2018 - მსოფლიო გლობალური ომის აქტიურ ფაზაში - კვირის პალიტრა

2018 - მსოფლიო გლობალური ომის აქტიურ ფაზაში

დადგა ახალი იმედებით, ოცნებებით და პერსპექტივებით, ასევე ახალი საფრთხეებითა და გამოწვევებით აღსავსე 2018 წელი. სამყარო იცვლება თავბრუდამხვევი სისწრაფით, დინამიურად, დრამატულად.

მიუხედავად იმისა, რომ ამ პროცესში ობიექტურს უამრავი სუბიექტური მოვლენა და ფაქტორიც დაემატა, ისტორიისთვის მაინც დამახასიათებელია გარკვეული კანონზომიერება, რომელიც, საკმაოდ მაღალი ალბათობით, დათვლადია. მეც შევეცდები აღვწერო დღეს არსებული რისკები, საფრთხეები, გამოწვევები და შესაბამისი პერსპექტივები და შანსები, რასაც გვიქადის და გვთავაზობს 2018.

მთავარი და ყველა სხვა გლობალური თუ ლოკალური პროცესისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის კითხვაა - მოხერხდება თუ არა არსებული მსოფლიო წესრიგის შენარჩუნება? დღევანდელი სამყარო არ არის იდეალური, მაგრამ წინააღმდეგობებით აღსავსე ტრანსფორმაციის პროცესი თავისთავად უაღრესად სახიფათოა, რადგან თუ კოლოსი ეცემა, გლობალიზებულ მსოფლიოში მის ნანგრევებში მოყოლისგან დაცული არავინაა.

ასეა თუ ისე, პროცესი უკვე დაწყებულია და დღეისათვის ძირითადად სამ "ცხელ წერტილს" მოიცავს - ახლო აღმოსავლეთს, ჩრდილოეთ კორეასა და უკრაინას.

უკრაინაში რუსეთმა იმოქმედა ტრადიციული, პოსტსაბჭოთა სივრცეში კარგად აპრობირებული სქემით - ქვეყანაზე გავლენის დაკარგვის შემდეგ, შეიჭრა დონბასში და მოახერხა რუხი, კონტროლირებადი ზონის ფორმირება. ახლა მისი მეშვეობით ცდილობს აღადგინოს გავლენა ან შემდგომი გართულების შემთხვევაში შეინარჩუნოს არსებული სტატუს-კვო.

დასავლეთი, ყველა წინა შემთხვევისგან განსხვავებით, ცდილობს უფრო აქტიური წინააღმდეგობა გაუწიოს რუსულ გეგმას და სხვადასხვა მექანიზმებით, მათ შორის ეკონომიკური სანქციებით, შეაკავოს მოსკოვის მზარდი ამბიციები. ვითარებას ისიც ართულებს, რომ უკრაინის უკიდურესად არასტაბილური, ღრმად კორუმპირებული ხელისუფლება ვერ სთავაზობს დონბასს უკეთეს ალტერნატივას და მხოლოდ შიშველ ანტირუსულ, ხშირ შემთხვევაში ულტრანაციონალისტურ პროპაგანდაზე აგებს საკუთარ პოლიტიკას.

ბუნებრივია, ამგვარი მზარდი ესკალაციის პირობებში ვითარების შემდგომი კონსერვაცია შეუძლებელია. შესაბამისად, 2018 წელი იქნება გადამწყვეტი ამ კონფლიქტის განვითარებისთვის. თუ წლის პირველ ნახევარში რუსეთი ყველაფერს გააკეთებს "მშვიდობისთვის", რადგან გაზაფხულზე საპრეზიდენტო არჩევნები და ზაფხულში ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი აქვს ჩასატარებელი, უკვე აგვისტოდან უნდა ველოდოთ ვითარების სერიოზულ ესკალაციას.

შენიშვნა: ყირიმის თემა სრულიად განსაკუთრებული, რუსეთისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მატარებელია და შესაბამისად, მისი აქტივიზაცია 2018 წელს ნაკლებად სავარაუდოა.

ჩრდილოეთ კორეის დახურული და შესაბამისად, არაპროგნოზირებადი რეჟიმის ხელში ატომური იარაღის გაჩენამ სრულიად შეცვალა ამ ტიპის შეიარაღების, როგორც "შემაკავებელი" ფაქტორის კონცეფცია და სამყარო ახალი რეალობის წინაშე აღმოჩნდა. გარდა პირდაპირი საფრთხეებისა, ამან სერიოზული პრობლემები შეუქმნა აშშ-ის გეოპოლიტიკურ ინტერესებს აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, რის გამოც ისედაც "გადახურებული" ვითარება პირდაპირი კონფლიქტის ზღვარზე დააყენა. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი და რუსეთი ღია პოლიტიკის ფარგლებში მთლიანად იზიარებენ აშშ-ს მიერ შემოთავაზებულ სასანქციო პოლიტიკას კიმ ჩენ ინის რეჟიმის მიმართ, სინამდვილეში "ჩუმი საბოტაჟით" ეჭვქვეშ აყენებენ და ნელ-ნელა ანგრევენ აშშ-ის ძლევამოსილების მითს რეგიონის და მთლიანად მსოფლიოს თვალში.

ფაქტია, რომ მიუხედავად სერიოზული შეტევისა, ჯერჯერობით ვერ ხერხდება ამ პრობლემის მოგვარება და დრო აქ არ მუშაობს ამერიკის სასარგებლოდ, ხოლო კორეული რეჟიმი შანტაჟის ენაზე აგრძელებს საუბარს, იცის რა, რომ სამხრეთ კორეაში ზამთრის ოლიმპიადის წინ, ფაქტობრივად, ხელშეუხებელია. უკვე გაზაფხულიდან აშშ შეეცდება გაიმყაროს თავისი პოზიციები ამ რეგიონში სხვადასხვა სამხედრო სისტემების გაძლიერებით პარტნიორ ქვეყნებში, რასაც უცილობლად მოჰყვება რუსეთის და ჩინეთის მხრიდან კონტრზომები, ვითარების შემდგომი, უფრო მასშტაბური ესკალაციით.

ახლო აღმოსავლეთში ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლის საომარი ფაზის დასრულების შემდეგ მიმდინარეობს კონფლიქტის ტრანსფორმაციის პროცესი ფორმულით: "ყველა ყველას წინააღმდეგ". მრავალვექტორიანი ომი ხასიათდება ტრადიციული სტრატეგიული პარტნიორობის ნგრევით და სრულიად მოულოდნელი ტაქტიკური ალიანსების ფორმირებით. ამ ომში ტრადიციულ, ეკონომიკურ და შიდა-მუსულმანურ გარჩევებს, აშშ-ის მხრიდან იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად ცნობის შემდეგ, დაემატა მსოფლმხედველობრივი, უაღრესად სასტიკი და სახიფათო განზომილება. წელს ამ ბრძოლის ეპიცენტრში აღმოჩნდება აშშ-ირანის დაპირისპირების მორიგი ფაზა, რამაც ბოლო კვირებში ირანში განვითარებული მოვლენების ფონზე, განსაკუთრებით სახიფათო ფორმები შეიძლება მიიღოს.

ფაქტობრივად, ჩვენ ახლა ვიმყოფებით სრულიად ახალი ტიპის, გლობალური ომის აქტიურ ფაზაში, რომელსაც არა მხოლოდ ტრადიციული ფორმა აქვს თავისი დასავლეთის, სამხრეთის და აღმოსავლეთის ფრონტებით, რაზეც უკვე ვისაუბრეთ, არამედ მიმდინარეობს საინფორმაციო, კიბერ, ეკონომიკურ სიბრტყეში. ერთმანეთს ებრძვის ორი სამყარო განსხვავებული ფასეულობათა სისტემით და აქ ფრონტის გეოგრაფიული ხაზის გავლება პრაქტიკულად შეუძლებელია. ერთს პირობითად განასახიერებს აშშ და მეორეს რუსეთი. ჩინეთი, როგორც ყოველთვის, ნაპირზე ჯდომას ცდილობს და ელოდება, როდის ჩამოატარებს აზვირთებული მდინარე მტრების გვამებს.

ასე რომ, 2018 წელი ერთ-ერთი ურთულესი პერიოდია ამ საუკუნის ისტორიაში, რომელმაც უნდა გასცეს პასუხი მთავარ კითხვას - მოხერხდება თუ არა არსებული მსოფლიო წესრიგის შენარჩუნება?

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს