რატომ ეპოტინება ქეთა პუტინს
23-02-2012
რატომ ეპოტინება ქეთა პუტინს
მომღერლების პოლიტიკური რეპერტუარი...
რა დატვირთვა აქვს მუსიკოსებისთვის პოლიტიკურ სიმღერას?
ეს არის  მათი პოლიტიკური პოზიცია, თუ ჩვეულებრივი კომერციული დაკვეთა?
ასეა თუ ისეა, ფაქტია, რომ პოლიტიკური სიმღერა მთელ მსოფლიოში მოთხოვნადი და ძვირადღირებულია. მაგალითისთვის ბარბარა სტრეიზანდიც კმარა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში "დემოკრატიული პარტიის" აქტიური მხარდამჭერი იყო და პოლიტიკური აგიტატორობა საკმაოდ სარფიან საქმიანობადაც აქცია.

ჩემი აზრით, საუკეთესო პოლიტიკური სიმღერის ფორმულა ასეთია: მელოდიური მუსიკა და ემოციური, თუმცა მარტივად აღსაქმელი და დასამახსოვრებელი ტექსტი. სწორედ ასეთი იყო
შევარდნაძის რეჟიმის მხარდამჭერი, ჯემალ სეფიაშვილის "გიხაროდენ", რომელიც შეიძლება ითქვას, რომ პირველი ქართული პოლიტიკური სიმღერაა.
შემდეგი იყო "უცნობის" პოლიტიკური სიმღერების ციკლი, რომელიც ჯერ ირინა სარიშვილის, შემდეგ კი საკუთარი ძმის, ლევან  გაჩეჩილაძის და დავით გამყრელიძის პოლიტიკური გაერთიანების "საუნდთრეკები" გახდა. პოლიტიკურ სიმღერას მუსიკის განცალკევებულ მიმართულებად თუ განვიხილავთ, მიმაჩნია,
რომ "უცნობმა" სწორედ ამ პერიოდში შექმნა ამ მუსიკალური მიმართულების საუკეთესო ქართული პოლიტიკური სიმღერა, სახელწოდებით "სალამი". სიმღერა, რომელიც მუსიკოსმა თავიდან ბოლომდე ემოციებზე აპელირებაზე გათვალა.

მისი პოლიტიკური სიმღერები დროსთან ერთად იცვლიდა როგორც დამკვეთს, აგრეთვე საპროტესტო სიმღერების ადრესატს, თუმცა მიუხედავად "უცნობის" პოლიტიკური რეპერტუარის პოპულარობისა, პოლიტიკური ძალა, რომელის მხარდაჭერასაც მისი სიმღერები ემსახურებოდა, ვერასდროს აღწევდა სასურველ მიზანს, რაც ცხადყოფს, რომ პოლიტიკაში ყველაზე მთავარი მაინც არა მელოდიური მუსიკა და ემოციური ტექსტი, არამედ ხმაა...

ტრადიციულად, როგორც არჩევნების შედეგებში, აგრეთვე პოლიტიკური მომღერლების შემთხვევაში, ხმების სიმრავლით "ნაციონალური მოძრაობა" ლიდერობს, თუმცა მუდმივად კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რეალური და გაუყალბებელია ეს ხმები თუ წარმატება ფონოგრამებით გაყალბებული ხმების დამსახურებაა...
ამ ბოლო დროს, პოლიტიკური მუსიკის კუთხით, სურათი რადიკალურად შეიცვალა. საქართველოში თითქმის აღარ იქმნება პოლიტიკური პროტესტის მატარებელი სიმღერები, თუ არ ჩავთვლით ზაზა ხუციშვილის სიმღერას "მიშა, მშია!". ზაზა ხუციშვილის ეს სიმღერა ჩემს პატივისცემას იმსახურებს ერთი განსაკუთრებული მიზეზის გამო, ეს არის საპროტესტო სიმღერა, რომელიც მიზნად არ ისახავს რომელიმე ოპოზიციური პარტიის მხარდაჭერას. სიმღერაში მუსიკოსი არა რომელიმე ოპოზიციური ძალის მიერ ნაკარნახევ "მესიჯებს", არამედ ხელისუფლების მიმართ საკუთარ, გულწრფელ, კრიტიკულ დამოკიდებულებას გვიზიარებს.

თვალშისაცემია ის ფაქტი, რომ იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში აღარ იმართება კონცერტები, "გადაშენების" თავიდან არიდების მიზნით, მომღერლებმა პიარის ფუნქციები შეითავსეს. სწორედ ამიტომ "ნაციონალებისთვის" სიმღერის სურვილი სულ უფრო მეტ მომღერალს უჩნდება. ხელისუფლებაც მოწყალეა მათ მიმართ და უარს თითქმის არავის ეუბნება. ასე გაჩნდა სიმღერები თბილისზე, სიღნაღზე, ბათუმზე, ქუთაისზე, პოლიციაზე, მანდატურებზე და ასე შემდეგ...

ცხადია, ეს სიმღერები არ ატარებს საპროტესტო დატვირთვას. ისინი სააკაშვილის რეჟიმის ქება-დიდებას ეძღვნება. ყველაზე საოცარი კი ის გახლავთ, რომ ამ სიმღერებით, სააკაშვილის რეჟიმს ხოტბას ასხამს ყველა თაობის მომღერალი, მათ შორის ისეთი ახალგაზრდა ბიჭები, როგორებიც არიან რეპერი "ძვალი", გიგი დედალამაზიშვილი, ჯგუფი "სეიშენი" და ა.შ.  ვიქნები გულწრფელი და ვიტყვი, რომ სრულიად ნორმალურად მიმაჩნია, როდესაც ასეთ ახალგაზრდა ბიჭებს აქვთ პროტესტი ამა თუ იმ მოვლენის მიმართ, მაგრამ როდესაც 25-26 წლის ბიჭები სიმღერებით ხოტბას ასხამენ ხელისუფლებას, რბილად რომ ვთქვათ, "ტეხავს", თუმცა ერთია, როდესაც შენი სიმღერა შენი ქვეყნის პრეზიდენტს ეძვნება, თუნცა სულ სხვაა, როდესაც მღერი მის მხადასაჭერად, ვინც შენივე თანამემამულე თანატოლები იმსხვერპლა...

მაშინ, როდესაც საქართველოში ოკუპაციიდან ოკუპაციამდე - კვირეული მიმდინარეობს, ქეთა თოფურიამ რუსეთში, პუტინის მხარდამჭერ მიტინგზე იმღერა. ქეთამ საკუთარ გამოსვლამდე შეკრებილებს 23 თებერვალი, სამშობლოს დამცველის დღე მიულოცა, ყველაფერ ამით კი ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი ძალიან გააღიზიანა.  საინფორმაციო პორტალებზე, ფორუმებზე თუ სოციალურ ქსელებზე, გაუთავებლად განიხილავდნენ ამ ამბავს. მათგან ყველაზე საინტერესო კომენტარებს თავი ამ პოსტში მოვუყარე.

"ქეთა რუსეთში სამუშაოდ არის წასული. მისი საქმიანობა კი სიმღერაა. გადაუხადეს და იმღერა" - ასეთია "ა-სტუდიოს" ქართველი სოლისტის მიმართ პოზიტიურად განწყობილთა ლოგიკა. 
ეს კი ქეთას მიმართ ნეგატიურად განწყობილთა პოზიციაა: "ეს გოგონა, თუ ამას შესაბამისი ანაზღაურებისთვის აკეთებს, მაშინ იმ აზრსაც უნდაა შეეუგოს რომ საქართველოს ნორმალური მოქალაქეების (არარუსეთუმეების და არამატერიალისტების) მხრიდან ნეგატიურ შეფასებას დაიმსახურებს და განკიცხვის საგანიც გახდება. ამ ადამიანმა თავისი არჩევანი გააკეთა. ასე რომ, არ ჭირდება ამდენი "ძალად ადვოკატი"... ვისაც საქართველოზე გული შეტკიოდა, შეეშვა რუსეთის ესტრადას და საქართველოში დაბრუნდა."

ვფიქრობ, ქეთამ მშვენივრად იცოდა, თუ რა რეაქციებს გამოიწვევდა მისი ეს ნაბიჯი საქართველოში. ცხადია, ამ ამბავს, მეტწილად სწორედ კრიტიკული და აგრესიული შეფასებები მოჰყვა, ზოგიერთი კომენტარი კი ასეთი მწვავეა:
"ქეთას საქციელი იმის ნათელი დადასტურებაა, თუ რა დონემდე შეიძლება დაეცეს ადამიანი! პუტინის მხარდამჭერ აქციაზე როგორ უნდა იმღერო?! უშუალოდ მისი ბრძანებითაა საქართველოს ძირძველი მიწები ოკუპირებული და ეტას ასაკის რჩეული ქართველი ახალგაზრდები დახოცილი. მახსენდება გოლზუორთის ერთი მოთხრობა: ოკუპირებულ გერმანიაში მეძავი მომსახურების გაწევაზე უარს ეუბნება ოკუპანტ ინგლისელ ჯარისკაცს. გერნმანელ მეძავს უფრო დიდი ღირსება და შეგნება აღმოაჩნდა ვიდრე ამ საცოდავ ქეთას!"


თავად ქეთა თოფურია ამბობს, რომ ის "ლუჟნიკებზე" გამართულ კონცერტზე არა პუტინის, არამედ რუსეთის "პირველი არხის" მიწვევით მივიდა.

"მე ვცხოვრობ აქ, ვმუშაობ აქ და მაჭმევს და მაცმევს ეს ქვეყანა... ჩვენს დაგვიძახეს კონცერტზე, რომელიც 23 თებერვალისადმი იყო მიძღვნილი. მე ვერ ვერკვევი პოლიტიკაში. პუტინს რომ ჰკითხოთ, საქართველომ დაბომბაო, ასე იტყვის. საქართველო იტყვის, რომ პუტინმა დაბომბაო... მე ამის გულისთვის რამეში ჩავერიო და კონფლიქტებში ვიყო? რაში მაინტერესებს! ეს არ არის ჩემი საქმე..."

იმის მიუხედავდ, ერკვევა თუ არა ქეთა პოლიტიკაში, ფაქტია, რომ პუტინის მხარდამჭერ მიტინგზე მისი გამოსვლა, პოლიტიკურ პოზიციად იქნა აღქმული, არადა თურმე სულ არ ყოფილა საჭირო ამხელა აჟიოტაჟის ატეხვა; თურმე ყველაფერი რა მარტივად არის - ქეთა მხოლოდ იმიტომ ეპოტინება პუტინის რუსეთს, რომ დიდი რუსეთი ჩვენს პატარა გოგონაზე ზრუნავს, აჭმევს და აცმევს...
dato
01 დეკემბერი 2012 04:37
ამ ქალზე მეტი უკეტესი ტუ ვერავინ ნახეს დასაჯერებელია რომ კრიზისია რუსულ შოუ-ბიზნესში,მოაკლდატ ბუბას სიმღერები.
givi
01 დეკემბერი 2012 04:32
ეტყობა სხვა ვერავინ დაიტანხმეს,ტანაც იციან ქეტას ფულიც ჭირდება და სახელიც,ტორემ საქარტველოში ვინ რას იტყვის არ უნდა ადარდებდეს.
Tengo Bochorshvili
29 თებერვალი 2012 12:26
გეთანხმებით, სირცხვილია როცა პუტინს უმღერი. მაგრამ შენი ტოლი ბიჭი რო სასაფლაოზე წამებით მოკლა, კორტებთან რო შეუბრალებლად ჩაცხრილა ასევე შენი ტოლი ბიჭი, მიტინგზე რო დაუნდობლოდ გაუსწორდა შენს თანაქალაქელებს და გვამები სახურავზე შემოაგდო, ამ პოლიციას რო უმღერი არ არი სირცხვილი და ამორალურობა? თუ ხელოვნების მსახური ხარ, რაც უნდა კარგი ხელისუფლება გყავდეს ყოველთვის კრიტიკული დამოკიდებულება უნდა გქონდეს მის მიმართ და საერთოდაც პროტესტი ხელოვანის მოვალეობა მგონია მე.

რედაქტორის რჩევით