ყველაზე პოპულისტური და ცრუ წინასაარჩევნო დაპირებები
23-10-2013
ყველაზე პოპულისტური და ცრუ წინასაარჩევნო დაპირებები
წინასაარჩევნო კამპანია ბევრ სხვა ფაქტორთან ერთად, ორი რამით არის საინტერესო: 1 - რამდენად ჯანსაღია წინასაარჩევნო გარემო, რამდენად თანაბარ პირობებში არიან საპრეზიდენტო კანდიდატები და 2 - რა შინაარსისაა და რამდენად მომხიბვლელია კანდიდატების დაპირებები ელექტორატისთვის. აქედან პირველი ფაქტორი თავად კანდიდატებისთვის არის გადამწყვეტი მნიშვნელობის, მეორე კი - ამომრჩევლისთვის. წინასაარჩევნო დაპირებები ყოველთვის მრავალფეროვანია. დაპირებებისა და სლოგანების ფორმირებაზე ყოველი არჩევნების წინ დიდი ფული იხარჯება. იხარჯება "პიარშიკების" ენერგიაც, რომ რაც შეიძლება დამაჯერებელი იყოს მათი წინასაარჩევვნო დაპირებები
ხალხისთვის.

კანდიდატების ვიდეორგოლებისა თუ სარეკლამო ბილბორდების "შეფუთვა" დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ცხადია, მთელი ეს ჯაფა პოპულისტური დაპირებების ელექტორამდე მიტანასა და ტვინში გაჯერებაზე იხარჯება და შესაბამისად, ამომრჩეველის დიდი ნაწილი არა საარჩევნო პროგრამების, არამედ წინასაარჩევნო სლოგანების მიხედვით ირჩევს.

დიახ, ხშირ შემთხვევაში ჩვენ საპრეზიდენტო კანდიდატს იმავე პრინციპით ვირჩევთ, რა
პრინციპითაც, მაგალითად, ტკბილეულს ან სხვა ნებისმიერ პროდუქტს სუპერმარკეტების დახლზე.

ჩვენს ყურადღებას იქცევს შეფუთვა.

დაფიქრდით, რამდენჯერ გიყიდიათ პროდუქტი მხოლოდ იმის გამო, რომ მან თქვენ კრეატიული რეკლამითა და სარეკლამო სლოგანით დაგაინტერესათ. და რამდენჯერ დარჩენილხართ იმედგაცრუებული...

წინასაარჩევნო კამპანიისას ამომრჩეველი, გარკვეულწილად, ორსულ ქალს გავს. ამ პერიოდში მოქმედი მთავრობები გვისრულებენ ყველაფერს, რასაც მოვისურვებთ, თუმცა იმ განსხვავებით, რომ ეს პერიოდი ბევრად ხანმოკლეა, ვიდრე ორსულობა... ცხადია, ამ ტექსტის მიზანი სრულიად არ გახლავთ წინასაარჩევნოდ ამომრჩეველთა დემოტივაცია, თუმცა საინტერესოა თვალი გადავავლოთ გასული ათწლეულის ყველაზე პოპულარულსა და პოპულისტურ წინასაარჩევნო ცრუ დაპირებებს იმისთვის, რომ ამჯერად, არჩევანის გაკეთებისას, მეტად ფხიზლად ვიყოთ.

წარმოგიდგენთ ყველაზე პოპულისტური დაპირებების სამეულს, რომელიც არ შესრულდა.

მესამე ადგილი - ციფრებით მანიპულირება

ციფრებით მანიპულირება მარკეტინში წარმატებული მეთოდია და ეს კანდიდატების "პიარშიკებმა" ძალიან კარგად იციან. ყველას კარგად გვახსოვს სააკაშვილის დაპირებული 100 ახალი საავადმყოფო და ივანიშვილის დაპირებული 100 ახალი ქარხანა... კიდევ უფრო შორეულ წარსულში მილიონი სამუშაო ადგილი...

დენი10 თეთრი, გაზი 5 თეთრი, წყალი - უფასოდ. შეიძლება ითქვას, რომ ესეც ამავე ჟანრიდან არის. მართალია გიორგი თარგამაძის გუნდს ამ სლოგანმა არჩევნებზე მოგება ვერ მოუტანა და შესაბამისად, ძნელია იმის თქმა, გამარჯვების შემთხვევაში შეძლებდნენ თუ არა "ქრისტიან-დემოკრატები" აღნიშნული დაპირების სისრულეში მოყვანას, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ მრავალი ობიექტური ფაქტორის გათვალისწინებით, სლოგანი ზედმეტად მომხიბვლელად ჟღერს საიმისოდ, რომ ის რეალურად შესრულებულიყო.
მეორე ადგილი - საქართველო სიღარიბის გარეშე

ქვეყანაში არსებული სოციალური ფონის გათვალისწინებით სლოგანი ხომ იდეაშივე უტოპიურია, მაგრამ სამაგიეროდ - პოპულისტური!

პირველი ადგილი- საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა

დაბოლოს, ცხადია, პირველი ადგილი ეკუთვნის დაპირებას, რომელიც ქართველი პოლიტიკოსების მხრიდან ამომრჩეველთა ემოციებზე აპელირების მთავარი მეთოდი იყო - დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება. ეს მეთოდი, თავის დროზე, ყველაზე ეფექტურად სააკაშვილმა და ოქრუაშვილმა გამოიყენა. ამის პირობა ოქრუაშვილმა სატელევიზიო ეთერში, სააკაშვილმა კი დავით აღმაშენებლის საფლავზე დადო.

რედაქტორის რჩევით