ძალადობა "მარშრუტკებში", ანუ წამებული მგზავრის წერილი - კვირის პალიტრა

ძალადობა "მარშრუტკებში", ანუ წამებული მგზავრის წერილი

თქვენ თუ ქალაქში საკუთარი მანქანით გადაადგილდებით, ნუ დახარჯავთ დროს ამ ჩანაწერის წაკითხვისთვის!

ადამიანზე ძალადობის არაერთი საშუალება არსებობს.

გუანტანამოს ციხეში პატიმრების წამების სხვა მეთოდებთან ერთად, პატიმრების ხმამაღალი მუსიკით წამების ხერხსაც მიმართავდნენ და იქაური Playlist-ი დაახლოებით ასე გამოიყურებოდა:

AC/DC - Hell’s Bells,

Deicide - Fuck Your God,

Dope - Die MF Die, Take Your Best Shot,

Drowning Pool - Bodies,

eminem - Kim, Slim Shady,

Metallica - Enter Sandman

2 pac- All Eyes on Me და ა.შ…

ადამიანებზე ძალადობის ამ ხერხს საქართველოშიც იყენებენ. თუმცა, გუანტანამოს ციხისგან განსხვავებით, ჩვენთან ამას ღიად და საჯაროდ აკეთებენ. მეტიც, სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ამ ტექსტის პატიოსანი მკითხველი არაერთხელ ყოფლა მუსიკით ძალადობის მსხვერპლი...…

დილა:

08:00 – მაღვიძარა რეკავს, რომელსაც ავტომატურად, სრულიად გაუცნობიერებლად "ვაკეტინებ".

08:?? – მაღვიძარა მე-?-ჯერ რეკავს. მობილურზე საათს დავხედე. ელექტრო საათის მხოლოდ პირველ ორ სიმბოლოს ვაკვირდები. 08:, დანარჩენი არ არის მნიშვნელოვანი. მთავარია, რომ იქ 09: არ წერია. რაკი ამდენს "ვტვინავ", უკვე იმასაც "ვწვავ", რომ მაგვიანდება და დროა სამსახურში წავიდე.…

08:45 – გაჩერებაზე ვარ. სამსახურამდე ყოველდღიურად "მარშრუტკას" მივყავარ. დღესაც ასე იქნება.…

ავდივარ "მარშრუტკაში". იმის გამო, რომ გაჩერებასთან ახლოს ვცხოვრობ, ჩემს საჯდომს დასაჯდომი ადგილის არქონა არ აწუხებს, მაგრამ თბილისში მოსიარულე "მარშრუტკებს" საწუწუნოს ყოვლეთვის მოუძებნის კაცი.

09:02 – "მარშრუტკა" უკვე გასცდა გარეუბანს და ერთ-ერთი ავტოგასამართ სადგურზე ტემპერატურისა და დროის მაჩვენებელი ციფერბლატი 09:02-ს მაჩვენებს, რაც ნიშნავს იმას, რომ სამსახურში არ მაგვიანდება და ჩემს ახალ SAMSUNG-ის მობილურში, NOTE-ში  ცხელ გულზე ვიწყებ ტექსტის წერას. ფიქრებს სამსახურამდე თუ არ გადავიტან, მერე ამისთვის ვეღარ მოვიცლი. მე კი გულწრფელად მინდა, ჩემი სატკივარი ყველას გავუზიარო და იქნებ თანამოაზრეებიც მოვიპოვო...

ბოლო დროს ჩვენს ქალაქში ძალიან მოდური გახდა რაიმეს აღიარება. გადავწყვიტე, ამ ტენდენციას არც მე ჩამოვრჩე. დიახ, მე მინდა ვაღიარო, რომ ძალადობის მსხვერპლი ვარ. ჩემზე ყოველ დილით სამარშუტო  ტაქსების მძღოლები ძალადობენ. მესმის, ეს ძალიან პიკანტურად ჟღერს, მაგრამ დასკვნებს ნაადრევად ნუ გამოიტანთ...

უფრო სწორად და გასაგებად რომ ავხსნა და ამასობაში, პრობლემაც რომ მეტად "გავშალო", მომიწევს იმის აღნიშვნა, რომ მოძალადენი უშუალოდ "მარშრუტკის" მძღოლები კი არა, ქართული "დაიკიდე - მოგეშვება" რადიოსადგურები არიან. რადიოები, რომლებიც დღისით, მზისით, სრულიად მოურიდებლად და სახალხოდ, მდარე ხარისხის მუსიკას, მეტი კონკრეტიკისთვის, "უკეთუ არს" ასე ვთქვა,  - ე.წ. ბაზრულ მუსიკას "გვტენიან". სიამოვნებით დავწერდი უშუალოდ მათზე  ერთ-ორ სიტყვას (თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ორიოდე სიტყვა არ მეყოფოდა), მაგრამ მალევე მახსენდება, რომ დამოუკიდებელი, დემოკრატიული ქვეყანაა, სადაც რადიოებს თავისუფლად შეუძლიათ საკუთარი კომერციული ინტერესებიდან გამომდინარე, აირჩიონ სასურველი მუსიკალური ფორმატი. არადა, სასაცილო ის არის, რომ კომუნისტების დროს ფარფლები და პინკ ფლოიდი იკრძალებოდა; ახლა კი ჩხეიძესა და სურამელაშვილსაც კი არ კრძალავენ. ასეთი დემოკრატიაც არ გვინდა, ბატონებო. მგონი, ეს უკვე მეტისმეტია…

შესავალი ნაწილის გაგრძელება:  - ხმამაღალი მუსიკით წამება

მას შემდეგ, რაც "მისაკაჩავებელ" ობიექტად რადიოსადგურები, ზემოთ მოყვანილი მსჯელობის თანახმად გამოვრიცხე, გადავწყვიტე, რომ მოძალადენი მძღოლები არიან. სწორედ ისინი მიწყვეტენ, თუ რას მოვისმენ მე დილიდან. განწყობა მუსიკაზე რეაგირებს. ნათელი მზე, უღრუბლო ცა და ჩიტების ჭიკჭიკი ქაჯური მუსიკის ფონზე, ვერაფერი სიამოვნებაა. იმ დროს, როდესაც ამ სიტყვებს ვწერ, წამყვანი ხაზგასმით აცხადებს, რომ მსმენელთა უმრავლესობის მოთხოვნით ეთერში ????-ის "???? ?? ???" გავა (არ ვიპრანჭები, მართლა არ ვიცი არც შემსრულებელი და არც სიმღერა). როგორც აღმოჩნდა, წარდგენილი სიმღერა ჩვენი მძღოლოს ფავორიტია და ისიც რადიომიმღების ხმას უწევს. აქ მეტად ვღიზიანდები. თუმცა საკუთარ თავს პირობას ვაძლევ, რომ რასაც ახლა ვფიქრობ, არ დავწერო.…

პრობლემა:

1 – დასაშვებია თუ არა საზოგადოებრივ ტრანსპორტში მუსიკის (ჩემი ბრალი არ არის; ახლა იმასაც მუსიკას ეძახიან, რასაც "დაიკიდე-მოგეშვება" რადიოები გვასმენინებენ) ჩართვა?

2 – ჩვენ ფულს ტრანსპორტირებაში ვიხდით და არა მუსიკის მოსასმენად. მუსიკის მოსასმენად სათანადო დაწესებულებებში დავდივართ და YOUTUBE-ის გამოყენებაც ვიცით.

3 – საზოგადოებრივ ტრანსპორტში მუსიკის ძალადობით მოსმენით იზღუდება ჩემი, როგორც მგზავრის უფლებები. ეს არის პირდაპირი ძალადობა ადამიანზე – მასმენინებენ იმას, რაც მე მაღიზიანებს და რაც უარყოფითად მოქმედებს ჩემს გუნება-განწყობაზე დილიდანვე (პრობლემის მეტი დრამატიზებისთვის, ცუდი არ იქნებოდა, დეტალურად რომ აღმეწერა, რა გრძნობაა, როდესაც მძიმე, დაძაბული სამუშაო დღის შემდეგ, მარშრუტკაში ცალ ფეხზე დგახარ, ყურთან კი ბოლო ხმაზე ჩაგჩხავის ვიღაც: "ჩეეეეეეეეემო ძვირფასებოო, შემდეგ სიმღერას, ჩხეიძის "კაბრიოლეტს", გელა რუსთაველ ეკას უძღვნის დიდი სიყვარულით" და მსგავსი ტექსტები ).

4 – მუსიკა ადამიანის ზოგად გემოვნებაზე დიდ გავლენას ახდენს. ამ ქვეყნად კი იმდენი კარგი მუსიკოსია, რომ სულაც არ არის აუცილებელი, ყველა შოპენს უსმენდეს. ის, რასაც ახლა რადიოები გვასმენინებენ, რამდენიმე წლის წინ გოიმურ "პესნიებად" ითვლებოდა (მახსოვს, წლების წინ, სირცხვილისგან როგორ გაწითლდა ერთი ჩემი ნაცნობი, როდესაც გოგომ, რომელსაც ეპრანჭებოდა, "ბარდაჩოკში" გოიმური კასეტა აღმოუჩინა), თუმცა ახლა ასეთი ტიპის სიმღერები რადიოების შემოსავლის და მათი მსმენელების სულიერი საზრდოა. ახლა გოიმური მუსიკა "გაპრავებულია" და ჭოხონელიძეზე მეტი მსმენელი ჩხეიძეს ყავს. შეზარხოშებულ ქართველებს საქართველოს სადღეგრძელოს შემდეგ, დოლიძის "ხმალი ავლესოთ ქართველებოს" ნაცვლად, სურამელაშვილის მოსმენა ურჩევნიათ.

შენიშვნა: ქართველები ჰომოფობები არიანო, წმინდა წყლის ტყუილია. ქართველი, კაი პურის მჭამელი, ღიპიანი ბიძები, მათგან რადიკალურად განსხვავებულ, ხაზგასმით არაქართული და არატრადიციული შესახედაობისა და ზნე-ჩვეულებების მქონე მამაკაცს აღმერთებენ. მისი მუსიკა დღეს ჰიპერპოპულარულია. ამას რესტორნები, აუდიომაღაზიები, მუსიკალური საიტებისა და "დაიკიდე-მოგეშვება" რადიოების "ჩათები" მოწმობენ.

5 – ასეთი მუსიკა, რომელიც იმდენად ცუდია, რომ უცენზურო სიტყვებიდან შესაბამის სახელს ვერ მოვუძებნი, სრულიად საჯაროა. ჩემი მტკიცე მოსაზრებით, ეს მუსიკა ცუდ გავლენას ახდენს მოზარდების განვითარებასა და მათი შემდგომი გემოვნების ჩამოყალიბებაზე. "დაიკიდე – მოგეშვება" მუსიკაზე აღზრდილი თაობა... რა ვიცი, რა ვიცი...

P.S. უახლოეს მომავალში ასეთი ტიპის კიდევ ერთ რადიოს ხსნიან. რადიოსადგურები ხალხის მოთხოვნას პასუხობენ (რომელიც თავადვე გააჩინეს). ეს იმის მანიშნებელია, რომ ჩვენში ასეთ გოიმობებს ბევრი უსმენს, ოღონდ თქვენ არა – თქვენ ხომ ახლა KVIRISPALITRA.GE-ზე ხართ და შესაბამისად, გემოვნებიანი მკითხველი ბრძანდებით!

გიორგი გიორგაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)