ქართული მედიის ტრაგიკომედია მთავრობის სხდომათა დარბაზში - ნიკა გილაურთან შეხვედრის დეტალები
03-03-2012
ქართული მედიის ტრაგიკომედია მთავრობის სხდომათა დარბაზში - ნიკა გილაურთან შეხვედრის დეტალები
სოციალური მედიის როლი და გავლენა მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში სულ უფრო იზრდება.
Facebook-ზე უკვე დიდი ყურადღებით ეკიდებიან საკუთარი გვერდების მართვას ხელისუფლების წარმომადგენლებიც. ჩემი დაკვირვებით მათგან ყველაზე აქტიური დავით ბაქრაძის გვერდია, რომელიც პერიოდულად "Facebook-ის მოსახლეობასთან"  "ონლაინ" შეხვედრებიდან "ოფლაინ" შეხვედრებსაც თანხმდება.

2 მარტს, სოციალური მედიის ყველაზე აქტიურ მომხმარებლებთან, ბლოგერებთან შეხვედრა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ნიკა გილაურმა ისურვა. შეხვედრას მეც ვესწრებოდი. იმ ფონზე, როდესაც ჩვენს ქვეყანაში აღმასრულებელ ხელისუფლებასთან შეხვედრისა და შეკითხვების დასმის შესაძლებლობა
არასამთავრობო მედიას თითქმის არ ეძლევა, მერწმუნეთ, შეხვდე პრემიერს ბლოგერის სტატუსით და დასმულ შეკითხვეზე პასუხი მიიღო, დიდი ფუფუნებაა.

შეხვედრა სახელმწიფო  კანცელარიაში, მთავრობის სხდომათა დარბაზში შედგა.
საუბარი რამდენიმე თემას შეეხო, თუმცა ჩემი პოსტი ძირითადად ჩემს მიერ დასმულ შეკითხვას და პრემიერის პასუხს ეძღვნება. იმის გამო, რომ შეხვედრის ეს
ეპიზოდი ძალიან საინტერესო მეჩვენება, გადავწყვიტე ამ საუბრის დეტალები სტენოგრამის ფორმატში შემოგთავაზოთ.


მოგეხსენებათ, რომ წელს პოლიტიკურად ძალიან მნიშვნელოვანი წელია. წინ საპარლამენტო არჩევნები გველის. როგორც სასახელისუფლებო გუნდი ამბობს, საქართველოში აუცილებლად შედგება დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნები. მე დავინტერესდი, თუ როგორ წარმოგუდგენია პრემიერს ქვეყანაში სამართლიანი  არჩევნების ჩატარება იმ ფონზე, როდესაც არ არის დემოკრატიული საარჩევნო გარემო. ვგულისხმობ მედიას, ნაციონალურ მაუწყებლებს, რომლებზეც სრული კონტროლია სახელისუფლებო გუნდისგან.

- როგორ ფიქრობთ, ნაციონალური მაუწყებლებზე სრული კონტროლით, ეძლევათ ერთის მხრივ პოლიტიკურ სუბიექტებს სრულყოფილი საარჩევნო  აგიტაციის, მეორეს მხრივ საქართველოს მოქალაქეებს არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა? - ვკითხე ნიკა გილაურს.

- თქვენი შეკითხვა გასაგებია, თუმცა ნება მიბოძეთ არ დაგეთანხმოთ 2 მარტივი მიზეზის გამო - მიპასუხა პრემიერმა. ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერ დროს, ნებისმიერ არხზე ჩავრთოთ ტელევიზორი და თუ ვერ იპოვით იმ კონკრეტულ მომენტზე რომელიმე არხზე,რომ გვაგინებდნენ ...

პრემიერ-მინისტრს სიტყვა შევაწყვეტინე და  კიდევ ერთხელ დავუკონკრეტე, რომ საუბარი მაქვს ნაციონალურ მაუწყებლებზე, მაშასადამე "იმედზე", "რუსთავი 2"-ზე და "პირველ არხზე".

აქ პრემიერი ხელებს ასავსავებს და ცდილობს დამაჯერებელი ტონით მითხრას: "რას ამბობთ, კაცო, ყველა ნაციონალურ მაუწყებელზე ასეა"... შემდეგ კი  კითხვაზე კითხვითვე მიპასუხა: - ტელევიზორი არ გაქვთ?

ძვირფასო მკითხველო, მე სახლში ტელევიზორი მაქვს, თანაც არც თუ ისე ცუდი, მაგრამ ისე დამაჯერებლად მკითხა პრემიერმა, დავეჭვდი, იქნებ მართა არ მაქვს ტელევიზორითქო. აბა, იმას როგორ დავუშვებდი, რომ პრემიერ-მინისტრი ტყუოდა, როდესაც მიმტკიცებდა, ნაციონალურ მაუწყებლებზე ნებისმიერ დროს რომ ჩართოთ, იქიდან ჩვენს ლანძღვა-გინებას მოისმენთო...

ამის მიუხედავად ვცდილობ არ დავთმო პოზიცია და ”მივაწვე” პრემიერს. ყოველ დღე ხომ არ მეძლევა იმის შანსი, რომ ქვეყნის მეორე პირს ვეკამათო ჩემთვის ასე მტკივნეულ საკითხზე. ვეუბნები, რომ რეგიონებში, სადაც მხოლოდ "იმედი", "რუსთავი 2" და "პირველი არხია", სადაც ჩემი და ალბათ თქვენი მტკიცებითაც, მხოლოდ ხოტბას ასხამენ ხელისუფლებას, რომელიც პრემიერს, გაგიკვირდებათ და ლანძღვა-გინებად ჩაესმის (მე რომ ცუდი ადამიანი ვიყო, პრემიერის პასუხებიდან გამომდინარე, იმასაც კი ვიფიქრებდი , რომ მას არ აკმაყოფილებს "ნაცარხების" ქება-დიდება და მეტს ითხოვს მათგან), მოსახლეობას ალტერნატიული ინფორმაციის მიღების არანაირი შესაძლებლობა არ აქვს.

ვაღიარებ, რომ ძალიან გავბრაზდი, როდესაც ნიკა გილაურმა კვლავ დამიწყო იმის მტკიცება, რომ რეგიონებში და აბსოლუტურად ყველგან, ყველა მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა მიიღოს ხელისუფლების გავლენისგან თავისუფალი ინფორმაცია.

- თუნდაც "რუსთავი 2-ზე", "იმედზეც" და "პირველ არხზეც", რომლებიც სრულიად საქართველოზე მაუწყებლობენ, მანდაც ყოველ ჯერზე არის შემთხვევები, როდესაც ოპოზიცია გამოდის. სამწუხაროდ, ხანდახან ძალიან არაკომპეტენტურად, მაგრამ გვლანძღავენ ან საქართველოს მთავრობის რაიმე მინუსებზე ლაპარაკობენ, მაგრამ ვერ დაგეთანხმებით იმაზე, რომ მასმედია არის ოკუპირებული მთავრობის წარმომადგენლების მიერ.

-  ანუ, თქვენ ამტკიცებთ, რომ მედია საქართველოში თავისუფალია?

"დიახ, თავისუფალია" - მიპასუხა პრემიემა და საკუთარი სიტყვების დასტურად მიმიკით (ტუჩებისა და წარბების კომბინაციით) მანიშნებს, რომ "დიახ, ეს მართლაც ასეა".
- ნუ, რა ვქნა, მე თვითონ ხომ არ გამოვალ და ხომ არ ვიტყვი, რომ რა საშინელი პრემიერ-მინისტრი გვყავსთქო და... რომელიმე სხვა ქვეყნების ტელევიზიებისთვის გიყურებიათ? - მკითხა პრემიერმა.

ძვირფასო მკითხველო, მთელი დღის განმავლობაში მე მართლაც ვუყურებ უცხოურ მედიას. იმიტომ კი არა, რომ მეტი საქმე არ მაქვს, არამედ იმიტომ, რომ სწორედ ეს არის ჩემი საქმე - უცხოეთის სიახლეების მომზადება "პალიტრა ტვ"-სთვის. შესაბამისად, დავუდასტურე პრემიერს, რომ ხშირად ვადევნებ თვალს უცხოურ მედიას და ახლა უკვე დაუფარავი ცინიკური ღიმილით დაველოდე ”დამოუკიდებელი ქართული მედიის” მხარდამჭერ მორიგ უსუსურ არგუმენტს პრემიერისგან.

-  ამერიკაში რომ ჩაფრინდეთ, განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ და CNN-ს და FOX-ს რომ უყუროთ, ამ ორ სხვადასხვა არხს, თითქმის დარწმუნებული იქნებით, რომ ორ სხვადასხვა ქვეყანაში ხართ. საქართველოში ”კავკასიას” რომ უყუროთ და ”იმედს” რომ უყუროთ, აქაც სულ სხვადასხვაა...

მთელი ამ დიალოგის განმავლობაში მეც და სხვა დამსწრე ბლოგერებიც ღიმილით ვისმენდით იმას, თუ როგორ გვიმტკიცებდა პრემიერი მედიასთან დაკავშირებით, რომ თეთრი შავია, თუმცა CNN-ს და FOX-ის და ”კავკასიისა” და ”იმედის” შედარებამ დაგვავიწყა, რომ იმ მაგიდასთან ვიჯექით, სადაც მაღალნი ამა ქვეყნისანი მჭმუნვარე სახით, ქვეყნის ხვალინდელი დღისათვის ბჭობენ და მოურიდებლად გადავიხარხარეთ. მას შემდეგ, რაც სიცილით გული ვიჯერეთ, ერთერთმა ბლოგერმა პრემიერს აუხსნა, რომ სხვა რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, ”კავკასია” მხოლოდ თბილისსა და მის შემოგარენზე, ხოლო ”იმედი” მთელ საქართველოზე მაუწყებლობს და შეუძლებელია მათ ერთმანეთი დააბალანსონ (მით უმეტეს მაშინ, როდესაც ”იმედის” გარდა ხელისუფლებას მთელ საქართველოზე გავლენის მოსაპოვებლად კიდევ ორი იმედი, ”პირველი არხი” და ”რუსთავი 2” ჰყავს)...

როგორც ჩანს, პრემიერს ჩვენმა "გამხიარულებამ" იუმორის გრძნობა კიდევ უფრო გაუღვივა (რომელსაც ნამდვილად ვერ დავუწუნებთ) და იმის დემონსტრირებისთვის, თუ რატომ არ ჰყავს ”კავკასიას” ”იმედზე” მეტი მაყურებელი, დავით აქუბარდიას პაროდია შემოგვთავაზა. ის ეპიზოდიც გაიხსენა, როდესაც აქუბარდიას ”ვიღაც ტიპი” შეუვარდა პირდაპირ ეთერში (რაღა დაგიმალოთ და ამ ეპიზოდზე მეც ყოველთვის გულიანად მეცინება).

-რა ვქნა, მე ხომ არ მივალ ”კავკასიაში” და ხომ არ ვეტყვი, ბატონო აქუბარდია, სხვა ჟურნალისტი მოიყვანეთ, ან კარები მაინც ჩაკეთეთ მეთქი...

ვეთანხმები პრემიერს, ვინ იქნება ”სპექტრის” წამყვანი, აქუბარდია თუ ვინმე სხვა, ან უნდა შეცვალოს თუ არა ”კავკასიამ” საეთეროს კარები, ეს მისი გადასაწყვეტი არ არის, თუმცა ცუდი არ იქნება თუ პრემიერ-მინისტრი ”კავკასიაში” სულ სხვა მიზნით - კითხვებზე პასუხის გასაცემად მივა...

მინდა ვაღიარო, რომ პრემიერის იუმორმა ყველა მოგვხიბლა და ძალიან გაგვამხიარულა, თუმცა პრემიერის მიერ შესრულებული ეს პაროდია იყო იმის ნათელი მაგალითი, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს ხელისუფლებას იმ მედიასაშუალებების მიმართ, რომელიც მათ გავლენის ქვეშ ვერ/არ მოექცა...

ამ თემაზე კიდევ ჩაკითხვას და ამ სრულიად უაზრო პოლემიკის განვრცობას - ქართული მედიის ტრაგედიას, რომელიც პრემიერმა კომედიად აქცია, აზრი აღარ ჰქონდა. თანაც ჩემს გარდა, მთავრობის სხდომათა დარბაზში,  კიდევ არაერთი ბლოგერი იყო, რომლებსაც შეკითხვები ჰქონდათ...

- მე მაინც ვფიქრობ, რომ  ”კავკასია” არ არის ქართული მედიის მთავარი პრობლემა - ვუთხარი პრემიერს და ჩემს შეკითხვაზე მისი პასუხით ძალიან გულდაწყვეტილმა ფურცელზე, სადაც ჩემი ეს შეკითხვა მქონდა ჩანიშნული, ველში, სადაც პრემიერის პასუხი უნდა ჩემეწერა, დიდი ასოებით დავწერე - საშინელი პასუხი!

ცხადია, არ მოველოდი პრემიერისგან აღსარებას, რომ დიახ, ჩვენს ხელისუფლებას ოკუპირებული ჰყავს ნაციონალური მაუწყებლები და დიახ, ამ მოცემულობის ფონზე, წარმოუდგენელია, ქვეყანაში არსებობდეს დემოკრატიული საარჩევნო გარემო, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ოპტიმისტი ადამიანი ვარ, მთლად ასეთ უსუსურ პასუხსაც არ მოველოდი.

გარდა მედიისა, პრემიერთან საუბარი რამდენიმე სხვა საკითხზეც გვქონდა. მთლიანობაში, შემიძლია ვთქვა, რომ ბლოგერების მიერ დასმული შეკითხვები იყო ბევრად მწვავე, ვიდრე ნაციონალური არხების შეკითხვებია, და შესაძლოა, ბევრად სუსტი, ვიდრე არასამთავრობო მედია დასვამდა...

ასეა თუ ისე, პრემიერთან შეხვედრა შედგა. ბლოგერებმა ერთხმად ვაღიარეთ, რომ ეს არის დადებითი ფაქტი და ვისურვეთ, რომ კიდევ მოგვეცეს აღმასრულებელ ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრისა და შეკითხვების დასმის შესაძლებლობა.

ამ პოსტს კი იმ ფრაზებით დავასრულებ, რომელიც სხვადასხვა თემებზე, პრემიერის პასუხებიდან ჩავინიშნე:

-    მისასალმებელია რუსეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმება, რადგან ტურისტების ძირითადი ნაწილი რუსეთიდან შემოდიან...
-    მოსკოვში მიმდინარე პროცესები, გარკვეულ წილად, საქართველოს დამსახურებაა (გულისხმობდა მოსკოვში აგორებულ საპროტესტო ტალღას)...
-    2008 წლის რუსულ აგრესიას რამდენიმე მიზანი ჰქონდა, მათ შორის მუსკულების ათამაშება და დასავლეთის გამოცდა, თუ რა რეაქცია ექნებოდათ მათ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი საბჭოთა კავშირის აღდგენას მოისურვებდა...
-    ბევრი ვიფიქრეთ, რაზე მიგვება ნაგავის გადასახადი და ბოლოს გადავწყვიტეთ, რომ დენზე მიგვება. ეს ყველაზე მარტივი გამოსავალი იყო...
-    რუსები საქართველოში ჩამოდიან და პოლიციას შეგნებულად სთავაზობენ ქრთამს; არ სჯერათ, რომ ქართველი პოლიცია ქრთამს არ იღებს....

მოხარული ვარ, რომ ქართული პოლიცია კრთამს არ იღებს, თუმცა შეგახსენებთ, რომ  სოფელ ქვიშხეთში მცხოვრები სოლომონ ქიმერიძე ხაშურის სამართველოს შენობაში გარდაიცვალა. ახლა ქართული მედიის ის ნაწილი, რომელიც არ/ვერ მოექცა ხელისუფლების გავლენის ქვეშ, იკვლევს - ეს იყო მკვლელობა თუ უბედური შემთხვევა პოლიციის შენობაში!
ადამიანი
20 მარტი 2012 09:43
თამუნააა რატომ არ ყურობ ვანოს შოუს?! )))
tvalsazrisi
05 მარტი 2012 00:55
ამაზეა ნათქვამი: მგელს და ცხვარს სიტყვა "თავისუფლება" სხვადასხვაგვარად ესმითო :)))
გილაური თავისი გუნდის საწინააღმდეგოს არ და ვერ ილამაპრაკებდა ორი მიზეზის გამო; ერთი მიზეზი ისაა, რომ ძალად იყრუებს ყურებს და იბრმავებს თვალებს, მეორე მიზეზი კი ისაა, რომ სიმართლის თქმისთვის სკამთან გამომშვიდობება მოუწევდა და გიჟია?

archil
04 მარტი 2012 14:19
თამყნა გეტყობა ვანოს შოუს არ ყურობ. ისე ხომ იცი გამარჯვებულებს არ ასამართლებენ.

რედაქტორის რჩევით