ჩემი ბედნიერი პრეზიდენტი
31-03-2011
ჩემი ბედნიერი პრეზიდენტი
გადავწყვიტე, რამდენიმე საათით მაინც არ მეფიქრა საკუთარ ბედნიერებაზე და ჩემი ფიქრები იმ ადამიანისკენ მიმემართა, რომელიც დღედაღამ ათასობით ადამიანის ბედნიერებაზე ზრუნავს.

გიფიქრიათ, - არის თუ არა ჩვენი პრეზიდენტი ბედნიერი? ალბათ უმრავლესობა იტყვის, - არისო! მეც ასე ვფიქრობ, მას ხომ ამისთვის არაერთი მიზეზი აქვს.

აი, მაგალითად: ჩემი პრეზიდენტი ბედნიერია, რადგან პინოქიოსგან განსხვავებით, მისი ცხვირის ზომა ტყუილებზე არ რეაგირებს.

საქართველო გაერთიანდება! საქართველო გაძლიერდება! საქართველო გამთლიანდება!
(საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი. 2008 წლის 2
იანვარი. გელათის მონასტერი, დავით აღმაშენებლის საფლავი).

2008 წლის აგვისტოში რუსეთმა საქართველოს მიმართ ღია აგრესია განახორციელა. ამ ომის შედეგად საქართველომ ზემო აფხაზეთად წოდებული კოდორის ხეობა, ლიახვის ხეობა და ახალგორის რაიონი დაკარგა.
თუმცა, ჩემი პრეზიდენტი ბედნიერია, რადგან რუსის ჯარი თბილისში ვერ შემოვიდა (აბა, ქალაქის გარეუბნებში ჩამოგდებული ორიოდე
ბომბი, აქ რა მოსატანია).

საქართველო სიღარიბის გარეშე! (საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი. 2007 წლის 10 დეკემბერი, თბილისი)
საქართველოში 1 მილიონი ადამიანი ღარიბია და 440 ათასი ადამიანი უკიდურესად ღარიბი. (UNICEF-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები. 2010 წელი)

ამის მიუხედავად, ჩემი პრეზიდენტი ბედნიერია, რომ დუხჭირი ცხოვრების ფონზე, "საქართველო ყველაზე სწრაფად პროგრესირებადი და ერთ-ერთი ყველაზე დიდი ეკონომიკური ზრდის ქვეყანაა".

დიახ, ძვირფასო მკითხველო, მიხეილ სააკაშვილი ბედნიერია!

ბედნიერია მაშინაც, როდესაც ჩვენი გადასახადებით შევსებული ბიუჯეტით დაფინანსებული მსოფლიო ვარსკვლავების კონცერტზე,  "უფასოდ გვეპატიჟება" და გახარებულ, მსოფლიო ჰიტებზე მოცეკვავე გოგო-ბიჭებს შეჰყურებს.
რამდენი გვიჯდება მსოფლიო ვარსკვლავების კონცერტები ღია ცის ქვეშ, ამაზე სახელმწიფოს მხრიდან ოფიციალური განცხადებები არ კეთდება.
(ავსტრალიის ხელისუფლებამ ქვეყნის ბიუჯეტიდან 5 მლნ დოლარით დააფინანსა ერთ-ერთი შოუ-კონცერტი, რამაც საზოგადოების უდიდესი აღშფოთება და საპროტესტო აქციები გამოიწვია. ეს ხდება სახელმწიფოში, რომლის მთლიანი შიდა პროდუქტი საქართველოსას თითქმის 80-ჯერ აღემატება).

ჩემი პრეზიდენტი ბედნიერია, რადგან იცის, რომ მისი მტრის მტერი, მისი მეგობარია.
(მიუნხენის აეროპორტში ლევან გაჩეჩილაძე, რომელიც იქ ეროსი კიწმარიშვილთან და კოკა გუნცაძესთან ერთად იმყოფებოდა, შემთხვევით ბადრი ბიწაძეს შეხვდა, რასაც მათ შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. კონფლიქტს ბიწაძეც ადასტურებს. როგორც მან "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ლევან გაჩეჩილაძემ მისთვის პროვოკაციების მოწყობის დავალება მიიღო და ამაში ფულს უხდიანო).

ჩემი პრეზიდენტი ბედნიერია, რადგან ჩვენს ქვეყანაში დონალდ ტრამპის სახელობის ცათამბჯენი აშენდება. მერე რა, რომ ამ მშენებლობას ტრამპი არ დააფინანსებს.
(ოფიციალური ინფორმაციით, ცნობილმა ამერიკელმა მილიარდერმა, დონალდ ტრამპმა, ამიერკავკასიის ქვეყნებს შორის არჩევანი საქართველოზე გააკეთა და ქვეყანაში 250 მლნ დოლარის ინვესტირებას მოახდენს. The News York Times -ის კორესპონდენტის ენდრიუ კრამერის წერილიდან კი ირკვევა, რომ საქართველოს ცათამბჯენებში ტრამპი საკუთარ მილიონებს არ ჩადებს).

ჩემი პრეზიდენტი ბედნიერია, რადგან მის რეფორმირებულ პატრულს ჰიმნებს უძღვნიან. ვფიქრობ, მას მოსწონს ეს ჰიმნები, გარდა "მაესტროს" ეთერში გაჟღერებული "ჰიმნისა", რომელიც იმდენად "ბანძი" აღმოჩნდა, რომ მის ეთერში გაშვებაზე "არ დაიდარდომაც" კი უარი თქვა.

...გადავხედე ჩემს ნაწერს და პრეზიდენტის შემყურემ, მეც ბედნიერად ვიგრძენი თავი, მაგრამ მერე გამახსენდა, რომ ჩემს პრეზიდენტს "ჩუსტებიც" კი არ გააჩნია, ღამე ტუალეტში რომ გავიდეს, და შემეცოდა ეს "ბედნიერი"...

გიორგი გიორგაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)
dato
05 აპრილი 2011 18:54
როდის გინახავთ მისი უბედურისახე?,-როცა რამეთი უკმაყოფილოა.
margali
04 აპრილი 2011 20:54
არა მგონია პრეზიდენტი ბედნიერეი იყოს. ვერ იქნები ბედნიერი ისეთი ქვეყნის პრეზიდენტი, როგორიც საქართველოა.
საქართველოსნაირი ქვეყნის პრეზიდენტობა ბედნიერება კია არა უბედურებაა და მეტი არაფერი.
imano texureli
04 აპრილი 2011 18:02
ეგ კაცი უკვე სირცხვილია საქართველოსათვის

რედაქტორის რჩევით