ქალო წადი, ქმარს მოუარე, ანუ როცა ქმარი უკრაინაში "ჩალიჩობს", ცოლი კი საქართველოში წყლის ამღვრევას იწყებს - კვირის პალიტრა

ქალო წადი, ქმარს მოუარე, ანუ როცა ქმარი უკრაინაში "ჩალიჩობს", ცოლი კი საქართველოში წყლის ამღვრევას იწყებს

წინა კვირას ქართულ საზოგადოებას მოსაწყენად არ ეცალა. იქით დავით ნარმანიასა და "პარტიზანი მებაღეების" შეხლა-შემოხლა, აქეთ სანდრა რულოვსის დიდ პოლიტიკაში გამოჩენა, ქალბატონი ლალი მოროშკინას "პატრიოტთა ალიანსთან" დაახლოება, თბილისში მომხდარი ხმაურიანი მკვლელობა... კიდევ გავაგრძელო?

გადავწყვიტე "ხმაურიანი ამბების" ერთგვარი რეიტინგი შემედგინა. საპატიო პირველ პოზიციაზე დავით ნარმანიას "საქმეს" დავაყენებდი.

ყაზბეგის გამზირზე ხეების მოჭრამ ქალაქში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. რასაკვირველია მომავალი საპარლამენტო არჩევნების წინ ამ ამბავმა ერთგვარი პოლიტიკური იერსახეც მიიღო. ოპოზიცია "პოზიციის" მიერ ლობირებულ ქალაქის თავს დაუნდობლად აკრიტიკებს, მმართველი ძალის წარმომადგენლები კი ფრთხილი განცხადებებით იფარგლებიან.

სიმართლე გითხრათ ბატონი ნარმანია ადამიანურად მეცოდება. სად "შეყო" თავი ამ ადამიანმა? რატომ დათანხმდა იმ საქმის კეთებას რაც უჭირს და სამწუხაროდ არ ან ვერ გამოსდის? რატომ აგინებინებს თავს ხალხის ნაწილს?

თბილისში ეკოლოგიური მდგომარეობა მძიმეა. ეწვიეთ ონკოლოგიურ კლინიკებს და ამ ფაქტის სიმართლეში თავად დარწმუნდებით. ამ მდგომარეობაში თითოეული ხის მოჭრა უმძიმესი დანაშაულის ტოლფასია. იგივე გერმანიაში, აშშ-ში, საფრანგეთსა ან სხვა "ნორმალურ" ქვეყნებში ანალოგიური ფაქტის შემთხვევაში მოსახლეობა ფეხზე დადგებოდა და დამნაშავეებს პასუხს აგებინებდა. ჩვენთან კი რა ხდება? ქალბატონი ნატა ფერაძის გარდა ხმა აქტიურად ბევრმა ამოიღო? მესმის, რომ ქალბატონი ნატა ოდიოზური პიროვნების შთაბეჭდილებას ტოვებს, საუბრითაც "თავისუფლად" ლაპარაკობს და რამდენიმე "იაღლიშიც" მოუვიდა, მაგრამ ეს პიროვნება ჩვენი ჯანმრთელობისთვის იბრძვის. არ ვიცავ ამ ადამიანს. იმასაც დავამატებდი რომ მისი ტელეეკრანებზე გამოჩენისას ბავშვები ტელევიზორებს უნდა მოვაცილოთ, მაგრამ ფაქტი ჯიუტია...

სანდრა რულოვსი დიდ პოლიტიკაში "შემოვიდა". ამ ინფორმაციის გაგებაზე ერთგვარად გამეღიმა კიდეც. რომელი ევა პერონი ან ჰილარი კლინტონია სააკაშვილის მეუღლე? მე რომ მკითხოთ, ცოლი ქმარს გვერდით უნდა ედგეს და შვილების აღზრდა-განვითარებაში მიიღოს მონაწილეობა. აქ კი რა გამოდის? ქმარი უკრაინაში "ჩალიჩობს", ცოლი კი საქართველოში წყლის არევას იწყებს.

რა უნდა სანდრას პოლიტიკაში? რა გაუკეთებია დღემდე? რა გამოცდილებით მოვიდა? თავი დავანებოთ მის ირგვლივ ატეხილ არაერთ ჭორსა თუ სიმართლეს. მართლა ჰგონია რომ რამდენიმე "დაზეპირებული და გაჭირვებით" ნასწავლი სიმღერის დახმარებით არჩევნებს მოიგებს?

ქართულ პოლიტიკურ წრეებში არსებობს ვარაუდი, რომ სანდრა რულოვს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ამზადებენ. ალბათ სიმართლეა და დავით ნარმანიასი არ იყოს, ეს ქალიც გულწრფელად მეცოდება. რაღაც არ წააგავს ციმბირში გადასახლებული დეკაბრისტების ცოლებს, ყველაფერი გვერდზე რომ გადადეს და ქმრებს ქვეყნის დასალიერში წაყვნენ.

ლალი მოროშკინა თბილისში, გლდანში მაჟორიტარად კენჭს იყრის. მაინც როგორ ახერხებს ეს ქალბატონი მუდმივად საზოგადოების თვალთახედვის არეში ყოფნას. ღმერთმა ხელი მოუმართოს. იგივე სანდრასგან განსხვავებით პოლიტიკური გამოცდილება, აქტიურობის სურვილი და ნიჭი ნამდვილად არ დაეწუნება.

რამდენიმე დღის წინ მეგობარმა "ფეისბუქში" ტოკიოს მეტროში განთავსებული სარეკლამო ბანერის ფოტოსურათი გაავრცელა. რეკლამაში იაპონიის ერთ-ერთი ბანკი მოსახლეობას ათწლიან შეღავათიან სესხს სთავაზობდა, წლიური 0.5 პროცენტის გადახდით.

ამ თემასთან დაკავშირებით ორიოდე დღის წინ გავრცელებულ ერთ "ნიუსს" შემოგთავაზებთ.

"საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 418.6 მლნ ლარს გაუტოლდა. ეროვნული ვალუტით გაცემული სესხები 151.7 მლნ ლარით (2.8%) გაიზარდა და 5.65 მლრდ ლარს გაუტოლდა. უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობამ კი ივლისში 24.7 მლნ დოლარით (0.5%) მოიმატა და 4.65 მლრდ დოლარი შეადგინა.

სპეციალისტების ვარაუდით, იმ შემთხვევაში, თუ სავალუტო ბაზარზე და მთლიანად ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა არ დასტაბილურდა, ხალხს სესხების მომსახურება მომავალში კიდევ უფრო გაუჭირდება".

რა გითხრათ, ამ კუთხით ქვეყანაში უმძიმესი მდგომარეობაა. ალბათ გვჭირდება ახალი ნატა ფერაძე, რომელიც ადგილობრივი ბანკების გაზრდილი და "ქორვაჭრული" საპროცენტო განაკვეთების წინააღმდეგ გაილაშქრებს და პოლიტიკაში გადავარდნილი ქართული საზოგადოების ამ თემის მიმართ გამოფხიზლებას მიაღწევს.

წერილის ბოლოს ყურადღების გამახვილება კიდევ ერთ პრობლემაზე მსურს. ათიოდე დღის წინ ქართულ ბაზარზე რუსული კომპანია "იანდექს ტაქსი" გამოჩნდა. ატყდა ხმაური და თან როგორი. მესმის რომ რუსული კომპანიის გამოჩენა არავის სიამოვნებს, მაგრამ ეს ბიზნესია და მსოფლიოში ნორმალურ მოვლენად ითვლება. იგივე აშშ-ში რამდენიმე ასეული საწარმო ჩინელებმა შეიძინეს. ფეხბურთი ავიღოთ. "მილანი" ჩინელების ხელში გადადის, ესპანური "ვალენსიაც" მაოს შვილების კუთვნილებაა, ლონდონის "ჩელსი" კი რომან აბრამოვიჩის. ამ პროცესს წინ ვერ აღუდგები.

გამოსავალი კი ერთია. ამდენი ხმაურისა და ნერვების წყვეტას, რუსული ტაქსების მომსახურებით არ ვისარგებლოთ. რა, დაილია თბილისში სხვა ანალოგიური სახის კომპანიები? მუშტარი თუ არ ეყოლება, "იანდექს ტაქსი" ჩვენი თვალთახედვის არედან თანდათან გაქრება. სამწუხარო კი ის გახლავთ რომ ჩვენში ფეხის მოკიდების მსურველ რუსულ ფირმას სიიაფის გამო უკვე არაერთი ადგილობრივი კლიენტი გამოუჩნდა. რამდენიც არ უნდა ვიჩხუბოთ, "იანდექს ტაქსი" ქართული მზის ქვეშ ნელ-ნელა ადგილს მაინც იმკვიდრებს.