პატრიარქის პატრიარქატი?
პატრიარქის პატრიარქატი?
კვირა დღე, მეტწილად, ძილში, ლუდის სმასა და ფილმების ყურებაში გავატარე. საღამოხანს მამასთან ერთად საავადმყოფოში, დედაჩემის მოსანახულებლად წავედი. დედამ ოპერაცია გაიკეთა - ფეხში ხელოვნური სახსარი ჩაუსვეს.

საავადმყოფოდან დაბრუნების შემდეგ, სახლში მოსულმა, ფეისბუქი შევამოწმე. ჩემი 1,500 "ფრენდლისტის" "ნიუსფიდზე" ერთი თვალის შევლება საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მივმხვდარიყავი - ჩემი ფეისბუქელი მეგობრების აღშფოთებული, ზოგის ცინიკური, ზოგიერთის კი უცენზურო სტატუსები პატრიარქის საკვირაო ქადაგების გამოძახილი იყო. რამდენიმე სიტყვით, ე.წ. თეგებით რომ შევაჯამო ათეული მეგობრის სტატუსები, დაახლოებით
ასეთ სურათს მივიღებთ:
Tags: პატრიარქი, ქადაგება, ტაშტი, დაბანვა, სექსიზმი, პატრიარქატი...

დღის განმავლობაში ახალი ამბებისთვის არ მიყურებია და თავდაპირველად ბევრს ვერაფერს მივხვდი, სანამ ერთმა ჩემმა მეგობარმა ეს "ნიუსი" არ მომაშველა:
ილია მეორემ მრევლ ქალებს მოუწოდა "დაფიქრდნენ თავიანთ მოვალეობაზე".

"ადამიანის ბედნიერება უპირველესად ერთმანეთის სიყვარული და პატივისცემაა. მაგალითად,
როცა ქმარი მოდის სამსახურიდან, შენ უნდა შესთავაზო დასვენება, უნდა შესთავაზო ფეხების დაბანა, შესთავაზო საჭმელი, სითბო უნდა აჩვენო შენს ქმარს. მინდა კიდევ ერთხელ დაფიქრდეთ თქვენს მოვალეობაზე. დაფიქრდით თქვენს მოვალეობაზე", - განაცხადა პატრიარქმა.
წყარო ამბები.გე

მიუხედავად იმისა, რომ ამ ტექსტში საუბარია წყვილებს შორის სიყვარულსა და პატივისცემაზე, პატრიარქის ქადაგების ამ ეპიზოდმა, როგორც უკვე ავღნიშნე, კრიტიკა დაიმსახურა. იყო ისეთიც, რომელმაც ქილიკით დაწერა, საპატრიარქოს ტაშტების ბიზნესი აქვსო, თუმცა ახლა, ამ პოსტში არა მავანთა, არამედ ჩემს მოსაზრებებზე გიამბობთ...

ჩემი მსჯელობა მსურს ორი, ერთმანეთის საპირისპირო მიმართულებით გავშალო: - ერთში დავეთანხმო მათ, ვინც ამ ფრაზამ განარისხა, მეორეთი კი შევეცდები, ამ სიტყვებს სხვა, რელიგიური კუთხით შეგახედოთ. არა იმიტომ, რომ ორი კურდღლის დაჭერას ვლამობ, არამედ იმიტომ, რომ მიმაჩნია, ყველაზე დამღუპველი კატეგორიული აზროვნებაა. მე მაინც ვფიქრობ, უმჯობესია, მედალს ორივე მხრიდან შევხედოთ და დასკვნები ამის ამის შემდეგ გავაკეთოთ.

ერთი შეხედვით, თუ პატრიარქის ქადაგების ამ ეპიზოდს სიტყვა-სიტყვით, ყოველ სიტყვას პირდაპირი მნიშვნელობით მივიღებთ, შესაძლოა მივიჩნიოთ, რომ  ის შეიცავს სექსისტურ, კონკრეტულად კი პატრიარქატულ მიდგომას ცხოვრებისადმი. მე კი მიმაჩნია, რომ ჩვენს ეპოქაში წარმოუდგენელი და სრულიად არაბუნებრივია პატრიარქატი, ანუ ოჯახური სისტემა, რომელშიც ქალური მამაკაცს არის დამორჩილებული.

პატრიარქისადმი ჩემი პატივისცემის მიუხედავად, ვერ წარმომიდგენია, რომ სახლში მისულს, ჩემმა მომავალმა მეუღლემ, ფეხი დამბანოს;
ვერც ის წარმომიდგენია, რომ, ჩვენს დროში, შესაძლოა, ისეთი ქალის მოძებნა, რომელიც ჩემდამი, როგორც ქმრისადმი პატივისცემას ფეხის დაბანვით დამიდასტურებს;
ისიც რომ დავუშვა, რომ ჩემი მეუღლე თანახმა იყოს, ფეხი დამბანოს, ამ შემთხვევაში მე თავად ვერ წარმომიდგენია, რომ ამან რაიმე სიამოვნება მომანიჭოს. პირიქით, ალბათ ეს ძალიან უხერხული და უსიამოვნო იქნება.

ასევე, შესაძლოა დავეთანხმოთ მოსაზრებას, რომ ზემოთ ნათქვამში (სიტყვების პირდაპირი მნიშვნელობით გაგების შემთხვევაში) არის სექსისტური დამოკიდებულებაც, რომელიც ერთი სქესის მეორეზე დომინირებას აწესებს და გენდერული უთანასწორობის საფუძველს ქმნის...

თუმცა მათ, ვინც ამ სიტყვებმა გააბრაზა, ერთი უმთავრესი რამ ავიწყდებათ -პატრიარქი ილია მეორე მართლმადიდებლური მრევლის წინამძღოლია. შესაბამისად, პატრიარქი ხელმძღვანელობს მართლმადიდებლური მოძღვრებით, რომლის თანახმად ფეხთბანვა ერთგვარი რიტუალია. სახარებაში ნათქვამია, რომ ფეხთბანვის წესი მაცხოვარმა დაადგინა. მან თორმეტივე მოწაფეს ფეხი დაბანა, რათა მათთვის ეჩვენებინა, როგორც ის იმდაბლებდა თავს, ასე ეპატრონებინათ მათ ერთმანეთისთვის. ანუ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფეხთბანვა გულისხმობს ფილოსოფიას - ვინც გემსახურება, ის არის შენზე უპირატესი და არა პირიქით...

ასე რომ, ვიდრე პატრიარქის მიმართვას, ფეხის ბანვასთან დაკავშირებით, ქილიკს დავუწყებდეთ, უნდა გავითვალისწინოთ მართლმადიდებლური მოძღვრება, რომელზე დაყრდნობითაც, ამ სიტყვებით პატრიარქმა მართლმადიდებელ მრევლს, ამ შემთხვევაში მეუღლეებს, სიყვარულსა და პატივისცემისკენ, სიმდაბლეზე, ერთმანეთის მიმართ მზრუნველობასა და პატრონობისკენ მოუწოდა.

ხოდა, ჩემო მეგობრებო, როდესაც ამ ფრაზის გაანალიზებას ვიწყებდი და სხვათა მსგავსად, პატრიარქის ნათქვამის სიტყვა-სიტყვით გაგებას შევეცადე, გამიჭირდა წარმომედგინა, თუ როგორ ბანს ჩემი მართლმადიდებელი დედა, ფეხში ხელოვნური სახსრით, სახლში მოსულ მეუღლეს ფეხებს, თუმცა ზემოთ აღნიშნული მოსაზრებიდან გამომდინარე, სულაც არ გამოვრიცხავ, რომ ეს ფეხთბანვის რიტუალი, როგორც გადატანითი, აგრეთვე პირდაპირი მნიშვნელობით, ჩემს ოჯახში მაინც შედგეს, თუმცა იმ მცირედი სხვაობით, რომ მეუღლეს ფეხი არა დედაჩემმა, არამედ მამაჩემმა დაბანოს იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ დედაჩემს ახლა მეუღლის დახმარება და გვერდში დგომა მართლაც ძალიან სჭირდება.  სჭირდება ბევრ რამეში და მათ შორის ფეხის დაბანვაში და მიმაჩნია, რომ ეს მამაჩემისთვის სულაც არ იქნება დამამცირებელი.
ასე რომ, ვფიქრობ, მეუღლეთა შორის სწორედ ასეთ დამოკიდებულებაზე, ურთიერთპატივისცემასა და დახმარებაზე საუბრობდა პატრიარქი მაშინ, როდესაც თავის საკვირაო ქადაგებაში ფეხთბანვაზე საუბრობდა...
მკითხველის კომენტარი (81)
apolitikuri
30 აპრილი 2012 12:43
Gio,
ძალიან კარგი სტატიაა, სწორი ანალიზი, კონსტრუქციული განსჯა, შესანიშნავად დალაგებული მსჯელობა!

მადლობა და ყოჩაღ!
---------------------------
პასუხი - Gio Rgashvili (ავტორი)
მადლობა თქვენ, რომ თვალს ადევნებთ ჩემს პოსტებს.
დიდი მადლობა სასიამოვნო სიტყვებისთვის! :)

რუბრიკის სხვა სიახლეები