და ევროპულ მიდგომებს შორის განსხვავება  დღითი დღე იზრდება. აშშ მზად არის გამოიყენოს ყველა არასამხედრო რესურსი, რათა უარი ათქმევინოს რუსეთს უკრაინაზე, ან როგორც ამბობენ, მაღალი ფასი“ გადაახდევინოს შესაძლო ექსპანსიის შემთხვევაში. უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს მიდგომა ნამდვილად იქნებოდა ეფექტური, რადგან ისედაც მყიფე რუსული ეკონომიკისთვის მას შეეძლო გამოუსწორებელი დარტყმის მიყენება.

ამ შემთხვევაში, საშუალოვადიან პერსპექტივაში ის იძულებული გახდებოდა, დასჯერებოდა ყირიმის მიერთებას და რაღაც ფორმით დასთანხმებოდა დანარჩენი უკრაინის უნიტარულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას. მაგრამ რუსეთს კარგად ესმის ევროპული სახელმწიფოების რეალური არსი. ხვდება, რომ კეთილდღეობის დაკარგვის მიმართ მას ევროპაზე მეტი იმუნიტეტი აქვს. ვგულისხმობ იმას, რომ ეკონომიკური სანქციების ომის გაჩაღებას რაღაც ეტაპზე როგორც რუსეთში, ასევე ევროპაში მოჰყვება სოციალური დაძაბულობის კერების გაჩენა. თუ რუსეთს შეუძლია თავისი საზოგადოების იდეოლოგიურად დამუხტვა იმდენად, რომ გარკვეული პერიოდით უარი ათქმევინოს კეთილდღეობაზე, ევროპა მოკლებულია ამ ფუფუნებას. კეთილდღეობა, იდეოლოგიის არარსებობა, თავისუფლება, ყველაფერი, რაც განაპირობებს ევროპის მომხიბვლელობას და თუნდაც ჩვენს არჩევანს, ამავე დროს არის მისი აქილევსის ქუსლი,  რასაც რუსეთი ოსტატურად იყენებს.

ყველაფერ ზემოთქმულიდან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ ევროპა ამ ომში განიხილება როგორც მხარე, რეალურად ის უკვე გამოეთიშა (თუ არ ჩავთვლით აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთ ქვეყანას) ბრძოლის ველს და იმოქმედებს მოვლენების განვითარების შესაბამისად.

ომი მიმდინარეობს აშშ-სა და რუსეთს შორის და უკვე არა უკრაინისთვის, არამედ მთელი ევროპისთვის. რაც ყველაზე სახიფათოა, ვითარების ესკალაცია ხელს აძლევს როგორც ერთს, ისე მეორეს. პარადოქსია, მაგრამ უარესი სცენარის შემთხვევაშიც კი აშშ-ის სტრატეგიულ ინტერესებში შედის რუსეთის არმიის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში, რადგან ამ საფრთხის წინაშე ის, როგორც ერთადერთი დამცველი, შემოიმტკიცებს დანარჩენ ევროპას. რუსეთი კი ეცდება იმოქმედოს უკვე კარგად აპრობირებული ტაქტიკით და შემოიფარგლოს ე. წ. "მწვანე კაცუნებით". სიტუაცია რომ არ გადაიყვანოს რუსულ-უკრაინული "ცხელი ომის" ფაზაში, ამისათვის მას კიდევ აქვს სვლები, თუნდაც დონეცკში იანუკოვიჩის გადასროლის სახით, რომელიც არალეგიტიმურად გამოაცხადებს 25 მაისის არჩევნებს და დანიშნავს არჩევნებს დეკემბერში, როგორც ეს იყო განსაზღვრული თებერვლის შეთანხმებით.

სამწუხაროდ, შესაძლოა, უკრაინა იქცეს ორი სახელმწიფოს დაპირისპირების გრძელვადიან პოლიგონად, აქედან გამომდინარე ყველა ტრაგიკული შედეგით უკრაინელი ხალხისთვის.