"ნენა, ვინ არიან ეს მოლეული, წვრილთვალება ადამიანები, რა დილაუთენია გაუწევიათ ყანაში"?!
02-09-2016
"ნენა, ვინ არიან ეს მოლეული, წვრილთვალება ადამიანები, რა დილაუთენია გაუწევიათ ყანაში"?!
ბავშვობაში ტიციან ტაბიძის ერთი წერილი წავიკითხე. რასაკვირველია მას შემდეგ დიდი დროა გასული და მისი ზუსტი შინაარსი სიტყვასიტყვით არ მახსოვს, მაგრამ ერთი ნაწილი მეხსიერებაში სამუდამოდ ჩამებეჭდა. "მაია წყნეთელი გერმანელი, ფრანგი ან ესპანელი რომ ყოფილიყო, მისი სახელი ამ ქვეყანაზე ჟანა დარკზე ნაკლებად არ იქუხებდა".

პატარა ერების უმთავრესი პრობლემა მსოფლიოში საკუთარი ადგილის მოპოვება და ტრადიციების, კულტურისა და ადათ- წესების სხვა ხალხებისთვის გაცნობაა. ევროპისა და აზიის საზღვარზე მდებარე ჩვენი ქვეყანა გარკვეულწილად იზოლირებული გახლდათ. აქეთ
თურქ-ირანელებთან გაუთავებელი ომები, იქით რუსეთთან (სხვა ერთმორწმუნე მეზობელი არც გვყავდა) "მეგობრული ურთიერთობების" დამყარება, რაც საბოლოო ჯამში დამოუკიდებლობის დაკარგვის ფასად დაგვიჯდა.

საქართველოში კანტიკუნტად ერთი-ორი მოგზაური თუ "შემოისეირნებდა", რაც მსოფლიოში ჩვენს შესახებ ინფორმაციების გავრცელებას ვერ ემსახურებოდა. კი დაწერა თავის დროზე ალექსანდრე დიუმამ "კავკასია" მაგრამ ეს ზღვაში წვეთი
გახლდათ.
დრო შეიცვალა, საზღვრები ნელ-ნელა გაიხსნა და მსოფლიო საქართველოს გაცნობას შეუდგა. რასაკვირველია უცხოელებთან ურთიერთობა ქართველებმაც დავიწყეთ...

დღევანდელ წერილში რამდენიმე სახალისო ქართულ-უცხოურ "ისტორიას" გავიხსენებ.

ქართული სუფრითა და მისი ტრადიციებით განსაკუთრებით ვამაყობთ და მისით თავი მოგვაქვს, უცხოელები კი... ვერ გვიგებენ. თავად ვარ მომსწრე სცენისა, როდესაც გერმანელმა სტუმრებმა ადგილობრივ მასპინძლებს ერთი ალიაქოთი აუტეხეს. მათი განრისხება შემწვარი გოჭების დანახვამ გამოიწვია. "როგორ შეიძლება გოჭის დაკვლა. ის უნდა გამოზარდო და საბოლოო ჯამში ხორცის დიდ მასად გადააქციო. რას აკეთებთ. როგორ შეიძლება მატერიალური რესურსების ასეთი განიავება", - აღშფოთებას ვერ მალავდნენ ისინი.

წინა საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში, ჩემი მეგობრის ამერიკელი სტუმარი, პროფესიით მიკრობიოლოგი მისტერ ჯორჯი თბილისში განუწყვეტლივ მიმდინარე მიტინგებით "დაინტერესდა". ბატონი ჯორჯი არც-ერთ დემონსტრაციას არ აცდენდა, სიტყვის თავისუფლებას გვიქებდა და რამდენიმე ლოზუნგი ქართულადაც ისწავლა: "გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს", "ძირს რუსეთის იმპერია".
თუ მიკრობიოლოგი, ბატონი ჯორჯი ადგილობრივ მიტინგებს გაუშინაურდა, მისი რამდენიმე თანამემამულე სვანეთითა და იქაური კრიმინალური სამყაროთი აღფრთოვანდა.

გაგანია "მხედრიონისა" და აფხაზეთის ომის დროს, ამერიკიდან ხუთკაციანი ტურისტული ჯგუფი ჩამოვიდა. უპირველეს რიგში რატომღაც სვანეთისა და უშგულის დათვალიერება განიზრახეს. გახსოვთ, რა მძიმე პერიოდი იდგა. ვერა და ვერ დაუშალეს სვანეთში გამგზავრება.

ბოლოსა და ბოლოს გამოიძებნა "თავზეხელაღებული" მძღოლი, არანაკლებ "გამბედავი" ორი გამყოლი და ხიფათით აღსავსე გზას გაუდგნენ. რასაკვირველია, ოკეანისგაღმელი ტურისტები დააყაჩაღეს. "გაძარცვულების" რეაქცია საინტერესო აღმოჩნდა. მათ ბოროტმოქმედებს "ნებართვა სთხოვეს" და საკუთარი დაყაჩაღების "ქრონიკა" ფოტოებზე და ვიდეოზე გადაიღეს. ამის შემდეგ კმაყოფილმა ამერიკელებმა "სტუმართმოყვარე მასპინძლებს" თავისი ხელით ყველაფერი გადასცეს და უკანა გზაზე ფეხით წამოვიდნენ.

მეორე წელს იმ ტურისტულმა კომპანიამ აშშ-დან უკვე 50 ადამიანის თხოვნა მიიღო, რომლებსაც მაინცდამაინც სვანეთში ასვლა და ადგილობრივ მძარცველებთან "ახლო კონტაქტი" სურდათ...

ბოლო წლებში ჩვენს ქვეყანას ათასი რჯულისა და ეროვნების უცხოელები შემოეჩვივნენ. ამათგან ყველაზე შრომისმოყვარეობით ჩინელები გამოირჩევიან. დაუღალავმა აზიელებმა საქართველოში მიწები შეიძინეს და მის დამუშავებას ჩვეული მუყაითობით შეუდგნენ. (რატომ გარბიან ქართველები უცხოეთში და მათ ადგილს უცხოელები რატომ იკავებენ ეს ცალკე სალაპარაკო თემაა).

იგივე ჩინელებმა საქართველოს ყველა კუთხეში მოიკიდეს ფეხი. გურული ნათესავი მიყვებოდა, რომ იქაურ სოფლებში, აღარავის უკვირს დილაუთენია ერთ მწყობრად მიმავალი მაო-ძე-დუნის თანამემამულეები, რომლებიც სათოხნში მიიჩქარიან. თავდაპირველად მათ დანახვაზე ადგილობრივი ასაკოვანი ქალბატონები გაოცებას ვერ მალავდნენ: - "ვინ არიან ეს მოლეული წვრილთვალება ადამიანები ნენა? რა დილაუთენია გაუწევიათ ყანაში?"

ბოლო დროს თბილისში არაერთი უცხოელი ტურისტი სტუმრობს. უცხოელს ვეძახით და მათ უმთავრეს ნაწილს რუსები, უკრაინელები და ბალტიისპირეთის ქვეყნების წარმომადგენლები შეადგენენ. დამაინტერესა და ახლობელს მათი "დახასიათება" ვთხოვე. ამხანაგი თბილისის ცენტრალურ უბანში მდებარე ერთ-ერთ ღვინის მაღაზიაში მუშაობს. მისი მტკიცებით, ყველაზე ძუნწები პოლონელები არიან, ყველაზე ხელგაშლილები კი... რუსები. "პოლონელები ერთი საათი გაგაწვალებენ და არაფერს შეიძენენ. საკმარისია ცოტა შექეიფიანებული რუსი შემოვიდეს, რომ მთელ თანხას ალკოჰოლურ სასმელებში დატოვებს", - გამანდო მეგობარმა.

საქართველოში მყოფი უცხოელების თავს გადამხდარ თავგადასავლებს მოგვიანებით კვლავ გაგაცნობთ. რასაკვირველია ქართველებსაც გულს არ დავწყვეტ და ჩვენებურების უცხოურ კურიოზებსაც არ მოგაკლებთ. დღეს კი მიკრობიოლოგი ჯორჯითა და ამერიკელების სვანური თავგადასავლით დავკმაყოფილდეთ.




გივი
13 სექტემბერი 2016 17:25
ხო და ზუსტად ვითომ ტურისტებად რომ დადიოდნემ ეგ ამერიკის სპეც აგენტები მაშინ წავიდა ჩვენი საქმე ცუდად. ტურისტების ნაკადი წამოვიდა აბა როგორ დაგვაყაჩაღებენო ხო. ვის ჯერა ნეტავ ამ ზღაპრების
ტოტო
13 სექტემბერი 2016 00:50
იმისათვის,რომ ჟანა დარკად გაღიარონ ამისათვის ქვეყანა საფრანგეთს ცოტათი უნდა ჰგავდეს.

ძველი წერილების კითხვას თავი დაანებეთ იქ ბევრი სისულელე წერია,მიუხედავად იმისა ვისი დაწერილიც არ უნდა იყოს.
777
12 სექტემბერი 2016 22:27
კარგით რა!ზუსტად შეჩვეული ჭირი (რუსი)მირჩევნია შეუჩვეველ (ევროპა-ამერიკულ) ჭირს!!!!25 წელზემეტია ყელში ამოვიდა ყველაფერი!!!!ვინც მაძღარი ხართ ნუ გამოგვეხმაურებით!!!ამ აზრზეა უმეტესობა!!

რედაქტორის რჩევით