იუშენკო-სააკაშვილის ახალი პარტია (?), "გატრამპებული" საზოგადოება და ჯეჯელავა, რომელიც მახათს "თლიდა" და... - კვირის პალიტრა

იუშენკო-სააკაშვილის ახალი პარტია (?), "გატრამპებული" საზოგადოება და ჯეჯელავა, რომელიც მახათს "თლიდა" და...

გასულ კვირის ქართული პოლიტიკური პერიპეტიები "ტრადიციულად" საინტერესო მოვლენებით დახუნძლული აღმოჩნდა. ჩვენი საზოგადოების ვნებათაღელვა თავდაპირველად აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებმა გამოიწვია. შემდეგ "ესტაფეტა" ასევე "ტრადიციულად" ბატონმა მიხეილ სააკაშვილმა გადაიბარა, ბოლოს კი "კომბლეს" გამაკრიტიკებელმა" განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ გააგრძელა.

ოკეანისგაღმა ქვეყნის ახალი პირველი პირი აირჩიეს. ყველასათვის მოულოდნელად მილიარდერმა დონალდ ტრამპმა ექსპირველი ლედი ჰილარი კლინტონი დაამარცხა და მთელი მსოფლიო საგონებელში ჩააგდო. რასაკვირველია, გამონაკლისი არც საქართველო გახლდათ და რამდენიმე დღის განმავლობაში ვისაც არ ეზარებოდა, ადგილობრივ მასმედიას თუ სოციალურ ქსელებს საკუთარ აზრებს უზიარებდა.

ტრამპის გაპირველკაცებამ იმაზე მეტი აჟიოტაჟი გამოიწვია ქართულ საპარლამენტო არჩევნებს რომ არ მოჰყოლია. განსაკუთრებით ადგილობრივი ე.წ. "შოუ-ბიზნესის" ქალბატონები "აქტიურობდნენ" და ტრამპი-კლინტონის დადებით და უარყოფით მხარეებზე სრული სერიოზულობით მსჯელობდნენ. მათ შორის ისეთებიც აღმოჩნდნენ ინგლისური კარგად რომ ცოდნიათ და ამერიკულ პერიპეტიებს, იქაური ტელეარხებით რამდენიმე დღის განმავლობაში დაუზარებლად თვალს ადევნებდნენ.

ისე კი, ეს ტრამპი მართლაც ან ააშენებს და ანდაც დაანგრევს აშშ-ს და მის გაგრძელებად მსოფლიოს. უკვე განაცხადა დაპირებულ კედელს მექსიკის საზღვართან აუცილებლად ავაშენებ და 2-3 მილიონ ემიგრანტსაც გავყრი ქვეყნიდანო... ევროპა შეშფოთებულია ის 2-3 მილიონიც ჩვენ მოგვაწყდება ალბათო... ისიც დასძინეს, ტრამპს ბელგია ერთი პატარა სოფელი ჰგონია და დავსვათ, დაველაპარაკოთ, ავუხსნათ, რა არის ევროპა, სად ქალაქია და სად სოფელი, იქნებ, რამე გავაგებინოთო... როგორც ამბობენ, აღდგომა და ხვალეო.

ჩვენ კი ტრამპზე რა გვეთქმის, როდესაც საქართველოს ერთ-ერთ "მარად" მოუგვარებელ "ჭირად" ისევ და ისევ მიხეილ სააკაშვილი რჩება. გუბერნატორობიდან წამოსვლის შემდეგ მიშამ უკვე აიკვიატა, უკრაინაში ვადამდელი საპარალამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს, სადაც მე ჩემი პარტიით მივიღებ მონაწილეობას და გავიმარჯვებო! ამის შესახებ ოფიციალური განცხადება უკვე გააკეთა და საქმესაც ჩვეული "ენერგიით" შეუდგა, ჰოდა, ფრთხილად, უკრაინავ, მაგან თუ რამე აიკვიატა, მტრისას, საშველს აღარ მისცემს არც საკუთარ თავს და არც დანარჩენებს...

მივედით იმ მიზეზამდეც, რამაც სანდრა რულოვსს საქართველოს პარლამენტის დეპუტატის მანდატზე უარი ათქმევინა. ცნობილი გახდა, რომ უახლოეს მომავალში სანდრა უკრაინაში გადასახლდება და ვიქტორ იუშჩენკოსთან ერთად, ქმარს ახალ პოლიტიკურ "გამოწვევაში" დაეხმარება. იუშჩენკო ვახსენე და მიშას "მეგობარი ვიქტორი" ახალ პარტიას სათავეში ოფიციალურად ჩაუდგება.

ვიქტორ იუშჩენკო ცოტა ხნის წინ საქართველოში იმყოფებოდა, რა დროსაც სანდრასაც შეხვედრია და სააკაშვილის მომავალ გეგმებზეც დაწვრილებით უსაუბრიათ.

წინა კვირას სააკაშვილმა "ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებით ერთი საინტერესო რამ თქვა:

"იმ ხალხთან, ვინც არ უსმენს ჩვენს აქტივისტებს, ვინც დაუშვა ამდენი შეცდომა, ვინც, პრაქტიკულად, გამოგვიწერა დამარცხებები არა მხოლოდ წარსულში, არამედ მომავალშიც, ამ ახირებულ ერთ-ორ პერსონასთან, მათ შორის პარტიის ხელმძღვანელობაში, არაფერი საერთო არ მაქვს".

"ახირებულ პერსონებში" სააკაშვილმა დიდი ალბათობით გიგა ბოკერია და ელენე ხოშტარია იგულისხმა.

მოკლედ, "ნაციონალური მოძრაობა" ამჟამად ორ ფრთად - "გიგისტებად" და "მიშისტებად" არის დაყოფილი. ქართველი პოლიტიკური ექსპერტები კიდევ რამდენიმე ჯგუფის წარმოქმნასაც არ გამორიცხავენ. ჯერჯერობით "ნაციონალები" დუმილს ამჯობინებენ და პარტიის მომავალი ყრილობისთვის ემზადებიან, რომლის გამართვის თარიღიც ჯერ კიდევ უცნობია.

ქართულ საზოგადოებას, დონალდ ტრამპისა და მიხეილ სააკაშვილის შემდეგ, კიდევ ერთი "გმირი" მოევლინა. ეს ადამიანი განათლების ამჟამინდელი მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა გახლავთ. ბატონმა ალექსანდრემ არც მეტი არც ნაკლები ქართული ზღაპრების გამორჩეულ გმირ - კომბლეს "შეუტია" და ძალადობასა და "არაპროფესიონალიზმში" დაადანაშაულა, ცუდი მეცხვარეა და მარტო ორი ცხვარი რატომ ჰყავსო. მინისტრმა ისიც აღნიშნა, რომ მომავალში ქართული ზღაპრები და ანიმაციური ფილმები შესაცვლელია.

რა გითხრათ, ადამიანმა თავისი პირადი მოსაზრება გამოთქვა და ამაში დანაშაულს ვერ ვხედავ, მაგრამ ეს კაცი განათლების მინისტრია და თავისი "ძალაუფლების" გამოყენებით, სხვა არაერთი უაზრო და გაუმართლებელი ოფიციალური "დირექტივის" გამოცემა შეუძლია.

კომბლეზე არაერთი თაობა გაზრდილა და მეეჭვება ამ მოხერხებულ მწყემს ქართველ მოზარდებზე ცუდი ზეგავლენა მოეხდინოს.

საქმე აქამდე თუ მივიდა, თუნდაც ანიმაციურ სერიალ "ტომი და ჯერის" და ცნობილი ზღაპრის  "წითელქუდას" საქართველოში აკრძალვას მოვითხოვდი. კატისა და თაგვის თავგადასავალი მუდმივ ძალადობაზეა დაფუძნებული, "წითელქუდა" კი სულაც საშინელებათა ჟანრს განეკუთვნება. გაიხსენეთ, როგორ შეჭამა მგელმა ბებია და პატარა გოგონა...

გადახედეთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ზღაპრებს და "კანონგარეშე" ქმედებებს თითოეულ მათგანში აღმოაჩენთ. რა ვქნათ, ავკრძალოთ?

განათლების მინისტრს რა ესწავლება, მაგრამ ვთხოვ, რომ მომავალში ასეთი მოუზომელი განცხადებებით აღარ დაგვზაფროს.

ბატონო ალექსანდრე, ვერ ატყობთ ქართველი საზოგადოება რა მგრძნობიარეა?! არიქა, ჯეჯელავა იდენტობას გვართმევსო და ერი და ბერი "კომბლეს" დასაცავად გაერთიანდა... არადა, მართლა კომბლების თლა სჯობს აშკარად იმ მახათს, რომელსაც ჩვენში ვერა და ვერ ეშვება ვერც მინისტრი და ვერც რიგითი ქართველი "ფეისბუკელი..."

პ.ს. ისე კი ლარის მდგომარეობა მაშფოთებს ძალიან, ფაქტია უკვე, ჩვენი ეროვნული ვალუტისთვის ყოველ შავ ორშაბათს, შავი სამშაბათი, შავი ოთხშაბათი და ა.შ. მოსდევს... მაგრამ სად სცალია ჩვენს მთავრობას და საზოგადოებას ამისთვის, ჯერ კომბლეს ფუნქცია, პროფესიონალიზმის ხარისხი და ცხვრების რაოდენობა გვაქვს დასადგენი...