გიგი უგულავა ახალგაზრდებს გატ...კებისკენ მოუწოდებს - კვირის პალიტრა

გიგი უგულავა ახალგაზრდებს გატ...კებისკენ მოუწოდებს

"ახალგაზრდობა არ არის, თუნდაც აი, კარგი გაგებით ვიტყვი, არ გატრ*კება... პირდაპირ ვიტყვი, იმიტომ, რომ ახალგაზრდობის შემადგენელი ნაწილია ეს... ახალგაზრდული ბუნების შემადგენელი ნაწილია..."  - ეს სიტყვები ქალაქ თბილისის მერს, გიგი უგულავას ეკუთვნის.

2012 წლის დადგომა "რუსთავი 2-მა", რომელსაც ერი "მოფერებით" "ერორს" უწოდებს, ტრადიციულად, სპეციალურად საახალწლოდ გადანახული სახალისო კადრებით მოგვილოცა. სწორედ საახალწლო კურიოზების კოლაჟში აღმოვაჩინე ამხანაგი თბილისის მერის ეს მართალი სიტყვები.

ეს ის შემთხვევაა, როდესაც აბსოლუტურად ვეთანხმები ამხანაგ მერს (და მართლა ვერ ვიხსენებ სხვა შემთხვევას, როდესაც მას ვეთანხმებოდი). არ ვიცი გიგი უგულავას, რეალურად, რამდენად აწუხებს ახალგაზრდობის პასიურობა (მე თუ მკითხავთ, პირიქით, მას ეს ძალიან უნდა მოსწონდეს), თუმცა პირადად ჩემთვის ეს სერიოზული პრობლემაა.

პრობლემების მიმართ გულგრილი ახალგაზრდობა

მე 24 წლის ვარ. სამწუხაროა, მაგრამ აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ჩემი თაობის უმრავლესობა სრულიად გულგრილია ქვეყანაში მიმდინარე პრობლემების მიმართ. მოდით, ერთად გადავავლოთ თვალი 2011 წლის იმ პროცესებს, რომლებმაც საზოგადოებას ზიანი მიაყენა.

2011 წლის 3 იანვარს პოლიციამ გმირთა მოედანზე მოშიმშილე ვეტერანების აქცია დაშალა. მიშა სააკაშვილის განცხადებით ეს მოხდა იმიტომ, რომ "ვეტერანები მარადიული ცეცხლის გვერდით შარდავდნენ". აქციის დაშლის დროს პოლიციელმა სცემა ქალბატონი.

როგორი იყო ამ ფაქტზე ახალგაზრდების რეაქცია:  "ნწ, ნწ, ნწ... ამათმა სულ გარეკეს" და სხვა მსგავსი შინაარსის ფრაზების დაპოსტვა ფეისბუქსა და ფორუმებზე.

2011 წლის თებერვალში საწვავსა და პროდუქტებზე ფასის ზრდა.

ახალგაზრდობის მხრიდან პროდუქტების გაძვირებას რეაქცია არ მოჰყოლია. რაც შეეხება საწვავის გაძვირებას, ეს ფაქტი ეკონომიკის სამინისტროსთან ახალგაზრდა აქტივისტთა 4 (!) კაციანმა ჯგუფმა გააპროტესტა.

როგორი იყო ამ ფაქტზე ახალგაზრდების უმეტესობის რეაქცია:  "ნწ, ნწ, ნწ... ამათმა სულ გარეკეს" და სხვა მსგავსი შინაარსის ფრაზების დაპოსტვა ფეისბუქსა და ფორუმებზე.

2011 წლის გაზაფხულზევე გაძვირდა სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობა.

როგორი იყო ამ ფაქტზე ახალგაზრდების უმეტესობის რეაქცია: "ნწ, ნწ, ნწ... ამათმა სულ გარეკეს, მოდით აქცია გავმართოთ." აქციისთვის მზადება ფეისბუქზე დაიწყო, სადაც აქციაზე დასწრებაზე 2,062 ადამიანი აცხადებდა თანხმობა, თუმცა 2011 წლის 24 ივლისს, სამარშუტო ტაქსების მგზავრობის ღირებულების გაზრდასთან დაკავშირებით გამართულ აქციაზე იმ რაოდენობის ადამიანი მივიდა, რომ ბრუციანი ილიკოც კი დათვლიდა. სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობის 80 თეთრიანი საფასური მხოლოდ ორმოცამდე ახალგაზრდამ გააპროტესტა.

არ მინდა პოსტი მხოლოდ ნეგატიური ფაქტებით გადავტვირთო. მოკლედ რომ ვთქვა, ერთადერთი ფაქტი, რაც ახალგაზრდებმა 2011 წელს გააპროტესტეს, უნივერსიტეტში და ზოგადად, განათლების სისტემაში არსებული მდგომარეობაა. გმადლობთ, მეგობრებო, ამაზე მაინც რომ გქონდათ რეაქცია.

რისი შეცვლა შეუძლია ახალგაზრდების პროტესტს ?

ამ კითხვას ჩვენთვის ყველასთვის ცნობილი სამი მოვლენა სცემს პასუხს: 1978 წელს, საბჭოთა კავშირის რეჟიმისას, ათასობით სტუდენტმა თავისი პროტესტით არ დაუშვა საბჭოთა კონსტიტუციის 78-ე მუხლში შეტანილი იმ ცვლილების დამტკიცება, რომლის მიხედვითაც, ქართული ენა სახელმწიფო ენის სტატუსს კარგავდა.

1988 წლიდან, საქართველოში ანტისაბჭოთა მოძრაობები დაიწყო, რომლის ძირითად ბირთვს ახალგაზრდები შეადგენდნენ. ახალგაზრდების ის აქტივობები 1989 წლის 9 აპრილს, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევით ტრაგიკულად დასრულდა, რომლის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის ყველაზე მცირეწლოვანი 16 წლის იყო.

2003 წელი, ახალგაზრდებით დაკომპლექტებული მოძრაობა ”კმარა”, რომელმაც უდიდესი გავლენა მოახდინა შევარდნაძის რეჟიმის წინააღმდეგ მიმართულ პროცესებზე.

სამივე შემთხვევაში ახალგაზრდების აქტივობებმა, როგორც ამხანაგი თბილისის მერი ამბობს, ”გატრ*კებამ”, ქვეყნის მომავალი რადიკალურად შეცვალა. გული მწყდება, რომ ჩემს თანატოლებს ერთად დადგომა და ამ მაგალითების ფონზე ისეთი უსუსური პრობლემების წინააღმდეგ ბრძოლაც კი არ შეგვიძლია, როგორიცაა გაძვირებული საწვავი, მგზავრობის ღირებულება და ხელისუფლების სხვა გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩვენს სოციალურ ყოფაზე პირდაპირ აისახება.

ფაქტია, რომ ახალგაზრდების ურეაქციობამ ხელისუფლებაც კი შეაწუხა. მათ ხომ თავადაც იციან, რომ ქართველი ახალგაზრდები სულაც არ არიან ისეთი ბედნიერები, როგორც ეს რეპერ ”ძვალის” ”ჩემო თბილის ქალაქო; მე მიყვარს თბილისი”-სთვის შექმნილ ვიდეორგოლშია ნაჩვენები. ხოდა, ავუსრულოთ ამხანაგ თბილისის მერს სურვილი და როგორც თავად იტყოდა, ”გავუტ...კოთ” ხელისუფლებას. არ მგონია ეწყინოთ, პირიქით, თავადაც ხომ ამბობს, გატრ...ება ახალგაზრდული ბუნების შემადგენელი ნაწილიაო, მაგრამ ეხ, სად აქვს ჩემი თაობის ახალგაზრდებს გატ...კების  ...რაკი!