50 + 1 = ბიბლია - გრანდიოზული მედიაპროექტის ფორმულა და სიურპრიზი მკითხველს! - კვირის პალიტრა

50 + 1 = ბიბლია - გრანდიოზული მედიაპროექტის ფორმულა და სიურპრიზი მკითხველს!

ყველაფერს აქვს დასაწყისი და სასასრული. უბრალოდ, ადამიანების ბუნებრივი სურვილია, რომ ის, რაც კარგია, გავიხანგრძლივოთ; გავაგრძელოთ იქამდე, სანამ ლოგიკურად, დასრულდება... დასასრულისკენ მიდის ყველაზე სახალხო, მასშტაბური და პოპულარული მედიაპროექტი, „50 წიგნი“, თუმცა ამ პროექტთან დაკავშირებული მთავარი სიურპრიზები ჯერ კიდევ წინ გელით და ამ სიურპრიზების ნაწილს აქ, ამ პოსტში გაგიმხელთ. დაინტერესდით? :) მესმის თქვენი, ეს ხომ ის პროექტია, რომლის მიმართ ინტერესი უკვე მეორე წელია, არ განელებულა... თუმცა სიურპრიზებამდე მცირე შესავალი, რომლის არ დაწერა, ამ პოსტში, უბრალოდ არ შემეძლო. სანამ პროექტის ფინალურ სიურპრიზებს გაგიმხელდეთ, მინდა მოგიყვეთ და შეძლებისდაგვარად გადმოგცეთ, თუ როგორ დაიწყო და განვითარდა პროექტი, რომელმაც ციფრი „50“ წიგნიერებასთან და კითხვასთან ასოცირებულად აქცია. თუმცა მანამდე, მცირე პრეისტორია ჩემი ცხოვრებიდან, რომელიც პირდაპირ კავშირშია პროექტთან, - ანუ, როგორ აღმოვჩნდი საჭირო დროს, საჭირო ადგილას...

2008 წელს, როდესაც უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ექვსი თვე სამსახურს უშედეგოდ ვეძებდი და უმუშევრობის დეპრესიას არყითა და ათასი სისულელით ვუმკლავდებოდი, მომავალში რეალიზების ბოლო ბერკეტად ჩემს მიერ დაწერილი, მარკეტინგული რადიოპროექტი მესახებოდა, რომელიც რამდენიმე რადიომ, სპონსორის არ არსებობის გამო, არ მიიღო. ის იყო, წარუმატებლობებისგან იმედგაცრუებული უკან, კახეთში დაბრუნებას ვაპირებდი, რომ ახალი წლის წინა დღეებში, ჩემი მობილურის FM ლისტში ახალი რადიო - „პალიტრა“ აღმოვაჩინე. „აქ ყველაფერია“ - მგონი, ახლაც ტრიალებს ასეთი შინაარსის ტიხარი ამ რადიოში, რომელსაც სასიამოვნო ხმით, თავადაც მრავალფეროვანი ქალბატონი - მარიკა დარჩია ახმოვანებს.

გადავწყვიტე, კახეთში დაბრუნებამდე, ამ რადიოსთვისაც შემეთავაზებინა პროექტი. დიდი ხნის გაუპარსავი წვერი ჩამოვიფხიკე და დასერილი ლოყებითა და მცირე იმედით, დიიიდ მედიასახლში, ჩემდა მოულოდნელად, მარიკა დარჩიას პირისპირ აღმოვჩნდი - ის „პალიტრას“ საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კრეატივის დირექტორია. იმის მიუხედავად, რომ დაკავებული იყო, ყურადღებით გადაათვალიერა  Power Point-ში ჩემი პროექტი და ახალი წლის დღეების ჩავლის შემდეგ შეხმიანებას შემპირდა. სამსახურის ყველა მაძიებელმა იცის, რომ პოტენციური დამსაქმებლის ნათქვამი „დაგირეკავთ“ ყოველთვის არ ნიშნავს იმას, რომ მართლა დაგირეკავენ, თუმცა, ჩემდა სასიხარულოდ, მოცემული სიტყვა შესრულდა და „პალიტრასთან“ პირველი თანამშრომლობა სწორედ მარიკა დარჩიას თანაშემწის სტატუსით დავიწყე. გამიმართლა, საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოვჩნდი - ადამიანის გვერდით, ვინც წიგნიერების ამაღლებისკენ გადადგმული დიდი მედიაპროექტი, „50 წიგნის“ ქართული ვერსია წამოიწო. ახლაც ცხადად მახსოვს, როგორ თვალებანთებული გვიხსნიდა იდეის არსსა და მისი განხორციელების აუცილებლობას. 2009 წლის მიწურულს, „პალიტრის“ ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ეს საერთაშორისო პროექტი საქართველოშიც დაიწყო...

 

პროექტი იდეაშივე სახალხოა - წიგნებს ხალხი ირჩევს, შესაბამისად, საჭირო იყო გამოკითხვის ყველაზე ინტერაქტიული ფორმის მოფიქრება. გადაწყდა, რომ ჩავატარებდით სატელეფონო გამოკითხვებს, ჩავსვით კითხვარი „კვირის პალიტრასა“ და „გზაში“ და რაც მთავარია, დავიწყეთ ადამიანებთან ყველაზე ინტერაქტიული საშუალების, სოციალური ქსელების გამოყენება და სწორედ ეს არის პროექტის ის მიმართულება, რომელზე პასუხისმგებლობაც მე დამევალა. 2009 წლის მიწურულს ფორუმებზე, ფეისბუქსა და ბლოგებზე უკვე აქტიურად დაიწყო პროექტის შესახებ მსჯელობა. გამოკითხვის ძირითად ბირთვად სწორედ სოციალური მედია იქცა. დაიწო წიგნების განხილვა, რომელიც წიგნის მოყვარულებს სურთათ შესულიყო და პირიქით - რომელიც, მიაჩნდათ, რომ არ უნდა შესულიყო ორმოცდაათეულში. მსჯელობა არა ერთ წიგნს შეეხო, თუმცა უმთავრესი განხილვის საგანი ბიბლიის თემა გახდა.

 

ბიბლია - კი თუ არა? საკითხის განხილვამ ძალიან მალე ინტერნეტსივრციდან ტრადიციულ მედიაში გადაინაცვლა. ცნობილი ადამიანები საკუთარ არგუმენტებს საგაზეთო პუბლიკაციებში, რადიო და ტელე თოქ-შოუებში აფიქსირებდნენ. „50 წიგნის“ ბლოგზე დასმულ შეკითხვას - შევიდეს თუ არა ბიბლია ორმოცდაათეულში, სულ მცირე პერიოდში, 9100-ზე მეტი ადამიანი გამოეხმაურა. გამოკითხვის იმ დროინდელმა შედეგებმა აჩვენა, რომ პროექტში ბიბლიის შესვლის მომხრე თითქმის იმდენივე ადამიანი იყო, რამდენიც მოწინააღმდეგე - 55,6 პროცენტი 44,06 პროცენტის წინააღმდეგ.

 

რაც შეეხება არგუმენტებს: ბიბლიის ორმოცდაათეულში შესვლის მომხრეთა არგუმენტი, ბიბლიის ფილოსოფიასა და ბიბლიის, როგორც ნაწარმოების სიბრძნეს ეყრდნობოდა. უნდა ავღნიშნო, რომ ამ არგუმენტით, ბიბლიის ორმოცდაათეულში შესვლაზე თანხმობას არა მხოლოდ ქრისტიანები, არამედ სხვა რელიგიური მრწამსისა და მეტიც, ათეისტებიც კი აფიქისრებდნენ. რაც შეეხება მოწინააღმდეგეებს, ისინი მიიჩნევდნენ, რომ არანაკლები სიბრძნის მატარებელია ყურანი და მოითხოვდნენ, რომ ბალანსისათვის, ბიბლიის შესვლის შემთხვევაში, ყურანიც დაბეჭდილიყო, თუმცა ასეთები უმცირესობაში იყვნენ - ამ იდეამ მომხრეთა ძალიან მცირე რაოდენობა გააერთიანა. კიდევ ერთი მთავარი არგუმენტი, თუ რატომ არ უნდა შესულიყო ბიბლია ორმოცდაათეულში, ზოგიერთ მართლმადიდებს ჰქონდა - მათი მოსაზრებით, ბიბლია წიგნთა წიგნია და ამ პროექტის ფარგლებში მისი ისეთი წიგნების გვერდით დაყენება, როგორიცაა, თუნდაც  „ოსტატი და მარგარიტა“, არ მოგვწონსო, წერდნენ.

 

საბოლოოდ, საჯარო განხილვების შედეგად გადაწყდა, რომ ბიბლია აღნიშნული პროექტის ფარგლებში აუცილებლად გამოიცემა, ფორმატით 50+1

 

ბიბლია პროექტში შემავალი სხვა წიგნებისგან განსხვავებული გარეკნითა და ნუმერაციის გარეშე დაიბეჭდება და ის  ორმოცდაათეულის დასკვნითი, ფინალური წიგნი იქნება. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ გამოიცემა სრული ვერსია, ანუ როგორც ახალი, ასევე ძველი აღთქმა. ბიბლია, ქართულ ორმოცდაათეულში, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით დაიბეჭდება. მას მკითხველი 2013 წელს, "კვირის პალიტრის" 25 თებერვლის ნომერთან ერთად მიიღებს. აქვე ავღნიშნავ, რომ ბიბლია პროექტის თითქმის ყველა უცხოურ ანალოგში შევიდა.

 

უცხოური ანალოგებზე საუბრისას, არ შემიძლია არ ავღნიშნო, რომ ბევრ სხვა ქვეყანასთან შედარებით, საქართველოში მოსახლეობის ჩართულობა ბევრად მეტი იყო. ხმის მიცემისათვის განკუთვნილ გვერდზე, ამ დროისათვის, 120 000-ზე მეტი ანკეტაა მიღებული, რაც შეეხება პროექტის ოფიციალურ ფეისბუქის გვერდს, ამ დროისათვის 60,500-ზე მეტი "ლაიქერი" ჰყავს. პროექტის მენეჯმენტის სახელით დიდ მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ პროექტში, სხვადასხვა ფორმით ჩაერთო.

 

დაბოლოს, როგორც დასაწყისში ავღნიშნე, ყველაფერს აქვს დასაწყისი და სასასრული. უბრალოდ, ადამიანების ბუნებრივი სურვილია, რომ ის, რაც კარგია, გავიხანგრძლივოთ... არა ერთი ადამიანი, დაჟინებით მოითხოვს პროექტის არ დასრულებას და აუცილებლად წასაკითხ წიგნთა ორმოცდაათიდან ასამდე გაზრდას.

 

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყოველი თქვენგანის მოსაზრება, ასე რომ გთხოვთ, დააფიქსიროთ მოსაზრება - გავიხანგრძლივოთ სიამოვნება? :) პასუხებს თქვენს კომენტარებში ველით!