სამართლის ჩაქუჩიდან სამართლიანობის მუშტამდე - კვირის პალიტრა

სამართლის ჩაქუჩიდან სამართლიანობის მუშტამდე

ძალაუფლება - ყველაზე მძიმე გამოცდა, რომლის ჩაბარებამაც შეიძლება მოუწიოს პიროვნებას ან პიროვნებათა ჯგუფს

როგორ უნდა იმოქმედოს ხელისუფლებამ, როდესაც საქმე გვაქვს სისტემურ დანაშაულთან, რომელსაც ერთი მხრივ ჰყავს ასეულათასობით მსხვერპლი და ამასთანავე - ათეულათასობით შემსრულებელი?

ეს კითხვა ისმოდა "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან. მასზე პასუხი დღემდე არ არსებობს და შედეგიც ბუნებრივია - საზოგადოების მხრიდან „მსჯავრდადებული მთავარი ფიგურანტების ერთი ნაწილი პოლიტიკურ თავშესაფარს იღებს, მეორე ნაწილი და მათ შორის - მთავარი დამნაშავე ახლა უკვე სხვებს ასწავლის ჭკუას. კეზერაშვილისთვის - საფრანგეთში, ახალაიასთვის კი - საბერძნეთში პროკურატურის მხრიდან უხეიროდ მოქნეული ხელი თბილისის ქუჩებში წიკლაურს და ჭიაბერაშვილს ხვდებათ, რადგან როდესაც სამართლის ჩაქუჩი არ მუშაობს, სამართლიანობის მუშტი იწყებს მოქმედებას. ეს ძალიან ცუდია, მეტიც - სახიფათოა და მავანს პოლიტიკურ დევნაზე საუბრის საბაბს აძლევს. მაგალითად ზურაბ ჭიაბერაშვილის ცემაზე ამერიკის საელჩოს რეაქციაც გამოდგება.

თუ ეს პროცესი ახლავე არ შეჩერდება, შესაძლოა, მივიღოთ მძიმე სურათი, რაც ძვირად დაუჯდება ხელისუფლებას, რადგან მოვლენების ასე განვითარებას სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტება მოჰყვება.

მაინც როგორ უნდა მოქცეულიყო ხელისუფლება, რომ რაც მოხდა, თავიდან აეცილებინა?

ჩემი აზრით, ეს პროცესი უნდა წარმართულიყო რამდენიმე ეტაპად.

პირველი ეტაპი:

- რეჟიმის დანაშაულებრივი ქმედებების ძირითადი სისტემური მახასიათებლების გამოვლენა.

-    პოლიტიკური დევნა.

-    საზოგადოების კონტროლი მასობრივი მოსმენების, თვალთვალის, ეკონომიკური ინსტრუმენტების გამოყენებით.

-    მედიის კონტროლი.

-    მსხვილი ეკონომიკური სისტემების კონტროლი. მათი პარტიულ სალაროზე მიბმა.

მეორე ეტაპი:

- ამ სისტემური დანაშაულისთვის  საზოგადოებრივი დროებითი კომისიის მიერ პოლიტიკური ვერდიქტის გამოტანა.

მესამე ეტაპი:

- ფართო ამნისტია პოლიტიკურ დანაშაულში ჩართული შემსრულებელი რგოლისთვის, აღიარების სანაცვლოდ.

მეოთხე ეტაპი:

- ხელისუფლების მხრიდან ზემოთ ჩამოთვლილი სისტემური დანაშაულის აღსრულების ინსტრუმენტებზე უარის თქმა არა დეკლარირებულად, არამედ მათი ინსტიტუციური მოწესრიგების გზით.

სისტემის დამარცხება უფრო რთული ამოცანაა, ვიდრე რეჟიმის გასტუმრება. მას აქვს ადაპტაციის, ახალ პირობებთან შეგუების უნივერსალური უნარი, ამიტომ  ყოველთვის არსებობს საფრთხე, რომ ხელისუფლება მისი მძევალი აღმოჩნდეს. მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი ხელისუფლება უფრო ჰუმანურია და აქვს პოლიტიკური ნება, არ გამოიყენოს რეჟიმისთვის დამახასიათებელი მეთოდები, მას სამწუხაროდ, უჭირს შესაბამის ინსტრუმენტებზე უარის თქმა. მანკიერი სისტემა ხელისუფლებაში ჩარჩენილი დამნაშავეების მეშვეობით პოულობს ათასგვარ არგუმენტს  თვითგადარჩენისთვის.

ასე რომ, ბრძოლა გრძელდება - ახლა უკვე სისტემის წინააღმდეგ და ამ ბრძოლაში გადამწყვეტი სიტყვა უნდა თქვას საზოგადოებამ, რომელიც უნდა დაეხმაროს ხელისუფლებას სისტემისთვის მტკივნეული, მაგრამ ქართული სახელმწიფოსთვის აუცილებელი გადაწყვეტილებების მიღებაში.