მიშას ჩამოლაბორანტება ემუქრება?! - აქეთ ბოკერიამ და მისმა გუნდმა "დაიკიდა, იქით - პოროშენკომ კორუფციაში ამხილა - კვირის პალიტრა

მიშას ჩამოლაბორანტება ემუქრება?! - აქეთ ბოკერიამ და მისმა გუნდმა "დაიკიდა, იქით - პოროშენკომ კორუფციაში ამხილა

საპარლამენტო არჩევნების დასრულების შემდეგ იყო საშიშროება რომ დამარცხებული პოლიტიკური პარტიები ქუჩაში საკუთარ მომხრეებს გამოიყვანდნენ და ხმების დასაცავად სხვადასხვა აქციებს მიმართავდნენ. საბედნიეროდ საქმე აქამდე არ მისულა და პოსტსაარჩევნო პოლიტიკური პროცესები ცივილური მეთოდებით მიმდინარეობს.

კი იმუქრებოდნენ ქალბატონი ირმა ინაშვილი და ბატონი შალვა ნათელაშვილი ქუდზე კაცს გამოვიყვანთო, მაგრამ ჯერჯერობით ამ მხრივ "აქტიურობას" არ მიმართავენ. "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ადამიანურად მეცოდება კიდეც. როგორი საქმეა, არჩევნების შემდეგ, ზედიზედ რამდენიმე დღის განმავლობაში მისი პარტია პარლამენტში ხან ხვდებოდა, ხან კი ამ ერთადერთ მეასედ გამსვლელ ქულას ვერ აგროვებდა. ბოლოსა და ბოლოს სასურველი ბარიერი კი გადალახა, მაგრამ საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე სანერვიულო კიდევ ბევრი აქვს. ამდენი განცდის შემდეგ თმები რომ არ გაუთეთრდა და კვლავ ჩვეულ "მებრძოლ" ხასიათზე ბრძანდება ესეც უკვე კარგი საქმეა.

ქალბატონი ირმას "მებრძოლი" ხასიათი ვახსენე და საქართველოს მოქალაქეებო ფრთხილად იყავით, "ნაციონალურმა მოძრაობამ" თავის დროზე რა უბედურებაც დაგვაწია საიდუმლოს არ წარმოადგენს. ანალოგიურის გაკეთებას დავით თარხან-მოურავის პარტიული თანამოაზრეც აპირებს.

რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ ვებგვერდზე შემდეგი "მუქარა" ამოვიკითხე:

"ვინც მაგინებთ, ყველას ვინაობა და ფოტო მაქვს შენახული. ყველას დაგივლით, ყველას გიმახსოვრებთ, ყველა გინებას ვაკოპირებ, ყველას გვარი, სახელი და ფოტო მაქვს შენახული. დრო მოვა, აღარ ვიქნები საჯარო პერსონა და პოლიტიკოსი, მერე ყველას დაგივლით სათითაოდ", - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ღმერთო ჩემო. რა მოვიმოქმედოთ. მალე გაიხსნება ევროპასთან საზღვრები რომ სანამ დროა აქედან გავიქცეთ და "შურისმაძიებელი" ირმას კლანჭებს დავუსხლტდეთ? მიმაჩნია, რომ პოლიტიკოსი ამ სახის განცხადებებს არ უნდა აკეთებდეს.

ინაშვილს არც დავით თარხან-მოურავი "ჩამორჩა" და ერთი საარჩევნო "ნოუ ჰაუ" გაგვაცნო:

"ჩემთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება 280 000 ადამიანი ხელშეკრულებას გიდებდეს, რომ ხმას მოგცემს და ცესკო გეუბნება 100 000 ხმა აიღეო", - განაცხადა თარხან-მოურავმა.

მსოფლიო პოლიტიკაში არ მახსოვს შემთხვევა არჩევნების წინ პოლიტიკური პარტია ქვეყნის მოსახლეობას გარკვეულ ხელშეკრულებას უდებდეს. მაგრამ  თარხან-მოურავ-ინაშვილი რას არ მოიფიქრებენ, ისე კი, ეგეთი ხელშეკრულებები მე ამომრჩევლის შეურაცხყოფა მგონია, ამიტომაც ხელი კი მოგიწერეს, ქალბატონ-ბატონო, მაგრამ "გადაგაგდეს..."

ბატონმა დავითმა თავი კიდევ ერთხელ "გამოიჩინა", როდესაც ეგზიტპოლების ჩამტარებელი ორგანიზაცია ამერიკულ წიწილების რესტორანში "აერია". არა უშავს ბატონო დავით. არცოდნა დანაშაული არ გახლავთ. ისე, რაც თქვენ მაგათ რეკლამა გაუკეთეთ, არ იქნება ურიგო ფულიც კი გადაგიხადონ, უარს იტყვით თუ...

წინა კვირის კიდევ ერთი უმთავრესი საკითხი "ნაციონალური მოძრაობის" პარლამენტში შესვლა-არშესვლა გახლდათ. ყოფილ მმართველ პარტიაში ამ თემაზე ბჭობა რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. კამათში თვით "დიდი მიხეილიც" ჩაერთო. ყოფილი პირველი შორეული ოდესიდან მუდმივად განსხვავებულ "ინსტრუქციებს" იძლეოდა - ხან შესვლის მომხრე გახლდათ, ხან კი ბოიკოტირების. ბოლოს და ბოლოს "შეფმა" საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო და "გაპარლამენტარებას" მწვანე შუქი აუნთო, ოღონდ პოსტფაქტუმ, ანუ როდესაც ბოკერიამ და მისმა გუნდმა სააკაშვილის აზრი სულ ერთ ადგილზე "დაიკიდა..."

უცნობია მომავალში "ნაციონალები" რას მოიმოქმედებენ და მიშას ქართულ პოლიტიკურ ამბიციებს წყალი თუ შეუდგება.

"ნაციონალური მოძრაობის" ნაწილი არჩევნებში დამარცხებას სწორედ რომ მიხეილ სააკაშვილს აბრალებს და უმთავრეს ბრალდებად მომავალი ამომრჩევლის მოტყუებას უყენებს. "გამოჩნდა მიშა და თქვა, რომ ჩამოვდივარ, ჯარი და პოლიცია ჩემს მხარეზეა. ჩატარდა უზარმაზარი მიტინგი. მთელი კამპანია გადაიქცა ერთ კითხვად: ჩამოვა თუ არ ჩამოვა", - აცხადებენ ისინი. "ოდესელი კაცი" არ ჩამოვიდა. უფრო მეტი, საკუთარი მოუზომელი და ორფოჭული გადაწყვეტილებებით საქართველოში მყოფ მის მიმდევრებს ჭკუა აუბნია.

სააკაშვილისგან ამ დღეებში ზომიერ ქცევას არც უნდა ველოდოთ. არც მეტი არც ნაკლები უკრაინაში მას ადგილობრივი ციხის კედლებში მოხვედრა და ოდესის გუბერნატორის თანამდებობიდან ჩამოლაბორანტება ემუქრება.

უკრაინის პირველმა პირმა პეტრო პოროშენკომ სააკაშვილი თითქმის კორუფციაში ამხილა. საქმე ეხებოდა ოდესა-რენის ახალგარემონტებულ მაგისტრალს.

"რატომაა რომ სხვა ოლქების საბაჟოები ასობით მილიონ გრივნას თავად გამოიმუშავებენ გზების გასაკეთებლად, თქვენ კი ცენტრალური ბიუჯეტიდან ფულს ითხოვთ. რა ხდება თქვენთან ოდესის პორტებში? ამაზე დაიხარჯა ამდენი მილიონი? ამ გზებზე? რატომ გადაინაცვლა შენმა ოლქმა ეკონომიკური აქტივობით უკანასკნელ პოზიციაზე? სადაა მილიარდიანი ინვესტიციები რომელსაც შემპირდი? ესაა თქვენს მიერ ჩამოყვანილი "რეფორმატორების" გუნდის შედეგი? რა გააკეთეს მათ, სად არის შედეგები? საქართველოში არჩევნებში ერევი, ნიუ იორკის სამიტებზე დადიხარ და ჩაბარებულ რეგიონს ყურადღებას არ აქცევ".

უკრაინული მასმედიის მტკიცებით სააკაშვილს ბრალდებებზე პასუხი არ გაუცია და მის მიმართ წარმოთქმული კრიტიკა ჩუმად მოისმინა. გამოითქვა "გონივრული ვარაუდი", რომ უახლოეს დღეებში საქართველოს ყოფილი პირველი პირი გუბერნატორობას გამოემშვიდობება და ციხეს თუ ასცდება მადლობა უნდა თქვას.

სააკაშვილს უკრაინაში წყალი კი შეუდგა მაგრამ საინტერესოა, თუ რატომ ერევა ერთი ქვეყნის რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენელი მეორე ქვეყნის შიდა საქმეებში და რატომ არ რეაგირებს უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო მისი დანიშნული მოხელის ასეთ განცხადებებზე?

ნება მომეცით დღევანდელი წერილი "მხიარულ" ნოტაზე დავასრულო. უახლოეს მომავალში ქალბატონი სანდრა რულოვსი მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში მიიღებს მონაწილეობას. დღეს საქართველოში მატერიალურად არაერთ ადამიანს უჭირს. გთავაზობთ ოჯახური ბიუჯეტის შევსების ერთ-ერთ ხერხს, რომელიც ერთ ვებ-გვერდზე ამოვიკითხე.

"როგორც გვატყობინებენ, "ნაციონალურმა მოძრაობამ" შეიმუშავა სპეციალური ნიხრები სანდრა (ელისაბედ) რულოვსისა და მოსახლეობის მომავალი ურთიერთობისთვის:

1. "ნაცების" აქციაზე მისვლა - 40 ლარი.

2. სანდრასთან მიახლოვება და ჩახუტება - 20 ლარი.

3. სანდრას ხელზე კოცნა - 30 ლარი.

4. სანდრასთან სურათის გადაღება - 35 ლარი.

თუ ყველა "რიტუალს" გულმოდგინედ შეასრულებთ, თქვენ მიიღებთ ზუსტად 125 ლარს!"