”მოჩქარეს მოუგვიანდეს” - კვირის პალიტრა

”მოჩქარეს მოუგვიანდეს”

რუსეთის პრეზიდენტმა თავის ბოლო ინტერვიუში საჯაროდ დაასახელა ყირიმის ანექსიის მთავარი მიზეზი - მომავალში უკრაინის ნატოში სავარაუდო გაწევრება. ყირიმის მიერთების მექანიზმად კი, თავის მხრივ, იქცა ე. წ. ”ხალხების თვითგამორკვევის უფლების” რეალიზაცია რეფერენდუმის გზით.

ეს მოხდა იმ ფონზე, როდესაც უკრაინის ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის საკითხი არც კი დგას დღის წესრიგში. იმავე მიზეზით არის ცეცხლში გახვეული სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინის ერთი ნაწილი და საფრთხე იმისა, რომ სამოქალაქო ომის არეალი კიდევ უფრო გაფართოვდება, ჯერ კიდევ მაღალია.

ენერგოტევადი და რუსულ ბაზარზე ორიენტირებული უკრაინული ეკონომიკა კომატოზურ მდგომარეობაშია და დასავლური დახმარების ”ხელოვნურ სუნთქვაზეა” გადაყვანილი. რუსეთი ამ მიმართულებითაც აძლიერებს ზეწოლას - ზრდის ფასებს ენერგომატარებლებზე და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის დღიდან ჩვეულებრივ საბაჟო რეჟიმში გადაჰყავს უკრაინული პროდუქციის იმპორტი. ამის შედეგი იქნება კონკურენტუნარიანობის დაკარგვა და, ფაქტობრივად, რუსული, დღეის მდგომარეობით უალტერნატივო, ბაზარი ჩაიკეტება.

მაიდნის ეიფორია გადაივლის და ქვეყანა, გარდა სამოქალაქო ომისა, უმწვავესი ეკონომიკური და შესაბამისად, სოციალური რისკების წინაშე აღმოჩნდება, რასაც შესაძლოა, მოჰყვეს ტიმოშჩენკოს დაპირებული მესამე, ახლა უკვე ”სოციალური მაიდანი”.

ჩემი აზრით, მოვლენების განვითარების სწორედ ეს სავარაუდო სცენარი მუშავდება კრემლში და ამიტომაც არ ჩქარობენ ლუგანსკსა და დონეცკში ვითარების ფორსირებულად გადატეხას. რაც უფრო დიდხანს გასტანს ეს დაპირისპირება, მით უფრო ადვილი იქნება მოსკოვისთვის სასარგებლო შედეგის მიღება.

ჯერ გაუგებარია, რით უპასუხებს დასავლეთი რუსულ პოლიტიკას, გარდა სანქციებისა, რომელსაც ვერ გამოიყენებს ვერც გაზის ფასის ზრდასა და ვერც ბაზრის არაპირდაპირ ჩაკეტვასთან დაკავშირებით. მით უმეტეს, როდესაც ერთადერთ აქტიურ მოთამაშედ ამ კუთხით მხოლოდ აშშ გვევლინება, რომელსაც სულ უფრო და უფრო უჭირს ევროპის დათანხმება რუსეთთან პრინციპულ კონფრონტაციაზე. ამას, თავის მხრივ, ორი მთავარი მიზეზი აქვს: პირველი - კეთილდღეობაზე დაფუძნებულ ევროპას ეშინია სანქციების სარკისებური შედეგების. მეორე მიზეზი კი მდგომარეობს იმაში, რომ მოსალოდნელი პოლიტიკური და ეკონ¬ომიკური პრობლემების ფონზე კიდევ უფრო გაძლიერდება მათი აშშ-ზე დამოკიდებულება, რაც აგრეთვე არ სურთ.

ახლა შევეცადოთ ყველაფერ ამას შევხედოთ საქართველოს პრიზმაში და მივხვდებით, რომ რისკები იმდენად აშკარაა, მათი არ დანახვა, უბრალოდ, შეუძლებელია.

ჩვენი სტრატეგიული არჩევანიდან გამომდინარე, წინ გვაქვს ორი უმნიშვნელოვანესი მოვლენა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერისა და ევროატლანტიკურ სივრცესთან კიდევ უფრო მიახლოების სახით. პირველი, ჩემი აზრით, არცთუ ისე მაღალი რისკების შემცველია, რადგან რუსეთს, უკრაინისგან განსხვავებით, არ გააჩნია საქართველოზე ზეწოლის ეკონომიკური და, კერძოდ, ენერგეტიკული მექანიზმები, გამომდინარე იქიდან, რომ ბუნებრივ აირს აზერბაიჯანი გვაწვდის, ხოლო ქართული პროდუქცია უკვე ადაპტირებულია საერთო საბაჟო რეჟიმთან და არც ისე დიდად არის დამოკიდებული რუსულ ბაზარზე. უფრო მეტიც, სწორი პოლიტიკის გატარების შემთხვევაში, რუსული ბიზნესისთვის საქართველო შეიძლება ევროპულ ბაზარზე გასასვლელი მოსახერხებელი ფანჯარა გახდეს.

სულ სხვაგვარია საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრების პერსპექტივა. აქ ფსონები და, შესაბამისად, რისკები ძალიან მაღალია. ამას ადასტურებს აფხაზეთსა და ე. წ. სამხრეთ ოსეთში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, სადაც, ფაქტობრივად, მომზადდა მოვლენების ყირიმის სცენარით განვითარების საფუძველი და მოლოდინის რეჟიმში გადავიდა. სრულიად აშკარაა, თუ რას მოიმოქმედებს რუსეთი, ჩვენი მხრიდან ნატოსკენ შემდეგი ნაბიჯის გადადგმის შემთხვევაში.

ამას ადასტურებს გერმანიის კანცლერის განცხადებაც საქართველოსთვის მაპის მინიჭების თაობაზე. ზოგჯერ მეჩვენება, რომ ჩვენი პარტნიორები უფრო მეტს ფიქრობენ საქართველოს სახელმწიფო ინტერესებზე, ვიდრე ჩვენი პოლიტიკოსები. ხაზს ვუსვამ - მეტს ფიქრობენ და არა მეტად შესტკივათ გული. გაუაზრებელი ქმედებებით, კეთილი სურვილებით ემოციებს აყოლილ ქართველ პატრიოტებს, არაერთხელ დაუყენებიათ ქვეყანა განსაცდელის წინაშე, რასაც მხოლოდ ტერიტორიების დაკარგვა და უაზრო სამოქალაქო დაპირისპირება მოჰყოლია.

ეს აღარ უნდა განმეორდეს.

პოლიტიკა არ შეიძლება ემყარებოდეს შიშველ" რწმენას. ის შესაძლებლის ხელოვნებაა სახელმწიფო ინტერესების დაცვის საქმეში; ეფუძნება საღ აზრს, საკუთარი და მოწინააღმდეგის რესურსების სწორ, პრაგმატულ შეფასებას. არანაკლებ მნიშვნელოვანია დროის სწორად შერჩევა საკუთარი ინტერესების წინ წასაწევად. არც ვინმეს უნდა ვენდოთ უპირობოდ, რადგან პოლიტიკაში არ არსებობენ მეგობრები, ყველას თავისი ინტერესი აქვს.

ეჭვი არ მეპარება, რომ ხელისუფლების მთავარი ორიენტირი საქართველოს სახელმწიფო ინტერესებია.

შესაბამისად, ჩემი მოკრძალებული რჩევა იქნებოდა ჩემი მეგობრებისთვის, რომ სანამ რაღაც გადაწყვეტილებას მიიღებენ, ან რამეს იტყვიან, კარგად გააანალიზონ და შეაფასონ შექმნილი ვითარება. მით უმეტეს, რომ უკრაინის მოვლენებმა ყველაფერი კარგად აჩვენა.

კარგად უნდა გვახსოვდეს ყველას, რომ მხოლოდ კეთილი სურვილებით ჯოჯოხეთისკენ მიმავალი გზაა მოკირწყლული.