სამი ტესტი პატრიოტიზმზე პირადად ბიძინა ივანიშვილისთვის - კვირის პალიტრა

სამი ტესტი პატრიოტიზმზე პირადად ბიძინა ივანიშვილისთვის

იხილეთ პირველი ნაწილი

ბევრჯერ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, - ეჭვი არ მეპარება, რომ ბიძინა ივანიშვილს უყვარს ეს ქვეყანა. მისი პროექტები უფრო სოციალური ხასიათისაა, ვიდრე კომერციული. შესაბამისად, საქართველოში ბევრად მეტს ხარჯავს, ვიდრე შოულობს. ის საკმარისად ჰუმანურია ოპონენტებთან ბრძოლაში და არ მიმართავს განსაკუთრებით სასტიკ მეთოდებს.

თუმცა, პატრიოტიზმი არ გულისხმობს მხოლოდ სიყვარულს, უანგარობას და ჰუმანიზმს. მისი არანაკლებ მნიშვნელოვანი კომპონენტია სახელმწიფოებრიობის აღქმა, მისი მშენებლობა, მისი პატივისცემა და მისთვის თავგანწირვა.

იმისათვის, რომ მან დაგვიდასტუროს საკუთარი პატრიოტიზმი, ამ ისტორიულ მოცემულობაში, ჩემის აზრით, ჩასაბარებელი აქვს რამდენიმე ტესტი. წინააღმდეგ შემთხვევაში შეგვეძლება ვთქვათ, რომ მისი პატრიოტიზმი მოიკოჭლებს და შესაბამისი ადგილი მივუჩინოთ, როგორც მიმდინარე პოლიტიკურ პროცესში, ასევე ისტორიაში, ყველა აქედან გამომდინარე შედეგით.

სანამ საკუთრივ ტესტებზე გადავალ, მოკლედ აღვწერ არსებულ ვითარებას ყოველგვარი დრამატიზების გარეშე.

ეკონომიკის მანკიერი სტრუქტურა არ ქმნის იმის საფუძველს, რომ მისი ზრდა ადამიანების კეთილდღეობად კონვერტირდეს. არსებული წმინდა სოციალური პროექტები მნიშვნელოვანია, მაგრამ ღირსეული ცხოვრების საშუალებას არ იძლევა. შესაბამისად, მაღალი სოციალური რისკები ძალაში რჩება და კიდევ უფრო ღრმავდება, მიუხედავად ოპტიმისტური სტატისტიკისა.

ინსტიტუციური ცენტრები აცდენილია ძალის ცენტრებს, რაც ბუნებრივად გამორიცხავს პროფესიონალიზმზე და პასუხისმგებლობის განცდაზე აგებული, მეტ-ნაკლებად ეფექტური მმართველობითი სისტემის ფორმირებას. სისტემა განიცდის დეგრადაციას და ვერანაირი საკადრო გადაადგილებები ამ პროცესს ვერ შეაჩერებს. შესაბამისად, ადრე თუ გვიან პოლიტიკური კატასტროფა გარდაუვალი ხდება. რაც უფრო გვიან, მით უფრო მძიმე ფორმით მოხდება მოსახდენი.

ქართველმა ამომრჩეველმა საპრეზიდენტო არჩევნებზე მოწყალება მის სასარგებლოდ კი არა, მიშას საწინააღმდეგოდ გაიღო. ყველა მანკიერება შეამჩნია, მაგრამ ბოლოჯერ აპატია უარესის შიშით. ფასი, რისი გადახდაც მას დასჭირდა ამ შედეგის მისაღებად არის უკიდურესად დრამატული. თუ წინა ხელისუფლებებმა საქართველოს ტერიტორიების 20% დაკარგეს, მან საქართველოს მოქალაქეების მინიმუმ 20% დაკარგა, რომელიც არ ცნობს და არ აღიარებს. რა უფრო ტრაგიკულია, თვითონ შეაფასოს. მან მიიღო "სამოქალაქო აფხაზეთი" საქართველოში.

ალბათ, კიდევ ბევრი რამის თქმა შეიძლება, მაგრამ აღარ დაგღლით და პირდაპირ ტესტებზე გადავალ.

ტესტი 1.

უნდა აღდგეს ინსტიტუციური წესრიგი, ანუ ინსტიტუციური და ძალის ცენტრები მოვიდნენ ერთმანეთთან თანხვედრაში. იქიდან გამომდინარე, რომ ბიძინა ივანიშვილის, როგორც ერთადერთი ძალის ცენტრის ძალაუფლებისგან ჩამოშორებამ შესაძლოა საერთოდ ჩამოშალოს ისედაც მყიფე კონსტრუქცია, რჩება ერთადერთი გზა - ის უნდა დაბრუნდეს პრემიერ-მინისტრის რანგში, რაც ერთადერთი გზაა სახელმწიფო მანქანის ეფექტურად ასამუშავებლად.

ტესტი 2. მან მკვეთრად და ერთმნიშვნელოვნად უნდა გამიჯნოს საკუთარი და სახელმწიფო რესურსები. სხვა შემთხვევაში საუბარი რაიმენაირ დემოკრატიულ პროცესზე და პოლიტიკური სივრცის გახსნაზე ზედმეტია. არსებული აღრევა კი სახიფათოა არა მხოლოდ სახელმწიფოსთვის, არამედ სამომავლოდ საკუთრივ მისთვისაც.

ტესტი 3. ჩამოყალიბდეს და უზრუნველყოს პოლიტიკური გადაწყვეტილება პროპორციული არჩევნების უკვე 2020 წელს ჩატარებასთან დაკავშირებით. მულტიპარტიული დემოკრატიის დამკვიდრება არის ერთადერთი გზა იმ სახელმწიფოებრივი რისკების გადასალახად, რისი კონტურებიც სრულიად აშკარად გამოიკვეთა.

მე ამით შემოვიფარგლები. ალბათ ბევრი რამის დამატება შეიძლებოდა. თქვენ დაამატეთ...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

იხილეთ პირველი ნაწილი: შულერისა და ბრიყვი ბანკირის მორიგი პარტია - "ქართული ოცნება" ქართული რეალობის პირისპირ