ფიქრები პოსტ-კორონა სამყაროზე - ნაწილი I - კვირის პალიტრა

ფიქრები პოსტ-კორონა სამყაროზე - ნაწილი I

გია ხუხაშვილის ბლოგი

ახლა ბევრი ფიქრობს იმაზე, თუ როგორ სამყაროში მოგვიწევს ცხოვრება პოსტ-კრიზისულ პერიოდში? როგორ შეიცვლება ურთიერთობები სახელმწიფოებს შორის? როგორ შეიცვლება ურთიერთობები სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებს შორის? და ბოლოს, როგორ შეიცვლება ეკონომიკური ურთიერთობები?

ალბათ ბოლოდან, ანუ ეკონომიკიდან უნდა დავიწყოთ, რადგან სწორედ ეკონომიკის მოდერნიზაციაში უნდა ვეძებოთ პასუხები დანარჩენ კითხვებზეც.

იმისათვის, რომ ამ ძირითად კითხვაზე ზუსტი პასუხი ვიპოვოთ, ამოცანა უნდა დავსვათ კორექტულად და ნაბიჯ-ნაბიჯ ვიაროთ.

პირველი ეტაპზე ვუპასუხოთ კითხვას - რა სისტემური პრობლემები გამოავლინა მიმდინარე კრიზისმა ქვეყნების ავტონომიური ფუნქციონირების შემთხვევაში?

1. სასურსათო, პირველადი მოხმარების საგნების, ჰიგიენის საშუალებების დეფიციტი.

2. სამედიცინო ინფრასტრუქტურის, ტექნიკის და ტექნოლოგიის, პერსონალის დეფიციტი.

3. კრიტიკული ინფრასტრუქტურის, განათლების, მომსახურების სფეროს, ლოგისტიკური სისტემების არასაკმარისი უზრუნველყოფა. საჭიროების შემთხვევაში, ყველაფერი ამის დისტანციური მართვის არასაკმარისი პროგრამული და ტექნოლოგიური უზრუნველყოფა.

ამ პრობლემების ოპტიმალურად გადაჭრის ორი, ფაქტიურად ურთიერთგამომრიცხავი გზა არსებობს.

1. გლობალიზაციის დაჩქარება, ფაქტობრივად, "მსოფლიო ხელისუფლების" და ერთიანი ეკონომიკური უსაფრთხოების სისტემის ფორმირება.

2. ნაციონალური, ლოკალური ეკონომიკური უსაფრთხოების სისტემების შექმნა ქვედა დონეზე და მათი ურთიერთდამოკიდებულების ახალი მოდელის ჩამოყალიბება.

ჩემის აზრით პირველი გზა ისტორიის ამ ეტაპზე უპერსპექტივოა და მისი რეალიზაციისთვის პანდემიის საფრთხე არ არის საკმარისი. ეს მხოლოდ ერთ შემთხვევაშია შესაძლებელი - თუ საფრთხე მოვა გარედან, მაგალითად, უცხოპლანეტალური ცივილიზაციის ექსპანსიის შემთხვევაში. ამის შანსი კი, მოგეხსენებათ, მიზერულია.

შესაბამისად, გლობალური უსაფრთხოების სისტემის ფორმირების მცდელობა დღეს დაემსგავსება ბაბილონის გოდოლის მშენებლობას, რომელიც ბიბლიური სიუჟეტის ანალოგიურად განვითარდება და ბოლოს მაინც მეორე გზამდე მიგვიყვანს, უარესი რედაქციით.

შესაბამისად, რჩება მეორე გზა.

ამაზე უკვე მეორე ნაწილში გესაუბრებით.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს