მეუღლის გარდა არავისთან შეთანხმებული გადაწყვეტილება - ამბობენ, სააკაშვილს "ნაცმოძრაობიდან" გარიცხავენო... - კვირის პალიტრა

მეუღლის გარდა არავისთან შეთანხმებული გადაწყვეტილება - ამბობენ, სააკაშვილს "ნაცმოძრაობიდან" გარიცხავენო...

"ნაციონალურ მოძრაობაში" ყველაფერი რიგზე რომ ვერ არის, 8 ოქტომბრის შემდეგ სულ უფრო და უფრო ცხადი ხდება. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მათმა მაჟორიტარობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი ისე თქვა, აშკარად ჩანდა, მეუღლის გარდა, ეს გადაწყვეტილება პარტიაში არავის შუთანხმა. მისი თქმით, უსამართლო არჩევნების ფონზე მეორე ტურში მონაწილეობა შეურაცხმყოფელია.

თუმცა სხვანაიარად ფიქრობენ ჯერ კიდევ მისი თანაგუნდელები, ნიკა მელიამ თქვა, ეს გადაწყვეტილება ჩემთვის შეურაცხმყოფელიაო; გივი თარგამაძემ დაამატა, ქალბატონი სანდრას გადაწყვეტილება მიუღებელია და აზიანებს ზოგადად მეორე ტურების კამპანიასო; სერგო რატიანმა კი ექსპირველი ლედის ნაბიჯს სამწუხარო და გარკვეულწილად დამაზიანებელი უწოდა... მოკლედ, აირია მონასტერი...

ერთადერთი, ვინც სანდრა რულოვსის გადაწყვეტილებით კმაყოფილია მიხეილ სააკაშვილია, თუმცა იქვე განაცხადა არ ვარ მე ის კაცი, ვისი კარნახითაც მიიღო ეს გადაწყვეტილებაო. "საერთოდ არ უნდა იცნობდეთ სანდრას, რომ იგი დაადანაშაულოთ, სხვისი, თუნდაც ჩემი, თავზე მოხვეული გადაწყვეტილებებით მოქმედებაში", - განაცხადა სააკაშვილმა, თუმცა ამის არათუ რიგით მოქალაქეებს, არამედ პარტიის წვერებსაც არ სჯერათ.

როგორც ჩანს, სააკაშვილის პარტიიდან დისტანცირება შეუქცევადი პროცესია და ხმები იმის თაობაზე, რომ შესაძლოა სააკაშვილი "ნაციონალური მოძრაობიდანაც" კი გარიცხონ არცთუ გადაჭარბებულია...

ბატონი რეჯეპ ტაიპ ერდოღანის რიზეს უნივერსიტეტში წარმოთქმულ "სიტყვაზე" არ შევჩერდები, რადგან ამის შესახებ არაერთი წერილი გამოქვეყნდა, მაგრამ თურქეთში მომძლავრებული ნეოისლამიზმის ფონზე ფრთხილად ვიყოთ მაინც... ხომ ამბობენ, სიფრთხილეს კაცი არ მოუკლავსო...

აგერ, 8 ნოემბერს აშშ-ის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნები გველის. დონალდ ტრამპი თუ ჰილარი კლინტონი? ფაქტია, რომ ახალი პირველი პირის ხელში ამ ქვეყნის საგარეო კურსი გარკვეულწილად შეიცვლება და საინტერესოა ეს ცვლილებები საქართველოს როგორ შეეხება.

აშშ-ზე ჩამოვარდა სიტყვა და ჟენევის მორიგ საერთაშორისო დისკუსიაზე აშშ-ის დელეგაციის წარმომადგენელს უთქვამს, რომ ამერიკა მომავალში აფხაზეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემას აღარ შეეწინააღმდეგებაო. ასევე გავრცელდა ცნობა, რომ გაერო-ს გენერალური მდივნის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში დიტერ ბოდენი აფხაზეთში იმყოფებოდა, რის შემდეგაც უბრძანებია: - აფხაზები ევროპელები არიან და ყველაფერი უნდა გაკეთდეს ევროპასთან უფრო ცოცხალი ურთიერთობების აღსადგენადო...

ვფიქრობ, რომ ზემოთმოყვანილი "მესიჯები" ტყუილად არ გავრცელებულა. ვერ ვიტყვი რომ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები აფხაზეთის საერთაშორისო აღიარებისთვის პირველ ნაბიჯებს გადადგამენ, მაგრამ ფხიზლად უნდა ვიყოთ და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ კუთხით უფრო აქტიური მუშაობა წარმართოს.

მალე მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური გაიმართება და ერთი ტენდენცია შევნიშნე. ოპოზიციური პარტიების ნაწილი ამომრჩევლებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ. რა იყო, დაავიწყდა ამ ხალხს, მიშას დროს როგორ პოლიტიკურ ტერორში იმყოფებოდნენ და საარჩევნო ხმებს უსინდისოდ როგორ პარავდნენ.

წინა კვირას, ქართულ პოლიტიკურ სარბიელზე ცოტა ხნის წინ დროებით "გაუჩინარებული" ორი ადამიანი "გამოჩნდა".

ნიკა მელიას მამა, ბატონი ანზორ მელია კარგად ბრძანდება, ცოცხალია და თავს ჩინებულად გრძნობს. თავის მოკვლას, რასაკვირველია, აღარ აპირებს. ზუგდიდში სანდრა რულოვსის წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურობის შემდეგ პოლიტიკური "მოღვაწეობა" თურმე აღარ აინტერესებს, რა ვიცი, შესაძლოა სანდრას გადაწყვეტილებამაც დაუკარგა სურვილი.

"მე ჩამოვშორდი პოლიტიკას, იმდენი ლანძღვა მივიღე ჩემი უადგილო განცხადების გამო, რომ პოლიტიკურ განცხადებებს მოვეშვი, არ ვაკეთებ! სამედიცინო სფეროზე შემეკითხეთ და დიდი სიამოვნებით გაგცემთ პასუხს. მე პოლიტიკაზე არაფერს ვიტყვი არასდროს. წინასწარ თქვეს, თავს იკლავსო, 10 დღე დარჩა, 15 დღე დარჩა, 5 დღე დარჩა. პოლიტიკას ჩამოვშორდი და დავისვენე. პირველ რიგში ჩემს შვილს ვცემ პატივს და არ გავაკეთებ პოლიტიკაზე კომენტარს და არც ჩავერევი".

მერე ვინ გეძალებოდათ იმ უადგილო განცხადებას, ბატონო ანზორ?!

"ნაციონალი" ნიკანორის მამის გარდა ხმა კიდევ ერთმა დროებით "გაუჩინარებულმა" ადამიანმა ამოიღო. საუბარი ქალბატონ ნატა ფერაძეზე მაქვს. დავით ნარმანიასთან "შეტაკების" დღეებში ეს ქალბატონი კი აცხადებდა, მხოლოდ "პარტიზანი" ვარ და არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ მივეკუთვნებიო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მისი "სიმპათიით" "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" სარგებლობს.

ნატა ფერაძემ არჩევნების მეორე ტურში ქართულ საზოგადოებას "ნაციონალების" მხარდაჭერისკენ მოუწოდა. მოწოდება მოწოდებად, მაგრამ საკუთარი მიმართვა შემდეგი "ორიგინალური" ტექსტით დაასრულა.

"ნიკა რურუას დედაც, ასი წელი. ეს არაერთხელ მითქვამს და კიდევ ვიტყვი. დგება ეტაპები, როცა არჩევანი აღარაა და ეხლა ზუსტად მანდ ვარ(თ). პოლიტიკას და არჩევნებს პრაგმატულად უნდა მივუდგეთ და არა ემოციურად".

ალბათ კომენტარი ზედმეტია. ნატა ფერაძისგან ამ სახის "განცხადება" არ გვიკვირს. რაც მთავარია, ფერაძის ქალი "დაგვიბრუნდა" და თბილისური ხეების დასაცავად ჯერ არ სცალია. აი, ჩაივლის არჩევნების მეორე ტური და უფრთხილდით ამ ქალბატონს!