პროტესტი შინ და გარეთ - კვირის პალიტრა

პროტესტი შინ და გარეთ

პროტესტი  შინ

დაკვირვებები ცხადჰყოფს, რომ ჩვენს ქვეყანაში დაახლოებით 150 000 ადამიანია, რომელიც მზად არის, მთავრობის მიმართ დაგროვილი პრეტენზიების დასაფიქსირებლად, ნებისმიერ მომენტში თუ არა, წელიწადში ერთხელ მაინც გავიდეს ქუჩაში. ვერაფერს იტყვი, საკმაოდ ეფექტური რიცხვია.

ალბათ სწორედ ამიტომ არის, რომ ქუჩის საპროტესტო აქციები, კარგად თუ დავაკვირდებით, ძალიან წააგავს ქართულ სუფრას:

• შეკრებილნი, ტრადიციულად, პირველ რიგში თამადას ირჩევენ.

• თამადა მრავლისმეტყველი სახით ეფექტურ სიტყვას ამბობს.

• მისი გამოსვლა იმდენად შთამბეჭდავია, რომ სანდო წყაროს ცნობით, სასიქადულო მამულიშვილებს, თურმე ნუ იტყვით და, ტანზე "ბურძგლავთ"!

• ქართული სუფრის მსგავსად, ქუჩის აქციები არა მარტო ლიდერ-თამადას, არამედ "მოადგილეებსაც", ე.წ. დელეგატებსაც საჭიროებს. მათ კონკრეტული დანიშნულება აქვთ - წესრიგის დაცვა და თამადის სადღეგრძელოების განვრცობა-გავრცელება.

• ჩვენებური საპროტესტო აქციები, ქართული სუფრის მსგავსად, დროშია გაწელილი.

KvirisPalitra.Ge• ორივე მათგანს ახასიათებს თეატრალური ელემენტები.

• საპროტესტო აქციები, ისევე, როგორც ქართული სუფრა, პატრიოტული სიმღერისა და ლექსის გარეშე წარმოუდგენელია.

• ქართველებმა ღამის თევით ვიცით აქციებიც და ქეიფიც.

• დაბოლოს,  ამ ორი, ერთი შეხედვით ერთმანეთისგან განსხვავებული მოვლენის ყველაზე მნიშვნელოვანი მსგავსება - ორივე მათგანი გინებით, დაშლა-დარბევით, ჩხუბით და ცემა-ტყეპით მთავრდება.

 

პროტესტი  გარეთ

იმაზე, რომ საპროტესტო ტალღას მედია აძლიერებს, არავინ დავობს, მაგრამ რა ქნან ქვეყნებმა, სადაც მედია სახელმწიფოს მიერ კონტროლდება?

ფარიდი, ჩემი აზერბაიჯანელი მეგობარი ამბობს, რომ აზერბაიჯანში დიქტატურაა, მაგრამ ეს არავის ადარდებს. ამბობს, რომ მათზე ვერც ბულგაკოვმა მოახდინა გავლენა, რომელიც წერდა - "ყოველი ხელისუფლება ადამიანზე ძალადობაა" და ვერც როკ ჯგუფ "რედიოჰედის" ფრაზამ: "bring down the government, they don't, they don't speak for us!" ("ჩამოაგდეთ მთავრობა, ისინი ჩვენთვის არ ლაპარაკობენ!") მეტიც, ამ უკანასკნელს ნაკლებად უსმენენ და პოლიტიკური კურსის არ იყოს, უპირატესობას მუსიკაშიც თურქ ტარკანს ანიჭებენ. თუმცა იქაც არიან ადამიანები, რომლებიც დემოკრატიისკენ მიისწრაფიან.

აზერბაიჯანში, ისევე როგორც საქართველოში, ნაციონალურ მაუწყებლებს ხელისუფლება აჭმევს. შესაბამისად, მოსახლეობაში თავისუფალი აზრის გამოხატვისა და ინფორმაციის ცენზურის გარეშე გავრცელების მოთხოვნილება ჩნდება.

როგორც წესი, ასეთ დროს ერთადერთი, რაც ცენზურას არ ემორჩილება - სოციალური მედია, ანუ თავისუფალი სივრცე, რომელიც, წესით, ყველაზე მეტად ისეთ ქვეყნებში უნდა იყოს ათვისებული, როგორიც აზერბაიჯანი, საქართველო და სხვა "გამოდემოკრატირებული" ქვეყნებია. ჰოდა, აზერბაიჯანელებმაც აითვისეს სოციალური მედია და ბლოგებზე ანტისახელისუფლებო პოსტების წერა დაიწყეს, რასაც 2 ბლოგერის - ემინ მილის და ადნან ჰაჯი-ზადეს დაკავება მოჰყვა. წელიწადზე მეტი გავიდა და ახლახანს სასამართლომ ბლოგოსფეროს ეს ორი "ტანჯულა" გაანთავისუფლა, თუმცა მათი პატიმრობა ბევრისთვის გაკვეთილად იქცა.

მსგავსი რამ საქართველოში  ჯერ(!) არ მომხდარა და იმედია(?) არც მოხდება.

KvirisPalitra.Geჩვენთან, ყოველდღიურად, უამრავი მომარებელი ჰყავს ფორუმებსა და "ფეისბუქს". "ტვიტერი" ჯერ ვერ ავითვისეთ, თუმცა რაც ავითვისეთ - კარგად ავითვისეთ: ამა თუ იმ საკითხზე პროტესტის გაჩენისთანავე, მომენტალურად ვწერთ სტატუსებს "ფეისბუქზე", ერთმანეთს ფორუმებზე შევჩივით, თუმცა უნდა ითქვას, რომ ჩვენი პროტესტი ვირტუალურ სივრცეშივე რჩება.

ამბობენ, რომ თითქოს სოციალურმა მედიამ საქართველოში  სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი.  შესაძლებელია, ეს ასეც არის, თუმცა თითზე ჩამოსათვლელია მაგალითები, როდესაც სამოქალაქო აქტივობა სოციალურ მედიას გასცდა და რეალურ ქმედებად ტრანსფორმირდა.

მაშინ, როდესაც საზოგადოების პრობლემებზე ტრადიციული მედია დუმს, ადამიანები ერთმანეთს პრობლემებსა და საპროტესტო განწყობას ახალი მედიის, სოციალური ქსელების საშუალებით უზიარებენ. ეს უკანასკნელი კი საოცრებებს ახდენს და მისი გავლენა დღითიდღე იზრდება. ამას მოწმობს არაბულ სამყაროში განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენებიც, სადაც პროტესტანტები კოორდინირებისა და ერთმანეთის ინფორმირებისთვის სწორედ სოციალურ ქსელებს იყენებდნენ.

ეგვიპტელების პროტესტი სოციალურ მედიაში არ დარჩენილა. მათ ერთმანეთში გაზიარებული სახელმწიფოს მიმართ მუქარა აქტივში მოიყვანეს და იმ ღამეს, როდესაც მუბარაქი გადადგა, CNN-თან სატელეფონო ჩართვაში, ცნობილი ეგვიპტელი აქტივისტი, ვაელ გონინი, თავისუფლებისთვის მადლობას მარკ ცუკერბერგსა და მის "ფეისბუქს" უხდიდა.

ეგვიპტელები დღეს მუბარაქის 30 წლიანი ეპოქის დასასრულს თავისუფლების  ამ ჰიმნით ზეიმობენ. ეგვიპტელო ძმებო, მშვენიერი მელოდიაა და თავისუფლებასაც გილოცავთ, მაგრამ რა ვიცი... ჩვენ ეგ სიმღერა 7 წლის წინ ვიმღერეთ...

გიორგი გიორგაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)