პატრიარქის პატრიარქატი?
პატრიარქის პატრიარქატი?
კვირა დღე, მეტწილად, ძილში, ლუდის სმასა და ფილმების ყურებაში გავატარე. საღამოხანს მამასთან ერთად საავადმყოფოში, დედაჩემის მოსანახულებლად წავედი. დედამ ოპერაცია გაიკეთა - ფეხში ხელოვნური სახსარი ჩაუსვეს.

საავადმყოფოდან დაბრუნების შემდეგ, სახლში მოსულმა, ფეისბუქი შევამოწმე. ჩემი 1,500 "ფრენდლისტის" "ნიუსფიდზე" ერთი თვალის შევლება საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მივმხვდარიყავი - ჩემი ფეისბუქელი მეგობრების აღშფოთებული, ზოგის ცინიკური, ზოგიერთის კი უცენზურო სტატუსები პატრიარქის საკვირაო ქადაგების გამოძახილი იყო. რამდენიმე სიტყვით, ე.წ. თეგებით რომ შევაჯამო ათეული მეგობრის სტატუსები, დაახლოებით
ასეთ სურათს მივიღებთ:
Tags: პატრიარქი, ქადაგება, ტაშტი, დაბანვა, სექსიზმი, პატრიარქატი...

დღის განმავლობაში ახალი ამბებისთვის არ მიყურებია და თავდაპირველად ბევრს ვერაფერს მივხვდი, სანამ ერთმა ჩემმა მეგობარმა ეს "ნიუსი" არ მომაშველა:
ილია მეორემ მრევლ ქალებს მოუწოდა "დაფიქრდნენ თავიანთ მოვალეობაზე".

"ადამიანის ბედნიერება უპირველესად ერთმანეთის სიყვარული და პატივისცემაა. მაგალითად,
როცა ქმარი მოდის სამსახურიდან, შენ უნდა შესთავაზო დასვენება, უნდა შესთავაზო ფეხების დაბანა, შესთავაზო საჭმელი, სითბო უნდა აჩვენო შენს ქმარს. მინდა კიდევ ერთხელ დაფიქრდეთ თქვენს მოვალეობაზე. დაფიქრდით თქვენს მოვალეობაზე", - განაცხადა პატრიარქმა.
წყარო ამბები.გე

მიუხედავად იმისა, რომ ამ ტექსტში საუბარია წყვილებს შორის სიყვარულსა და პატივისცემაზე, პატრიარქის ქადაგების ამ ეპიზოდმა, როგორც უკვე ავღნიშნე, კრიტიკა დაიმსახურა. იყო ისეთიც, რომელმაც ქილიკით დაწერა, საპატრიარქოს ტაშტების ბიზნესი აქვსო, თუმცა ახლა, ამ პოსტში არა მავანთა, არამედ ჩემს მოსაზრებებზე გიამბობთ...

ჩემი მსჯელობა მსურს ორი, ერთმანეთის საპირისპირო მიმართულებით გავშალო: - ერთში დავეთანხმო მათ, ვინც ამ ფრაზამ განარისხა, მეორეთი კი შევეცდები, ამ სიტყვებს სხვა, რელიგიური კუთხით შეგახედოთ. არა იმიტომ, რომ ორი კურდღლის დაჭერას ვლამობ, არამედ იმიტომ, რომ მიმაჩნია, ყველაზე დამღუპველი კატეგორიული აზროვნებაა. მე მაინც ვფიქრობ, უმჯობესია, მედალს ორივე მხრიდან შევხედოთ და დასკვნები ამის ამის შემდეგ გავაკეთოთ.

ერთი შეხედვით, თუ პატრიარქის ქადაგების ამ ეპიზოდს სიტყვა-სიტყვით, ყოველ სიტყვას პირდაპირი მნიშვნელობით მივიღებთ, შესაძლოა მივიჩნიოთ, რომ  ის შეიცავს სექსისტურ, კონკრეტულად კი პატრიარქატულ მიდგომას ცხოვრებისადმი. მე კი მიმაჩნია, რომ ჩვენს ეპოქაში წარმოუდგენელი და სრულიად არაბუნებრივია პატრიარქატი, ანუ ოჯახური სისტემა, რომელშიც ქალური მამაკაცს არის დამორჩილებული.

პატრიარქისადმი ჩემი პატივისცემის მიუხედავად, ვერ წარმომიდგენია, რომ სახლში მისულს, ჩემმა მომავალმა მეუღლემ, ფეხი დამბანოს;
ვერც ის წარმომიდგენია, რომ, ჩვენს დროში, შესაძლოა, ისეთი ქალის მოძებნა, რომელიც ჩემდამი, როგორც ქმრისადმი პატივისცემას ფეხის დაბანვით დამიდასტურებს;
ისიც რომ დავუშვა, რომ ჩემი მეუღლე თანახმა იყოს, ფეხი დამბანოს, ამ შემთხვევაში მე თავად ვერ წარმომიდგენია, რომ ამან რაიმე სიამოვნება მომანიჭოს. პირიქით, ალბათ ეს ძალიან უხერხული და უსიამოვნო იქნება.

ასევე, შესაძლოა დავეთანხმოთ მოსაზრებას, რომ ზემოთ ნათქვამში (სიტყვების პირდაპირი მნიშვნელობით გაგების შემთხვევაში) არის სექსისტური დამოკიდებულებაც, რომელიც ერთი სქესის მეორეზე დომინირებას აწესებს და გენდერული უთანასწორობის საფუძველს ქმნის...

თუმცა მათ, ვინც ამ სიტყვებმა გააბრაზა, ერთი უმთავრესი რამ ავიწყდებათ -პატრიარქი ილია მეორე მართლმადიდებლური მრევლის წინამძღოლია. შესაბამისად, პატრიარქი ხელმძღვანელობს მართლმადიდებლური მოძღვრებით, რომლის თანახმად ფეხთბანვა ერთგვარი რიტუალია. სახარებაში ნათქვამია, რომ ფეხთბანვის წესი მაცხოვარმა დაადგინა. მან თორმეტივე მოწაფეს ფეხი დაბანა, რათა მათთვის ეჩვენებინა, როგორც ის იმდაბლებდა თავს, ასე ეპატრონებინათ მათ ერთმანეთისთვის. ანუ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფეხთბანვა გულისხმობს ფილოსოფიას - ვინც გემსახურება, ის არის შენზე უპირატესი და არა პირიქით...

ასე რომ, ვიდრე პატრიარქის მიმართვას, ფეხის ბანვასთან დაკავშირებით, ქილიკს დავუწყებდეთ, უნდა გავითვალისწინოთ მართლმადიდებლური მოძღვრება, რომელზე დაყრდნობითაც, ამ სიტყვებით პატრიარქმა მართლმადიდებელ მრევლს, ამ შემთხვევაში მეუღლეებს, სიყვარულსა და პატივისცემისკენ, სიმდაბლეზე, ერთმანეთის მიმართ მზრუნველობასა და პატრონობისკენ მოუწოდა.

ხოდა, ჩემო მეგობრებო, როდესაც ამ ფრაზის გაანალიზებას ვიწყებდი და სხვათა მსგავსად, პატრიარქის ნათქვამის სიტყვა-სიტყვით გაგებას შევეცადე, გამიჭირდა წარმომედგინა, თუ როგორ ბანს ჩემი მართლმადიდებელი დედა, ფეხში ხელოვნური სახსრით, სახლში მოსულ მეუღლეს ფეხებს, თუმცა ზემოთ აღნიშნული მოსაზრებიდან გამომდინარე, სულაც არ გამოვრიცხავ, რომ ეს ფეხთბანვის რიტუალი, როგორც გადატანითი, აგრეთვე პირდაპირი მნიშვნელობით, ჩემს ოჯახში მაინც შედგეს, თუმცა იმ მცირედი სხვაობით, რომ მეუღლეს ფეხი არა დედაჩემმა, არამედ მამაჩემმა დაბანოს იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ დედაჩემს ახლა მეუღლის დახმარება და გვერდში დგომა მართლაც ძალიან სჭირდება.  სჭირდება ბევრ რამეში და მათ შორის ფეხის დაბანვაში და მიმაჩნია, რომ ეს მამაჩემისთვის სულაც არ იქნება დამამცირებელი.
ასე რომ, ვფიქრობ, მეუღლეთა შორის სწორედ ასეთ დამოკიდებულებაზე, ურთიერთპატივისცემასა და დახმარებაზე საუბრობდა პატრიარქი მაშინ, როდესაც თავის საკვირაო ქადაგებაში ფეხთბანვაზე საუბრობდა...
მკითხველის კომენტარი (81)
დათო
03 მაისი 2012 13:28
ამინ!
ღმერთო შენ გვიშველე!!!უფალო დაგვიფარე!!!
03 მაისი 2012 13:02
ღმერთო დიდხანს გვიცოცხლე პატრიარქი!!!ჯანმრთელი გვიმყოფე რათა იმ დიდ საქმეს რასაც საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის აკეთებს დიდხანს ეკეთებინოს.ჯანი და გამძლეობა მიეცი.ამინ!!!
მაკრინე
03 მაისი 2012 12:57
მართლმადიდებლური მოძღვრება ოჯახში მეუღლეებს შორის სიყვარულსა და ურთიერთ პატივისცემას ქადაგებს, რომლის გარეშე ოჯახი ან ინგრევა ან ორი სრულიად უცხო ადამიანი ხოვრობს ერთად ვითომ შვილების გულისათვის. ამ დროს ურთიერთ კინკლაობით და ხშირად შეურაცხოფით შვილებს ცხოვრებას უმახინჯებენ, ზუსტად ამ პატივისცემისაკენ მოგვიწოდა პატრიარქმა. და არა მონობისა და დამცირებისაკენ. ოჯახის წევრის თანადგომა თუ არ შეგიძლია სხვას როგორ გაუწვდი დახმარების ხელს?
goga
03 მაისი 2012 11:14
Paatas
როგორ გაბედე და განსხვავებული აზრი გამოთქვი? ნუთუ არ იცი რომ ჩვენს ქვეყანაში არა თუ პატრიარქი არამედ „პუსტა–პუსტა“მამაოც კი არასდროს სცდება და ისინი ღმერთები,ან ღმერთებზე უფრო დიდები არან? მათ აქვთ ულება ურიგოდ წავიდნენ იქ სადაც შენ რიგში უნდა იდგე? მათ შეუძლიათ თავიანთი ჯიპებით დაარღვიონ ნებისმიერი მოძრაობის წესი და პატრული ვალდებულია ხმა არ გასცეს. და ა.შ. და ა.შ.
შენ სატანისტი იქნები,ან მასონი და სამშობლოს მტერი. აბა „ჭეშმარიტ პატრიოტ ქართველს“ ვინ მისცა ულება ისე არ ფიქრობდეს როგორც მამაოებს მიაჩნიათ საჭიროდ?
მიდით თანამედროვე ინკვიზიცხიის ჯალათებო, ჩაქოლეთ,დაწვით,გაანადგურეთ პაატა და ყველა მათნაირები. ყოველივე ეს დიდმორწმუნეობისა და ღვთისმოყვარულობის სახელით ჩაიდინეთ. ვინც ყველაზე მწვავე კომენტარს დადებს „სამოთხის საშვი“ გარანტირებული აქვს.
ვაი თქვე საცოდავებო და ვაი საქართველოსთქვენს ხელში
Qartveli
03 მაისი 2012 10:58
ენა არ გქონდეთ თქვენ ყვავი წაგიღებდათ!!! ყველაფერი თქვენ როგორც გინდა ისე როგორ უნდა გაიგოთ?!! თქვენი აზრით პატრიარქმა ის თქვა,რომ ცოლი მონად უნდა გყვადესო?!!! ვაი ჩვენს პატრონს,მართლა თუ ესე გაიგო ვინმემ !!! და არც ის უთქვამს,რომ პატრიარქატი უნდა იყოსო,მან თქვა ცოლის მოვალეობაზე!!! ზუსტადაც სწორი თქვა,ოჯახში უფროს ქმარი უნდა იყოს,რომ ოჯახი - ოჯახს ჰგავდეს! ის,აროს კარგი ხომ სახლში რო დაბრუნდება კაცი და მისი ცოლი სიგარეტს,რომ ეწევა და პირში მიაბოლებს და არ თქვათ ეხლა ესე არ ხდება ბევრგანო!!! ცოტა დაფიქრდით ვინ,რა და როდის უნდა აკრიტიკოთ!!!
Giorgipirweli
03 მაისი 2012 10:09
ლადო, გეთანხმები, ეკლესია არის ერთი მხრივ ღვთის სახლი, რომელიც ნამდვილად ხელშეუხებელია და მეორე მხრივ სოციალური წარმონაქმნი, რომელშიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან გაერთიანებული და რასაკვირველია ისინი უცოდველები ვერ იქნებიან და არც მათი ზომიერად და ზრდილობიანად გაკრიტიკებაა მომაკვდინებელი ცოდვა. თუმცა, ამ კონკრეტულ შემთხვევას რაც შეეხება, კიდევ გავიმეორებ, "კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდა".
Giorgipirweli
03 მაისი 2012 10:05
"კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდა" - სანამ პატრიარქის ამ ქადაგებაზე ერთ ამბავს ატეხდეთ, მისი ეპისტეოლეები და სზვა ქადაგებები წაიკითხეთ და მიხვდებით, რომ პატრიარქი საკმაოდ პროგრესული ადამიანია!
zura
03 მაისი 2012 00:38
საზოგადოდ, რომელიმე ადამიანის განკითხვა (გაკრიტიკება) ისეთი ადამიანის პრეროგატივაა, ვინც მასზე ოდნავ მაინც მაღლა დგას. პატრიარქის გამკრიტიკებლები გვანან ლექსსენს, რომელიც პავაროტის გაკრიტიკებას ცდილობს. იქნებ მორჩეთ ყველანი, საქმე არ გაქვთ ? ძაღლი ჰყეფს, ქარავანი (ეკლესია და პატრიარქი) მიდის
giga
03 მაისი 2012 00:22
lado სასაცილოა შენი კომენტარი. აზრის გამოთქმასა და ლანძღვას შორის დიდი განსხვავებაა. ვინმემ შეურაცყოფა რომ მოგაყენოს იმას იტყვი თავისუფალი აზრი გამოთქვაო?

ეს ნაძირალა PAATA შეურაცყოფას აყენებს ეკლესიას და მართმადიდებელ ხალხს, ამიტომ საჭიროა მასთან ხისტი მოპყრობა.

თუ შენ ეკლესიის დაცვა ინკვიზიცია გგონია, ცუდად გქონია საქმე.
ვიღაც-ვიღაცეებს შეუძლიათ არ წამდეთ ღმერთი, მაგრამ საჯარო შეურაცყოფა დასაგმობია.

ქრისტიანის ვალია დაიცვას ეკლესია!
lado
02 მაისი 2012 23:47
გიგა კარგია რომ გგონია ნამდვილი მართმადიდებელი ხარ, (მეც მგონია, რომ ვარ )მაგრამ რატომ განიკითხავ, მან ის თქვა როგორც ჰგონია. სხვას ნაკომუნისტარს უწოდებ და თვითონ უარეს,ინკვიზიტორის როლში გამოდიხარ. ყველამ ვაცალოთ ერთმანეთს აზრის გამოთქმა. აქვე ჩემს აზრსაც დავამატებ: ნებისმიერი ინსტიტუტი რომელიც ხელშეუხებლად გამოცხადდება და კრიტიკიკული თვალით არ შევხედავთ განწირულია იმისათვის რომ ჭაობად იქცეს, რადგან ყველა ინსტიტუტს ადამიანები, ჩვეულებრივი მოკვდავი ადამიანები მართავენ.

რუბრიკის სხვა სიახლეები