სამყარო ახალი ტიპის მსოფლიო ომის აქტიურ ფაზაში - დაპირისპირების სამხედრო, პოლიტიკური და... საფეხბურთო ფაქტორები - კვირის პალიტრა

სამყარო ახალი ტიპის მსოფლიო ომის აქტიურ ფაზაში - დაპირისპირების სამხედრო, პოლიტიკური და... საფეხბურთო ფაქტორები

"ცვლილებების ეპოქაში გეცხოვროს", - ამას უსურვებდა მტერს კონფუცი ორი ათას წელზე მეტი ხნის წინ და ეს წყევლა დღესაც აქტუალურია.

გასული საუკუნის 80-იანი წლების მეორე ნახევრიდან, როდესაც გარდაუვალი გახდა საბჭოთა იმპერიის დაშლა, მოიხსნა სისტემური, სერიოზული ცვლილებების ბოლო იდეოლოგიური ბარიერი. ამან საშუალება მისცა კოლექტიურ დასავლეთს დაეწყო ახალი მსოფლიო წესრიგის ფორმირების პროცესი პოზიტიური დღის წესრიგით. მწყობრი ფასეულობათა სისტემა, რომელიც ადამიანისთვის ორ ძირითად სიკეთეს - თავისუფლებას და კეთილდღეობას ეფუძნებოდა, უნივერსალური საშუალება აღმოჩნდა მონოცენტრისტული სამყაროს ფორმირების საქმეში.

ამ პროცესის ფორსირებულად განვითარებას ხელი შეუწყო გლობალური საინფორმაციო ტექნოლოგიების სწრაფმა, რევოლუციურმა განვითარებამ.

თითქოს ყველაფერი სწორი მიმართულებით ვითარდებოდა და შეიქმნა ილუზია, რომ პროცესი შეუქცევად, გარდაუვალ ხასიათს ატარებდა, შესაბამისად, სულ ცოტა იყო დარჩენილი ამ პროექტის წარმატებით დაგვირგვინებამდე. მაგრამ, როგორც ყოველთვის, აქაც პოლიტიკური ელიტის გეოპოლიტიკურმა თამაშებმა, ისტორიული პროცესის დაჩქარების დაუოკებელმა სურვილმა შექმნა გლობალური კონტრრევოლუციის საფუძველი და სამყარო შეიყვანა სრულიად ახალი ტიპის მსოფლიო ომის აქტიურ ფაზაში. ომისა, რომელსაც ჯერ-ჯერობით არ გააჩნია ფრონტის ხაზი და მიმდინარეობს სამყაროს ქსოვილის ყველა შესაძლო განზომილებაში - სამხედრო, ეკონომიკური, საინფორმაციო, ჰუმანიტარული.

რამ მიგვიყვანა აქამდე და რა გველის მომავალში?

როგორც თავიდან აღვნიშნე, დასავლეთის მთავარი შეთავაზება იყო - კეთილდღეობა და თავისუფლება. თუ კეთილდღეობით ფასეულობასთან დაკავშირებით კითხვები თითქმის არ დასმულა, თავისუფლების პოლიტიკური ელიტისეული ინტერპრეტაციისთვის მზად არ აღმოჩნდა არა თუ გარე სამყარო, არამედ შიგნითაც შექმნა სერიოზული საფუძველი კონტრრევოლუციური, თუ გნებავთ რევანშისტული ძალების გააქტიურებისთვის.

ახლა ვიმყოფებით იმ ეტაპზე, როდესაც დასავლეთის პოლიტიკურმა ელიტამ გააცნობიერა თავისი შეცდომა და ცდილობს არსებულ პოლიტიკურ დღის წესრიგს შეუცვალოს პოლუსი, გამოკვეთოს მტრის ხატი, გაავლოს ფრონტის ხაზი და ამ საფრთხის საფუძველზე მოახდინოს დასავლური სამყაროს კონსოლიდაცია, ანუ პოზიტიურიდან ისევ ვბრუნდებით ცივი ომის ნეგატიური დღის წესრიგის ფაზაში, აქედან გამომდინარე ყველა შესაძლო შედეგით.

დაწყებულია რესურსების სრული მობილიზაციის პროცესი როგორც ერთი ასევე მეორე მხრიდან და ჯერ კიდევ გაუგებარია რა მასშტაბის, რა მოცულობის დაპირისპირებასთან გვაქვს საქმე.

აქ ალბათ განმსაზღვრელი იქნება ჩინეთის პოზიცია - ჩაერთვება ამ პროცესში, თუ ტრადიციულად მდინარის პირას დაელოდება, როდის ჩამოატარებს მდინარე მისი მტრების გვამებს.

მაინც რჩება კითხვა - რატომ მაინცდამაინც ახლა და ასეთი კალეიდოსკოპური სიჩქარით?

ჩემის აზრით, დროის შერჩევა განაპირობა სამმა ძირითადმა - სამხედრო, პოლიტიკურმა და... საფეხბურთო ფაქტორმა:

1. რუსეთის პრეზიდენტმა მოახდინა შეიარაღების პრეზენტაცია, რომელიც მთლიანად ანგრევს აშშ-ს მიერ ფორმირებადი ევროპის უსაფრთხოების ანტისარაკეტო სისტემის ეფექტურობას. თან ეს ხდება რუსეთის პრეზიდენტის სარკასტული და აგრესიული გზავნილის თანხლებით - "არ გინდოდათ ლაპარაკი?... ახლა ვისაუბროთ!".

2. პუტინი იმარჯვებს საპრეზიდენტო არჩევნებში და იღებს უპრეცედენტო ლეგიტიმაციას ქვეყნის შიგნით.

3. ზაფხულში რუსეთში ტარდება მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში, რაც უნდა გახდეს პუტინის გლობალურ ლიდერად კურთხევის აპოთეოზი.

შესაბამისად, დასავლეთს რამდენიმე თვე აქვს იმისათვის, რომ შედარებით უმტკივნეულოდ გაატაროს ფრონტის ხაზი და აიძულოს რუსეთი დაემორჩილოს იმ წესრიგს, რომლის ფორმირებაშიც ამდენი ძალისხმევა ჩაიდო.

რამდენიმე თვე მსოფლიო ჩემპიონატამდე, რადგან რუსეთი სისხლხორცეულად არის დაინტერესებული ამ ღონისძიების წარმატებით ჩატარებაში და შესაბამისად, შეეცდება მოერიდოს ტოტალურ კომფრონტაციას.

ამ პერიოდში ომს ექნება ორი ეპიცენტრი - დასავლეთის ფრონტზე უკრაინა და აღმოსავლეთის ფრონტზე სირია.

საფრთხეები და რისკები ორივე მიმართულებით ძალზედ მაღალია. არც ერთ მხარეს არა აქვს მანევრის დიდი საშუალება, რადგან ორივე ფსონები უკიდურესად მაღალია, კომპრომისის მოდელი კი არ ჩანს.

იზრდება თუ არა რისკები საქართველოსთან მიმართებაში?

სამწუხაროდ, იზრდება. თუ რუსეთმა მოახერხა მსოფლიო ჩემპიონატის გადაგორება სერიოზული დანაკარგების გარეშე, ის დაიწყებს მოქმედებას. ამისკენ მას უბიძგებს ის რეალობა, რომ გრძელვადიანი რესურსების ომის მოგების შანსები მას არა აქვს, სრული გამოფიტვის საფრთხის გამო. მეორეს მხრივ, პირდაპირ კონფრონტაციასაც მოერიდება და შეეცდება მისთვის დამახასიათებელი, ასიმეტრიული პასუხები გასცეს მოწინააღმდეგეს.

ასეთი ასიმეტრიული პასუხების ჩამონათვალში, სამწუხაროდ, საქართველოც მოიაზრება. შესაბამისად, ამ რამდენიმე თვეში ჩვენ ან ვიპოვით საიმედო ქოლგას, რომელიც რეალურად დაგვიცავს ან უნდა მოვძებნოთ მანევრი, რომელიც გამოგვიყვანს დარტყმის ქვეშიდან. თუმცა არა ისეთი ბრიყვული, რომელსაც პრემიერ-მინისტრმა მიმართა რუსეთში, დროში და სივრცეში დაკარგული, საჯარო წერილის გაგზავნით და რომლის გზავნილების დენონსირება სულ რაღაც 3 დღეში მოუწია.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს