პატრიარქის პატრიარქატი?
პატრიარქის პატრიარქატი?
კვირა დღე, მეტწილად, ძილში, ლუდის სმასა და ფილმების ყურებაში გავატარე. საღამოხანს მამასთან ერთად საავადმყოფოში, დედაჩემის მოსანახულებლად წავედი. დედამ ოპერაცია გაიკეთა - ფეხში ხელოვნური სახსარი ჩაუსვეს.

საავადმყოფოდან დაბრუნების შემდეგ, სახლში მოსულმა, ფეისბუქი შევამოწმე. ჩემი 1,500 "ფრენდლისტის" "ნიუსფიდზე" ერთი თვალის შევლება საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მივმხვდარიყავი - ჩემი ფეისბუქელი მეგობრების აღშფოთებული, ზოგის ცინიკური, ზოგიერთის კი უცენზურო სტატუსები პატრიარქის საკვირაო ქადაგების გამოძახილი იყო. რამდენიმე სიტყვით, ე.წ. თეგებით რომ შევაჯამო ათეული მეგობრის სტატუსები, დაახლოებით
ასეთ სურათს მივიღებთ:
Tags: პატრიარქი, ქადაგება, ტაშტი, დაბანვა, სექსიზმი, პატრიარქატი...

დღის განმავლობაში ახალი ამბებისთვის არ მიყურებია და თავდაპირველად ბევრს ვერაფერს მივხვდი, სანამ ერთმა ჩემმა მეგობარმა ეს "ნიუსი" არ მომაშველა:
ილია მეორემ მრევლ ქალებს მოუწოდა "დაფიქრდნენ თავიანთ მოვალეობაზე".

"ადამიანის ბედნიერება უპირველესად ერთმანეთის სიყვარული და პატივისცემაა. მაგალითად,
როცა ქმარი მოდის სამსახურიდან, შენ უნდა შესთავაზო დასვენება, უნდა შესთავაზო ფეხების დაბანა, შესთავაზო საჭმელი, სითბო უნდა აჩვენო შენს ქმარს. მინდა კიდევ ერთხელ დაფიქრდეთ თქვენს მოვალეობაზე. დაფიქრდით თქვენს მოვალეობაზე", - განაცხადა პატრიარქმა.
წყარო ამბები.გე

მიუხედავად იმისა, რომ ამ ტექსტში საუბარია წყვილებს შორის სიყვარულსა და პატივისცემაზე, პატრიარქის ქადაგების ამ ეპიზოდმა, როგორც უკვე ავღნიშნე, კრიტიკა დაიმსახურა. იყო ისეთიც, რომელმაც ქილიკით დაწერა, საპატრიარქოს ტაშტების ბიზნესი აქვსო, თუმცა ახლა, ამ პოსტში არა მავანთა, არამედ ჩემს მოსაზრებებზე გიამბობთ...

ჩემი მსჯელობა მსურს ორი, ერთმანეთის საპირისპირო მიმართულებით გავშალო: - ერთში დავეთანხმო მათ, ვინც ამ ფრაზამ განარისხა, მეორეთი კი შევეცდები, ამ სიტყვებს სხვა, რელიგიური კუთხით შეგახედოთ. არა იმიტომ, რომ ორი კურდღლის დაჭერას ვლამობ, არამედ იმიტომ, რომ მიმაჩნია, ყველაზე დამღუპველი კატეგორიული აზროვნებაა. მე მაინც ვფიქრობ, უმჯობესია, მედალს ორივე მხრიდან შევხედოთ და დასკვნები ამის ამის შემდეგ გავაკეთოთ.

ერთი შეხედვით, თუ პატრიარქის ქადაგების ამ ეპიზოდს სიტყვა-სიტყვით, ყოველ სიტყვას პირდაპირი მნიშვნელობით მივიღებთ, შესაძლოა მივიჩნიოთ, რომ  ის შეიცავს სექსისტურ, კონკრეტულად კი პატრიარქატულ მიდგომას ცხოვრებისადმი. მე კი მიმაჩნია, რომ ჩვენს ეპოქაში წარმოუდგენელი და სრულიად არაბუნებრივია პატრიარქატი, ანუ ოჯახური სისტემა, რომელშიც ქალური მამაკაცს არის დამორჩილებული.

პატრიარქისადმი ჩემი პატივისცემის მიუხედავად, ვერ წარმომიდგენია, რომ სახლში მისულს, ჩემმა მომავალმა მეუღლემ, ფეხი დამბანოს;
ვერც ის წარმომიდგენია, რომ, ჩვენს დროში, შესაძლოა, ისეთი ქალის მოძებნა, რომელიც ჩემდამი, როგორც ქმრისადმი პატივისცემას ფეხის დაბანვით დამიდასტურებს;
ისიც რომ დავუშვა, რომ ჩემი მეუღლე თანახმა იყოს, ფეხი დამბანოს, ამ შემთხვევაში მე თავად ვერ წარმომიდგენია, რომ ამან რაიმე სიამოვნება მომანიჭოს. პირიქით, ალბათ ეს ძალიან უხერხული და უსიამოვნო იქნება.

ასევე, შესაძლოა დავეთანხმოთ მოსაზრებას, რომ ზემოთ ნათქვამში (სიტყვების პირდაპირი მნიშვნელობით გაგების შემთხვევაში) არის სექსისტური დამოკიდებულებაც, რომელიც ერთი სქესის მეორეზე დომინირებას აწესებს და გენდერული უთანასწორობის საფუძველს ქმნის...

თუმცა მათ, ვინც ამ სიტყვებმა გააბრაზა, ერთი უმთავრესი რამ ავიწყდებათ -პატრიარქი ილია მეორე მართლმადიდებლური მრევლის წინამძღოლია. შესაბამისად, პატრიარქი ხელმძღვანელობს მართლმადიდებლური მოძღვრებით, რომლის თანახმად ფეხთბანვა ერთგვარი რიტუალია. სახარებაში ნათქვამია, რომ ფეხთბანვის წესი მაცხოვარმა დაადგინა. მან თორმეტივე მოწაფეს ფეხი დაბანა, რათა მათთვის ეჩვენებინა, როგორც ის იმდაბლებდა თავს, ასე ეპატრონებინათ მათ ერთმანეთისთვის. ანუ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფეხთბანვა გულისხმობს ფილოსოფიას - ვინც გემსახურება, ის არის შენზე უპირატესი და არა პირიქით...

ასე რომ, ვიდრე პატრიარქის მიმართვას, ფეხის ბანვასთან დაკავშირებით, ქილიკს დავუწყებდეთ, უნდა გავითვალისწინოთ მართლმადიდებლური მოძღვრება, რომელზე დაყრდნობითაც, ამ სიტყვებით პატრიარქმა მართლმადიდებელ მრევლს, ამ შემთხვევაში მეუღლეებს, სიყვარულსა და პატივისცემისკენ, სიმდაბლეზე, ერთმანეთის მიმართ მზრუნველობასა და პატრონობისკენ მოუწოდა.

ხოდა, ჩემო მეგობრებო, როდესაც ამ ფრაზის გაანალიზებას ვიწყებდი და სხვათა მსგავსად, პატრიარქის ნათქვამის სიტყვა-სიტყვით გაგებას შევეცადე, გამიჭირდა წარმომედგინა, თუ როგორ ბანს ჩემი მართლმადიდებელი დედა, ფეხში ხელოვნური სახსრით, სახლში მოსულ მეუღლეს ფეხებს, თუმცა ზემოთ აღნიშნული მოსაზრებიდან გამომდინარე, სულაც არ გამოვრიცხავ, რომ ეს ფეხთბანვის რიტუალი, როგორც გადატანითი, აგრეთვე პირდაპირი მნიშვნელობით, ჩემს ოჯახში მაინც შედგეს, თუმცა იმ მცირედი სხვაობით, რომ მეუღლეს ფეხი არა დედაჩემმა, არამედ მამაჩემმა დაბანოს იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ დედაჩემს ახლა მეუღლის დახმარება და გვერდში დგომა მართლაც ძალიან სჭირდება.  სჭირდება ბევრ რამეში და მათ შორის ფეხის დაბანვაში და მიმაჩნია, რომ ეს მამაჩემისთვის სულაც არ იქნება დამამცირებელი.
ასე რომ, ვფიქრობ, მეუღლეთა შორის სწორედ ასეთ დამოკიდებულებაზე, ურთიერთპატივისცემასა და დახმარებაზე საუბრობდა პატრიარქი მაშინ, როდესაც თავის საკვირაო ქადაგებაში ფეხთბანვაზე საუბრობდა...
მკითხველის კომენტარი (81)
giga
02 მაისი 2012 22:58
PAATA შე ნაძირალავ! როგორ ბედავ ეკლესიაზე აუგად ლაპარაკს! შენ ვინ ხარ ქრისტიანებს ჭკუას რომ ასწავლი ურა ბოლშევიკივით.

შენ ვინ აგდიხარ, რო განსაზღვრო ჩაერიოს უნდა თუ არა ეკლესია სახელმწიფოს საქმეებში. დემოკრატია არის უმრავლესობის ნება. შენ და შენნაირი ნაკომუნისტარები ვინ მიგდიხართ რომ უმრავლესობას საკუთარ იდეებს ახვევთ თავზე?!

შენნაირი არამზადები იყვნენ კომუნისტები, მსგავსება ერთი-ერთზეა.

სასაცილოა შენნაირი სატანისტური იდეების ადამიანი ქრისტიანობის არსზე რომ საუბრობ. ალბათ ლუციფერი აღფრთოვანებულია შენი აზრებით.
lia
02 მაისი 2012 22:54
ვაი იმის პატრონს ვინც ვერ მიხვდა პატრიარქის ნატქვამს პატრიარქმა მოგვიწოდა ერთგულებისკენ და სიყვარულისკენ დღეს ქალები რომ კაცებზე ბევრ ცუდს აკეთებენ არ გაგიგიათ?ვინ ვერ გაიგო ზისტად იმათზეა გათვლილი პატრიარქის ნათქვამი
vai chvens patrons!
02 მაისი 2012 19:14
ძალიან სუსტი სტატიაა, ჩამოუყალიბებელი და მოუხარშავი კარტოფილის გემოს ტოვებს:)თუ პიარის მიზნით დაიწერა ეს სტატია ძალიან ცუდად გათვლილი თემაა, კი, გაკეთდებოდა რაღაც, მეტი გამბედაობა რომ ჰყოფნოდა ავტორს. ძალიან მეცინება ამ თემაზე, ფეხები რომ დაგბანოთ ცოლმა ეს-როგორ და ის ურთიერთობის ფორმები რაც ცოლებთან გაქვთ(უმრავლესობას) ეგ -დასაშვებია, ხო?:) მეტი სიფრთხილე გამოვიჩინოთ ადამიანებო ესეთ თემებზე როცა ვაკეთებთ კომენტარს, სხვა თუ არაფერი თქვენი მდარე აზროვნების და გაუნათლებლობის გამო მაინც შეიკავეთ თავი:)
PAATA
02 მაისი 2012 18:04
გასაგებია ჩემმა კომენტარმა ასეთი ზიზღნარევი ისტერიკა რატომაც გამოიწვია! პატრიარქი არის აბსოლიტურად ტაბუდადებული თემა საქართველოში. სამწუხაროდ პატრიარქის კრიტიკა ღვთის ან რელიგიის ლანძღვად აღიქმება! პირადად მე შევეცადე მეთქვა რომ სამწუხაროდ ვერ ვხედავ რაიმე კავშირს ქრისტეს ქადაგებასთან და დღევანდელი ეკლესიური პირების მოღვაწეობასთან და საერთოდ მათ ცხოვრების წესთან მეთქი.
ერთ ერთმა მკითხველმა დაწერა: "შენ პატრიარქის მერსედესი შეგშურებია, საერთოდ უნდა იცოდე რომ არსებობს ხალხი ვისთვისაც ძვირად ღირებული მანქანა არაფერს არ წარმოადგენსო".
მოდით ვთქვათ რომ მე ერთ უბრალო ცოდვილს, ერთ უბრალო არარაობას (როგორც ალბათ თქვენ მიწოდებდით) შემშურდა! მაგრამ ნუ იფიქრებთ მხოლოდ იმაზე თუ ვის რა შურს, დაფიქრდით ასევე თუ რატო მისცა პატრიარქმა და სხვა სასულიერო პირებმა საზოგადოების თუნდაც უმნიშვნელო ნაწილს შურის საბამი! თუ კი ნამდვილი ქრისტიანი ხარ უნდა გახსოვდეს რომ ქრისტეს ასეთი საბამი არავისთვის არასოდეს არ მიუცია! ალბათ "მაგარი" ეტლი არც ქრისტესთვის არ წარმოედგენდა რამეს მაგრამ მან არჩია სახედარზე ჯდომა! მას მისი ადამიანური ცხოვრების ყველაზე კრიტიკულ პერიოდში, ე.ი. როდესაც მას სჯიდნენ (ასამართლებდნენ) უბრალო მონეტაც კი არ აღმოაჩნდა თან და ის სხვისგან ითხოვა.
თუმცა ძვირფასო მკითხველო დამერწმუნე აქ შური არაფერ შუაშია, ჩემი პროტესტი იმაში მდგომარეობს რომ ხალხი და ზოგადად ის ორგანო რომელიც თანასწორობის მაგალითი უნდა იყვეს არიან განსახიერება უთანასწორობის და რაც ყველაზე დასანანია ისინი ამას სჩადიან ღმერთის, რელიგიის და სამშობლოს სიყვარულის სახელზე! და ერთი ადამიანი რომ იყვეს კიდე ჰო! აქ საუბარია ათასობით ასეთ გაიძვერაზე! ასეთ პირობებში დაუშვებელია რომ ისინი პოლიტიკაში ასე უხეშად ერეოდნენ! მათი ქმედება არის არაქრისტიანული! დამისახელეთ თუნდაც ერთი ამონარიდი იმ სახარებიდან რომელსაც სხვათა შორის თავად ავტორიც იშველიებს თავისი აზრის არგუმენტირებისათვის სადაც ქრისტე ამართლებს სასულიერო პირთა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევას! პირიქით ის ამას ეწინააღმდეგებოდა!
ქალთა და კაცთა გენდერული თანასწორობა არის საქართველოს კონსტიტუციით დეკლარირებული, ეს არის თითოეული მოქალაქის უფლება და ამას პატივი უნდა სცეს ყველამ! მათ შორის ქვეყნის პატრიარქმაც!
სამწუხაროდ ჩვენ ვიზრდებით ისე რომ ჩვენი იდეოლოგიური ან რელიგიური არჩევანის უფლება არ გვაქვს! ყველაფერი ისეთ საზოგადოებებში როგორიც ქართული საზოგადოებაა არის წინასწარ განსაზღვრული! ჩვენ ვლანძღავთ ნაც. მოძრაობას იმის გამო რომ ისინი ეწევიან პოლიტიკურ დევნას განსხვავებული მოსაზრებების ადამიანთა წინააღმდეგ მაგრამ ვერ ვხვდებით რომ თავად ჩვენ ყოველ დღე ვახდენთ იმის დემონსტრირებას თუ როგორ შეიძლება გზიზღდეს, გძულდეს და დევნო განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები!
საერთოდ ეკლესია არა მხოლოდ საქართველოში არამედ მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში მისი ლიბერალური მიდგომით არ გამოირჩევა, არც თავისუფალი აზრის მიმართ ტოლერანტობით არც გენდერული თანასწორობის მიმდევრებზე უნათდება გული!
ეკლესიის იდეოლოგია არის ის რომ რაც უფრო სქელ კონსერვის ქილას მონახავ, რაც უფრო მეტ ხალხს ჩაყრი შიგნით და რაც უფრო კარგად მოხუფავ თავს ...მით უკეთესი!!!
ეკლესია არც მისი არსით და არც ინსტიტუციონალურად არ არი დემოკრატიული ორგანო არც ერთ სახელმწიფოში და ამ მხრივ ჩვენი ქვეყანა გამონაკლისი ნამდვილად არ არი! თუმცა აქვე უნდა ითქვას რომ საქართველოსგან განსხვავებით სხვა ქვეყნებში არსებობს ეკლესიური და პოლიტიკური საქმინობების მკვეთრი და ძალიან მკაცრი გამიჯვნა და ეკლესია გამუდმებით პოლიტიკაში ხელებს არ უფათურებს როგორც ეს სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში ხდება!
ამ ხალხს რო ოდნავ მაინც ნამუსი ქონდეს დემოკრატიაზე საერთოდ კრინტს არ დაძრავდა! თავად თვითონ, მათი "მრევლი" და ვითომ ქრისტიანები არიან ყველაზე მეტად ანტიდემოკრატიულად განწყობილი ფენა ქვეყანაში! ამ ხალხს თავისუფლების არაფერი ესმის! ამ ხალხს მხოლოდ სხვისი ლანძღვა ეხერხება (რაც სხვათა შორის ამ სტატიის ქვემოთ მოყვანილ თავიანთ კომენტარებშიც კარგად გამოჩნდა)! მაპატიეთ მაგრამ არც ერთი თქვენგანი არ გავს ისეთ ადამიანს რომელსაც ერთ ლოყაში გაარტყავ და მეორეს შემოგიშვერს! მეორე შეუშვიროთ კი არა თქვენ დიდი სიხარულით ჩაქოლავდით, დაგლეჯდით და თვალებს ამოუღებდით ადამიანს ოღონდ თქვენი პირადი კეთილდღეობა გაგენაღდებინათ!!!
P.S.
მადლობა დავითს რო ორი უჯრედი მაინც დამიტოვა. სულ არაფერს მაინც ჯობია! ცალ უჯრედიანი რომ ეთქვა ესეც არ მეწყინებოდა! უჯრედებს გამრავლების უნარი აქვთ. ჯერ ერთია, მერე 2, მერე 4 მერე 8 და ა.შ. და ა.შ. ყველა ადამინის სიციცხლე ერთი უჯრედიდან იწყება! ანუ ჩვენ დავით როცა შენ ორ უჯრედს შეადგენდი (ერთ დროს... ალბათ დიდი ხნის წინათ) რაღაც საერთო გვქონდა!
აი უუჯრედო ხარო რო გეთქვა ეს უკვე ლანძღვად ჩაგეთვლებოდა.
დათო შენ კინაღამ ცოდვა ჩაიდინე! ბეწვზე ხარ გადარჩენილი!
Lela
02 მაისი 2012 16:45
თუ ცოლი მუშაობს და ქმარი სახლში ზის, ან თუ ცოლს უფრო დამღლელი სამუშაო აქვს, მაინც ცოლმა უნდა დაბანოს ქმარს ფეხები? ცოტათი დროს ჩამორჩა ჩვენი პატრიარქი.
ku2
02 მაისი 2012 16:40
ამ წერილიდანაც და კომენტარებიდანაც ჩანს რომ ახალგაზრდობის დიდი ნაწილი გაუნათლებელი და ყოყლოჩინები არიან! მათ არ უნდათ შეისმინონ თავიანთი უფროსების შეგონებები. ჰოდა კუნტრუშა და უგნურ კვიცს რაც ემართება, ყველას კარგად მოეხსენება!!!!
მერაბი
02 მაისი 2012 15:41
მე მგონია რომ ვისაც როგორ უნდა ისე იგებს ყველაფერს.
თუ ცოლი ფეხს არ დაბანს ქმარს, ის მაინც უთხრას "აბანო ხომ არ გინდა", საჭმელი შესთავაზოს და თუნდაც ტკბილი სიტყვით ასიამოვნოს.
ასეთ ცოლს ქმარიც ასეთივე სიყვარულით უპასუხებს და ჰარმონიაც ამაშია.
ისე ვისაც როგორ უნდა ისე გაიგოს, ჭეშმარიტი ქრისტიანი მიხვდება პატრიარქის ნათქვამის აზრს.
ninia
02 მაისი 2012 15:28
...;რატომ იძახით, რომ მეუღლეს ფეხებს არ დავაბანინებო?,. მე პირადად არაერთხელ გამიკეთებია ეს მეუღლისთვის, როცა სამუშაოდან დაღლილი მოსულა. და სულაც არ მიმაჩნია სათაკილოდ, ამით ადამიანი პატივისცემას და სიყვარულს გამოხატავს და თავისდამამცირებლად და ქმრის მორჩილების გამოხატვის ნიშნად სულაც არ მიმაჩნია,. რა აარის ამაში ცუდი?. ასე რომ პატრიარქის ქადაგება ყველა ვარიანტში დიდი სირძნეა, ოღონდ მსმენელს უნდა ქონდეს ნათელი გონება და სიყვარულით სავსე გული
Tamari
02 მაისი 2012 14:42
"მეუღლეთა შორის სწორედ ასეთ დამოკიდებულებაზე, ურთიერთპატივისცემასა და დახმარებაზე საუბრობდა პატრიარქი მაშინ, როდესაც თავის საკვირაო ქადაგებაში ფეხთბანვაზე საუბრობდა..." თუ ურთიერთპატივისცემას გულისხმობდა, მაშინ უნდა ეთქვა, ერთმანეთს დაბანეთ ფეხებიო, და არა, ცოლმა ქმარს დაბანოსო. თუმცა გასაკვირი არაფერი იყო ჩემთვის მაგ ქადაგებაში,და ვერ ვხვდები, რატომ გაუკვირდათ. გეთანხმები, პატრიარქმა ისე ისაუბრა, როგორც მართლმადიდებელთა წინამძღვარმა. სხვას არც ველოდი. როდის იყო ჩვენი ეკლესია გენდერულ თანასწორობას ქადაგებდა?
მამა ღმერთი
02 მაისი 2012 14:10
სგ სგ, პააატა. იმაზე,რ აც შენ დაწერე, არავინ ფიქრობს, სამწუხაროდ.

სტატიის ავტორს მინდა ვუსურვო, რომ აწი ორის ნაცვლად ერთი აზრი ჰქოდეს ერთ კონკრეტულ საკითხე. ანალიზი კი მომეწონა, მაგრამ მაინც ვერ გავიგე, რომელს ემხრობა ამ ორი ინტერპრეტაციიდან.

ხოლო ვისაც ასეთი სტატიები/კომენტარები ნერვებს უშლის, მოუსმინეთ ქადაგებებს და დამშვიდდებით ;)

რუბრიკის სხვა სიახლეები