ფიცი მწამს და ბოლო მაკვირვებსო, ანუ "კეთილი" პუტინი, პატრიოტი მესი და... - კვირის პალიტრა

ფიცი მწამს და ბოლო მაკვირვებსო, ანუ "კეთილი" პუტინი, პატრიოტი მესი და...

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მსოფლიოს პოლიტიკურ ცხოვრებაში არაერთი მნიშვნელოვანი ფაქტი დაფიქსირდა.

რუსეთთან ურთიერთობა ქართველებისთვის განსაკუთრებით აქტუალურია. ამ მიზეზის გამო დღევანდელ "მიმოხილვას" ამ ქვეყნიდან მოსული ახალი ინფორმაციებით დავიწყებ.

რუსულმა ფონდმა "საზოგადოებრივი აზრი" სოციოლოგიური კვლევა ჩაატარა და დაადგინა, რომ ქვეყანაში ვლადიმირ პუტინისა და მისი პარტიის "ედინაია როსიის" რეიტინგი მხოლოდ და მხოლოდ 44 პროცენტს შეადგენს. ერთი წლის წინ ეს პარტია მოსახლეობის 56 პროცენტის მხარდაჭერით სარგებლობდა.

ერთი მხრივ მისასალმებელია თუ რუსეთის მოსახლეობა "გამოფხიზლდა" და საკუთარ ოდიოზურ ლიდერს მხარს ნაკლებად უჭერს, მაგრამ ყოველ მედალს მეორე მხარეც გააჩნია.

როდესაც ქვეყანაში პირველი პირის რეიტინგი შესამჩნევად ეცემა, ეს უკანასკნელი "ავტორიტეტის" დასაბრუნებლად ყველა შესაძლო ხერხს მიმართავს, რაც ხშირ შემთხვევაში მოსახლეობაში "პატრიოტული სულისკვეთების" ამაღლებით იწყება და სხვა სახელმწიფოს მიმართ დაუფარავი სამხედრო აგრესიით სრულდება. ყირიმის ანექსიამდე პუტინი მოსახლეობის მხოლოდ 35 პროცენტიანი მხარდაჭერით სარგებლობდა, უკრაინისთვის ყირიმის წართმევის შემდეგ კი ამ მაჩვენებელმა 60 პროცენტს მიაღწია.

რას აპირებს ბატონი პუტინი, რას უნდა ველოდოთ მომავალში მისგან? ფაქტია, შერყეული რეპუტაციის გამოსწორებას აუცილებლად შეეცდება. ვის დაატყდება თავს მისი მოსალოდნელი აგრესია? ნეტავი ვცდებოდე, მაგრამ პუტინის "საგმირო" წარსული ამ შეშფოთების საფუძველს ნამდვილად იძლევა.

არიქა, ქვეყანაში უწინდელი მხარდაჭერით ვეღარ ვსარგებლობო და ერთი ვერსიით სოფელ მეტეხში გაზრდილმა ვალოდიამ ორი დღის წინ გამოცემა "Bloomberg"-ს მოზრდილი ინტერვიუ მისცა. რუსეთის პირველი პირის საუბრიდან მხოლოდ ერთ ნაწყვეტს მოგიყვანთ.

"ჩემს ქვეყანასა და პირადად მე მსოფლიო საზოგადოების ნაწილი აგრესორად მოგვიხსენიებს. რა აბსურდული და სულელური ბრალდებაა. ამას წინათ მოსკოვიდან ვლადივოსტოკამდე თვითმფრინავით ცხრა საათი ვიმგზავრე. ამხელა ტერიტორიას მოვლა-პატრონობა არ ესაჭიროება? რა ომი და სხვა ქვეყნების მიწების დაპყრობა. ჩვენ არავის ვემუქრებით და არავისთან პრეტენზიები არ გაგვაჩნია. რუსეთს ბალტიისპირეთის ქვეყნებთან და იგივე უკრაინასთან მხოლოდ და მხოლოდ მეგობრული, აგრეთვე ეკონომიკურ-კულტურული ურთიერთობები გვსურს. ვინ ემუქრება ბალტიისპირეთის ქვეყნებს? რაც შეეხება უკრაინასა და ყირიმს, ყირიმში მოსახლეობის 70 პროცენტს ეთნიკური რუსები შეადგენდნენ. მათ რეფერენდუმი ჩაატარეს და ისტორიულ სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტეს. ჩვენ ამ ხალხს ვერ ვუღალატებდით. უკრაინასთან არანაირი საბრძოლო დაპირისპირება არ გვსურს, მაგრამ იქ მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების უფლებები თუ დაირღვევა ჩვენ მათ აუცილებლად დავიცავთ".

ვერაფერს იტყვი. არ არის ეს კაცი "აგრესორი" და ამას დაუფარავად აცხადებს. ამაზე ამბობენ ფიცი მწამს და ბოლო მაკვირვებსო. ვინ იცის რას აპირებს "ქართველების დიდი მეგობარი" უახლოეს მომავალში. იმედია კეთილგონიერება ეყოფა და იგივე რუს ხალხს ახალ სამხედრო ავანტიურაში არ ჩააბამს.

პოლიტიკაზე საუბარი დროებით შევწყვიტოთ და ცოტა "ლაით" თემებზე გადავიდეთ.

რამდენიმე დღის წინ ცნობილმა არგენტინელმა ფეხბურთელმა ლეო მესიმ კიდევ ერთხელ ოფიციალურად განაცხადა, რომ საკუთარ პროფესიულ კარიერას აუცილებლად ისტორიულ სამშობლოში დაასრულებს.

"კატალონიურ "ბარსელონასთან" კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ აუცილებლად არგენტინაში დავბრუნდები და კარიერას "ნიუელს ოლდ ბოიზში" დავასრულებ. თანამემამულეებისთვის ეს პირობა მიცემული მაქვს და მას აუცილებლად ავასრულებ".

აი კაცი! ჯერ იყო და ცხელ გულზე ნათქვამი, - "არგენტინის ნაკრებში აღარ ვითამაშებო" "არ შეასრულა" და რამდენიმე დღის წინ ურუგვაის ეროვნულ გუნდთან თავისი ქვეყნის ღირსება კვლავ დაიცვა. ეხლა კი სამშობლოში დაბრუნების გადაწყვეტილება ოფიციალურად კიდევ ერთხელ გააჟღერა.

მესის სიტყვებზე თვალწინ ქართველი ფეხბურთელები წარმომიდგა. რამდენმა მათგანმა უცხოურ კლუბში კარიერა ისე დაასრულა, რომ საქართველოსკენ არ გამოუხედია. "არ გამოუხედიაში" არაპატრიოტიზმს არ ვგულისხმობ, ღმერთმა მაშოროს მათ ეს ბრალდება დავწამო. უბრალოდ, ბუცების კედელზე ჩამოკიდების წინ ასპარეზობა აქაურ გუნდებში შეეძლოთ. ამ ნაბიჯით დიდ ჭაობში ჩაძირულ ქართულ ფეხბურთს გარკვეულწილად დაეხმარებოდნენ და ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის კარგ მაგალითად გადაიქცეოდნენ.

დღევანდელი წერილის დასასრულს ერთი პიროვნება გავიხსენოთ. 5 სექტემბერს ლეგენდარული მუსიკოსი ფრედი მერკური 60 წლის გახდებოდა.

ნება მომეცით წარსულს დავუბრუნდე და საკუთარი ცხოვრების ერთი ფურცელი შემოგთავაზოთ. სტაჟიან თბილისელ მელომანებს ალბათ ემახსოვრებათ ვაკეში, მეცხრე საავადმყოფოს წინ მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელი, იქ განთავსებული ხმის ჩამწერი სტუდია და მისი უცვლელი უფროსი, ბატონი მიკი. მახსოვს იმხანად ცამეტიოდე წლის ვიქნებოდი და ცხოვრებაში პირველი ვინილის ფირფიტა, "Queen“-ის “A Night at the Opera" სწორედ მიკისთან შევიძინე. სამწუხაროდ დღეს ამ ქვეყანაზე არც ფრედი მერკურია და არც მიკი...