ივანიშვილის დილემა - კვირის პალიტრა

ივანიშვილის დილემა

როგორც მოსალოდნელი იყო, პლახოტნიუკისთვის აშშ-ს მხრიდან სანქციების დაწესებას ქართულ პოლიტიკურ ელიტაში დიდი განხილვა მოყვა. ბევრი სპეკულაცია მოვისმინეთ ამ დღეებში როგორც ერთი, ასევე მეორე მხრიდან. ერთნი ამტკიცებენ, რომ ბიძინა ივანიშვილი სასანქციო სიაში შემდეგია, ხოლო მეორენი საერთოდ ვერ ხედავენ რაიმე ანალოგიას და შესაბამისად, მოვლენების ამგვარი განვითარების საფრთხეს. ანუ, როგორც ყოველთვის, საქმე გვაქვს ორ ურთიერთგამომრიცხავ მონოლოგთან, რომელთა მიზანია შექმნან მათთვის სასარგებლო რეალობა და მოახვიონ საზოგადოებას თავს. როგორც წესი, ასეთი "ორთაბრძოლები" ფრედ მთავრდება, ინფორმაციის სადისტრიბუციო მედიაში არსებული გარკვეული პარიტეტიდან და ელექტორალური განაწილებიდან გამომდინარე. შესაბამისად, რეალობა, როგორც ყოველთვის კადრს მიღმა რჩება.

ახლა კი იმათ, ვისაც ამ ორი ანგაჟირებული რეალობის არ სჯერა, ურჩევნია ფაქტებს გაუსწოროს თვალი და თვითონ გააკეთოს დასკვნები, ვთავაზობ შექმნილი მოცემულობის და მოვლენების შესაძლო განვითარების ჩემეულ ხედვას.

"პლახოტნიუკის კორუფციულმა მოღვაწეობამ ძირი გამოუთხარა მოლდოვის დემოკრატიული ინსტიტუტების დამოუკიდებლობას და მოახდინა მათი კომპრომეტაცია..." - ასეთი ფორმულირებით გვამცნო პომპეომ სანქციების დაწესების მოტივის შესახებ.

შეიძლება თუ არა იგივე ფორმულირება იყოს გამოყენებული ბიძინა ივანიშვილის მიმართ?

ამ კითხვაზე პასუხი რომ გავცეთ, პირველ რიგში გავერკვეთ, თუ ვინ იყო პლახოტნიუკი?

პლახოტნიუკი არის ღარიბ მოლდოვაში უმდიდრესი ადამიანი, რომელიც ამასთანავე იყო მმართველი პარტიის თავმჯდომარე, სრულად აკონტროლებდა ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს, პრაქტიკულად ყოველგვარ ეკონომიკურ აქტივობას და შესაბამისად ფინანსური ნაკადების მოძრაობას.

მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ პიროვნულად შევადარო პლახოტნიუკი და ივანიშვილი, თუნდაც იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ამ უკანასკნელს საკუთარი კეთილდღეობა მოლდოველი კოლეგისგან განსხვავებით სამშობლოში არ აუშენებია და ჩემის აზრით, დღეის მდგომარეობითაც მეტს ხარჯავს, ვიდრე შოულობს. ასე, რომ მათი მორალური გათანაბრება არ იქნებოდა სამართლიანი.

თუმცა, თავი რომ დავანებოთ მორალურ-ეთიკური კატეგორიებით მსჯელობას და სიტყვა "კორუფცია" ფართო პოლიტიკურ კონტექსტში ამოვიკითხოთ პომპეოს განცხადებაში, ვითარების გარკვეული განვითარების შემთხვევაში ივანიშვილი შეიძლება აღმოჩნდეს ამ სტანდარტის არეალში.

საქმე იმაში გახლავთ, რომ კორუფცია ფართო პოლიტიკური გაგებით არ ნიშნავს მხოლოდ პირდაპირი პირადი სარგებლის მიღებას. პოლიტიკური კორუფცია ორ მთავარ მიზანს ემსახურება - პირადი სარგებელი და ეკონომიკური ელიტის პოლიტიკური ლოიალობის მოპოვება ძალაუფლების გამყარების მიზნით. თუ პირველი ივანიშვილთან მიმართებაში საკამათოა, მეორე აშკარად სახეზე გვაქვს, რაც საკმარისი საფუძველია საჭიროების შემთხვევაში მის მიმართ შეზღუდვითი ღონისძიებების გასატარებლად.

სხვა პარალელებზე საუბარს, დაწყებული პარტიის თავჯდომარეობიდან და დამთავრებული ინსტიტუტებზე კონტროლით, ვფიქრობ აზრი არა აქვს, იმდენად აშკარაა.

ყველაფერ ამასთან ერთად, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ აშშ-ს პოლიტიკური ელიტა აზროვნებს "პრეცედენტული" სამართლის კატეგორიებით. შესაბამისად, თუ არსებობს პრეცედენტი და ვინმე მათ დაუსაბუთებს, რომ ბიძინა ივანიშვილი საქართველოსთვის არის იგივე, რაც პლახოტნიუკი მოლდოვისთვის, შანსი იმისა, რომ ამუშავდეს "პრეცედენტული" პოლიტიკური მექანიზმი, საკმაოდ მაღალია.

ახლა განვიხილოთ, თუ როდის და რა შემთხვევაში შეიძლება ბიძინა ივანიშვილის მიმართ იქნას გამოყენებული შემზღუდველი ღონისძიებები.

თუ ისევ პლახოტნიუკის ისტორიას მოვიშველიებთ, მისი "დაცემა" დაიწყო მოლდოვაში ჩატარებული არჩევნების შემდეგ. მან ფაქტიურად წააგო არჩევნები, რის შემდეგაც შეეცადა, მის მიერ კონტროლირებადი ინსტიტუტების და უპირველეს ყოვლისა სასამართლოს მეშვეობით ეჭვქვეშ დაეყენებინა შედეგები და შეენერჩუნებინა ძალაუფლება. ეს არ გამოუვიდა და სასწრაფოდ დატოვა ქვეყანა.

აქ მნიშვნელოვანია ის, რომ პლახოტნიუკს იმ მომენტისთვის ბევრად უფრო ძლიერი პოზიციები ჰქონდა დასავლეთში და კერძოდ აშშ-ში, ვიდრე ივანიშვილს, მაგრამ მათი მხარდაჭერის მოპოვება მაინც ვერ შეძლო.

არ დავიწყებ დეტალურ ანალიზს. ვფიქრობ ყველასთვის ისედაც გასაგებია, თუ როდის და რა შემთხვევაში შეიძლება ივანიშვილიც დადგეს ანალოგიური საფრთხის წინაშე.

ასეთი მოცემულობა შესაძლოა შეიქმნას არაუადრეს ამა წლის ნოემბრისა.

შესაბამისად, მას კიდევ აქვს საკმაო დრო იმისათვის, რომ კარგად გაიაზროს რეალობა და ეს პერიოდი ისე გაიაროს, რომ ამოვარდეს პომპეოს მიერ დეკლარირებული "ფორმულირების" არეალიდან.

ამისათვის, ჩემის აზრით, მან უნდა გადადგას რამდენიმე ნაბიჯი:

1. "დემოკრატიული ინსტიტუტების დამოუკიდებლობის კომპრომეტირება"

დღევანდელი მმართველობითი მოდელი იკითხება, როგორც "ჩრდილოვანი ავტორიტარიზმი". ანუ, ინსტიტუციური და ძალის ცენტრები აცდენილია ერთმანეთს. ეს არის პირდაპირი საფუძველი მის მიმართ ამ ბრალდების გამოყენების.

იმისათვის რომ ეს რისკი გადაილახოს, მან უნდა აღადგინოს ინსტიტუციური წესრიგი. ამის გაკეთება ისე, რომ ქვეყანაში არ მივიღოთ ქაოსი, შესაძლებელია ერთადერთი გზით - ის უნდა დაბრუნდეს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე.

2. "კორუფციული მოღვაწეობა" ამ რისკის თავიდან ასაცილებლად, უკვე პრემიერ-მინისტრის რანგში არჩევნებამდე უნდა გაატაროს სწრაფი და ეფექტური ანტი-კორუფციული პოლიტიკა, როგორც სისტემური, ასევე პერსონალური პასუხისმგებლობის მიმართულებით.

3. დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა მოძებნოს კონსენსუსის წერტილი ოპოზიციასთან და გახდეს დემოკრატიული, კონკურენტული არჩევნების გარანტი. მინიმუმამდე დაიყვანოს კითხვები არჩევნების შედეგების მიმართ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ.

ვფიქრობ, რომ ამ ნაბიჯების გადადგმის შემთხვევაში, ის მთლიანად აიცილებს იმ რისკს, რაზეც ზემოთ გვქონდა საუბარი.

შედეგად, ის ან ინარჩუნებს ძალაუფლებას კარგი ლეგიტიმაციით, ან კარგავს მას, მაგრამ ინარჩუნებს მთავარს - უსაფრთხოებას და კეთილდღეობას.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს