მოვიქცეთ ისე, როგორც ევროპელს ეკადრება
მოვიქცეთ ისე, როგორც ევროპელს ეკადრება
27 ივნისს საქართველო ხელს მოაწერს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, რაც უდავოდ არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. თუ აქამდე ქვეყნის არჩევანი პოლიტიკური ნებით შემოიფარგლებოდა, ახლა ეს თემა იძენს კონკრეტულ შინაარსს, კონკრეტული ვალდებულებებითა და შესაძლებლობებით, თუ გნებავთ - კონკრეტული საფრთხეებითა და ახალი გამოწვევებით. არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ ხელშეკრულება თავისთავად ქმნის კეთილი მომავლის გარანტიას და ხელმოწერის შემდეგ ცუდი აღარაფერი გვემუქრება. ეს განსაკუთრებით კარგად გამოჩნდა უკრაინული დრამის მაგალითზე. ვფიქრობ, ხელისუფლებას ეს
კარგად ესმის და შესაბამისადაც იმოქმედებს, ყველა ობიექტური და სუბიექტური ფაქტორის გათვალისწინებით.

ბევრჯერ თქმულა და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს არის საქართველოს არა გეოგრაფიული, არამედ ფასეულობითი არჩევანი. ჩვენთვის, უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია ევროპისთვის დამახასიათებელი ცხოვრების წესის დამკვიდრება და მხოლოდ ამის საფუძველზე იქნება შესაძლებელი პოლიტიკური და ეკონომიკური წინსვლა.

ევროპული დემოკრატიის ერთ-ერთი უმთავრესი მონაპოვარი გახლავთ ის, რომ ქვეყნებს მართავენ სახელმწიფო ინსტიტუტები და შემცირებულია პიროვნების სუბიექტური როლი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ამის საფუძველი კი არის მკაცრი კანონმდებლობა, რომელიც ცალსახად განსაზღვრავს ხელისუფლების წარმომადგენლების კომპეტენციას და ურთიერთქმედების წესებს. მაშინაც კი, როდესაც სხვადასხვა შტოს მართავენ მკვეთრად დაპირისპირებული პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები, პრაქტიკულად გამორიცხულია რაიმე ტიპის გაუგებრობა სახელმწიფოს მართვის პროცესში.

ეს არის ის ელემენტარული, საბაზისო მოთხოვნა, რაც უნდა დავამკვიდროთ, თან - ახლავე, რადგან ამ საკითხის მოუგვარებლობამ უკვე წამოყო თავი (ვგულისხმობ კამათს ხელშეკრულებაზე ხელმოწერის თაობაზე). სამწუხაროდ, ბევრი არასერიოზული არგუმენტი მოვისმინეთ ამ საკითხთან დაკავშირებით. მათ შორის იმ ადამიანების მხრიდანაც, რომელთაც თანამდებობრივად ევალებათ ამ ელემენტარული წესების დამკვიდრება. ხშირად საუბარი იყო არა კანონით განსაზღვრულ პროცედურაზე, არამედ პიროვნების როლსა და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე.
არა მგონია, რომ ან პრეზიდენტი, ან პრემიერ-მინისტრი ასე მძაAფრად აღიქვამდნენ ამ საკითხს. ამ დისკუსიას ამძაფრებს საზოგადოება და მედია, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია არა თემის ობიექტური ანალიზი, არამედ ინტრიგა, რომელიც შეეხება ხელისუფლების შტოებს შორის სავარაუდო დაპირისპირებას და შეძლებისდაგვარად მის გაღვივებას.

როგორ უნდა მოიქცნენ ამ შემთხვევაში სახელმწიფო მოხელეები, რომელთაც ბუნებრივია, ხელს არ უნდა აძლევდეთ ამ პოლემიკის გაღრმავება?

ბუნებრივია, ვითარების თავის სასარგებლოდ შემობრუნების“მცდელობა, ძალის დემონსტრირება მხოლოდ ზიანს მოუტანს უპირველეს ყოვლისა იმას, ვინც ერთპიროვნულად ეცდება გადაწყვეტილების მიღებას, რადგან მიუხედავად შესაძლო მოკლევადიანი„წარმატებისა, გრძელვადიან პერსპექტივაში ეს მისი პოლიტიკური ბიოგრაფიის ხარვეზად იქცევა. ამის არაპირდაპირ მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ ქ-ნი მანანა არჩვაძის ხელმოწერა დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე, რაც გარკვეულ წრეებში დღემდე სალაპარაკო თემაა.

ამიტომ თავიდან რომ ავიცილოთ არაკეთილმოსურნეთა მხრიდან დაპირისპირების გაღვივება და მუდმივი ქილიკი, უნდა შევწყვიტოთ კონსტიტუციის და კანონების ინტერპრეტირების მცდელობა იმის მიხედვით, ვისკენ იხრება ჩვენი სიმპათიები.

ამის შემდეგ, ჩემი აზრით, პრეზიდენტს შეუძლია მოახდინოს თავისი კომპეტენციის დელეგირება პრემიერ-მინისტრზე, რომელიც ხელს მოაწერს ხელშეკრულებას და შეუდგება მის აღსრულებას საქართველოს საკეთილდღეოდ.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თვის კითხვადი სტატიები