პატრიარქის პატრიარქატი?
პატრიარქის პატრიარქატი?
კვირა დღე, მეტწილად, ძილში, ლუდის სმასა და ფილმების ყურებაში გავატარე. საღამოხანს მამასთან ერთად საავადმყოფოში, დედაჩემის მოსანახულებლად წავედი. დედამ ოპერაცია გაიკეთა - ფეხში ხელოვნური სახსარი ჩაუსვეს.

საავადმყოფოდან დაბრუნების შემდეგ, სახლში მოსულმა, ფეისბუქი შევამოწმე. ჩემი 1,500 "ფრენდლისტის" "ნიუსფიდზე" ერთი თვალის შევლება საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მივმხვდარიყავი - ჩემი ფეისბუქელი მეგობრების აღშფოთებული, ზოგის ცინიკური, ზოგიერთის კი უცენზურო სტატუსები პატრიარქის საკვირაო ქადაგების გამოძახილი იყო. რამდენიმე სიტყვით, ე.წ. თეგებით რომ შევაჯამო ათეული მეგობრის სტატუსები, დაახლოებით
ასეთ სურათს მივიღებთ:
Tags: პატრიარქი, ქადაგება, ტაშტი, დაბანვა, სექსიზმი, პატრიარქატი...

დღის განმავლობაში ახალი ამბებისთვის არ მიყურებია და თავდაპირველად ბევრს ვერაფერს მივხვდი, სანამ ერთმა ჩემმა მეგობარმა ეს "ნიუსი" არ მომაშველა:
ილია მეორემ მრევლ ქალებს მოუწოდა "დაფიქრდნენ თავიანთ მოვალეობაზე".

"ადამიანის ბედნიერება უპირველესად ერთმანეთის სიყვარული და პატივისცემაა. მაგალითად,
როცა ქმარი მოდის სამსახურიდან, შენ უნდა შესთავაზო დასვენება, უნდა შესთავაზო ფეხების დაბანა, შესთავაზო საჭმელი, სითბო უნდა აჩვენო შენს ქმარს. მინდა კიდევ ერთხელ დაფიქრდეთ თქვენს მოვალეობაზე. დაფიქრდით თქვენს მოვალეობაზე", - განაცხადა პატრიარქმა.
წყარო ამბები.გე

მიუხედავად იმისა, რომ ამ ტექსტში საუბარია წყვილებს შორის სიყვარულსა და პატივისცემაზე, პატრიარქის ქადაგების ამ ეპიზოდმა, როგორც უკვე ავღნიშნე, კრიტიკა დაიმსახურა. იყო ისეთიც, რომელმაც ქილიკით დაწერა, საპატრიარქოს ტაშტების ბიზნესი აქვსო, თუმცა ახლა, ამ პოსტში არა მავანთა, არამედ ჩემს მოსაზრებებზე გიამბობთ...

ჩემი მსჯელობა მსურს ორი, ერთმანეთის საპირისპირო მიმართულებით გავშალო: - ერთში დავეთანხმო მათ, ვინც ამ ფრაზამ განარისხა, მეორეთი კი შევეცდები, ამ სიტყვებს სხვა, რელიგიური კუთხით შეგახედოთ. არა იმიტომ, რომ ორი კურდღლის დაჭერას ვლამობ, არამედ იმიტომ, რომ მიმაჩნია, ყველაზე დამღუპველი კატეგორიული აზროვნებაა. მე მაინც ვფიქრობ, უმჯობესია, მედალს ორივე მხრიდან შევხედოთ და დასკვნები ამის ამის შემდეგ გავაკეთოთ.

ერთი შეხედვით, თუ პატრიარქის ქადაგების ამ ეპიზოდს სიტყვა-სიტყვით, ყოველ სიტყვას პირდაპირი მნიშვნელობით მივიღებთ, შესაძლოა მივიჩნიოთ, რომ  ის შეიცავს სექსისტურ, კონკრეტულად კი პატრიარქატულ მიდგომას ცხოვრებისადმი. მე კი მიმაჩნია, რომ ჩვენს ეპოქაში წარმოუდგენელი და სრულიად არაბუნებრივია პატრიარქატი, ანუ ოჯახური სისტემა, რომელშიც ქალური მამაკაცს არის დამორჩილებული.

პატრიარქისადმი ჩემი პატივისცემის მიუხედავად, ვერ წარმომიდგენია, რომ სახლში მისულს, ჩემმა მომავალმა მეუღლემ, ფეხი დამბანოს;
ვერც ის წარმომიდგენია, რომ, ჩვენს დროში, შესაძლოა, ისეთი ქალის მოძებნა, რომელიც ჩემდამი, როგორც ქმრისადმი პატივისცემას ფეხის დაბანვით დამიდასტურებს;
ისიც რომ დავუშვა, რომ ჩემი მეუღლე თანახმა იყოს, ფეხი დამბანოს, ამ შემთხვევაში მე თავად ვერ წარმომიდგენია, რომ ამან რაიმე სიამოვნება მომანიჭოს. პირიქით, ალბათ ეს ძალიან უხერხული და უსიამოვნო იქნება.

ასევე, შესაძლოა დავეთანხმოთ მოსაზრებას, რომ ზემოთ ნათქვამში (სიტყვების პირდაპირი მნიშვნელობით გაგების შემთხვევაში) არის სექსისტური დამოკიდებულებაც, რომელიც ერთი სქესის მეორეზე დომინირებას აწესებს და გენდერული უთანასწორობის საფუძველს ქმნის...

თუმცა მათ, ვინც ამ სიტყვებმა გააბრაზა, ერთი უმთავრესი რამ ავიწყდებათ -პატრიარქი ილია მეორე მართლმადიდებლური მრევლის წინამძღოლია. შესაბამისად, პატრიარქი ხელმძღვანელობს მართლმადიდებლური მოძღვრებით, რომლის თანახმად ფეხთბანვა ერთგვარი რიტუალია. სახარებაში ნათქვამია, რომ ფეხთბანვის წესი მაცხოვარმა დაადგინა. მან თორმეტივე მოწაფეს ფეხი დაბანა, რათა მათთვის ეჩვენებინა, როგორც ის იმდაბლებდა თავს, ასე ეპატრონებინათ მათ ერთმანეთისთვის. ანუ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფეხთბანვა გულისხმობს ფილოსოფიას - ვინც გემსახურება, ის არის შენზე უპირატესი და არა პირიქით...

ასე რომ, ვიდრე პატრიარქის მიმართვას, ფეხის ბანვასთან დაკავშირებით, ქილიკს დავუწყებდეთ, უნდა გავითვალისწინოთ მართლმადიდებლური მოძღვრება, რომელზე დაყრდნობითაც, ამ სიტყვებით პატრიარქმა მართლმადიდებელ მრევლს, ამ შემთხვევაში მეუღლეებს, სიყვარულსა და პატივისცემისკენ, სიმდაბლეზე, ერთმანეთის მიმართ მზრუნველობასა და პატრონობისკენ მოუწოდა.

ხოდა, ჩემო მეგობრებო, როდესაც ამ ფრაზის გაანალიზებას ვიწყებდი და სხვათა მსგავსად, პატრიარქის ნათქვამის სიტყვა-სიტყვით გაგებას შევეცადე, გამიჭირდა წარმომედგინა, თუ როგორ ბანს ჩემი მართლმადიდებელი დედა, ფეხში ხელოვნური სახსრით, სახლში მოსულ მეუღლეს ფეხებს, თუმცა ზემოთ აღნიშნული მოსაზრებიდან გამომდინარე, სულაც არ გამოვრიცხავ, რომ ეს ფეხთბანვის რიტუალი, როგორც გადატანითი, აგრეთვე პირდაპირი მნიშვნელობით, ჩემს ოჯახში მაინც შედგეს, თუმცა იმ მცირედი სხვაობით, რომ მეუღლეს ფეხი არა დედაჩემმა, არამედ მამაჩემმა დაბანოს იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ დედაჩემს ახლა მეუღლის დახმარება და გვერდში დგომა მართლაც ძალიან სჭირდება.  სჭირდება ბევრ რამეში და მათ შორის ფეხის დაბანვაში და მიმაჩნია, რომ ეს მამაჩემისთვის სულაც არ იქნება დამამცირებელი.
ასე რომ, ვფიქრობ, მეუღლეთა შორის სწორედ ასეთ დამოკიდებულებაზე, ურთიერთპატივისცემასა და დახმარებაზე საუბრობდა პატრიარქი მაშინ, როდესაც თავის საკვირაო ქადაგებაში ფეხთბანვაზე საუბრობდა...
მკითხველის კომენტარი (81)
aleqsandre
30 აპრილი 2012 21:19
პაატა მასხარა ხარ და მეტი არაფერი კარგად გაახილე თვალები და ჯერ შენი ნაკლები დაინახე მერე სხვისაზე ილაპარაკე არც კი ითვლები ღირსად რომ შენ დემაგოგიურ კომენტარზე პასუხი გაგცე, პასუხს თვითონ ცხოვრება გაგცემს
ბილ გეიტსი
30 აპრილი 2012 20:21
პატრიარქის სულში ისეთი სიმშვიდეა, რომ ჩვენი არეული გონებით მას ვერ გავიგებთ. ეს ეხება ავტორს, ეს ეხება იმას ვინც ამას კითხულობს. გულახდილები იყავით საკუთარ თავთან ძვირფასო ინტელექტუალებო, აქ რომ წერთ შთამბეჭდავ ნარკვევებს და ორი წუთის მერე მასტურბირებთ. პატრიარქმა იცის რასაც ამბობს. და თუ უწმინდესს ეშლება რამე, მაშინ წარმოდგენაც შემზარავია იმისა თუ რა გვეშლება ჩვენ.

ძვირფასო პაატა, ძვირადღირებული ავტომობილები შეიძლება შენთვის რაიმე ფასეულს წარმოადგენს, მაგრამ არიან ადამიანები, რომელთათვის ეს არაა სიმდიდრე. სავარაუდოდ შური გალაპარაკებს...
ოუთე
30 აპრილი 2012 19:07
პატრიარქატის შემდეგ ჯერ ახალი ეპოქა არ შობილა, ეს ფემინისტთა თავგანწირული კივილი სათვალავში ჩასაგდები არაა.
nika
30 აპრილი 2012 19:03
ქართველი ქალის აზრით ქმრის თანასწორია, მაგარმ ჯიპის ყიდვას კარგად ითხოვს ქმრისგან
ლიკა
30 აპრილი 2012 18:26
ვისაც ვერ გაუგია რატომ აქვს საზოგადოების უმრავლესობას უარყოფითი დამოკიდებულება ამ ქადაგების მიმართ შეგახსენებთ რომ პატრიარქი მხოლოდ ქალის მორჩილებაზე აკეთებს აქცენტს მხოლოდ ქალს მოუწოდებს მორჩილებისკენ და ყველაფრის მოთმინებისკენ და არა მამაკაცსაც.თორემ ოჯახი სიყვარულზე და პატივისცემაზე რომ უნდა იყოს აგებული (ორივე მხრიდან) ეს ყველამ ვიცით
PAATA
30 აპრილი 2012 17:44
სახარებიდან მაგალითი მოგყავთ რომ პატრიარქის ულტრა კონსერვატული მოსაზრებები გაამართლოთ.
ქრისტე იერუსალიმში ვირზე შემჯდარი შევიდა, როგორც ნიშანი თავმდაბლობის. ქრისტე მის არაერთ ქადაგებაში მდიდრებს ძრახავდა და საერთოდ მდიდრული ცხოვრება (მაშინ როცა ირგვლივ ამდენი გლახაკი იყო) ცოდვად მიაჩნდა!
ახლა შეხედეთ თქვენს ეკლესიას, კარგად დააკვირდით "ქრისტიანობის" მღაღადებლებს! პატრიარქიდან დაწყებული უბრალო მღვდლამდე დამთავრებული "მერსედესზე" ნაკლებ მანქანაში ჯდომას არ კადრულობს! ეს ხალხი ცხოვრებაში ერთხელ მაინც რომ მარხულობდნენ მინიმუმ 50 კილოთი ნაკლები მაინც უნდა იყვნენ! მერე მოდიან და უნამუსოთ ისედაც ამომხმარ კუჭზე საცოდავ ხალხს მარხვას თხოვენ! თქვენ კიდე მარხულობთ და ყბაჩავარდნილი ძვლებით საფრთხობელას ემსგავსებით, მერე ისევ ეკლესიაში მიდიხართ და ფაშვგადმობრუნებულ მღვდელს თქვენს ცოდვებზე ღმერთთან შუამავლობას თხოვთ, ცოდვები მაპატიოსო! თქვენ უნდა გესმოდეთ რომ ცოდვილები კი არა საცოდავები ხართ!!!
შეხედეთ, დააკვირდით ამ ხალხის ჩაცმას და პირველ რიგში პატრიარქისას! ყველაფერი მათ ტანზე ან მათ ირგვლივ (ეკლესიაში) არის ან ოქროსი ან მინიმუმ მოოქროვილი! ...არ მითხრა ახლა ამასაც სიმბოლური და გადატანითი მნიშვნელობა აქვსო! გადატანითი მნიშვნელობა კი არა პირდაპირი მნიშვნელობა აქვს! სიმბოლური მნიშვნელობა კი არა ის მნიშვნელობა აქვს რომ ოქრო ფულია, ფილი კი ძალაუფლებაა! ფულით შეგიძლია დამშეული ხალხი (მაგალითად ისეთი როგორიც დღეს ქართველი ხალხია) მოისყიდო, უარი ათქმევინო მათ იდეებზე, განსხვავებულ აზრზე, შეგიძლია მწყემსო და მართო ისე როგორც შენს ინტერესებში შედის.
ეკლესია დასცინის ხალხსაც და სახელმწიფოსაც!
ის არაფერს არ აწარმოებს! აბსოლიტურად არაფერს! ეკლესია არის აბსოლიტური პარაზიტი! მისთვის იხარჯება მილიონები სახელწიფო ბიუჯეტიდან ყოველ წელს და ასევე უზარმაზარი თანხები ხალხის შემოწირულობებიდან! პოლიტიკოსებზე რომ ამბობთ (ხშირად წერთ თქვენს გაზეთში) ფულს ათეთრებენო, როდესმე თუ გაგჩენიათ კითხვა რამდენად გამჭირვალეა თითოეული პროექტი რომელიც ეკლესიის მიერ ხორციელდება?!
ქართულ ეკლესიას და მათ წარმომადგენლებს ღვთისმსახურებასთან სამწუხაროდ არანაირი კავშირი არ აქვთ. საქართველოს ეკლესია და პირველ რიგში მისი პატრიარქი არის სუფთა პოლიტიკური ფიგურა! ის არ არის ნეიტრალური პოლიტიკურ მოვლენებში. ალბათ თქვენ სახარების მცოდნეს კარგად გეხსომებათ ქრისტეს ცნობილი ფრაზა რომელიც მან პოლიტიკური და საღვთო მსახურების გამიჯვნისთვის მონეტაზე გამოსახული კეისარის გამოსახულების ჩვენებით ახსნა: "მიეცით კეისარს კეისრისა და ღმერთს ღმრთისა" ...იმედია გესმით თუ რას ნიშნავს ეს! ასევე იმედს ვიტოვებ რომ გეხსომებათ მე-12 საუკუნეში იტალიაში განვითარებული მოვლენები რომელიც საღვთო მსახურთა (და განსაკუთრებით პაპის) იმპერატორის უფლებამოსილებებში ჩარევას და საბოლოოდ მისგან პოლიტიკური ძალაუფლების მიტაცებამ განაპირობა და რამაც მთელი ქვეყანა საუკუნოებრივ წყვდიადში შეიყვანა!
-------------------------------
პასუხი - Gio Rgashvili (ავტორი)
პაატა, გმადლობთ გამოხმაურებისა და ვრცელი კომენტარისთვის, თუმცა ჩვენი აზრები ერთმანეთს არ ემთხვევა. მე ჩემი მოსაზრებები უკვე დავაფიქსირე პოსტში.
ერთს გეტყვით, რომ ამ პოსტში ჩემი პირადი, სუბიექტური მოსაზრებაა დაფიქსირებული და ის სრულებით არ ემსახურება, როგორც თქვენ ამბობთ, "პატრიარქის ულტრა კონსერვატული მოსაზრებების გამართლებას".
zura
30 აპრილი 2012 17:05
ამ ქადაგებამ აჟიოტაჟი მხოლოდ იმიტომ გამოიწვია, რომ ოსახლეობა არ ეცნიბა პატრიარქის ყოველკვირეულ ქადქგებებს. მაშინ დარწმუნდებით, რომ ცოლქმრული და საერთოდ ქალისა და კაცის და ზოგადად ადამიანური ურთიერთობები მის ქადაგებეგბში პრიორიტეტულია და საპროგრამოც.ჯაფით დაღლილი ოჯახის უფროსის ფეხბანვა მათზე მზრუნველი ადამიანისადმი იჯახის წევრების სიყვარულის გამოხატულება იყო. მე მამაკაცი ვარ და ძალიან ხშირად მქონია სურვილი ჩემი დაღლილი მეუღლისათვის ფეხი დამებანა.ეკლესია ურთიერთთავგანწირვისაკენ მოგვიწოდებს და ვისაც ეს არ შეუძლია, მაშინ მიშას, რამიშვილის, თუთბერიძის, ბოკერიას და მათი კარის ჟურნალისტების "ქადაგებებს" უსმინოს. ასეთებისათვის სახარებისეული ერთ ლოყაში გარტყმის შემდეგ მეორის მიშვერაც უცხოა. კარგ მთქმელს კარგი გამგონის უნდა. შენი არ იცოდე და სხვისი არ გესმოდეს (ებრაული წყევლა)
ნინო
30 აპრილი 2012 16:17
ჩემი განსასჯელი არ არის ვინ ჭეშმარიტია და ვინ ცდება, მაგრამ თქვენს სტატიაში არგუმენტირებული მოსაზრებები იყო მოყვანილი, რაც მგონი ბევრ სხვა ამ თემაზე გამოქვეყნებულ სტატიას აკლდა. მე მომწონს :)
mariami
30 აპრილი 2012 14:23
კარგი სტატიაა, ნამდვილად, მაგრამ აღშფოთება ერთმანეთზე ზრუნვის მოწოდებამ კი არ გამოიწვია, არამედ იმან, რომ მხოლოდ ცალსახად ქალს ეკისრება ამგვარი მოვალოების აღსრულება. კარგი იქნებოდა, მამაკაცებისთვის მოეწოდებინა, როგორ უნდა მოქცეოდნენ მეუღლეებს, მით უმეტეს, რომ დღევანდელ საქართველოში უფრო მეტია ოჯახი, სადაც ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზსბი გამო კაცები სახლებში სხედან და ქალები მუშაობენ დილიდან საღამომდე
politikuri
30 აპრილი 2012 13:52
ძალიან კარგი იყო!ყოჩაღ
------------------
პასუხი - Gio Rgashvili (ავტორი)
გმადლობთ, მეგობარო!

რუბრიკის სხვა სიახლეები