ვინ უქნა იმედს თავზე?
17-03-2011
ვინ უქნა იმედს თავზე?
გასულ შაბათს "იმედმა", გადაცემაში "სპეციალური რეპორტაჟი", ქართველი სტუდენტების ის მცირე ნაწილი გვიჩვენა, რომლებმაც გადაცემის მიერ დასმულ პროვოკაციურ შეკითხვებს აბსურდული პასუხები გასცეს.

შეკითხვები ასეთი იყო: ვინ იყო პეტრე მელიქიშვილი? რომელ საუკუნეში მეფობდა შოთა რუსთაველი? რამდენი გვერდი აქვს სამკუთხედს? და ასე შემდეგ.

ამ გადაცემას სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ერთმა ნაწილმა "იმედი" წიგნიერების დონის არასწორი სურათის შექმნაში დაადანაშაულა, ზოგი კი გამოკითხულთა უწიგნურობამ აღაშფოთა. მე მინდა ამ ამბის სულ სხვა მხარეზე დავწერო:

გადაცემის
დასკვნით ნაწილში, ერთ ძალიან უცნაურ საბავშვო წიგნზე ისაუბრეს. "თხუნელა, რომელსაც სურდა გაეგო, ვინ უქნა თავზე" - ასე ჰქვია აღნიშნულ წიგნს. წიგნის გმირი - თხუნელა, ცდილობს გაიგოს, ვინ უქნა თავზე. ის ამ შეკითხვით კურდღელს, ღორს, ძროხას, ცხენსა და სხვა ცხოველებს მიმართავს.  საბოლოოდ თხუნელა იპოვის მას, ვინც
თავზე უქნა და შურსაც იძიებს.

გადაცემაში აღინიშნა და ამ აზრს მეც ვიზიარებ, რომ ეს წიგნი ბავშვებისათვის არაფრის მომცემია, თუმცა პირადად ჩემთვის, თხუნელას ისტორია, ტელეკომპანია "იმედზე" შეთხზული სრულიად არასაბავშვო ზღაპრის შესაქმნელად, ინსპირაციის წყარო გახდა. მაშ ასე:
ვინ უქნა იმედს თავზე?

(არასაბავშვო ზღაპარი)

ეს ამბავი იმ მშვენიერ დღეს მოხდა, როცა "იმედმა" თავი მიწიდან ამოყო - უნდოდა გაეგო, მზე ამოვიდა, თუ არა. და უცებ, ჰოი, საშინელებავ! – "იმედს" თავზე რაღაც "დაეკოსა". მიმოიხედა და ნახა, რომ ყოველი მხრიდან ლაფს ესროდნენ, ლანძღავდნენ, აგინებდნენ. ყველა ამრეზით უყურებდა და მატყუარას ეძახდა.

KvirisPalitra.Ge- რა ჯანდაბაა! - დაიყვირა დამფრთხალმა და შეშინებულმა "იმედმა", - ყველა ჩემსკენ  რატომ იშვერს ხელს, რატომ დამცინის, მამცირებს და თავს ლაფს მასხამს?! ნუთუ რამე შემეშალა?! რატომ ხდება ასე, ეს ვინ მიქნა თავზე?!

"იმედმა" მიმოიხედა, მაგრამ რაკი ბეცი იყო, გარშემო ვერაფერს მოჰკრა თვალი და გადაწყვიტა გაეგო, - სად დაუშვა შეცდომა, რომელმა თანამშრომელმა უქნა თავზე, რომელმა მათგანმა გაუჩინა საზოგადოებაში უნდობლობა და მისცა აბუჩად აგდებისა და ლაფის სროლის მიზეზი...

ამ დროს თავზე სიამოვნებისგან მეცხრე ცაზე მყოფმა შორენა ბეგაშვილმა გადაუფრინა.

- შენ მიქენი თავზე? - ჰკითხა შორენას - იქნებ, შენმა ვულგარულობამ და უნიჭო პორნოგადაცემამ მიქნა თავზე და ამიტომ ვერ მიტანს მაყურებელი! თანაც, შენ ხომ ქართული საზოგადოებისთვის მიუღებელი ცხოვრების წესს - ქორწინებამდე სექსს ქადაგებდი ჩემი ეთერით. სწორედ შენ გაილაშქრე ქალწულების წინააღმდეგ, გოიმები და ჩამორჩენილები ეძახე მათ!

- მე? - შეიცხადა შორენამ და აკანკალებულმა სექსუალურად ამოიკვნესა. შეშფოთებულმა, გახშირებული გულის ცემისგან ათრთოლებულ მკერდზე ხელი დაიდო, ტუჩები გამობერა და უთხრა:

- არა! ეს თქვენ მიქენით თავზე! მაგ გადაცემის შემდეგ მაყურებელს მსახიობი კი არა, პორნოვარსკვლავი ვგონივარ, თუმცა მაყურებელს ვერც გავამტყუნებ. მაგ ეროტიკული შოუს წყალობით, ჩემი შესრულებული ვერც ერთი როლი ვერ გასცდა  საწოლს. იმას კი, რასაც საწოლში ვაკეთებ, სამწუხაროდ,  მსახიობობას არავინ ეძახის! მაგას რა მსახიობობის ნიჭი უნდა, ეგ თუ არტისტობაა, ჩვენც შენსავით არტისტები ვყოფილვართ ყველაო - ასე მეუბნებიან - უპასუხა შორენამ და გაფრინდა.

"იმედმა" იარა, იარა და "ქრონიკის" ერთ ძალიან ლამაზ, ქერათმიან წამყვანს გადაეყარა.
- შენ მიქენი თავზე?  ალბათ შენს გამო დამცინიან და მესვრიან ქვებს. შენ ხომ ის ჟურნალისტი ხარ, 1975 წელს გარდაცვლილი მხატვრის მობილური ტელეფონის ნომერს რომ ეძებდი, ინტერვიუზე უნდა შევითანხმოო.

- მე? არა! მე შენი ერთგული ჟურნალისტი ვარ! ყოველდღიურად იმდენს ვტყუი, ზოგჯერ მრცხვენია კიდეც და იმისთვის, რომ კიდევ არ ვიცრუო, ზოგ ამბავს, მათ შორის ისეთსაც კი, რომელიც აქვე, ჩვენს ქალაქში ხდება, არც კი ვაშუქებ. მაგალითად, წლის დასაწყისში, ვეტერანების დარბევა. ამ ამბავზე კრინტიც არ დამიძრავს. პრეზიდენტივით ვერ ვიცრუებდი, ვეტერანები მარადიულ ცეცხლთან შარდავდნენ და ამის გამო დაარბიესო. მით უფრო, რომ ამის დამადასტურებელ ვიდეომასალას ვერ ვაჩვენებდი. თანაც ეს მაშინ, როდესაც ჩემგან უკვე  ისიც კი აღარ სჯერათ,  რისი დამადასტურებელი ვიდეოც მაქვს. მართალია, მე გამუდმებით ვცრუობ, მაგრამ მერწმუნე, ამას ისევ შენს სასიკეთოდ ვაკეთებ. ასეა, მე რომ არ ვცრუობდე, შენ 4 წლის "გათიშული" იქნებოდი...

"იმედი" მიზანდასახული და ცნობისმოყვარეა. ის კვლავ განაგრძობს გამოძიებას, რათა ფარდა ახადოს ყველაფერს და ბოლოს და ბოლოს, გაიგოს, თუ ვინ უქნა თავზე...

- შენ მიქენი თავზე? - ახლა ნათია კობერიძეს მიადგა.
- მე?! არა, რას ამბობ!
- აბა, ის ვინ იყო, თავისი გადაცემით ომი რომ გამოუცხადა მაყურებელს? - არ დანებდა კოპებშეკრული "იმედი".
- ჰმ, თქვენ თვითონ მიქენით თავზე! სწორედ თქვენს გამო დავარღვიე ჟურნალისტთა ქარტიის პირველი მუხლი, რომლის თანახმად  „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“! სწორედ თქვენს გამო დამატოვებინეს ჟურნალისტთა ქარტია და მთელ ქვეყანაში თითით საჩვენებელ მატყუარად მაქციეთ!

- ვა, ხოო? ჰმ... - ჩაფიქრდა "იმედი" - იცი რა? თუ არ გინდოდა, ნუ წაიყვანდი მაგ გადაცემას!
- მე არაფერ შუაში ვარ - განაგრძობდა თავის მართლებას კობერიძე - მე მხოლოდ "სპეციალური სიუჟეტის" წამყვანი ვიყავი, რომელზეც, არ დაგავიწყდეს, გადაცემის დასაწყისში ვთქვი, რომ მოდელირებული სიუჟეტი გავიდოდა ეთერში. მგონი ვიცი, ვინც გიქნა თავზე. ლაშა ხარაზიშვილთან მიდი - მან წაიყვანა სრულიად სერიოზული სახით "მოდელირებული ქრონიკა" და მისი ყოველი წარმოთქმული სიტყვა და ყოველი მიმიკა მეტად ამძიმებდა სიტუაციას და ქმნიდა შეგრძნებას, თითქოს ქვეყანაში მართლაც ომი იყო.

- შენ მიქენი თავზე? - ახლა ხარაზიშვილს შეუტია "იმედმა" - შენ დაივიწყე მთავარი - მაუწყებელთა ქცევის კოდექსი, მუხლი 13, პუნქტი 5: აუდიტორიის შეცდომაში შეყვანის თავიდან აცილების მიზნით მაუწყებელმა თავი უნდა შეიკავოს ახალ ამბებსა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებში დადგმებისა და ინსცენირების გამოყენებისგან, ან ნათლად უნდა განმარტოს, რომ ეს არის დადგმა ან ინსცენირება. დოკუმენტური ან რეალური ფაქტების ყოველი სამაუწყებლო რეკონსტრუქცია უნდა იყოს ნათლად მითითებული. აი, რატომ აღარ ჯერათ ჩემი! აი, რატომ მასხამენ ლაფს! აი, რატომ მიშვებიან თავზე!

- მე?! არა, მე არაფერ შუაში ვარ! შენს კითხვაზე პასუხს პოლიტიკოსებში უნდა ეძებდე. მე ჟურნალისტი კი არა, ქვევრი ვარ - რასაც ჩამძახებენ, იმას ამოვძახებ...
იმედდაკარგულმა "იმედმა" გადაწყვიტა, რომ პასუხი თავის ფესვებში, უკან, წარსულში ეპოვა. ამ გადაწყვეტილებიდან რამდენიმე წუთში ის გიორგი თარგამაძეს ესტუმრა.

- იმედის ყველა ახალი წამყვანი ერთგულებას მეფიცება. მითხარი, შენ "დამახურე" თავზე?
გიორგიმ ამ შეკითხვაზე ჩვეული დიპლომატიურობითა და სერიოზული სახით უპასუხა:
- არა, მე კი არ "დაგახურე", მე დაგხურე! ეს 2007 წლის 7 ნოემბრიდან მალევე, დეკემბრის მიწურულს გავაკეთე. ამ მოვლენებს ქრონოლოგიურად გაუყევი, პასუხთან ახლოს ხარ! - უთხრა გიორგიმ და თითქოს მინიშნებას იძლევაო, მზერა გამჭვირვალე შენობისკენ გააპარა და ხელი ხერხემალზე წაივლო...

"იმედს" გამჭვირვალე შენობამ და ხერხემალმა ავბედითი 7 ნოემბერი გაახსენდა. ზედმეტი კითხვები აღარ იყო საჭირო. მისთვის ახლა ყველაფერი ნათელი იყო...

ამ დღის შემდეგ იმედს აღარ უკითხავს, - "ვინ მიქნა თავზეო". შეურაცხყოფილი და უკმაყოფილო, ისევ მიწაში გაუჩინარდა...

15 მარტს ტელეკომპანია "იმედი" 11 წლის გახდა. ვულოცავ დაბადების დღეს და ვ-იმედ-ოვნებ, რომ ჩემი ზღაპრისგან განსხვავებით, "სპეციალურ რეპორტაჟში" ნაჩვენები თხუნელას ისტორიის მსგავსად, იმათ ვინაობასაც გაიგებენ, თუ ვინ უქნა თავზე (ცხადია, იმ შემთხვევაში, თუ საერთოდ აწუხებთ ეს შეკითხვა)...

გიორგი გიორგაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)

apolitikuri
03 იანვარი 2012 12:47
ზესტატიაა, გიორგი!
მიიღე ჩემი გულწრფელი აღტაცება და მადლობა!
ხათუნა
31 ოქტომბერი 2011 18:44
მე არ მინახავს კვრის რეპორტაჟი მაგრამ მითხრეს ეს რა რეკლამა გაუკეთა ივანიშვილს იმედმაო მოკლედ ვეღარაფერი ვეღარ მორფიქრეს და რაც უფრო ცდილობენ მის დაკნინებას მით უფრო განადიდებენ
ნაზი
20 მარტი 2011 20:44
გაიხარეთ გიორგი წარმატებებს გისურვებ

რედაქტორის რჩევით