ჯორჯ ორუელის საქართველო - კავშირი სააკაშვილსა და "ღორ ნაპოლეონს" შორის - კვირის პალიტრა

ჯორჯ ორუელის საქართველო - კავშირი სააკაშვილსა და "ღორ ნაპოლეონს" შორის

"იყო ბნელი და უკუნი; ახლა მოვიდა რევოლუცია და განათდა"... პოლიკარპე კაკაბაძე, "ყვარყვარე თუთაბერი"

ყველა ცხოველი თანასწორია

"ცხოველების ფერმა" - ჯორჯ ორუელის სატირული ალეგორია ტოტალიტარულ მმართველობაზე, სამწუხაროდ, ყველას, ვისაც ეს ნაწარმოები წაკითხული აქვს, საქართველოს თანამედროვე ისტორიას გაახსენებს. ჩვენ, ამქვეყნიური სამოთხის შენება 2003-ში დავიწყეთ. "ცხოველების ფერმის" მოსახლეობის მსგავსად, ავჯანყდით და განვდევნეთ დემონები. ისევე, როგორც აღნიშნული ნაწარმოების ცხოველებმა, ქართველებმაც ავირჩიეთ მესია. აჯანყებულ ცხოველებს მესიად ღორი "ნაპოლეონი", ჩვენ კი მიშა გვყავდა.

ერთი-ერთზე ემთხვევა მიშას და "ნაპოლეონის", როგორც ახალი სახელმწოფოს მმართველების პოსტრევოლუციური ქმედებები. მიშას მსგავსად, "ნაპოლეონიც" ფერმის ისტორიას ორ ნაწილად, აჯანყებამდე და აჯანყების შემდეგ პერიოდად ყოფდა. ისიც, ისევე, როგორც მიშა, მუდამ ხაზს უსვამდა იმას, რომ "იყო ბნელი და უკუნი; ახლა მოვიდა რევოლუცია და განათდა"...

ორივე ლიდერმა, ხელისუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ, ხელი კანონების გადაწერას მიჰყო...

პარალელები სააკაშვილის მმართველობის სტილსა და იმ ნაწარმოებს შორის, რომელიც ორუელმა ტოტალიტარულ მმართველობას მიუძღვნა, იმდენად თვალშისაცემია, რომ ზოგჯერ ვფიქრობ, რომ "ცხოველების ფერმა" სააკაშვილის სამაგიდო წიგნია და მოქმედებს ისე, როგორც "ღორი ნაპოლეონი".

რევოლუციის შემდეგ "ცხოველების ფერმის" ღორებმა, ისევე როგორც საქართველოში სააკაშვილის გუნდმა, ახალი კანონები დაწერეს, თუმცა მალევე, ღორებმაც და სააკაშვილის გუნდის წევრებმაც, თავად დაიწყეს წესების დარღვევა და პარალელურად კანონებმაც დეფორმაცია განიცადა. მიუხედავად ამისა, ღორებიც და სააკაშვილის გუნდიც, მაინც აჯერებდნენ დანარჩენ მოსახლეობას, რომ კანონებში არაფერი არ იყო შეცვლილი და მათ მუდამ ახლანდელი სახე ჰქონდათ. თუმცა, სინამდვილეში, არსებულ კანონებს სულ ორიოდე "უწყინარ ფრაზას" ამატებდნენ, რითიც მის არსს სრულიად ცვლიდნენ. თვალსაჩინოებისთვის, ამონარიდი "ცხოველების ფერმის" კანონებიდან:

-ყველა ცხოველი თანასწორია (შემდგომ დაემატა: მაგრამ ზოგი უფრო თანასწორია ვიდრე სხვები)

-არც ერთმა ცხოველმა არ უნდა მიიღოს ალკოჰოლი (შემდგომ დაემატა: უზომო რაოდენობით).

-არც ერთმა ცხოველმა არ უნდა დაიძინოს საწოლში (შემდგომ დაემატა: თეთრეულიანში).

-არც ერთმა ცხოველმა არ უნდა მოკლას მეორე ცხოველი (შემდგომ დაემატა: უმიზეზოდ).

"ცხოველების ფერმა" არ არის ჯორჯ ორუელის ერთადერთი ნაწარმოები, რომელიც სააკაშვილის მმართველობის საქართველოს გაგახსენებთ. პოსტს დავასრულებ ჯორჯ ორუელის "1984"-ის ჩემეული, ადაპტირებული ვერსიით. ნაწარმოების ეს ეპიზოდი იმდენად აღწერს 2003 წლის შემდგომ საქართველოს, რომ შეიძლება გაიფიქროთ, თითქოს 1949 წელს დაწერილ ამ ნაწარმოებში, მოქმედება 2003-2012 წლების საქართველოში ხდებაო...

ჯორჯ ორუელის "1984"-ის ადაპტირებული ვერსია ტოტალიტარული რეჟიმის ყოფასა და მექანიზმებზე

... მე ამ დღიურის წარმოება 2003 წელს დავიწყე. ამ პერიოდში, ჩემს გარშემო ყველაფერს დიდი გამარჯვების აღმნიშვნელი სახელი ერქვა. გვქონდა "გამარჯვებული ხალხის ტელევიზია", რომელსაც "გამარჯვების სახლებში" გვიჩვენებდნენ. ეს სახლები 2003 წლის შემდეგ აშენდა და აშენებიდან სულ მცირე ხანში უკვე ნაწილებად იშლებოდა. კედლებსა და ჭერს გამუდმებით ცვიოდა ბათქაში, მილები დიდ ყინვაში სკდებოდა, თოვლის ყოველ მოსვლაზე სახურავიდან წყალი ჩამოდიოდა. შეკეთება-რემონტი სანქცირებული უნდა ყოფილიყო რიმელიღაც მიუწვდომელი კომიტეტების მიერ, რომელთაც, სურვილისამებრ, შეეძლოთ ორი წლით შეეყოვლებინათ თვით ფანჯრის რაფის გამოცვლაც კი.

დედაქალაქში აუცილებლად მიიქცევდა თქვენს ყურადღებას სამინისტროების შენობები, რომლებიც წარმოადგენდნენ ქვეყნის მმართველობის მთელ აპარატს:

ჭეშმარიტების სამინისტრო - რომელსაც ეხებოდა ახალი ამბები (მის დაქვემდებარებაში იყო "გამარჯვებული ხალხის ტელევიზიები"), საზოგადოებრივი გართობა, განათლება და ხელოვნება. სწორედ ჭეშმარიტების სამინისტრო ადგენდა, თუ რა და როგორ უნდა გასულიყო ტელევიზიით. ისვე გვკარნახობდა გართობის საშუალებებსა და იმასაც, თუ რა იყო ჭეშმარიტი ხელოვნება და რა არა...

ჩვენს ქვეყანაში იყო მშვიდობის სამინისტრო, რომელიც დაკავებული იყო ომის საკითხებით;

ამ ქვეყანაში გვქონდა სიყვარულის სამინისტრო, რომელიც იცავდა კანონსა და წესრიგს. მათი დადგენილებით საჯარო დაწესებულებებში აიკრძალა კოცნა;

აგრეთვე, გვქონდა დოვლათის სამინისტრო, რომელიც ეკონომიკის საკითხებზე გახლდათ პასუხისმგებელი.

ჩვენს ქვეყანაში, ჟამიდან რევოლუციის მოტანილი გამარჯვებისა, ერთპარტიული მმართველობა იყო. პარტია ლოზუნგებით მართავდა ქვეყანას და მათი ყოველი გადაწყვეტილება ამავე ლოზუნგებიდან გამოდიოდა. ლოზუნგები კი ასე ჟღერდა:

ომი მშვიდობაა

მონობა თავისუფლებაა

უმეცრება ძალაა

ნაწარმოებიდან "1984" გთავაზობთ კიდევ ერთ, ჩემებურად ადაპტირებულ ეპიზოდს, სახელწოდებით სიძულვილის ორწუთეული, რომელიც აუცილებლად გაგახსენებთ მეთოდებს, რომლითაც საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება მათთვის სახიფათო ოპოზიციურ ძალებს ებრძვის:

... კინოდარბაზებში, ეკრანზე ჩვენს იდეოლოგიურ მტერს გვიჩვენებდნენ. მას ხან ერთი ოლიგარქის, ხან მეორე ოლიგარქის სახე ჰქონდა. მის გამოჩენაზე მაყურებლებში აქა-იქ სტვენა ისმოდა. დროგამოშვებით, ოლიგარქების სახე ჩვენი იდეოლოგიური მოძღვრის გამოსახულებით იცვლებოდა. სწორედ ის "ქოქავდა" დარბაზში სიძულვილის ორწუთეულს.

სიძულვილის პირველი ოცდაათი წამის მანძილზე ნახევარი დარბაზი თავშეუკავებელ სიშმაგეს აფრქვევდა. ჩვენთვის აუტანელი სანახავი იყო ეკრანიდან გამომზირალი თვითკმაყოფილი ოლიგარქების დანახვა, რომლებიც ჩვენს იდეოლოგიურ მოძღვარს უპირისპირდებოდნენ.

ჭეშმარიტების სამინისტრო "გამარჯვებული ხალხის ტელევიზიების" მეშვეობით ოლიგარქებსა და მათ თეორიებს ყოველდღიურად - დღეში ათასჯერ ამასხარავებდნენ, უარყოფდნენ, ანადგურებდნენ და მთლიანობაში, რაღაც უბადრუკ ნაგვად ნათლავდნენ, - მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, მათი გავლენა არასდროს კლებულობდა...

***

ჯორჯ ორუელის "1984", ფანტასტიკური რომანი, რომელიც ტოტალიტარული რეჟიმის ყოფასა და მექანიზმებს აღწერს, ეს არის ნაწარმოები, რომელშიც ჩვენივე საზოგადოება უნდა დავინახოთ თავისივე შუქ-ჩრდილებით...

აქვე იმასაც გეტყვით, რომ წიგნის პირველი ქართულ ენოვანი გამოცემა უკვე ხელმისაწვდომია. ის წიგნების სერიის, "50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ" ფარგლებში გამოიცა.